ერთმა მეგობარმა მირჩია ფონდ "სოხუმში" მივსულიყავი. სტრესული ადამიანი ვარ. ოთხ ათეულ წელს გადაცილებული, არც ისე ადვილი ცხოვრების გზით. მიყვარდა, გავთხოვდი, შვილები გავაჩინე. მეგონა, მხოლოდ ოჯახში იყო ჩემი ვალდებულებაც და ბედნიერებაც. სადილის მზადების და ოჯახზე ზრუნვის გარდა, მეგონა, სხვა ფიქრი საკუთარ შესაძლებლობებზე არ მევალებოდა. მერე მოხდა ისე, როგორც ხდება ხოლმე. სიყვარულს ბზარი შეეპარა. ჩხუბი და კონფლიქტი გახშირდა. ბავშვები დაიძაბნენ. მე სადილის მზადების და ზრუნვის სიამოვნება დავკარგე. "ბედნიერება" ფასადურ ერთადყოფნად იქცა. ქმარმა ხშირად ხმის აწევაც დაიწყო, რაც ყვირილში და აგრესიაში გადაიზარდა. ბოლოს ფიზიკურადაც შემეხო. მე უფრო მოდარაჯე ვიყავი სახლის, ვიდრე სრულფასოვანი მცხოვრები. მითუმეტეს აღარ ვიყავი დიასახლისი, დედა და ცოლი. საქმეს ვეღარ ვეკარებოდი გულიანად. მოვალეობები მთრგუნავდა. საკუთარი თავის სიძულვილი დამეწყო და ვფიქრობდი, რომ არაფრის ნიჭი ჩემში აღარ არსებობდა. დაპატარავდა მეგობრების და ნათესავების წრე, რადგან ჩემს პრობლემებზე საუბრით, ან საერთოდ უხასიათობით, ყველას თავი მოვაბეზრე. ჰოდა, ამით დავიწყე მოყოლა.. ერთმა მეგობარმა (ასევე ჩემგან უკვე თავმობეზრებულმა) მირჩია ფონდი "სოხუმი", სადაც რაღაც საინტერესო ხდებოდა. და უცებ ფერადი ნამცეცების ლამაზ და მზიან ოთახში აღმოვჩნდი. პოლიმერული თიხა. ეს სიტყვები გამეგონა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მის როლზე არასდროს მიფიქრია. სახლიდან გარეთ გამოსვლამ, პატარა იმედი გამაყოლა, რომ ჩემი ოჯახის იქეთაც სამყაროა, მაგრამ ამ მზიან კუთხეში აღმოჩენამ, საათების მანძილზე დამავიწყა ჩემი სახლის მისამართზე არსებული პრობლემები. შემოქმედებამ გამიტაცა. გამიტაცა ახლის, თუნდაც უმნიშვნელო ფიგურების შექმნის რიტუალმა, ფერების შეხამებაზე ფიქრმა, თიხასთან ხელით შეხების სიამოვნებამ. მეგონა ახალ სამყაროს ვძერწავდი, ვიგონებდი, სადაც მე ბედნიერი ვარ და ნიჭიც დამიბრუნდა. აქ ჩემნაირი, ან უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები იყვნენ, ყველა საკუთარი პრობლემით, ფსიქოლოგის რჩევით, ოსტატის მხარდაჭერით და ფონდის თანამშრომლების უზადო ტაქტით. იცით რა გრძნობაა, როცა საკუთარ თავში ნიჭს აღმოაჩენ და გაგიკვირდება, თურმე რაღაცაში სასარგებლო ხარ.. ვიღაც შეგაქებს და შენი შექმნილი მოეწონება.. ამაზე სასიამოვნო თერაპია არ არსებობს. თავდაჯერებული გამოდიხარ. ხვალინდელ დღეზე ფიქრობ რა ფერები დააწყვილო, როგორ გამოძერწო დეკორი, სამკაული თუ სათამაშო, სასარგებლო, თუ უბრალოდ არაფრისმთქმელი ნივთი, მაგრამ აქ მთავარია შენ ქმნი! ეს არის წარმატება, რომელიც დღის სარეაბილიტაციო ცენტრში თქვენ მაჩუქეთ. და უნდა გავაგრძელო ჩემში ნიჭის ძიება.. ცხოვრების ხიბლი ამაშია. დაიჯერო საკუთარი შესაძლებლობების. სიყვარულის ბედნიერებაც ხო ესაა. მადლობა "სოხუმის" გუნდს. ახლა სადილს სხვა ფერებში ვუმზადებ ჩემს შვილებს და აქაც ჩემებურად "ვძერწავ".
ავტორი
ზეკო ხაჩიძე