ისტორია N26
ნარინჯისფერი სახლის სტუმარი
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





ეს ქალბატონი ჩვენი კრებითი სახეა. ასაკით, გამოცდილებით, ხასიათით, ნაოჭით, თვალით, მეხსიერების სიმძიმით.

მან არ იცის იყო თუ არა ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ რაიმე სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი და ამითაც ბევრ ქალს აერთიანებს. არადა ისეთი შთამბეჭდავი პორტრეტია და ისე უხდებოდა ამ ეზოს და კუთხეს, გადავწყვიტეთ ჩვენებურად უკვდავგვეყო.

„სტუმარი" სარეაბილიტაციო სახლში საკუთარ შვილთან ერთად, მის მხარდასაჭრად ჩამოვიდა. მანამდე ალბათ გაგონილიც არ ქონდა ასეთი სიტყვები „ძალადობა" „პრევენცია" „თავდაცვა". გაგონილი, როგორც მისი ან მისიანის ცხოვრების საჭიროება, ორგანული ნაწილი.

უჭირდა დასვენება. საქმეს თხოვდა მისი ასაკი და ჩვევა. მერე ნელ-ნელა აქაურობა მოეწონა კი არა, შეუყვარდა კიდეც. 7 ათეული წლის მანძილზე, დასვენების უფლება არ მიუცია საკუთარი თავისთვის და ამიტომაც „რეაბილიტაცია" ვერ გაიგო რისთვის უნდა ყოფილიყო საჭირო. ქალი დამჯდარი როგორ შეიძლებაო. მერე ჩვენმა ფსიქოლოგმა უთხრა, რომ დამჯდარს და მოსვენებულსაც შეიძლება ფიქრის აქტი გღლიდეს და გაშრომებდეს. რომ ხანდახან საკუთარი რეჟიმის გადააზრებაც ერთი დიდი საქმეა - იქნებ, რა აღარ გაიმეორო ამ ჩამონათვალიდან ხვალ.. იქნებ, საჭიროა რაღაც, შენი საგანთა რიგიდან რაღაც მაინც, საბოლოოდ ამოიღო, ან თუ არ გაქვს, დაამატო. იქნებ ეს გააზრება შენიანს ან სხვისიანს, უბრალოდ, ადამიანს უნდა წაეშველოს.

ქვრივი იყო. კარგა ხნის ქვრივი. და ჩვენთან ყოფნის ბოლო წუთამდე, ქმარზე, როგორც კერპზე, უპირატესზე და მუდამ ცოცხალზე, - ასე ლაპარაკობდა. აღმატებულად. ფრთხილად. დღემდე მოყვებოდა მისი ავი სიმთვრალის შიშები და გულისწყრომა. მაგრამ კრიტიკის ან გაშინაარსებისთვის სულაც არ იყო მზად. გასაკვირი ის არის, რომ შვილის ცხოვრებას გაცილებით უფრო თანამედროვედ შეხედა. უფრო ობიექტურად შეაფასა და ძალადობიდან თუ სიავიდან თავის დაღწევაში ხელი აღარ შეუშალა.

„ეს როგორ მოხდათქო?" - ვკითხე ჩვენს ფსიქოლოგს, ქალბატონ მანანას

„ქმრის გარდაცვალების შემდეგ, დებთან წავიდა სხვა ქალაქში და დამოუკიდებლობის ძალა იგრძნოო. დამოუკიდებელი საქმის და ფინანსური სიმყარის, რომელსაც თვითონ ქმნიდა და თვითონვე განკარგავდაო. ამიტომაც, ალბათ შვილის საკითხს ლოიალურად დაუწყო ყურებაო" -მითხრა და გააგრძელა მუშაობა.

ამ ბლოგში ზოგადად ჩვენს სტუმარ ქალებზე ვსაუბრობთ. მიუხედავად ასაკის, მიუხედავად გამოცდილების.. შეიძლება სულ პატარა გარემოებამ გადაწყვიტოს ბედიც. წრემ, ან ერთმა შეხვედრამ მიგახვედროს ნაკლიც და დადებითიც.

„მიყვარდა. თუ რა ვიცი, ალბათ სიყვარული ქვია. ყოველშემთხვევაში, გაცილება არ მინდოდა. სხვა ქალი გაიჩინა, სხვასთან დაიწყო ცხოვრება და მე მამცირებდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდა. არ წავედი მაინც სახლიდან. შვილებს მამა არ მინდა დაეკარგოს" - მეუბნება ახალგაზრდა ბენეფიციარი.

„წასასვლელი არ გქონდა ალბათ"- გამოსავლად ჩავთვალე.

„მქონდა. მაგრამ მისი რატო უნდა გაიტანოს?"

„და შვილებს მამობას უწევს? კარგი მამაა?" -ისევ მინდა წარმოვიდგინო ეს ურთიერთობა.

„ჩემს ჯინაზე არც ბავშვებს ეკონტაქტება წესიერად. უნდა ჭკუა მასწავლოს" - კმაყოფილი მპასუხობს. ბრძოლის ჟინს ასხივებს..

ასეთი მრავლად გხვდება ჩვენს რესპონდენტებში. არ იცი სწორად უხსნი თუ არა, რომ ძალადობაც წარმოშობს ძალადობას. რომ ჯანსაღად მოაზროვნე დედა/ქალი ნიშნავს ჯანსაღ შვილებს, ჯანსაღ თაობას.

ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაციებით ნელ-ნელა შედის ობიექტური განსჯის ნაკადი სტიგმატიზებულ სამყაროში, სადაც ძნელია წლების მანძილზე მიხურული კარის თავიდან გაღება და ყველაფერზე სახელის თავიდან დარქმევა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ქალთა ფონდ „სოხუმს" მაინც ქალთა გაძლიერების თავისებური ფორმულა აქვს- ახალი საქმე- რეალიზება და წარმატების ისტორიები, სადაც ყველა თავდაჯერებულად გრძნობს თავს. წარმატების ისტორია ყველაზე მეტად განაპირობებს რეალობისთვის თვალის გასწორებას და საკუთარი უფლებების პატივისცემას ქალისგან. ამის შემდეგ იწყება შვილების რეაბილიტაციის პროცესიც.

„სტუმარი" მხოლოდ ზოგადი სახეა. პატივსაცემი და სამახსოვრო. ანონიმური რესპონდენტების ერთი მატერიალიზებული პორტრეტი.

ფაქტია: ეკონომიკური დამოუკიდებლობის შემთხვევებში, ძალადობის მსხვერპლიც ნაკლებია, თუმცა, ხშირად ესეც ვერ წონის გარემოებას. მაგრამ ჩვენი ფონდის გალერეაში, ბევრი მაგალითია მსხვერპლობიდან წარმატების ისტორიამდე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მართლა დიდ საქმეს ვემსახურებით. დაწყებული -ელემენტარული გენდერული განათლებიდან, გაგრძელებული მომავალი თაობების ცნობიერების გადარჩენამდე.

ყოველშემთხვევაში, ჩვენმა „სტუმარმა", ეთერი ბებომ, უკვე ნამდვილად იცის რას ქვია ძალადობა და ადრეული ძალადობაც. და თუ მისი გამოცდილების ადამიანს ბევრი ახლაგაზრდაც სწორად მოუსმენს, ჩავთვლით, რომ ქალთა ფონდ „სოხუმისთვის" ყველა „სტუმარი" ნამდვილად ღვთისაა და ცოდნის სხივი გადააქვს ერთი ადგილიდან მეორეში.





წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"