ძალადობის
მსხვერპლის

პროფილი


წარმატების
ისტორია
წარმატების ისტორიები
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"
ისტორია N12
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





როცა დღეს ასე ბევრს ვსაუბრობთ სტერეოტიპების რღვევაზე, ქალის და კაცის შესაძლებლობების თანასწორობაზე ნებისმიერ პროფესიაში, აბა ვინ გამახსენდებოდა, თუ არა ქალი, რომელმაც მისი უპრეცედენტობით, მსოფლიო აღაფრთოვანა?

არც ეპოქაა მოდური და არც სისტემა, რომლის ნამდვილ ნაწილზეც, იდეოლოგიაზეც, მსოფლიო პირველობის და ექსპერიმენტულობის რომანტიკაზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ ეს რეალური ისტორიაა. ისტორია, რომელიც ახლაგაზრდებმა ნაკლებად იციან.

ჩვენ ვსაუბრობთ სხვა დროის ადამიანებზე.

სხვა საუკუნის ქალებზე, რომლებმაც წარმოუდგენელი გაბედეს და გაუმართლათ!

დედამიწაზე ცხოვრება შეცვალეს, თუმცა ძალიან რთული იყო ეს ყველაგან და ყოველთვის.

როგორ იწყებოდა ასეთი პერსონების ბიოგრაფია და როგორ ხდებოდნენ გმირები?

რა იყო აღიარებების უკან, სად იმიჯნებოდა სქესი მაშინაც კი, როცა უპირატესობას შენთვის ნაცნობ ვიწრო წრეს კი არა, მთელს პლანეტას უმტკიცებდი?

1937 წელს დაიბადა ერთ პატარა რუსულ სოფელში. მამა ფინეთის ომის დროს დაკარგა და როგორც ბევრი ობოლი, კომკავშირმა გაზარდა მისი ფიზიკური და სულიერი სიმტკიცე. დედასთან ერთად ტექსტილის ქარხნის ცივ ბეტონზე, საბჭოური დიზაინის უზარმაზარ, ფოლადის საქსოვ მანქანასთან იდგა და უხეში მონილითის გამაყრუებელ ხმაურში ფრენაზე ოცნებობდა.

ვალენტინა!

ქალი, რომლის სახელსაც, 60-70- იან წლებში ლამის ყოველ მეორე ახალშობილ გოგონას არქმევდნენ.

ვალენტინა- პირველი ქალი კოსმოსში! დღესაც კი აღტაცების იშვიათი თემაა!

მოკლედ, ამბავი სახელმწიფოს პოლიტიკური ამბიციით დაიწყო - ეს სსრკ-ს გამოწვევა გახლდათ ამერიკისთვის - „ჩვენთან ქალის და მამაკაცის ასეთი თანასწორობა არსებობს"! და ისე, როგორც სხვა ბევრი საბჭოური ფიქცია ობიექტური არსით და რეალურად შთამბეჭდავი ერთჯერადი პერფორმანსი, ეს ლოზუნგიც ათასობით ქალის ბედს შეეხო. გაგარინის გმირული შარმი ჯერ კიდევ ხიბლავდა პლანეტას. კოსმოსური პირველობებით საბჭოთა კავშირი „ამერიკულ ოცნებებს" ისაკუთრებდა და ახდენას ასწრებდა. ქალი - კოსმონავტი!

სხვა თემაა, ანუ უფრო სწორად, კულისებს მიღმა დარჩენილი ამბებია როგორ გაიარეს „გმირი კაცების" ელიტურ სკოლაში კოსმონავტობის მსურველობის ოცნების გზა ხუთმა გოგომ ვალენტინა ტერეშკოვასთან ერთად, რომლებიც 6 000-მდე მსურველისგან მკაცრი სტანდარტით შეირჩნენ წონის, სიმაღლის, ფიზიკური შესაძლებლობების, ჯანმრთელობის, მეტყველების და წარმომავლობის მიხედვით. როგორ ისწავლეს 9 თვის მანძილზე ასტრონომია, უმაღლესი მათემატიკა, საჭირო მეცნიერებების ზოგადი საფუძვლები, როგორ უძლებდნენ დროდადრო, 10 დღის მანძილზე ჰერმეტულად დაცულ, ხმისგან იზოლირებულ სპეციალურ კამერაში განმარტოებას მჯდომარე პოზაში, გაურხევლად, უმეტყველოდ, როგორ წვრთნიდნენ ნებისყოფას და ფიზიკურ სხეულს, როგორ უნაკლოდ ასრულებდნენ ყველა გამოცდას - უწონობის სეანსიდან რაციაში საუბრის და წერის შესაძლებლობით და ა.შ. მოკლედ, ქალებმა, საბჭოური გმირობის ყველაზე აღმატებულ გზაზე შეაშინეს მამაკაცები მაღალი კონკურენციით! ისინი თვლიდნენ, რომ გმირობის პრეტენდენტი მარტო მამაკაცი შეიძლება იყოს და ქალებს აქ ადგილი არ აქვს. უბრალოდ, საბჭოთა ხელისუფლების ამ „ამერიკულ ოცნებას" ვერ გაუწიეს აშკარა წინააღმდეგობა, რადგან ეს პოლიტიკურად დასჯადი იყო. თვითონ კოსმოსური ხომალდის კონსტრუქტორსაც კი, საკუთარ სამუშაო ოთახში შემთხვევით შესული ქალი, ისე როგორც კატა - ცრურწმენით „თარსად" მიაჩნდა, მაგრამ უფლება აღარ ქონდა „მეორე სქესი" დაეწუნებია კოსმონავტთა რიგებში. ხრუშჩოვს უნდა მიეღო პირველი კოსმონავტი ქალი სსრკ-დან, რომ მსოფლიო გაეოგნებია. სწორედ ნიკიტას ბრიყვულად დიდმა აჩემებამ უზრუნველყო ისტორიული პრეცედენტი.

25 წლის ვალენტინა ტერეშკოვამ 1963 წლის 16 ივნისს მაიაკოვსკის სიტყვები უთხრა სამყაროს : Эй! Небо! Сними шляпу! Я к тебе иду! / ეი, ზეცავ! ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ! - და კაცობრიობის არსებობიდან იმ დღემდე პირველი ქალი, მარტო აფრინდა დედამიწიდან! აფრინდა და გაგარინის რეკორდი მოხსნა კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობით!

ტერეშკოვამ მისი გმირობით პირველმა გაანადგურა მითი იმაზე, რომ გმირობას მხოლოდ კაცის სქესი აქვს, რომ არ არსებობს პროფესია, სადაც ქალს იგივე წარმატება არ შეუძლია მიიღოს , რაც მამაკაცს!

მაგრამ ასეთი თვალნათელი და აღიარებული დიდებაც კი არ გამოდგა გენდერული თანასწორობის ზეციდან დამტკიცებული მანიფესტი.

როცა საბჭოთა კოსმონავტებმა ნიუ-იორკში ოფიციალური ვიზიტის დროს პრესკონფერენცია გამართეს, ამერიკელი ჟურნალისტების პროფესიული და პოლიტიკური შინაარსის შეკითხვების ადრესატი მხოლოდ იური გაგარინი გახდა, ვალენტინა ტერეშკოვასთან შეკითხვები კი უბრალო, პირადი ცხოვრების დეტალებზე ინტერესს არ გაცდენია.

ასეთი შესაძლებლობების ქალსაც კი, სსრკ-ს გმირის წოდებით, ავიაციის გენერალ-მაიორს, ყავდა დესპოტი ქმარი, რომელზეც აღარასდროს საუბრობდა.

მისით აღფრთოვანებული საზოგადოებაც დედობის საზოგადო ტესტს უტარებდა კოსმოსში ნამყოფ ქალს ჯანმრთელი შვილი ეყოლებოდა თუ არა და წერდნენ და საუბრობდნენ ბავშვის სამ ყურზე და ექვს თითზე, მოგონილ ანომალიებზე, რომელიც წლობით გრძელდებოდა.

თანასწორობის ერთი მაგალითით მოტყუებული სამყარო და ვალენტინასთან ერთად ფანტასტიკურად მომზადებული 4 კოსმონავტი გოგო, კაცების პროფესიული კარიერიდან ისევ მარგინალად დარჩა. გმირობის უფლების მქონე სქესმა უარი თქვა ქალების ბრიგადების კოსმოსში ფრენაზე და თითქმის ახდენილი კარიერა საკუთარი პრივილეგიებით დაუსრულეს ზეცაში ასვლაზე მეოცნებე გოგოებს.

მას შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 72 ქალმა (wikipedia-ს სტატისტიკით) განახორციელა ფრენა კოსმოსში.

„ეი, ზეცავ! ქუდი მოიხადე!" ისინი მოდიან!

ისტორია N11
მაკა
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





ასეთი შინაგანი წარმატების გზა იშვიათია. შინაგანი, რადგან ამ ადამიანის მარტო გარეგნობა და სოციალური სტატუსი კი არ შეიცვალა, შეიცვლა ხმაც, ტემბრიც, ტემპორიტმიც და ყველაფერმა ამან, ერთად, შეცვალა სამყაროს აღქმა და მასთან ურთიერთობაც.

ეს არის გზა ტკივილიდან ბედნიერებამდე. მტანჯველი ღამეების გათენებიდან - ყოველი დღით ტკბობამდე.

„ბავშვობაც არ მქონდა ხალისიანი. მშობლები მკაცრი მყავდა. ვერც პროფესიის არჩევანი გავაკეთე საკუთარი ნებით. აკადემია მინდოდა და რუსული ენის და ლიტერატურის სპეციალობაზე ჩამაბარებინეს. პედაგოგად მხედავდნენ, მე კიდე სკოლაში მუშაობა ვერ წარმომედგინა. არც სიყვარულში ვიყავი გამართლებით გამორჩეული. 35 წლამდე ოჯახი არ შემიქმნია და როცა შევქმენი, ესეც სხვისი არჩევანი იყო, სხვების სურვილის და სტერეოტიპების გათვალისწინება" - ყვება მაკა, რომელმაც 35 წლის ასაკში, უცხო სახლში, უცხო ადამიანებთან, სულ სხვა, კიდევ უფრო აუტანელ ყოფაში გააგრძელა უსიხარულო ცხოვრება.



„ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდით მე, ჩემი ძალიან დამყოლი და ლოიალური მეუღლე, მისი ძმები, დედა და ბებია. ყველა ერთად. ოღონდ აქ არ იყო ერთად ყოფნის ალალი ბედნიერება, სადაც ყოფით პრობლემას ადამიანების სიყვარული და სიკეთე გატანინებს. აქ იყო ავი სიტყვა, ჩემი მეუღლის არჩევანის ღია კრიტიკა(რბილი სიტყვაა), ბულინგი, დამცირება, გაუთვალისწინებლობა, ღრეობა, ღამით უძილობა და ბოლოს, ამ იძულებითი გაძლებისგან დაწყებული ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები. ისეთი, ყველა ადამიანურ სიამეს და სურვილს რომ გაკარგვინებს, როცა ძალა აღარ გაქვს მეორე დღის გათენებისთვის იბრძოლო".

და ამ მტანჯველი დეპრესიის დროს, მაკას მეგობარმა ქალთა ფონდი „სოხუმი" ახსენა.

„ალბათ 2019 წელი იყო, როცა პირველად შევაღე ამ ფონდის კარი. ისე შევაღე, როგორც გადარჩენის ერთადერთი იმედის, რომელიც გჯერა და არც გჯერა, რადგან არ არსებობდა ძალა, რომელიც მიშველიდა და ამ ჯოჯოხეთიდან გამოყვანით სახეს დამიბრუნებდა. მივედი ნაწვალები ფიქრებით და ღამენათევი წლებით, უხმოდ და სასოწართმეული. ახსოვთ ფონდის გოგოებს ეს. განსაკუთრებით ლელას და მანანიკოს, ჩვენს ფსიქოლოგს, რომელმაც ჩემი დეპრესიის ჭიდან ამოყვანა ფრთხილად და მონდომებით დაიწყო".

და დაიწყო მაკას „სოხუმური" ოდისეა. როცა თვითონ ამ დროს იგონებს, ისედაც ლამაზი და მოხდენილი, კიდევ უფრო ლამაზი ხდება. ყვება, როგორ დაიწყო მისი გარდაქმნა თიხის დამუშავების ხელოვნებაში ფსიქიკის დაწყნარებით, მანანა გოცირიძესთან დიალოგებით ბევრ კითხვაზე ბევრი პასუხის ძიებით და აღმოჩენით და ფონდის თანამშრომლებთან ურთიერთობით საკუთარი პერსონის, საკუთარი შესაძლებლობების, მიზანდასახულობის და უნარების პატივისცემის ზრდა.

„ვხვდებოდი, რომ ყველა დღე, რომელსაც ფონდში ვატარებდი, იყო ჩემი სიამოვნების ერთადერთი მოლოდინი, ჩემი ადამიანად ქცევის ერთადერთი გარემო".

მერე, ძალიან მალე, მოხდა ისე, რომ ეს ნიჭიერება და მონდომება ფონდის ხელმძღვანელმაც, ქალბატონმა ალლამ შენიშნა და მაკას ცხოვრებაში ყველაზე კეთილშობილი პიგმალიონის მისია შეასრულა. ქალბატონი ალლას გადაწყვეტილებით, აღარც ფონდთან და ფონდის კეთილ ადამიანებთან განშორება მოუწია მაკას. მეტიც: ახლა უკვე ის ბენეფიციარი კი არა, ამ არაჩვეულებრივი გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდებოდა, რომელსაც ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებზე უნდა ეზრუნა, მათთვის ესწავლებია პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, მათი ნატკენი ნერვები და სული უნდა გაეთბო, მისი ისტორია გაეზიარებია, როგორც მაგალითი იმის, რომ „არ უნდა დანებდე", რომ ქალთა ფონდი „სოხუმი" ის კეთილი ჯადოქარია, რომელიც ტკივილებს ისე აშუშებს, რომ სამუდამოდ გავიწყდება, რომ ეს შენი შინაგანი წარმატების რეალური გზაა.

„ჩემი სრული ტრანსფორმაცია ფონდ „სოხუმის" გუნდის, ამ ადამიანების განსაკუთრებული მგრძნობელობის დამსახურებაა. არ ვაჭარბებ. ყველაფერი შეიცვალა ჩემში. საკუთარ თავში რწმენა, საკუთარ თავთან პატივისცემა, ჩემი შინაგანი ორგანიზაცია, დისციპლინა, დროის და შრომის გადანაწილების კულტურა. ბოლოსდაბოლოს, მე ვჭირდებოდი ჩემნაირი ტკივილის მქონე ადამიანებს და მე უკვე ნასწავლი მქონდა ძალადობის და უიმედობის ფსკერიდან ამოსვლის ხელოვნება, რომელიც „სოხუმელების" დამსახურება იყო".

მაკა მიყვებოდა ბევრ დეტალს და მთხოვდა არცერთი გამომრჩენოდა, რადგან ამის მოგონება და ამაზე მადლიერება იყო სწორედ მისი შინაგანი გარდაქმნის, შინაგანი წარმატების პროცესის შემოქმედი. მაგრამ ყველაზე მთავარი მკითხველისთვის ალბათ ისაა, რომ ჩემი რესპონდენტი, წარსულში ტკივილების და ოჯახური ძალადობისგან დანაწევრებული, დაშლილი, დღეს გამთლიანებული და წელშიგამართულია, ოჯახს უძღვება, მეუღლესთან მშვიდი ურთიერთობა აქვს, ქალთა ფონდ „სოხუმის" დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მკაფიო და სანიმუშო სახეა, სხვებს ასწავლის, მეორე პროფესიას ეუფლება, უნივერსიტეტში ჩააბარა, შშმ პირებთან პოლიმერული თიხის დამუშავებისთვის ტრენერად იწვევენ.

„შევიცვალე მე და სამყარომ და ადამიანებმაც, ჩემთან დამოკიდებულება ბუნებრივად შეცვალეს. ეს ჩემი ტრანსფორმაციით მოხდა. ჩემი შინაგანი სამყაროს დამშვიდებამ, გარემო და ადამიანებიც დაამშვიდა და გაარკვია ჩემთან ურთიერთობაში. და ასე იქნება მანამდე, სანამ ქალთა ფონდი "სოხუმი" იარსებებს. მე მასთან ყველაზე აუწონავ ვალში ვთვლი თავს. და, იცი? ბავშვობაში ბებოსთან მოგონება ყველაზე კარგ ადამიანებს მახსენებს, ყველაზე დიდ სიკეთეს ჩემი წარსულიდან და „სოხუმის" ადამიანებმა და გარემომ ბავშვობის ამ ნაწილში დამაბრუნა. ბედნიერი ვარ. და ყოველი დღის გათენება მიხარია ამ ადამიანების დამსახურებით".

ეს მაკაა.

ქალთა ფონდ „სოხუმის" საუკეთესო წარმომადგენელი, რომელიც ფონდის ნამდვილი ღვაწლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სრულყოფილი სახეა ტკივილებიდან- წარმატების ბრწყინვალე გზით.

ისტორია N10
ბედისწერის წინააღმდეგ
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





ბავშვობა

არ იცის სად დაიბადა. მეხსიერება ჩვეულებრივზე უფრო ადრეული ასაკიდან აქვს და ჩვილობის ყველა მოგონება 7 წლამდე, სარეაბილიტაციო სახლს, თუ პანსიონის მაგვარ დაწესებულებას უკავშირდება, სადაც დედ-მამის გარეშე, მისი და მისი დის ჯანმრთელობაზე სხვა ადამიანები ზრუნავდნენ. ახლა ფიქრობს, რომ ასეთი სახლები გასაშვილებელი ბავშვებისთვის არსებობდა ალბათ და ეს დროც დადგა. საზოგადოებისთვის პატივსაცემმა ქალმა, შეძლებულმა და განათლებულმა მოინდომა მისი დედობა. იმ დროიდან საკუთარი, ერთი წლით უფროსი და დაკარგა, მაგრამ ახალი ოჯახი შეიძინა. ერთი, რაც არ შეცვლილა, კეფაზე არც ისე პატარა ნაიარევი იყო, რომელიც დაბადების, ან მის დაბადებასთან დაკავშირებული კონფლიქტის, სხვა ადამიანების შეურიგებლობის საიდუმლოს ინახავდა.

ოჯახი

დედას იმ ქალს ეძახის დღემდე, ვინც გაზარდა. ვინც სკოლაში ატარა, უმაღლესი განათლება მისცა, ცხოვრების ფასეულობებს აზიარა, სიყვარული, სითბო, ნათესავები, მეზობლები, ახალი ურთიერთობები, პატივისცემა, მომავლის იმედი, კეთილი და მზიანი დღეები აჩუქა. სამსახურიც დაიწყო. ფიქრიც და ოცნებაც საკუთარ კერაზე. ბევრს უნდოდა რძლად. გარეგნობითაც სასიამოვნო იყო და ხასიათიც ღიმილიანი ქონდა. დედას ეშინოდა, ქონების სურვილით შეპყრობილი ცუდი აღზრის ბიჭი არ გამხდარიყო მისი გულის მპყრობელი და ხშირად უმოწმებდა ინტერესებს, ემოციებს, სურვილებს. ეს პროცესი ეტყობა, არც ისე ადვილი გასავლელი აღმოჩნდა ჩვენი ისტორიის გმირისთვის.

ქმარი

ერიდებოდა შემთხვევით ურთიერთობებს. ესეც დედამ ჩააგონა. საკმაოდ თავდაჭერილად ცხოვრობდა და მისი ახალგაზრდული გზა სამსახურიდან სახლამდე გადიოდა მხოლოდ. აღმაფრენა უნდოდა. და ისიც გამოჩნდა. ერთი ჩვეულებრივი, თავჩაღუნული, მოზომილი სიტყვის და ქცევის სოფლელი ბიჭი. დედამ ცალი თვალით შეხედე. ისე რაა, ცოტა გულგრილად. შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა, მაგრამ პატიოსანი იყო. ასეც დაარქვეს. ასეც გადაწყდა. წყნარი და მშვიდი ოჯახისთვის დიდი გრძნობების გარეშე შეუდგნენ საამხანაგოდ გარიგებულ გზას. ერთად ცხოვრობდნენ. დედასთან.

ამის შემდეგ დაიწყო სიტყვაძვირი ბიჭის ქმრობის ეპოქა. კომუნალური გადასახადი თავზე აიღო სიდედრის სახლში და საღამოობით ტელევიზორის ყურებაც ფუფუნება გახდა მოხუცისთვის. ზამთარში გათბობას ზოგავდა, ზაფხულში - გრილ ჰაერს. ნელ-ნელა კამათიც იმატებდა და მიზეზად, რა თქმა უნდა, დედა, ანუ სახლის პატრონი სახელდებოდა. ჩვენი ისტორიის გმირიც ბევრჯერ გაება ილუზიების მახეში. ნუუ, როგორც ხდება.. როცა გინდა, მთელი ცხოვრებით არჩეულ მეორე ნახევარს ბევრი გამართლება იპოვო. ამიტო, მალევე დაიწყეს ზრუნვა ცალკე საცხოვრებლის შეძენაზე. სხვა უცნაურობებიც გამოავლინა. კარგი მზარეული იყო, ამ საქმეში აქებდნენ და პროფესიადაც გაიხადა. თითქოს ხომ ძალიან სასიამოვნოა, როცა ქმარი, სიძე, ან მამა საუზმეს და სადილს გიმზადებს საკუთარი გემოვნებით? თითქოს კეთილშობილი ამბავია, არადა ჩვენი გმირისთვის ტრაგედიად იქცა. ძალადობის რაღაც განსაკუთრებულ ფორმად. თუ ვინმეს ოჯახში, შემთხვევით, იმ დროს და იმ კერძის მიღება არ უნდოდა, გინება, შეურაცხყოფა, ჭურჭლის ლეწვა და ფიზიკური შეხება უნდა აეტანა.

მოკლედ, აგრესია კიდევ ბევრჯერ და სხვადასხვა ფორმით ბევრჯერ გამოავლინა „მორცხვმა ბიჭმა". ცალკეც გადავიდა საცხოვრებლად ახალგაზრდა ოჯახი. ფეხმძიმობებიც მძიმედ გაიარა ქეთიმ. შვილებმაც ტრავმები ატარეს. მეზობლებიც დაუდგნენ გვერდით ადრე მხიარულ და ღიმილიან, მერე დასევდიანებულ და ჩამქრალ გოგოს. პატრულის ბანალური, ნახევრად ღიმილიანი „შეფასებების" ატანაც მოუწია - „რა მოხდა, სიყვარულმა იცის ასეო". დედასთან ვეღარ დადიოდა ხშირად. მოხუცს მზრუნველი დააკლდა, შვილებს - მოფერება და ყურადღება. შუათანა და უმცროს ბავშვს მეტყველების პრობლმები გაუჩნდათ. უფროსი გოგო გულჩათხრობილი და ჩაკეტილი გახდა. დღეები გაუფერულდა, ერთად ცხოვრება გაძნელდა. გადაწყვეტილების დრო დადგა. მუდმივად საკუთარი თავის დადანაშაულების გრძელი ციკლი დასრულდა. ვიღაცამ თქვა, რომ ქალებმა ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ. ძალადობა არ უნდა დამალონ და იბრძოლონ. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოემზადონ და ამისთვის ისეთი ორგანიზაციებია, როგორიც ქალთა ფონდია - „სოხუმი".

ქეთის ეს ისტორიაც ჩვენი ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრში მოვისმინე. სახლში, სადაც სიმშვიდე და ნამდვილი მზრუნველობა დახვდა. მეტყველების პრობლემებიც ნელ-ნელა უკან იხევს. ბავშვები არაჩვეულებრივად გრძბნობენ თავს. თვალხატულა, ნიჭიერი და ახლაგაზრდა „ანკა მასწ" ყავთ, რომელიც დღეებს და გონებას უფერადებს პატარებს. ქალბატონი ნუგეშა ყველას უვლის და ეფერება. დიდს და პატარას. სარეაბილიტაციო ცენტრის იმპოზანტური დიასახლისი. ქეთის ფსიქოლოგიც ყავს „საკუთარი", იურისტიც და ახლა უკვე ზუსტად იცის, როგორ გააგრძელოს მომავალში ცხოვრება. საკუთარი განათლებით, შესაძლებლობებით, შვილების პრიორიტეტულობით და ძალადობის გარეშე!

ქეთი

„ახლაც მესიჯებს მიგზავნის. შერიგებას მთხოვს. მერამდენედ.. და რამდენჯერ ვიყავი ამ შემოთავაზებებში სუსტი, დამყოლი, დამჯერე.. ეს გზა უკვე გავიარე. მეგონა სწორად ვთმობდი, მეგონა ეს იყო ადამიანის დანიშნულება. იმ ხალხასაც ვუღალატე, ვინც ჩემი მხარდაჭერით თვითონ პრობლემა შეიქმნა და მერე? ისევ იგივე ადგილზე დავბრუნდი. იგივე აგრესიაში, იგივე ყოფაში. არაფერი გამოსწორებულა. არასდროს. ახლა ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება მაქვს. ვიცი რა სამართლებრივი ბერკეტები მიმაგრებს ზურგს, რა უნარები მაქვს დამოუკიდებლობისთვის, კარგი დედობისთვის, კარგი შვილობისთვის. ყველაფერი ვიცი. მე ქალთა ფონდ „სოხუმის" მეგობრები მყავს! და სამოთხეში ვგრძნობ თავს! იმედია, როცა ამ უკეთილშობილესი გარემოდან ჩემს სახლში დავბრუნდები, თქვენგან ნაჩუქარი თანადგომის ძალა დიდხანს გამყვება!"

როცა ამ ბლოგს ვწერ, ალბათ ქეთი მის სამ შვილთან ერთად, გამზრდელ დედას ეფერება და თბილ ვახშამს უმზადებს. ფიქრობს, რომ ოთხივეს ტკბილად დააძინებს და დილიდან ახალ, ბედნიერ ცხოვრებას საკუთარი გამარჯვების რწმენით დაიწყებს.
ისტორია N9
დედობის ელეგია
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





ქალთა ფონდ „სოხუმის" სარეაბილიტაციო ცენტრის მზიან ეზოში შევხვდი შვილებთან ერთად. პატარა გოგონას, დედასავით ღია ფერის ლამაზთმიანი თავი მშობლის მხარზე ქონდა მშვიდად მიდებული, ბიჭები იქვე თამაშობდნენ.

-სამი შვილი გყავს?
-არა, ოთხი
-ასე ახალგაზრდას?
-კი
-და სადაა მეოთხე?
-მამასთან

ნინო 17 წლის გათხოვდა. თვითონ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა. ბიჭი -აღმოსავლეთში. როცა ონლაინურთიერთობა დაიწყეს, არ იცოდნენ რამდენი კილომეტრი, ქალაქი და სოფელი აშორებდათ ერთმანეთს. ჩათში საუბარიც უფრო სასიამოვნო და მიმზიდველი ჩანდა. გოგოს მობეზრებული ქონდა პატარა კოლხურ სოფელში ცოტა თანაკლასელი და კიდე უფრო ცოტა ახლო მეზობელი. გულწრფელი იყო და სიყვარულზე ოცნებობდა. ბიჭი უფრო სიტყვაძუნწი და მეტი გამოცდილებით. ოცნებებით არ იწვალებდა თავს. ცხოვრობდა ისე, როგორც ბევრი. ცოტას შრომობდა და ბევრს სვამდა. მშობლები ზრუნავდნენ მასზეც და მის ყოფილ ცოლ-შვილზეც. მაგრამ ეს ყველაფერი გვიან ნახა ნინომაც. მას შემდეგ, საქმროდ ჩამოაკითხა და წაიყვანა უცნობ სოფელში. სულ სხვანაირში, მანამდე რომ არ ენახა.

სახლში დედ-მამა და გერი დახვდა. ბავშვი მორჩილად დაყვებოდა ბებია-ბაბუას კარტოფილის მოსავლის ასაღებად, ეზოს მოსაწესრიგებლად, სახლის დასალაგებლად. შრომობდა ასაკის მიუხედვად და მამის ახალ ცოლსაც უპრეტენზიოდ დახვდა.

ძალიან მალე ქმარმა დღის მანძილზე სმის და საღამოს ცოლის დამორჩილების ტრადიცია აღადგინა. როგორც ნინომ გვიან შეიტყო, პირველ ცოლსაც იგივეს გაძლებას აიძულებდა და გოგომ თვითმკვლელობაც სცადა. დიახ, იმ ბავშვის დედამ, ბებო-ბაბუს რომ ეხმარებოდა ყოველდღიურ ჯაფაში უსიტყვოდ.

პირველად გავბედე ინტერვიუერისთვის თვალებში ჩამეხედა და მკაფიოდ დამესვა ასეთი შეკითხვა:

-სექსუალურად გძალადობდა?
-კი - არ დაუყოვნებია პასუხი - თითქმის სულ. ყველა აგრესია ამით სრულდებოდა. ან პირიქით. იმიტომ ყვიროდა, რომ მერე ზუსტად ასე ეძალადა.
-და როგორ, ასე?
-სხვადასხვანაირად. ცემის დროს ურთიერთობის მოთხოვნით, ავად იყავი თუ ჯანმრთელად, მნიშვნელობა არ ქონდა. სისხლი მოგდიოდა ტუჩიდან თუ ცხვირიდან. ფეხმძიმედ იყავი თუ არა.
-და როცა ბავშვები გაჩნდნენ?
-არაფერი შეცვლილა.
-ბავშვებს სხვა ოთახში ეძინათ?
-არა. ერთდ ვიყავით სულ.
-ანუ?
-კი. ყველაფერს ხედავდნენ. და ეს მას სულაც არ ანაღვლებდა.

თავიდან შევავლე მზერა მის სამ შვილს. ახლა უკვე სხვა გრძნობით. სხვა დაკვირვებით. შემეშინდა იმის წარმოდგენა რა ტრავმით იყო მათი პატარა მეხსიერება შებოჭილი. როგორი იქნებოდა მათი ხასიათი ან ბედნიერებისკენ სწრაფვა წლების მერე შყვარებულების, მეგობრების, ახლობლების, ნაცნობების და უცნობების გარემოცვაში.

რამდენი შრომა უნდა, რამდენნაირი რეაბილიტაციის ეტაპი იმას, რომ ეს სამი წყვილი სევდიანი თვალი სიხარულის და სილაღის ვარსკვლავებით შეავსო და ააციმციმო?

ჩემი ამ ნაცრისფერი ფიქრების დროს ნინო მეოთხე შვილზე და სასამართლო პროცესზე ყვებოდა, რომლის მერეც საბოლოოდ ქონდა ქმართან სავალდებულო კომუნიკაციის დასრულების იმედი.

-მე თქვენ ძალა მომეცით, რომ გავიმარჯვებ. მეხმარება თქვენი ფონდის იურისტი და ფსიქოლოგი. ეს არის, რაც ყველაზე მეტად მჭირდება. სულ ცოტა ხნის წინ, არც ამის იმედი მქონდა, რომ ასეთ სამოთხეში, ჩემს პატარებთან ერთად, სრულიად უვნებლად უშიშრად დღეებს და ღამეებს გავატარებდი, ბავშვებს მაკდონალდსში წავიყვანდი, დღესასწაულს მოვუწყობდი, გავაბედნიერებდი. ეს თქვენ შემაძლებინეთ. ამ ახდენილი ზღაპრების მერე ჩემი საბოლოო გამარჯვების ნამდვილად მჯერა. ყველაფერს გავაკეთებ, ყველგან ვიმუშავებ, საკუთარ შემოსავალზეც ვიზრუნებ, ჩემს მიწაზე დავბრუნდები, სხვებსაც დავეხმარები შვილების ან მოხუცების მოვლაში, ოღონდ ჩემი ოთხი მყავდეს ერთად.

ნინო ასეც მოიქცა. სარეაბილიტაციო კურსის მერე მის სოფელს დაუბრუნდა, ქალთა ფონდ „სოხუმთან" მეგობრობა არ შეუწყვეტია და ახალ ცხოვრებაზე ზრუნავს, რაც აუცილებლად წარმატებით გამოუვა, რადგან მთავარი, რაც ჭირდებოდა -რწმენა - უკვე აქვს!

ნინო ჩვენი ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრის (თეთრ სამოთხეს რომ ადარებენ) კიდევ ერთი ბინადარი იყო, რომელმაც ამ სიმშვიდის წალკოტიდან, მომავლის უკეთესი დღეებისთვის, მისი წილი ძალა, იმედი და ადამიანების მზრუნველობა დამსახურებულად გაიყოლა.

ხვალ უკვე, ამ სავანის აყვავებულ ეზოში, ფერად ატრაქციონებთან, სხვა დედის ისტორია მელოდება ტკივილიდან წარმატებამდე უჩვეულო გზის თქვენთვის გასანდობად.

მომავალ შეხვედრამდე ...

p.s.: ამ ბლოგის ქავერი იაიოი კუსამას დიდი შემოქმედებიდან თავხედურად წამოვიღეთ ???? (ისე, როგორც თვითონაც იზამდა, მგონია) ჩემი ინსპირაცია - „დილით ყვავილობისთვის მზადაა" - თითქოს ის ფრაზა, რომელიც ქალზე დაწერილ ყველა ამბავს უნდა ასრულებდეს. ეს კონტენტიც და შთამბეჭდავი იაპონელი მხატვარიც, ვფიქრობ, უხდება აქაურობას.
ისტორია N8
Keep On, Keep On, Keep On
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

გრაფიკა
ნიტა ხაჩიძე



„წარმატების ისტორიებში" სხვადასხვა ბედის ქალებზე ვყვები. დიდხანს ვუსმენ და მერე ვყვები იმას, რასაც თვითონ განვიცდი მოსმენის დროს. ჩემს შეგრძნებებს ვიმახსოვრებ. იქნებ ეს არც ისე ახლოსაა რეალობასთან?

იტყვი: კატეგორია „ძალადობის მსხვერპლი"- და თითქოს ამბავიც დასრულდა. ყველამ გაიგო, რომ აქ გარდამავალი ფერი არ არსებობს. მსხვერპლი თეთრია. მოძალადე შავი. თავად მოძალადისთვისაც კი, როცა სხვისი ჩაგვრის თავგადასავალს ისმენს, ისიც გულჩვილია. ისიც ემპათიური, ხანდახან ზედმეტადაც. ისიც მზად არის სხვაზე მოძალადეს საკუთარი ძალით აჯობოს, ცემოს, მოკლას, ტყვია დაახალოს, ხორხი გამოუღოს, ოღონდ სხვისგან დაჩაგრულ ქალს გადაეფაროს (ამ დროს სუნთქვა მიჩერდება და სხეული მეძაბება). რა ირონიულია და ხშირად ზუსტად ასეთი „ჰეროიზმით" აღტაცებულები ბევრად ძნელი შესაჩერებლები არიან უკვე საკუთარი მსხვერპლის პირისპირ.

რაც სიცოცხლის საბაბია, შეიძლება სიკვდილის საბაბიც გახდეს - რაღაც ამდაგვარს წერს კამიუ „სიზიფეს მითში" და მე მაშინვე მიგრძელდება ფიქრი, რომ რაც სიყვარულის საბაბია, ის ძალადობის საბაბიც შეიძლება გახდეს.. სიყვარული. ეს ხშირად ამოღებული სიტყვა კატეგორიიდან -„ძალადობის მსხვერპლი". სიყვარული. ყველა ვნების, კეთილშობილის და არაკეთილშობილის, ლამაზის და მახინჯის, დამტკბარის და გაცხარებულის, მპატიებელის და შურისმაძიებლურის, ყველა წინააღმდეგობრივი იმპულსის საერთო სუბსტანცია.

ჩემი ეპიზოდი

ის პოსტალკოჰოლური ინტოქსიქაციისგან გალახული ჩემს წინ იჯდა და სავარაუდოდ მხოლოდ ჩემი დედუქციის სურვილს ემორჩილებოდა. ძალაგამოცლილი და დაღლილი.

სულ ასე იყო. მისი ცეცხლოვანი დიონისური ფოიერვერკები ანთებული თვალებით და პოსტმოდერნისტული ტექსტებით, რამდენიმე დღე ცას ანათებდა, ქუჩას და კედლებს აზანზარებდა, ჩემს სულს ამოთქმის საშუალებას არ აძლევდა, ჩემს გრძნობებს ყელთან ახრჩობდა, ბრაზს და სიხარულს ერთნაირ ფერად აქცევდა, ნიცშეანური შიზოფრენიით მიწიდან აცილების სურვილით გიპყრობდა. ეს მისი ხელჩაჭიდებული როკვა იყო წარმოსახვით ბახუსთან ერთად. მხოლოდ მისი სოლო და ზეცნობიერი კომპოზიციის საფინალო ნომერი. მეორე დილით, მისი სხეული, ამოცლილი ყველა პოეტური სიტყვისგან, დაღლილი თვალებით, უკვე სხვა რეალობიდან გიყურებდა. თითქოს იყავი, ან არ იყავი. თითქოს პანსიონის უნიფიცირებულ მედდად იქეცი და ვიღაცის დაფლეთილი სხეული აღსადგენად მოგიტანეს, რომელსაც ხანდახან შეიძლება დაელაპარაკო კიდეც. ფრთხილად. ძალიან ფრთხილად, რომ უცებ მხეცმა არ გაიღვიძოს ნაგვემ სხეულში.





დიონისური აღლუმების მერე, მისი ენერგეტიკა - ყველა კუთხიდან ჩახჩახა, ათასობით რამპის თვალისმომჭრელი მცხუნვარებიდან ეკონომიურ რეჟიმზე წყნარად გადადიოდა ერთი ნათურის სევდიანი განათებით. ავისმომასწავებლად.

ამ დროს არ იცი რა ქნა. გააგრძელო მედდად ყოფნა, თუ საკუთარ თავს უთხრა „მერე რა, რომ სცენაზე განათება გამოგირთო, მერე რა, რომ მისთვის სულ ერთია ვინ გაუკეთებს კოკარს.. უბრალოდ, დრო და უკეთესი სივრცე ჭირდება, როგორც ყველა ნამდვილ, ნიჭიერ ადამიანს თანამოაზრეების ძიებაში".

ჩემი საუბარი კი მხოლოდ ნაღველს ამძიმებდა, მელანქოლიის მშობ პატარა ნაზკანიან პარკს, რომელიც ასე უხდება შემოქმედებაში გაუმართლებლობებს.

ვინ ვარ მე „ჩვენი კინოდან"?

ქალი, რომელიც მარტივ წინადადებებს ვერ ამბობს. ქვეწყობილი სინტაქსის პერსონაჟი, რომელიც ქუსლიანი ტუფლის მარადიული სიყვარულის მსხვერპლად ფრჩხილზე სოკოს უვლის და ცხვირს მირამისტინის სპრეით დღეში სამჯერ იმუშავებს. რომელმაც წელს პირველად მისი წილი რუჯი და მზით დამბალი გრიგოლეთის ზღვიდან ენდორფინების საგზალი „შემოდგომა-ზამთარი" ვერ წამოიღო. ქალი, რომელიც ნამდვილ ცხოვრებას ემალება. ხან კამიუს მერსოსთან აქვს ცალმხრივი რომანი, რადგან ავტორი უფრო მიუწვდომელი გონია, ხან არტოსთან - მისი სიგიჟისგან გადასარჩენად, ხან ცვეტაევას ცრემლებში ლესბოსური სიყვარულის ჯერ დაუდასტურებელი ეჭვით, ხან უბრალოდ ტირის, რომ ყველა ეს გენიოსი ერთად ყავს გვერდით „ამ ერთში" და მაინც ვერ გაამთლიანა.



ვინ ვარ მე „ჩვენი კინოდან"?

სცენარისტი, მსახიობი, პროტაგონისტის ასისტენტი, ოპერატორი, რეჟისორი თუ რედაქტორი? იქნებ აქაც, როგორც ნებისმიერი პროდუქტის წარმოებაში, სვოტანალიზია სტარტისთვის საჭირო? ორგანიზებულობა, მოქნილობა და მარტივი წინადადებებით მიზნებში გარკვევა სწორი დაფინანსების მისაღებად? იქნებ ეს სულაც არაა პიესა. არადა, დოკუმენტების მოწესრიგებაში ყოველთვის უძლური ვიყავი. მხოლოდ ძირითადი ტექსტი მენდობოდა.

იქნებ აქაც შაბლონის ცოდნაა მნიშვნელოვანი - როგორ იცხოვრო?



ვინ ვიყავი დღეს მისთვის როცა მისმენდა? მიღმურად. სხვათაშორის. აგრესიის და ალკოჰოლის ნარჩენებში.



ფაქტია. მე ვზივარ ჩემს შიშებზე კარმიკეტილი, მარტოობის ელეგანტური ხიბლით და ვოცნებობ აღარ დაბრუნდეს.

p.s. : მგონი ეს ბოლო უწყინარი აბზაცები „ჩვენი კინოდან" რედაქტორის სტატუსს მოუხდებოდა. ახლა მოვჩიჩქნი როგორი რედაქტორები ყავდა გოდარს, ტრიუფოს ან ვუდი ალენს და თუ ბედნიერი შემთხვევით, თვითონვე აკეთებდნენ ამ საქმეს, ჩავთვლი, რომ საშინლად გამიმართლა!



ისე, როგორც კატეგორიაში „ძალადობის მსხვერპლი", ძალიან ხშირად ვტოვებთ სიტყვა „სიყვარულს", ჩემს ეპიზოდშიც მთავარი სიტყვა გამოვტოვე. „ძალადობა". და სულაც არ გამოვიდა საშიში ამბავი. სულაც არ გამოვიდა ისე, რომ მკითხველი მისი გინების ხმაზე შეხტა და ჩემს ხორხთან მისი მთვრალი ხელის წვდომით წაიხრჩო. ვერ შევძელი ამაში მართალიც ვყოფილიყავი და ობიექტურიც.

საიდან მოდის აგრესია? რატომ არის ასე ხშირი დღეს და გუშინაც ალბათ? იქნებ ჩვენს ფუნქციებშიც თავიდანვე ვერ ვართ კარგად გარკვეული? იქნებ დედობაშიც უნდა ვიფიქროთ ამაზე?

ამაზე მომავალ ეპიზოდებში გავიხსენებ.

მე ვარ ქალი, რომელმაც საკუთარი ბედის გზა ბევრჯერ შეცვალა. დაიწყო და დაამთავრა. და ისევ დაიწყო. და თუ ცხოვრების ყმაწვილურ ასაკშიც, ღმერთთან არ გავრიგდი, რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილებით, ყველაფრის მიუხედავად, სულ ერთ სწორ გზაზე სიკვდილამდე ვივლი, სავარაუდოდ ტკივილის და ბრძოლის ბევრი ეპიზოდი დაიწერება. ბედნიერებისკენ სწრაფვა ქალის უფლებაცაა, მთავარია გინდოდეს ეს.
ისტორია N7
სიყვარულის სევდა
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

ფოტო
ლინდა ჩიხლაძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე



მინდა, წარმოვიდგინო ახლა სად არის და რას აკეთებს.

იქნებ, ჩემსავით, რამდენიმე დღეა, რაიმე ახლის შექმნაზე ფიქრობს და გრძნობებს აუჩქარებლად ეფოფინება, რომ მერე ზუსტად გამოხატოს. იქნებ, მსოფლიო საინფორმაციო სივრცის ყველასნაირი ტყვეა და მხოლოდ უკრაინის ტრაგიკული მაჯისცემით რეაგირებს კარგი დასასრულის მოლოდინში. იქნებ, არც ერთია და არც მეორე. იგივეა, რაც სულ - შვილებზე ზრუნავს, ყოველდღიურად 4 ნოყიერ ულუფას ამზადებს თითქმის არარსებული ბიუჯეტით, გაკვეთილებს რიგ-რიგობით იბარებს 4 სხვასახვა კლასის პროგრამით და ეზოდან შემოტანილ მტვერს და ტალახს ტრადიციულად წმენდს 4 წყვილი კედიდან.

ეს გოგო, 4 შვილის დედა, თითქმის ერთი თვის წინ გავიცანი სარეაბილიტაციო ცენტრში. დავჯექი და დიდხანს ვუსმინე მის ინტერვიუს ჩვენს ფსიქოლოგთან, რომელსაც საოცარი ტაქტით და ზუსტად ნაპოვნი სიტყვებით, არქეოლოგიური ეფექტით ამოჰქონდა მთავარი ტკივილები მისი ნაქარგი ტექსტიდან. არასტანდარტული რესპონდენტი იყო ბენეფიციარის პირობაზე. ტრაგედიებზე ყვებოდა, დაუსრულებელ, ბედისგან აბურდულ ისტორიებზე, დრამებზე, მელოდრამებზე და მაინც სულ ამ პროცესში, თვალიდან თუ სულიდან წამოსული სხივი არ გაწყვეტია. ბუნებრივად არტისტული იყო, რწმენადაუკარგავი, შვილებთან რბილი მიმართვებით, ქალბატონი მანანას (ჩვენი ფსიქოლოგის) რჩევების აზრიანად გამთვალისწინებელი. არ უხერხულობდა დარიგებას, საინტერესო კითხვებს სვამდა. და როცა ეჭვი გამიჩნდა „ეს გოგო ალბათ გულში ცოტა ხელოვანიც არისთქო", გულისწყვეტით თქვა: " ჩემი ქმნილებები მენატრება, ულამაზეს ფიგურებს ვქმნი და ვძერწავ. გარემო რომ ხელს მიწყობდეს, გალერეად ვაქცევდი სახლს". ესეც ჩემი ინტუიცია.

მოკლედ, იშვიათად მინახავს ძალადობის მსხვერპლი, რომელიც მსხვერპლობაზე შერჩენილი სიყვარულის სიტკბოთი და სევდით საუბრობს. ეს შემთხვევა გამონაკლისია. თითქოს წიგნს ყვებოდა, სხვისგან დაწერილს, ყველა პერსონაჟის თანაგრძნობით.

თამამი ბავშვობის მერე, ავტორიტეტული მამის და მზრუნველი დედის გარემოდან ორჯერ სხვადასხვა ბედში გადაინაცვლა. სხვა, უკვე ტრაგიკული ცხოვრების და სიცოცხლედასრულებული ქალის შვილებიც ზარდა, საკუთარიც გააჩინა. მიწაზეც ბევრი იმუშავა, მეურნეობის შექმნა და გარჯაც მოიწადინა, ტრავმირებული მამამთილიც გააძლიერა როგორც შეეძლო, მერე დაიტირა, ის სახლი ქმრის უძლულობის თუ ზედმეტი ძალების გამო დატოვა და ახალ ცხოვრებასაც შეუდგა.

ბავშვობის აკრძალული სიყვარული გაახსენა წლებმა და მშობლებთან დაბრუნებამ. სიყვარული, რომელიც ისევ არავის უნდოდა. არც მის ოჯახს, არც უკვე დაქვრივებული შყვარებულის დედ-მამას. მაგრამ ახალგაზრდებმა წლების წინანდელი სურვილი მაინც აიხდინეს. აიხდინეს და არ ეპატიათ.. ეს კულტურათა შორის წინააღმდეგობაც იყო. ბევრად უფრო ფუნდამენტური ტრადიციების კონფლიქტი, რასაც ძველმა თაობებმა ვერ უპოვეს საერთო, სიყვარულის ენა. არც დამოუკიდებლად ცხოვრების არჩევანი აჩუქეს და არც ერთად ყოფნის სიამოვნება. თუმცა, მსგავსი, ყველა სოციალურ გარემოში შეიძლება მოხდეს, რწმენის და ტრადიციის განსხვავებების მიუხედავად. ჩვენ, ადამიანებზე ვწერთ. და ვნებები, გრძნობები, ბრძოლები - თითქმის ყველგან ერთნაირია.

ქალთა ფონდ „სოხუმის" სარეაბილიტაციო ცენტრში, ამ ულამაზეს გარემოში, ბუხრიან ოთახში, „სიყვარულის სევდის" გმირი იჯდა და ყვებოდა მისი ცხოვრების ადამიანებზე, რომლებმაც დაუნგრიეს, წაართვეს, აწვალეს, დატანჯეს, შეუცვალეს ყოველდღიურობა, წარსული, მომავალი... და მაინც, მის ხმაში არ იყო სასოწარკვეთა, ზიზღი, აგრესია, სიცივე, გარიყულობა, შურისძიება. ეზოდან სხვადასხვა განწყობით შემორბენილი ბავშვები რიგ-რიგობით აწყვეტინებნდნენ ფსიქოლოგთან მშვიდ ლაპარაკს და ისიც, რიგ-რიგობით ურიგებდა ყველას „დედის სიტყვას", მერე ქალბატონ მანანას თვალებში ეძებდა პასუხებს კითხვაზე „სწორად ვუთხარი? სწორად მოვიქეცი? არ უნდა მიმეცა ტელეფონი? მეორესთვის უარი აღარ იყო სამართლიანი?" - და ფსიქოლოგის მინიშნებით ხავერდოვნად ასწორებდა „შეცდომებს".

საქანელებით სავსე ეზოდან ბავშვების ხმაური შემოდის და მინდა წარმოვიდგინო როგორ ფიგურებს, როგორ მინიატურულ სუვენირებს დაამზადებს რეაბილიტაციის შემდეგ ჩვენი ფსიქოლოგის რესპონდენტი. ალბათ მაინც შვილების წარმოსახვით სამყაროს შეუერთდება და ისევ სიყვარულზე გააგრძელებს ოცნებას. გამოძერწავს ზღაპრის გოგოებს ჭრელი კაბებით, ბედნიერი სახით, ფერადებს, შეყვარებულებს, ისეთებს, ვისაც ოცნებები აუხდათ.

„კი, მეტი სიმშვიდე მიმაქვს თქვენგან, მეტი ენერგია. სითბო, მზრუნველობა, სასარგებლო რჩევები. ყველაფერი, რაც ამ ულამაზეს გარემოში ქალთა ფონდ „სოხუმის" არაჩვეულებრივმა პერსონალმა მაჩუქა, ჩემი ცხოვრების საგზალია. ჩემს საქმეს გავაგრძელებ. ვიფიქრებ, როგორ გავძლიერდე იმ სფეროში, რომელიც მიყვარს და გამომდის. გაძლიერების გზებიც მასწავლეთ თქვენ და ამ გზებს ვუერთგულებ. აქ რომ ვარ, მჯერა, რომ ყველაფერი გამომივა. აქ რომ ვარ, მჯერა, რომ ხვალინდელი დღეც უკეთესი შემიძლია მქონდეს. მომენატრება ეს სამოთხე."

ისტორია N6
პატარა ქალები
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე



ახლა, როცა ამ ბლოგის წერას ვიწყებ, შორენას ულამაზესი დღე აქვს. მის ქალიშვილებს მარიამს და ანას წმინდა გიორგის ეკლესიაში ნათლავს . „პატარა ქალებს" მაშინ დავურეკე, როცა ემზადებოდნენ და მეზობლების დახმარებით ირთვებოდნენ, ბრწყინდებოდნენ, ივარცხნებოდნენ და იხატებოდნენ.

შემთხვევითი არაფერია და მეც მერგო მათი საოცარი ემოციის ნაწილი.

როცა პირველად ვნახე ამ „პატარა ქალების" მოწყობილი „სასახლე" ერთ ოთახში, მივხვდი რომ სამუდამო მოგონებად დამრჩებოდა. საერთო საცხოვრებლის მსგავსი შენობის ბნელი კორიდორიდან შესულებს, კარგაღებული მზე და სითბო შემოგვეგება. ზღურბლს იქეთ, სინათლის ნაწილში, ერთი მკვირცხლი მზერის ქალბატონი მის ორ კეთილთვალება ასულთან ერთად, ჩემსავით, სასწაულს ელოდნენ.

აღარ მინდა იმ ეპიზოდზე შევჩერდე, სადაც ჩვენმა ფონდმა ეს სასწაული აუხდინათ და ძვირფასი საჩუქარი გადასცათ (ტელეფონი), ისე როგორც ბევრ სხვა ქალბატონს სხვა რეგიონებში. ეს უკვე გავლილი ქველმოქმედებაა ჩვენი ფონდისთვის. აქ პერსონაჟებია მთავარი. ანუ, ჩემი სასწაულის მოლოდინი..

მაშინ არ ვიცოდი, რომ შორენა ერქვა და 35 წლის იყო. სულ ფილმში ვიყავი, მიხვდით ალბათ, „პატარა ქალებიც" რატო დავარქვი ბლოგს.

მე: შეგიძლია ჩემთან საუბარი? დროს ხომ არ გართმევ? (ჩვენს ნაჩუქარ ტელეფონზე, მესენჯერში დავურეკე. მინდოდა თან მეყურებია მისთვის და მისი შვილებისთვის)

შორენა: როგორ არა (იღიმება მთელი სახით) ვილაპარაკოთ

მე: აკრძალული თემები?

შორენა: არ არსებობს. ყველაფერზე ვილაპარაკოთ

მე: საღამოობით რას აკეთებთ ერთად „პატარა ქალები"? (ვუღიმი)

შორენა: (ტელეფონის კამერით ოთახს მაჩვენებს, ბავშვები მიდი-მოდიან და კიდევ სხვა ქალბატონიც ჩანს) მეზობელთან ვართ. ჩვენთან მოწესრიგება ცოტა რთულია. არადა, ხვალ დიდი დღე გვაქვს, შვილებს ვნათლავ

მე: ვაიმეე.. რა უხერხულია. გაცდენთ. იქნებ სხვა დროს ვილაპარაკოთ. რა კარგია ნათლობა

შორენა: არა, რას ამბობთ, შრებიან უკვე, ივარცხნიან.

მე: (მადლიერი სახით) მაშინ დავიწყოთ თქვენი ისტორიით..

და შორენამ მოყოლა დაიწყო. ბავშვობიდან. იქედან დაწყებული, როგორ ეხმარებოდა მამას გიშრის მოპოვებაში. არ მოგეჩვენათ. ნამდვილად გიშრის საბადოზე დადიოდა, პატარა მუჭით მიწის ნაწილს იღებდა და კეთილშობილ კრისტალებს ნესტის და სიბნელისგან ათავისუფლებდა. ხომ ვთქვი, რომ რაღაც ზღაპრული არის მათში? ეს მის ქალურ, ტკბილ-მწარე ბიოგრაფიასთან არაფერ შუაშია, მაგრამ როგორ არ დამეწერა?

მე: სიყვარული? ოჯახი?

შორენა: გავთხოვდი და მაშინ ვერაფერს ვხედავდი განსაკუთრებულს. მერე დაიწყო ჩხუბი და ხშირი სიმთვრალე, აგრესია. ჩხუბობდა ყველაფერზე. მრცხვენოდა გამხელის. ვითმენდი. მრცხვენოდა ადამიანების, ოჯახის წევრების, ახლობლების და უცნობების. თურმე რა მოჩვენებითია ეს. თურმე რა ტყუილია. როცა გაუსაძლისი და თითქმის უწყვეტი გახდა აგრესიაც და ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც, ვეღარ გავძელი. ვთქვი ჩემი გაჭირვება და აღარ მიფიქრია რას იტყოდნენ სხვები. მე გადაწყვეტილება მივიღე.

მე: შორენა, შენ რა ძლიერი გოგო ხარ? რა გონიერი.

შორენა: უკეთესობა შემეძლო (სხარტად მეუბნება და იცინის). იურისტობა მინდოდა. სამი კურსის მერე ვეღარ გავაგრძელე პრობლემების გამო. ახლა კონსულტანტად ვმუშაობ. 5 დღე სამსახურში ვარ დილიდან საღამომდე, 5 დღე ვისვენებ. კეთილი ადამიანები მეხმარებიან. ჩემი შვილების ნათლიები. ხვალ უკვე ნათლიები იქნებიან (კამერაში 12 წლის გოგომ ლამაზი სახე შემოყო და შემომცინა) ეს მარიამია. უფროსი. ცეკვაზე დამყავს, ხატავს. ყველგან შეუძლია იცეკვოს, 1000 ადამიანი რომ უყურებდეს, არ იუხერხულებს (ბედნიერად მიხსნის. მე ვუყურებ ციცინათელასავით მარიამს, თავი რომ დედისკენ გადმოხრილი აქვს და მჯერა რასაც შორენა მეუბნება, რადგან მისი სამუშაო მაგიდა მაქვს ნანახი და მისი გემოვნების და მოცეკვავე სულის ამოხსნაც შემიძლია)

მე: მარიამ, რამდენი ნათლია გყავს?

მარიამი: ერთი. ასე მერჩივნა. მინდოდა ერთი მყოლოდა

მე: ვინ არის?

მარიამი: მანდატურად მუშაობს. მსახიობია ჩვენს თეატრში (ამაყად მეუბნება). არაჩვეულებრივი ადამიანია (ისეთი ორგანული გამომეტყველებით თქვა, რომ ფაქტია- „პატარა ქალების" პერსონაჟია. ეს სიტყვა „არაჩვეულებრივი" თავისებური გამოთქმით რამდენჯერმე ახსენა და რამდენჯერაც ახსენა, იმდენჯერვე გამაბედნიერა მისმა ბუნებრივმა ხიბლმა ცხოვრების მიმართ. „ყოჩაღ შორენას" - ყოველ ჯერზე ეს გავიფიქრე)

შორენამ მომიყვა როგორ დააღწია თავი აუტანელ ყოფას, როგორ დაბრუნდა მის ორ გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებული მშობლიურ ქალაქში და ითხოვა თავშესაფარი. დამოუკიდებლობის გარანტია. როგორ მოაწყო ეს ერთი ოთახი სველი წერტილების გარეშე, სადაც საძინებელი და სამეცადინოა და ბევრი საჭირო რამე აკლია, მაგრამ სიმშვიდეს მაინც უპოვა გემო. მოლოდინი აქვს, რომ მუნიციპალიტეტი დაეხმარება და იქნებ ნორმალური საცხოვრებელიც შეუძინონ. ასეთი შვილების დედას, ასეთ გონიერს, ღონიერს, კეთილს, მხიარულს, გაბედულს, მეც მჯერა, ყველაფერს გაუკეთებენ.

შორენა: სახლში როცა შემოვდივარ, სულ მხიარული ვარ. ჩემი შვილებისთვის ვცდილობ. ტკივილი და შიში ასე კი არ იკარგება და არსად მიდის, მაგრამ მგონია, ჩემი უკეთესი ხასიათით ჩემს გოგოებს უფრო მალე დავავიწყებ ცუდ მოგონებებს.

როცა მე ტყიბულში, შორენას, მარიამის და ანის სახლში ვიყავი სტუმრად ჩვენი ფონდიდან საჩუქრის გადასაცემად, ძველ და მიტოვებულ კედლებში, საოცარი დისციპლინით, ზედმიწევნით სუფთა, ადგილმიჩენილი და პრიალა სიღარიბე ისე იყო დალაგებული, მოწესრიგებული, მაშინვე მიხვდებოდი - დედამ და ამ ორმა პატარა გოგომ, საკუთარი „ფუფუნება" როგორ გამოიგონეს.

ხის პატარა, სავრაუდოდ, სამეცადინო მაგიდაზე, საოცარი სინაზით ეწყო ისეთი პარფიუმერია, ბავშვები რომ თამაშობენ, გვერდით - კუდრაჭა ჩანთა ეიფელის პრინტით და წარწერით „pariz". სუნიც კი, ამ ოთახში, ფრანგულის იმიტაცია, მათი გამოგონილი იყო და სასწაული ის გახლდათ, რომ მეც იგივე სუნს ვგრძნობდი. ოთახი, სადაც ერთად იყო სამზარეულოც, მისაღებიც, საძინებელიც და თან არაფერი იყო, - ისეთ ბრჭყვიალა სინათლეს აფრქვევდა ამ პატარა ქალების თვალებით ანთებული რამპებით, გეგონებოდა სულ მალე სასახლედ გადაიქცევაო.

იქნებ, ნათლობიდან დაბრუნებულებს, მართლაც დახვდათ სასახლე?

და სანამ შორენას ცხოვრებაში კიდევ ბევრი სიხარული იქნება, მანამდე გაიცანით: ჩვენი ფონდის მეგობარი, ჩვენი ბლოგის მთავარი გმირი, ორი კარგი შვილის კარგი დედა და მომავალზე მეოცნებე, ნიჭიერი ქალი, რომელიც ტკივილებს და შიშს, ჩვენნაირების გვერდით დგომით აუცილებლად დაამარცხებს და აუცილებლად გაძლიერდება!

ისტორია N5
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
ავტორი
ქეთი სიხარულიძე

ფოტო
დათო ქოჩიაშვილი

გრაფიკა
ანა ფრუიძე



ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია.

გარდა იმისა, რომ თითოეული ახალი შემთხვევა პიროვნულად გზრდის, გაყალიბებს როგორც პროფესიონალს, გასწავლის გამოწვევებთან გამკლავებას, პარალელურად გავსებს ენერგიით, მოტივაციით, თვითრწმენით, რაც როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, შენი ყოველდღიური უამრავი სოციალური სტატუსებით გაჟღენთილს, ძალიან გჭირდება, ფაქტობრივად, ჰაერივით..

რამდენიმე დღის წინ თითქმის ჩემხელა გოგოსთან მქონდა კომუნიკაცია, რომელიც მასზე განხორციელებული სისტემატური ძალადობის გამო ოჯახიდან წამოვიდა და 6 წელია მარტოხელა დედის სტატუსით ცხოვრობს. ცხოვრობს მძიმე სოციო-ეკონომიკურ პირობებში, შესუსტებული თანადგომის ქსელით და უამრავი მატერიალური პრობლემით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს არ მისცა წაქცევის ნება, ფეხზე ძალიან მყარად და ყოჩაღად დგას და დაწაფებული იღებს განათლებას. მართლა ყველაზე შთამბეჭდავი, რაც მის ისტორიაში მოვისმინე, იყო ის, რომ ამ რთულ პერიოდში, როცა ჩვენ, სხვა ადამიანები დრამატულ ფილმებზე ვტირით, სქელ ფარდებს ჩამოვაფარებთ და შოკოლადის ფილების კრატუნს ვეღარ ავუდივართ, ის წარმატებით ასრულებს საბაკალავრო საფეხურს, მალევე იღებს გეზს მაგისტრატურისკენ, რომელსაც ასევე წარმატებით მოიტოვებს უკან და დღეს მოუთმენლად ელოდება ივლისს, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე გასასვლელად. რა უნდა რომ ასწავლოს? სამოქალაქო განათლება, - რაც შეიძლება მეტი ჯანსაღად, სწორი ფასეულობებით მოაზროვნე ადამიანი რომ აღზარდოს და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში თავისი ერთი შეხედვით მცირე, რეალურად კი ამ გარემოებების ფონზე მასშტაბური წვლილი შეიტანოს.

დარწმუნებული ვარ, ყველა მიზანს მიაღწევს, რა დაბრკოლება უნდა შეხვდეს ამის მერე, რომ ვეღარ გადალახოს? თავის პაწაწინა გოგოს წიგნის სიყვარულს უღვივებს და ფიქრობს, რომ იმაზე კარგს შვილისთვის ვერაფერს გააკეთებ, ვიდრე განათლების ხელშეწყობაა.

ძალიან გვჭირდება ასეთი ძლიერი გოგოები, ხმალამოღებული რომ კაფავენ სარეველებს და წინ მიიწევენ. ვინ იცის, როგორ იღლებიან, როგორ ჭირდებათ ვინმეს მხარზე თავის ჩამოდება და „გოგოური" სასოწარკვეთა, საპნის ოპერებზე ტირილი, სტრესის გადასალახად ახალი სამოსის შეძენა... რა თქმა უნდა, ამაზე ბევრად მეტიც სჭირდებათ, მაგრამ არცერთ გარემოებას არ აძლევენ მათი მართვის ნებას და არ ნებდებიან...

რამდენი რამის სწავლა შეიძლება მისგან.
ისტორია N4
მაიკო - მავედრებელი ქალი
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

ფოტო
ზეკო ხაჩიძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე



ის არც სახელს მალავს და არც სახეს. შთამბეჭდავია მისი დიდი თაფლისფერი თვალები. ღრმა. სახე ძველბერძნულის მსგავსი, სწორი ხაზებით. როცა სივრცეს უყურებს ცოტა მკაცრი ხდება და პატრიოტული, გაბედული. თუ შენს მზერას შეერია, მაშინ უეცრად სველდება და კანიც სიცოცხლის ფერს იკრავს.

გგონია სიტყვა-სიტყვით ჩაწერ მის საუბარს და ახალი პიესაც მზადაა. ყველა დროის ტრაგედიით. გადაუჭარბებლად. უსმენ და ყველაფერს სიუჟეტურად მიყვები, პერსონაჟები შემოდიან და გადიან, ჩნდებიან და ქრებიან, მთავარი გმირის ტკივილი არც იკლებს და არც იმატებს. იგივეა. სწორხაზოვნად მტკივნეული და სულისშემხუთველი.

როცა მაიკომ ბავშვობის მოგონებით დაიწყო, თვალგახელილმა დავიწყე მწვანე ეზოს, სოფლის და სახლის, ყვავილების და ბალახის წარმოსახვა. რაღაც ისეთის, რაც ყველასთვის ბედნიერების სიახლოვეა, მშობლების თბილი სუნია, და-ძმების სილაღის ხმები.. მაგრამ მაიკოს თხრობამ პირველივე სიტყვიდან ყველა კადრს „ბლარი" დაადო:

- ჩემთვის პრობლემა დაბადების დღიდან დაიწყო. და ასე მოვდივარ. სულ ჩხუბით, სულ ყვირილით, სულ პრობლემით. რატო - არ ვიცი, მაგრამ ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი. ერთხელ დედამ და მამამ იჩხუბა. დედა გაიქცა სახლიდან. მიუხედავად იმის, რომ არც დედისგან ნაფერები შვილი ვიყავი, ვიდარდე, ვიტირე უდედობა როგორც ალბათ ყველა ბავშვმა. მამაჩემმაც მოაბრუნა სახლში. მერე ისევ დაიწყო გაუთავებელი ორთაბრძოლები და ყოველ ჩხუბზე ჩემი ლანძღვა და ცემა - „შენი ახირების გამოა ისევ რომ ვტანჯავთ ერთმანეთს" - ასე ასრულებდნენ ერთმანეთთან კონფლიქტს და გრძელდებოდა ჩემზე ხან ერთის, ხან მეორეს რისხვა. უფრო მამის. გოგო ვიყავი და ამიტო. ხშირად მაგონებდა ამას.

- რა ასაკში მიხვდი, რომ მამასთან პრობლემა გქონდა?

- როცა დედა გარდამეცვალა. 15 წლის ვიყავი. ავარიაში დაიღუპა. იმ სახლის სახურავზე, სადაც ახლა ვცხოვრობ, დედაჩემის სისხლია. სახურავი მოქონდათ.

- და სიყვარული? შენი ოჯახი, როგორ შექმენი?

- იმ დღეს მამაჩემს პერანგები გავურეცხე. ის პერიოდი იყო, როცა ჩემი მომავალი ქმარი შეყვარებული იყო და ხშირად მირეკავდა. ტელეფონზე ბევრს ვლაპარაკობდით. დილით მამამ ზუსტად ის პერანგი მოითხოვა, რომელიც გაფენილი მქონდა და ჯერ ისევ სველი იყო. ამისთვის ლანძღვა და ჩხუბი დამიწყო. ტელეფონზე ლაპარაკს დაემთხვა ეს ჩხუბი. მეგონა გავთიშე და ისე ჩავიდე ჯიბეში. ჩემმა ქმარმა ყველა ის საშინელება მოისმინა, რასაც მამაჩემი მეძახდა. გული თუ არ გამისკდებოდა სირცხვილისგან, არ მეგონა, როცა გავიგე, რომ მე მარტო არ ვისმენდი ამ სიტყვებს მშობლისგან. ალბათ.. ალბათ არა, ფაქტია, გადაწყვიტა, დამხმარებოდა, წავეყვანე ამ ჯოჯოხეთიდან. მეც წავყევი. წავყევი და მეგონა წარსულში დავტოვებდი ყველა ტკივილს და შეურაცხყოფას...

- მამას რა პროფესია აქვს?

- პედაგოგია

- უი, რას ამბობთ..

- კი (იღიმება). სხვებისთვის იდეალური. ალბათ, ბევრს ვერ წარმოუდგენია ის, როგორია ჩემთან.

- მეუღლე?

- ცუდი ადამიანი არ არის. დედამისს არ ვუნდოდი. პირველივე დღიდან ასე შემაფასა - "ფოტოებში უფრო ლამაზი ჩანდაო". მოკიდე ხელი და მამამისი რომ მოვა, უკან გაატანეო. დამიწუნა და ჯოჯოხეთადაც აქცია ჩვენი ცხოვრება. მეორე ფეხმძიმობა გახდა გადამწყვეტი. არც პირველს გულშემატკივრობდა, მაგრამ მეორეზე ისტერია დაემართა. „მოიცილოს" - უყვიროდა ჩემს ქმარს. თან მეორეც გოგო რად უნდაო, ამბობდა... ალბათ ჩემი ქმარიც დაიბნა. წამოსვლა დავაპირე და ამით ბავშვის გადარჩენა. ვიცოდი, რომ მობრუნებით კარგ სამყაროში არ ვბრუნდებოდი. არჩევანი არ მქონდა. მეზობლების თანადგომა იყო დიდი და ალბათ ამის შერცხვა მამაჩემს, რომ უკან დაბრუნების ნება დამრთო. წამოვედი და დაიწყო შიმშილობის და შეურაცხყოფების მეორე ციკლი. მშრალ პურზე გადადიოდა მამაჩემი ხახვით, ნივრით და იმას არც ფიქრობდა, რომ ფეხმძიმეს და ერთ შვილიშვილს ასე თავის გატანა არ შეგვეძლო. ქმარს, რა თქმა უნდა, აღარ მოვუკითხივართ. მოკლედ ჯოჯოხეთები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ერთ დღესაც, ჩემი შვილის ჩვილობის ტანსაცმელს ვფენდი, მეორესთვის ვამზადებდი (ახლის ყიდვის თავი სად მექნებოდა) და მეზობლის ხმა გავიგონე, მეორე მეზობელს ეუბნებოდა - "ასეთ სიტუაციაში ეს საცოდავი ერთ ავადმყოფ ბავშვს გააჩენს და რა ეშველებათ ამათო".. ბოლო წვეთი იყო ჩემი შიშის და გვემის. გოგო დავაძინე და ყველა ბასრი იარაღით ვენები გადავიჩეხე.. მქონდა სიკვდილისთვის თავგანწირვა და მაინც, ეტყობა ბოლომდე ვერ გავიმეტე თავი და მძინარე შვილი. ისევ მეზობლებმა გადამარჩინეს.

...ყვებოდა მაიკო... თვალებში ვუყურებდი და საკუთარი თავიც აღარ მიყვარდა, როგორ გამომქონდა ეს სუსხიანი სიტყვები მისი სხეულიდან. შუბლი დამეღალა ჭმუნვისგან. ვოხრავდი დროდადრო და სუნთქვა მიძნელდებოდა. ვერ მივხვდი, რა ეპიზოდში შეიძლებოდა მეფიქრა - აი, ახლა განათდება. მისი სახის სწორი ხაზები ხშირად ცრემლებით მრუდდებოდა, მაგრამ აზრს არ წყვეტდა. ლაპარაკს აგრძელებდა ზუსტად ისეთი შინაგანი რწმენით, როგორი შემართებითაც ჩვენამდე მოვიდა. „მივალ!"- უთხრა თავს და გადაწყვიტა!

არ ვიცი, რა განათლება აქვს, რა მუსიკას უსმენს, როგორი გემო უყვარს, რომელი ქუჩა, ეზო, ქალაქი თუ ქვეყანა, მაგრამ ვიცი, რომ ორი აციმციმებული სიცოცხლის დარაჯია, მისნაირად ლამაზი ორი გოგოს ტკბილად მოლაპარაკე დედა. მათ დანახვაზე და ხმაზე ერთიანად ფერადდება და იზრდება. მუსიკა უჩნდება სიტყვებში და დიდ თაფლისფერ თვალებში ნოტები იწყებენ რხევას.



მაიკო- მავედრებელი ქალი.

დასრულებაზე ლოცვით. ხმამაღლა უთქმელით.

და ახლა ჩვენი ნაწილია, ჩვენი ფონდის ნაწილი.



- ახლა ისე აღარ მეშინია.....
ისტორია N3
ბენეფიციარის დღიურიდან
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე



ერთმა მეგობარმა მირჩია ფონდ "სოხუმში" მივსულიყავი. სტრესული ადამიანი ვარ. ოთხ ათეულ წელს გადაცილებული, არც ისე ადვილი ცხოვრების გზით. მიყვარდა, გავთხოვდი, შვილები გავაჩინე. მეგონა, მხოლოდ ოჯახში იყო ჩემი ვალდებულებაც და ბედნიერებაც. სადილის მზადების და ოჯახზე ზრუნვის გარდა, მეგონა, სხვა ფიქრი საკუთარ შესაძლებლობებზე არ მევალებოდა. მერე მოხდა ისე, როგორც ხდება ხოლმე. სიყვარულს ბზარი შეეპარა. ჩხუბი და კონფლიქტი გახშირდა. ბავშვები დაიძაბნენ. მე სადილის მზადების და ზრუნვის სიამოვნება დავკარგე. "ბედნიერება" ფასადურ ერთადყოფნად იქცა. ქმარმა ხშირად ხმის აწევაც დაიწყო, რაც ყვირილში და აგრესიაში გადაიზარდა. ბოლოს ფიზიკურადაც შემეხო. მე უფრო მოდარაჯე ვიყავი სახლის, ვიდრე სრულფასოვანი მცხოვრები. მითუმეტეს აღარ ვიყავი დიასახლისი, დედა და ცოლი. საქმეს ვეღარ ვეკარებოდი გულიანად. მოვალეობები მთრგუნავდა. საკუთარი თავის სიძულვილი დამეწყო და ვფიქრობდი, რომ არაფრის ნიჭი ჩემში აღარ არსებობდა. დაპატარავდა მეგობრების და ნათესავების წრე, რადგან ჩემს პრობლემებზე საუბრით, ან საერთოდ უხასიათობით, ყველას თავი მოვაბეზრე. ჰოდა, ამით დავიწყე მოყოლა.. ერთმა მეგობარმა (ასევე ჩემგან უკვე თავმობეზრებულმა) მირჩია ფონდი "სოხუმი", სადაც რაღაც საინტერესო ხდებოდა. და უცებ ფერადი ნამცეცების ლამაზ და მზიან ოთახში აღმოვჩნდი. პოლიმერული თიხა. ეს სიტყვები გამეგონა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მის როლზე არასდროს მიფიქრია. სახლიდან გარეთ გამოსვლამ, პატარა იმედი გამაყოლა, რომ ჩემი ოჯახის იქეთაც სამყაროა, მაგრამ ამ მზიან კუთხეში აღმოჩენამ, საათების მანძილზე დამავიწყა ჩემი სახლის მისამართზე არსებული პრობლემები. შემოქმედებამ გამიტაცა. გამიტაცა ახლის, თუნდაც უმნიშვნელო ფიგურების შექმნის რიტუალმა, ფერების შეხამებაზე ფიქრმა, თიხასთან ხელით შეხების სიამოვნებამ. მეგონა ახალ სამყაროს ვძერწავდი, ვიგონებდი, სადაც მე ბედნიერი ვარ და ნიჭიც დამიბრუნდა. აქ ჩემნაირი, ან უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები იყვნენ, ყველა საკუთარი პრობლემით, ფსიქოლოგის რჩევით, ოსტატის მხარდაჭერით და ფონდის თანამშრომლების უზადო ტაქტით. იცით რა გრძნობაა, როცა საკუთარ თავში ნიჭს აღმოაჩენ და გაგიკვირდება, თურმე რაღაცაში სასარგებლო ხარ.. ვიღაც შეგაქებს და შენი შექმნილი მოეწონება.. ამაზე სასიამოვნო თერაპია არ არსებობს. თავდაჯერებული გამოდიხარ. ხვალინდელ დღეზე ფიქრობ რა ფერები დააწყვილო, როგორ გამოძერწო დეკორი, სამკაული თუ სათამაშო, სასარგებლო, თუ უბრალოდ არაფრისმთქმელი ნივთი, მაგრამ აქ მთავარია შენ ქმნი! ეს არის წარმატება, რომელიც დღის სარეაბილიტაციო ცენტრში თქვენ მაჩუქეთ. და უნდა გავაგრძელო ჩემში ნიჭის ძიება.. ცხოვრების ხიბლი ამაშია. დაიჯერო საკუთარი შესაძლებლობების. სიყვარულის ბედნიერებაც ხო ესაა. მადლობა "სოხუმის" გუნდს. ახლა სადილს სხვა ფერებში ვუმზადებ ჩემს შვილებს და აქაც ჩემებურად "ვძერწავ".

ავტორი

ზეკო ხაჩიძე

ისტორია N2
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე
ვიდრე რესპონდენტს შევხვდი, თვითონ შემაწუხა ბევრმა კითხვამ, რომელსაც ჩემი გმირისთვის ვამზადებდი. ალბათ ყველა ქალს აქვს ასეთი ეტაპი. ეჭვი - სწორად ცხოვრობს თუ არა? შიში - ისე ექცევიან, როგორც იმსახურებს, თუ ეს ცხოვრების წესია, ან წესიდან გასვლა? როგორ ურთიერთობენ სხვა წყვილები? როგორ უვლიან პრობლემებს? როგორ ლაპარაკობენ მაშინ, როცა ღიზიანდებიან ცხოვრებისგან, ადამიანებისგან, სოციალური ტკივილებისგან. როგორ შემოდის ეს აგრესია ოჯახში და როგორ უნდა დახვდე, რომ ნაკლებად იტკინო და მასაც უთანაგრძნო. როდის იწყება ძალადობა?

ჩემი ინტერვიუერი მომხიბვლელი გარეგნობის ახალგაზრდა ქალია, ნიჭიერი, მგრძნობიარე, უნარიანი. ამ ელექტრონულ სამყაროში აუცილებლად შემოიხედავს, თვალს გადაავლებს და იტყვის, რომ მისგან ეს გზა უკვე გავლილია. მაგრამ ვინმეს, ჩემნაირს, ან ჩემგან განსხვავებულს, აუცილებლად შეაყოვნებს და საკუთარ თავთან აახსნევინებს ბევრ გაუმხელელ ბრაზს, კრიზისს, ღამისთევას, დილემას - სად შეგვეძლო ახალი ცხოვრება დაგვეწყო, ან შეგვეძლო თუ არა საერთოდ, როგორ მოგვეპოვებია საკუთარი თავისუფლება და სიმშვიდე, ღირსება, რომელიც არ ითმობა, უბრალოდ, ცვდება და ხასიათს გიცვლის.

ჩვენს ელექტრონულ სამყაროში, რომელიც ბევრის მეგობარი გახდება, ფონდი „სოხუმის" გამოცდილებაა, მისი უხილავი ძალა- თავიდან გიბიძგოს ბედნიერების გზის საძიებლად, რაც ყველა ადამიანის უზენაესი უფლებაა. მხოლოდ ამ დროს ხდება სრულყოფილად მშვენიერი სიცოცხლე, საქმე, დედობა, მეგობრობა, ადამიანად ყოფნა!

- როც ბოლო წლებში ტელევიზიით ხშირად ვისმენდი სხვადასხვა, ოღონდ ჩემს მსგავს ისტორიებს , მივხვდი, რომ ის, რაც მე მჭირდა, იყო ძალადობა!

ჩემი ისტორიის პერსონაჟმა ასე გაიაზრა, სახელი დაარქვა და თავისდაღწევის რეალური სურვილიც ამ წუთიდან დაეწყო. მანამდე არ არსებობდა ნამდვილი პროტესტი. მანამდე არსებობდა უხერხულობა, დათრგუნული ხასიათი, დახრილი თვალებით სიარული ქუჩაში და სახლში, პასიური თავდაცვა ქმართან ერთად მარტო ყოფნისგან, დამალვის სურვილი მისი არაფხიზელ მდგომარეობაში მოსვლის დროს, ბავშვებთან უწყინარი სიმულაცია - რომ თითქოს ოჯახია, ასეც ხდება და მერე რა, ყველაფერი კარგადაა. არადა, დრო გადის და არაფერი იცვლება. პირიქით. მძაფრდება.

პირველი, ვისაც შეეფარა, მშობლები იყვნენ. საბედნიეროდ, გაუმართლა. გაუგეს და უთანაგრძნეს. დაამშვიდეს, ეგონათ...

- წლების მანძილზე ბრძოლებით დაღლილი დავბრუნდი ჩემებთან. ცოტა ხნით დავმშვიდდი, სანამ ისევ არ მოხდა ძალადობის ფაქტი დაბრუნების მოთხოვნით. სანამ თავზე არ დამამტვრია და გამინადგურა ყველაფერი, რაც ჩემს პროფესიასთან მაკავშირებდა, რაც საკუთარი შესაძლებლობების პატარა იმედს მაინც მაძლევდა. განაჩენივით ამისრულა ეს. მაშინ ალბათ, ყველაზე დიდი შოკი დამემართა, მაშინ ალბათ ყველაზე დიდი ემოციური ტალღა ვიგრძენი, რამაც გამაბედინა, ჩემს უბედურებაში სხვა ადამიანების შველა ბოლო ხმაზე მეთხოვა.

ამის შემდეგ გაიგო, რომ ფონდი „სოხუმი" არსებობს. არსებობენ ადამიანები, ვინც ამ დროს ჯადოსნურ ხელს გიწვდიან, გისმენენ, გარიგებენ, გშველიან, გეფერებიან, გასწავლიან, გაბედინებენ მუხლი ისევ გამართო და ნაბიჯი გადადგა! როგორც კი ტკივილებისგან გონება და სხეული დაეწმინდა, გადაწყვიტა ფართოდ გახელილი თვალებით შესულიყო ამ სამყაროში!

- ფონდ სოხუმში" მისულს მახსოვს ჩემი განცდა .. მეშინოდა ადამიანების და ვიყავი დაძაბული.. მეშინოდა უთქმელი განკითხვის, გაუმხელელი რეაქციის, ყველაფრის.. ჩემი გადაწყვეტილებისიც კი მეშინოდა. მაგრამ იქ დამხვდა არაჩვეულებრივი გარემო არაჩვეულებრივი ადამიანებით. თითქოს ყველასთვის იყო საერთო წესი - სითბო და გულისხმიერება, ღიმილი და ზრუნვა. ფონდ „სოხუმის" განწყობა ოჯახური სიმშვიდის კომფორტად მივიღე და ძალიან მალე, მის ბუნებრივ ნაწილად ვიგრძენი თავი. აქ მოხდა ჩემი სოციალიზაცია. ნელ-ნელა ძველი ცხოვრების დავიწყება მარტო ურთიერთობით, ფსიქოლოგთან, ან იურისტთან კონსულტაციებით კი არა, სწავლის თერაპიით, რომელიც ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის.

ჭრა-კერვის გაკვეთილებს ქალბატონი მანანა ატარებდა, რომელიც ფონდის ხელმძღვანელობას, გასაუბრებით, რამდენიმე სერიოზული გამოცდილების მქონე პრეტენდენტს შორის ყავდა არჩეული. თავისთავად, საუკეთესო უნდა ყოფილიყო არა მარტო პრაქტიკული პროფესიონალიზმით, არამედ პიროვნული უნარებითაც.

ქალბატონი მანანა 3 თვის მანძილზე, კვირაში სამი დღე და დღეში ორსაათნახევარი მუშაობდა ჯგუფთან, რომელშიც ჩემი ინტერვიუს გმირი იჯდა.

- კარგებს შორის საუკეთესო იყო. მიზანდასახული, ნიჭიერი, ყურადღებიანი, განათლებული, ლამაზი, თბილი, მოკლედ ბევრი ღირსებით. წუთს არ კარგავდა. საოცრად სუფთად მუშაობდა. ყველა გაკვეთილზე ახალ თარგებს ვარჩევდით და გამოგვყავდა, მერე ნიმუშებს ქმნიდნენ და იმპროვიზირებდნენ. მას ყოველთვის განსაკუთრებული შედეგი ქონდა და ყოველთვის მეტ ინფორმაციას ითხოვდა. სანიმუშო სახელოსნო გვქონდა, ტექნიკური ბაზით და ყველა საჭირო რეკვიზიტით - იხსენებს ფონდ „სოხუმის" პედაგოგი- ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ და გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს, რადგან ეს პროფესია მისი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი არჩევანი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ფონდ „სოხუმის" ნაწილი ვარ ამ უაღრესად საჭირო და კეთილშობილ პროექტში.

პედაგოგის მონათხრობი მოვუყევი. გაიღიმა. ესიამოვნა და უფრო დამაჯერებელი, უკვე საქმეში გამოცდილებით გაზრდილი ადმაიანის ტონით გააგრძელა მისი ისტორია:

- დიახ, ფონდ სოხუმში" მივიღე მე მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემთვის ნამდვილად გამოსაყენებელი და სასარგებლო პრაქტიკულ-თეორიული ცოდნა კვალიფიციური ტრენერებით, მივიღე პირველი პარტნიორული მხარდაჭერა ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან თამამი სტარტისთვის, რამაც მე და ჩემი ბიზნესი ფინანსურად გაგვაძლიერა, მომცა სითამამე,- მეფიქრა მომავალში ახალ მოლაპარაკებებზე და პროექტებზე, მომეძიებია ახალი მოკავშირეები და დღეს, შემიძლია ვთქვა, წარმატებული ქალი ვარ, რომელიც ყოველ დღე, ცდილობს გაზარდოს და განავითაროს საქმე, რომლითაც არსებობს. არ იფიქროს წარსულზე, რომელიც ფონდ „სოხუმის" ზღურბლზე გადაბიჯებამდე დარჩა.

ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ. იმდენი, რამდენიც საქმეს არ ვნებს დაკარგული დროის თვალსაზრისით. რადგან ჩემი გმირი დღეს სხვა დღის წესრიგით ცხოვრობს და ყველა წუთი მისთვის ძვირფასია. ვილაპარაკეთ შვილებზე, მისი სიცოცხლის აზრზე და იმედზე, რომლებთანაც ახლა კონკრეტული მოტივაციები აქვს - სახლი უყიდოს, მოუწყოს, გაუთბოს, დამოუკიდებლად არსებობის ბაზა გაუჩინოს, რომ არასდროს შეეშინდეთ გაუმართლებელი ურთიერთობებიდან თავის დაღწევის. ვილაპარაკეთ ადამიანებზე სახელებით, ხასიათებით, მნიშვნელობებით, რომლებმაც მისი ახალი ცხოვრების დასაწყისში დიდი როლი ითამაშეს ფონდ „სოხუმთან" ერთად.

- ბედნიერი ვარ, რომ ერთ დღეს ამ ფონდის კარი შევაღე. მადლობა იმისთვის, რომ კარგად ვარ, რომ შემიძლია და მარტო ვზრუნავ ორ შვილზე, რომ გამართული ბიზნესით ვეჭიდები ცხვრების ახალ გაოწვევებს. მინდა ბიზნესის გაფართოება და სიახლეების შეტანა უკვე არსებულ საქმეში.

რაც შეეხება „მსხვერპლის" სტატუსს და წარსულის ძალადობას.. არ ვიხსენებ, ან თუ ვიწყებ, ვჩუმდები! ერთი წლის წინ თავს პირობა მივეცი, რომ უნდა დავივიწყ, ყველაფერს დავარქვა სიზმარი და თუ ფიქრი მოვა, განვდევნო!

მე დღეს, თავისუფალი, ბედნიერების პატარა საფეხურზე ვდგავარ და გზის გაგრძელებას ვაპირებ, სადაც ჟანგბადიც კი სხვანაირია! მადლობა თქვენ!

ეს საიტი ნამდვილი ამბების საოცარი თავშესაფარია. ხან ანონიმური რესპონდენტებით, ხან კიდევ გამხელილი სახელით და გვარით, ოღონდ ნამდვილი! გამიმართლა, რომ „წარმატების ისტორიების" ერთ-ერთი ავტორი გავხდი და უფრო მეტი ვიფიქრე - რა არის ძალადობა? მსმენელი ვარ, მკითხველი თუ მეც, ისე როგორც ბევრი, ამის(ძალადობის) გაუცნობიერებელი ნაწილი, რომელიც ჯერ ვერ ვაღიარე. და, შენ როგორ ფიქრობ? ხარ ძალადობის მსხვერპლი?

p.s.: სანამ მზა პასუხი ამოგცდებათ, ცოტა ხანს ჩემთან და ჩვენი გმირების განცდებთან ერთად იფიქრეთ. ძალიან ძნელია, გატყდე. ძნელია საკუთარ თავთანაც კი ამაზე დიალოგი. და თუკი მაინც, ფიქრი დაიწყეთ, ესეიგი თქვენ საჭირო სივრცეში აღმოჩნდით და ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად გავაძლიერებთ.

პატივისცემით,

ზეკო ხაჩიძე

ისტორია N1
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"
ავტორი
ზეკო ხაჩიძე

ფოტო
ლინდა ჩიხლაძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე
შეხვედრა

თამარ მეფის ქუჩაზე, ყოველ დილით, სანამ ქალაქი ლამაზ სიზმარშია, ერთი კეთილთვალებიანი გოგო, სტაფილოსფერ უნიფორმაში, საკუთარ საქმეს სიყვარულით აკეთებს და ჩვენთვის ყოველდღიურ გზას და ბორდიურებს ასუფთავებს, უფრო რომ გვსიამოვნებდეს მასზე სიარული, მისი ცქერა.

„მომწონს, რასაც ვაკეთებ, რისთვისაც ვაკეთებ და, რაც მთავარია, ბედნიერად ვგრძნობ თავს. დაფასებულად"- ამბობს ეკა (სახელი პირობითია), რომელსაც ქუთაისის მერმა, სულ ცოტა ხნის წინ, ბევრი ფერადყვავილებიანი თაიგული მადლიერებით გადასცა.

ეკამ იცის სუფთა გზის ფასი.

ამ გზის საპოვნელად ბევრი გამოიარა ტკივილიც, დამცირებაც, ძალადობაც, განშორებაც, შვილებთან ერთად ღია ცის ქვეშ ყოფნაც...

დიდხანს მოდიოდა...

„პირველად მზერა ადამიანებს თავშესაფარში გავუსწორე გაუბედავად. თვეების მანძილზე არ გამოვდიოდი ოთახიდან, ურთიერთობები არ შემეძლო, მეგონა, რომ ამის უფლებაც არ მქონდა"...

თავშესაფარში კეთილი პერსონალის მზრუნველობამ გაალღო. ვარცხნილობა შეუცვალეს, ახალი გარდერობი მოუმზადეს, სიტყვები დაუშაქრეს, გრძნობები გააბედინეს და სთხოვეს - სხვა სამყარო აერჩია საკუთარი მომავლისთვის.

სწორედ ამ ზრუნვით მოიყვანეს, პირველად, ჩვენს ფონდშიც, სადაც სათანადო კვალიფიკაციის ადამიანებს ანდობდნენ ეკას საუკეთესო გარდასახვას. „ქალბატონი ალლა, ლელა, მანანა და ემა, კიდევ - ყველა დანარჩენი, ვისაც ვეხებოდი, ჩემი ცხოვრების ახალი აზრი და იმედი ხდებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სრულფასოვანი ადამიანი ვარ, ხვალინდელ დღეზე, საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის უნდა ვიზრუნო, ვივარგო, საქმე ვისწავლო, პროფესია გავიჩინო, საკუთარი თავის და შესაძლებლობების იმედად ვიარსებო...

დღემდე გრძელდება ეს მეგობრობა. „ფონდ „სოხუმში" ლაპარაკი დავიწყე. ხმამაღლა ლაპარაკი საკუთარ წარსულზე და საკუთარი აზრების გამოთქმა გავბედე - რა მინდოდა და რა არა, რა მომწონდა და რა - არა. ამ ადამიანებმა დამაჯერეს, რომ მეც მაქვს არჩევანის უფლება".

ეკასთვის თავშესაფრის და ფონდი „სოხუმის" კეთილი ფერიების „შვილობილობის" მერე სულ სხვა ცხოვრება დაიწყო. დაიწყო და გრძელდება... ულამაზეს შვილებს დედის სიტკბო და მეგობრობა აქვთ. ძველ ნაცნობებს, ეკას არსებობაც რომ არ ახსოვდათ, მისი მოკითხვის და მასთან ახლობლობის სურვილი გაუჩნდათ, იპოვეს, ესტუმრნენ, მასპინძლობაც შეთავაზეს. ახალი მეგობრები და ადამიანები გაჩნდნენ მის ცხოვრებაში, ყოველმა დღემ ახალი შინაარსი მიიღო, უფრო სასურველი, უფრო ბედნიერი, უფრო ფერადი.

„კარგია ადამიანობა. კარგი ყოფილა. წლების წინ ამას გულშიც ვერ ვიტყოდი, ისე ვწყევლიდი გაჩენის დღეს. თვითონვე მიკვირს, დღეს უკვე რა ზუსტად ვიცი, რომ ამ ცხოვრებას არავის დავანგრევინებ, საკუთარი სახლიც მექნება და ჩემს შვილებთან ერთად საღამოობით ჩაის ტკბილად დავლევთ და ტელევიზორს ვუყურებთ. ვილაპარაკებთ ბევრს და მხოლოდ კარგზე. ამისთვის ვშრომობ და ყველაფერი შემიძლია. ეს თქვენ მაჩუქეთ - ცხოვრება თავიდან" - ამბობს ფონდი „სოხუმის" იმ ოთახში, სადაც ორი წლის წინ პირველად მოვიდა და მოგონებებს, როგორც მშობლიურ ოჯახს, ისე უღიმის. იცის, რომ მარტო არცერთი პრობლემის დროს აღარ იქნება...

გარდასახვის რეფლექსია

...როგორ ხდება, ასეთი ტრავმის მერე, ადამიანი თავიდან რომ იწყებს ცხოვრებას, თავიდან დგება ფეხზე, იჩენს ნდობას და ახერხებს გატეხილი სულის, ენერგიის, შესაძლებლობების აღდგენას? ჩვენი ბლოგიც ამ გზის აღწერას ეძღვნება. გზისა, რომელზეც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს მოუწიოს გავლა და ფონდი „სოხუმი" ყველას ღირსეული თანამგზავრი იქნება.

2019 წელს ეკა, ორი მცირეწლოვანი შვილით, ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარი) მოხვდა. რთული ისტორია ჰქონდა. ბავშვობიდან მოყოლებული, მუდმივად პრობლემების და გამოწვევების გადალახვა უხდებოდა. არასდროს ჰყოლია ნამდვილი გულშემატკივრების და მხარდამჭერების წრე. მოგვიანებით, მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„ეკასთან და მის შვილებთან თავშესაფრის სპეციალისტებმა (ფსიქოლოგი, იურისტი, სოციალური მუშაკი) დაიწყეს ინტენსიური მუშაობა, რაც მიზნად ისახავდა საჭიროებების და პრობლემების კვლევას, მისი გაძლიერების, მოტივაციის გაზრდის, უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით" - გვიყვება თამარ კეპულაძე, ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი.

ეკა ჩართეს სარეაბილიტაციო სესიებში, დახმარება გაეწია დასაქმებაში, მიიღო სამედიცინო მომსახურება. ბავშვები შევიდნენ საჯარო სკოლაში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. ფსიქოლოგმა დაიწყო ეკასთან ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის კურსი ფსიქოტრავმების გადამუშავების და რესურსების გაძლიერების მიმართულებით. სამოქალაქო დავის პროცესში, რომელიც ეკასა და მისი ყოფილი ოჯახის ერთ-ერთ წევრს შორის მიმდინარეობდა, იურისტი ჩაერთო.

არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმში" ეკას რეფერირება თავშესაფრის დატოვებამდე მოხდა. აქაც გაუჩნდა ახალი ურთიერთობები, გულშემატკივართა კიდევ უფრო ფართო წრე, რომელიც თავშესაფრიდან გამოსული მსხვერპლისთვის, ზოგადად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, მეტ-ნაკლებად მაინც, სტაბილურობის და დაცულობის გარანტია.

ეკა მონდომებით ჩაერთო ფონდი „სოხუმის" მიერ ძალადობის მსხვერპლთათვის პროფესიული სწავლების პროცესში. ასევე, სრული კურსი გაიარა ფსიქოლოგთან, რომელიც განსაკუთრებით დადებითად აისახა მისი ფსიქო-ემოციური რეაბილიტაციის დინამიკაზე. ფონდმა დროებით ეკას და მისი შვილებისთვის ბინის დაქირავებაც შეძლო, ყოველდღიური გარემო შეუცვალა, დაეხმარა ყოფითი და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, დასაქმებაში.

ფონდმა „სოხუმმა" ბენეფიციარის მხარდაჭერისთვის სოციალურ პარტნიორთა ქსელიც შექმნა, რომელშიც ფონდის ფსიქოლოგი და იურისტი, თავშესაფრის იურისტი, მუნიციპალიტეტის ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება და სახელმწიფო სოციალური მუშაკები გაერთიანდნენ.

ქსელი პერიოდულად იკრიბება, აჯამებს მუშაობას, გეგმავს ახალ ღონისძიებებს ძალადობაგამოვლილი ქალის უსაფრთხოებისა და სოციუმში მისი ინტეგრაციისთვის.

დაახლოებით ასეთია გზა, რომელიც ეკამ 2019 წლიდან დღემდე გამოიარა. ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების, ფონდი „სოხუმის", სამეგობრო ქსელის თანადგომით ისწავლა პრობლემებთან გამკლავება, აუმაღლდა თვითშეფასება, გახდა დამოუკიდებელი, გაუჩნდა შემოსავალი, ისწავლა გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი უფლებები, გახდა მოტივირებული, დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება შვილებთან ერთად და დღეს ეს გზა ჩვენი ორგანიზაციისთვის ბენეფიციართან ერთად მიღწეული წარმატების ისტორიაა.


ავტორი
ზეკო ხაჩიძე

Made on
Tilda