„უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული პროფესია“...



ავტორი:
ზეკო ხაჩიძე



11/03/2025

როცა ამდენს ვწერთ ჩვენს საქმიანობაზე ქალთა ფონდ
„სოხუმში“, ან ჩვენი ბლოგებით სარეაბილიტაციო ეტაპის შემდეგ ბენეფიციარების წარმატების ისტორიებს ვყვებით, ალბათ გაინტერესებთ რა გუნდი ქმნის ამ „წარმატებას“. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ძალადობაგამოვლილ ქალებს ფეხზე წამოდგომას ასწავლის ჩვენს ნარინჯისფერ სახლში. ბევრზე კიდევაც მომიყოლია, რადგან მათ გარეშე იქაურ შემოქმედებას სხივი არ აქვს და მე როგორ ავუვლიდი გვერდს.. მაგრამ არასდროს დამიწერია სოციალურ მუშაკზე.
სოციალური მუშაობა პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესიაა, რომელიც ინდივიდების, ოჯახების, ჯგუფების, თემების და მთლიანად საზოგადოების ძირითად მოთხოვნებს ეხება ერთი საერთო მიზნით: გააძლიეროს ინდივიდუალური და კოლექტიური კეთილდღეობა.
სოციალური მუშაკები ემსახურებიან ხალხს - ეს მათი ფუნქციის ყოვლისმომცველი განმარტებაა.
სოციალური მუშაობის პრაქტიკა ემყარება ლიბერალურ ხელოვნებას, სოციალურ მეცნიერებას და ინტერდისციპლინურ სფეროებს: ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, ჯანდაცვას, პოლიტიკურ მეცნიერებას, სამართალს, ეკონომიკას. სოციალური მუშაობის საბოლოო მიზნები მოიცავს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, ბიოფსიქოსოციალური საზრუნავების შემსუბუქებას, ინდივიდებისა და თემების გაძლიერებას და სოციალური სამართლიანობის მიღწევას.
სოციალური მუშაობა საქართველოში 2000-იანი წლებიდან დაიწყო.
მაია ქამუშაძისთვის ამ ინსტიტუციაში საქმიანობა, გარდა ტექნიკური ასპექტისა, ერთგვარი მოწოდებაც იყო. მერე რა, რომ „სოციალური მუშაკი“ (როგორც სიტყვათა შეთანხმება) არ ჟღერს ისე რომანტიკულად, როგორც ექიმი, ან პედაგოგი, რომლებზეც ხშირად იტყვიან, რომ დაბადებიდან ამ პროფესიის სიყვარული დაჰყვაო, თუმცა საზოგადოების გაძლიერების გზაზე, ის არანაკლებ აქტუალურია, თუ მეტიც არა, რაღაც ასპექტებში. მისი გამორჩეული ემპათიურობით, სტუდენტობიდან ოცნებობდა სწორედ რაღაც „უფრო მეტზე“, ვიდრე კონკრეტული პროფესიაა.
პიროვნების თანდაყოლილი ღირსებისა და ღირსების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვა, კაცობრიობის სამსახური, პატიოსნება, კონფიდენციალურობა და კომპეტენცია პროფესიულ პრაქტიკაში - ეს ყველა ის ძირითადი ღირებულებაა, რაზეც მაია მისი არჩეული პროფესიის ფარგლებში და საკუთარი შინაგანი ხმითაც თანხმდება.
ბოლო წლებია, მაია ქამუშაძე ჩვენი ნარინჯისფერი სახლის გამორჩეული გუნდის წევრია. ბენეფიციარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიების მოზიარე და პროცესის ერთგვარი მკურნალიც.
<<ძალადობასთან შეჯახება ყოველთვის მძიმეა ნებისმიერი ადამიანისათვის, ალბათ მაშინაც კი, როცა ამის შესახებ მხოლოდ ინფორმაციას იღებ და თითქოს ეს შენგან სადღაც ძალიან შორს ხდება. ძალადობაგანცდილ ადამიანთან მუშაობის დროს მისი განცდები გარკვეულწილად შენში გადმოდის და ნათლად ხედავ და აღიქვამ ამ პროცესის მექანიკას და სტრუქტურას, თუმცა, ამ ბუნებრივი თანაგანცდის პარალელურად, მნიშვნელოვანია ფოკუსირდე სწორ ინტერვენციაზე და შეძლო რეაბილიტაციის პროცესის პროფესიულადწარმართვა>> - მაიას ეს „აღწერა“ მეც ბევრჯერ განმიცდია, გამივლია და შემშინებია, ისე ახლოს დამინახავს და მიგრძვნია ის, რაც მანამდე მხოლოდ საზოგადო ტერმინი მეგონა.
ბენეფიციარის რეაბილიტაციაზე მომუშავე გუნდს და მის წევრებს - ფსიქოლოგს, იურისტს, სოციალურ მუშაკთან ერთად, სხვა ბევრი საკითხის მოგვარება უწევს, ვიდრე შიშველი ხელით კონკრეტული (ე.წ. მსხვერპლის) პრობლემის „დარბილებას“ იწყებენ. შესაძლოა გარე დამკვირვებელს მოეჩვენოს, რომ თუ ადამიანს აქვს პრობლემა, ის აუცილებლად სიხარულით მიიღებს დახმარებას, მათ შორის სოციალური მუშაკის. თუმცა ხშირად რაიმე სახის მხარდაჭერის მიღების ალბათობაც არ არსებობს. ამ დროს, პირველი, რაც ხდება, კომუნიკაციით ნდობის მოპოვების და ურთიერთობის დამყარების ფაქიზი მცდელობაა, რის შემდეგაც ისაზღვრება კონკრეტული მიზნისა თუ აქტივობის დაგეგმვა. შესაბამისად, სოციალური მუშაობა მაღალ სტანდარტს და პროფესიონალიზმს ითხოვს, რაშიც მაია ერთ-ერთი გამორჩეული და საიმედოა.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრი მაიას ქამუშაძის პროფესიული ბიოგრაფიის ერთი ძალიან მკაფიო სეგმენტია, სადაც მაღალი პასუხისმგებლობის თანამოაზრეები ხვდებიან ბენეფიციარებს ცხოვრების მძიმე პერიოდებში და ერთიანი ძალით უბრუნებენ ამ ადამიანებს მომავლის იმედს.
<<არსებობს ბევრი ძალიან კარგი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სოციალური, თუ სხვა მიმართულებით. ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი უნიკალური მახასიათებლები, მუშაობის სპეციფიკა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალთა ფონდი „სოხუმი“ არის ის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია როგორც თავისი გეგმების მაქსიმალური რეალიზაცია უაღრესად კეთილგანწყობილ და საქმიან გარემოში, ასევე პროფესიული და პიროვნული ზრდაც. ამას განაპირობებს ამ ფონდში მომუშავე ადამიანების მაღალი კვალიფიკაცია, მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმები (გუნდურობა, ურთიერთმხარდაჭერა) და მოტივაცია. ყველა ეს პრინციპი შეიძლება კიდევ უფრო დახვეწო და განავითარო ფონდ „სოხუმში“ მუშაობისას და ყოველთვის გაქვს იმედი, რომ შენს გვერდით არის კეთილგანწყობილ პროფესიონალთა გუნდი, რაც ძალიან დიდი სიმდიდრეა ნებისმიერი ადამიანისათვის>> .
მაია ქამუშაძე, მისი გამოცდილებით და მაღალი პროფესიონალიზმით, ქალთა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის წლებში, ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, ათეულობით ძალადობაგამოვლილ ქალს დაეხმარა თავიდან ეპოვა საკუთარი თავი და დაეწყო ახალი ცხოვრება, მიეღწია ფიზიკური, გონებრივი და სულიერი კეთილდღეობისთვის, რასაც ჩვენი „წარმატების ისტორიების“ რუბრიკაში, წლებია, სიამოვნებით და ამაყად გიყვებით..