ისტორია N33

29.05.2022
ნაცრისფერი თვალების სევდა

ავტორი
ზეკო ხაჩიძე





არც სახეს მალავს, არც სახელს. უცნაურია და ისტორიასაც უცნაურს ყვება. თან ვერ იტყვი, რომ მოყოლა ადვილად შეიძლება იმის, რაც თავს გადახდა. ვწერ და ვფიქრობ, როგორ გადმოვცე მისი ამბავი ისე, რომ მკითხველი არ შევაშფოთო. მსხვერპლის მონოლოგიც ესაა - ყოველგვარი ლიტერატურული ეფექტის გარეშე.

გავიცანი რამდენიმე დღის წინ, თუმცა გაცნობამდე, მისი სასამართლო პროცესი ჩემი მეგობრის მონათხრობით, უკვე ჟრუანტელს მგვრიდა. როცა გავიცანი, არ ვიცოდი, რომ იმ ცნობილი ქეისის პერსონაჟს ვუსმენდი. გვიან მივხვდი.

ნაცრისფერი თვალები სიხარულით ამოუვარდა ბუდეებიდან, როცა ქალთა ფონდმა „სოხუმმა" მობილური ტელეფონი აჩუქა. არ ველოდიო, გადაირია ბედნიერებისგან. გვკოცნა და გვეფერა ყველას, თავშეუკავებლად. პირველად ამ დროს ვიტირე.

მერე ნელ-ნელა, როცა გული საგულეს ჩაუდგა და საუბარი დავიწყეთ, მივხვდი, რაღაც ძალიან ტრაგიკულს და განსხვავებულს ვისმენდი. ყვებოდა მშრალი სინტაქსით, ცოტა უცნაური თანხმოვნებით. უცებ ამომხედა და „ახლა ია წერა-კითხვას მასწავლისო". მე დავმუნჯდი. იშვიათად შევხვედრივარ ამ ეპოქის თანამედროვეს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის. წიგნები მაჩვენა, ნაწერიც და ამ სიხარულის გაზიარებაც მოითხოვა ჩემგან. მივხვდი, არავის დანარჩენს, ვინც აქამდე მინახავს და ჩამიწერია, არ გავდა...

13 წლის გათხოვდა. მრავალშვილიანი ოჯახის ერთი წევრი იყო, რომელსაც არც მშობლებში გაუმართლა დიდად. არავის ეცალა მისთვის. სკოლაში დადიოდა და მასწავლებლები ლასიდან კლასში გადასასვლელად შეფასებას ზეპირად ჩუქნიდნენ. 15 წლისამ იმშობიარა. არც მაშინ აუტეხავს განგაში ვინმეს. გული არ აწვია მისი საცოდაობით. ქმარში როგორ გაუმართლებდა? თითქმის არასრულფასოვან ადამიანად თვლიდნენ. ფიზიკური შრომა შეეძლო და შრომობდა დღე და ღამე.

აგრესიის და ფიზიკური ძალადობის გამო, პირველ ქმარს დაშორდა. არ ვიცი, როგორ მოახერხა ამ გადაწყვეტილების მიღება და ქალიშვილთან ერთად, წამოვიდა ოჯახიდან. მერე მამა ბაზარში დააწყებია მუშაობა. ალაგებდა. ჯანი აქვს და შრომა არ ეზარება. გიყურებს ამ დიდი ნაცრისფერი თვალებით და თითქოს აქეთ უნდა რომ რაღაცაში შეგეშველოს. კეთილია.

მერე მეორედ გათხოვდა. შეუყვარდა. არც ის აღმოჩნდა პირველზე ბევრად უკეთესი, მაგრამ ყვება, რომ კანონის დაცვა უყვარდაო, შავი სამყარო არ მოწონდაო. თუმცა ეს არ უშლიდა ხელს, ცოლთან აგრესიაზე თავი შეეკავებია. მაგრამ შრომობდა და გვარჩენდაო - ამაზე ყველაზე მეტად წყდება გული. უფასებს. მეორე შვილიც გააჩინა- ბიჭი, რომელმაც რეალურად განსაზღვრა ჩვენი რესპონდენტის ბედი.



სამი ძმა ყავს და ორი და. ძმების არეული ცხოვრება მკითხველსაც ეცოდინება, რადგან ჩემი ბლოგი იმ გოგოზეა, რომელსაც ქმრის მოკვლას აბრალებდნენ და ერთი თავგანწირული ადვოკატის დამსახურებაა, რომ დღეს ის თავისუფალია. კონფლიქტი ძმებსა და მეუღლეს შორის, მეუღლის მკვლელობით დასრულდა, რომელსაც შეშინებული და დამფრთხალი ჩვენი რესპონდენტი საკუთარ თავზე იღებდა, სანამ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა, ნათელი არ მოფინა ნამდვილ ამბავს. ყოველშემთხვევაში, ამ ეტაპზე, ასეთია ძალადობის მსხვერპლის ისტორია. ვუსმენდი და აღარ ვიცოდი რომელ საფრთხეზე მეფიქრა. მის გარშემო სულ ჯადოსნური წრე იყო.

ჩვენი ფონდის ფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა, უკვე ერთი კვირაა ყოველ დღე, საათობით უზის ნატოს და აჯანსაღებს მის ნატკენ სულს. ია ანათლებს და კითხვას ასწავლის, უამებს ჭრილობებს და ნელ-ნელა აცლის ცხოვრების უხეშ ქერცლს, წლებმა და ადამიანებმა რომ დაუგროვეს.

„აქამდე ასეთი ტელეფონი ხელშიც არ მჭერიაო" - ქართული მენიუ გაუხარდა. სწავლასაც განმიმტკიცებს და უკეთ მივეჩვევიო. სოციალურ ქსელში უნდა, არსებობდეს, როგორც სრულფასოვანი ადამიანი. ფოტოს დადებაც შეეძლოს და სხვების ფოტოების ნახვაც.

ნატოს ჯერ ცხოვრების შეცვლა გაუჭირდება, დამოუკიდებლობა მისთვის შრომაა და ძალადობიდან თავის დაღწევა, რომელსაც სამწუხაროდ, ახლობელი ადამიანებისგან თავის დაღწევა ქვია.. ძნელად წარმოუდგენია, მაგრამ იცის, რომ მისი შვილებმა მის გზაზე არ უნდა გაიარონ. „ჩემი შემოსავლით მასწავლებელები ავუყვანე გოგოსო" - ამაყობს თავისებურად. მე კიდევ მის ამ სიამაყეზე, ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა, რადგან არის მასში რაღაც ძალიან პირველყოფილად კეთილი და მიმნდობი, როგორც ზოგადად, განსხვავებულ ადამიანებში, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება და გეშინია, ხელს რომ გაუშვებ, სადმე ისევ არ გადაიჩეხოს..

ეს ნამდვილი მსხვერპლის ისტორია იყო. ვეცადე არ მომეყოლა ტრაგიკულად..







წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"