ჩემი ბლოგის გმირი რომ გავიცანი, არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ძალადობაგამოვლილი ქალების ისტორიებს ვაგროვებდი. ეს კი არა, ისიც არ იცოდა, რომ ძალადობაგამოვლილი თვითონ იყო და ყველაფერს, რაც წარსულში ჩატოვა, თანასწორუფლებიან და ბედნიერ თანაცხოვრებასთან არაფერი ჰქონდა საერთო. მერე რამდენჯერმე კიდევ შევხვდი, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ღონისძიებებზე, ტრენინგებზე. ყოველი ნახვის დროს ვეკითხებოდი გოგონებს -„ეს ის(N) არის?“.. ყველა აღფრთოვანებაში მოვყავდით მის სწრაფ და სასიამოვნო გარდასახვებს.
ჩემი გმირი დღეს უკვე რეალიზებული და წარმატებული ადამიანია.
ღამეები ახსოვდა ოცნების და სევდის ბოდვაში გატარებული და ესეც, ეგონა, რომ ყველა ქალის საიდუმლოს გავდა და არაფრით იყო მისი ბედი გამორჩეული.
ახალგაზრდა გათხოვდა. თითქმის მოზარდი. სკოლის მერხიდან აყოლილი გრძნობებით და რომანტიზმით, რომ „ეს ბიჭი“ კლასში ყველაზე „ძლიერი“ იყო. თაყვანისმცემლები ჩამოაშორა, დღის გრაფიკს უკონტროლებდა. მასწავლებლებთან მეცადინეობის ნაცვლად, ქუჩის კუთხეში უჩვეულო და სასიამოვნო სიტყვებით სავსე წინადადებებს განაბული ასმენინებდა. საკუთარ „ვაჟკაცობებზე“ საგებს თხზავდა. აღტაცებული მსმენელის აუდიტორიას არ იცილებდა.
ამ ასაკს მეტი არ ჭირდება თავის დაკარგვისთვის, გათენებული ღამეებისთვის, აკადემიური შეფასებების კლების და მეგობრებთან თანდათან დისტანცირებისთვის.
შენიშვნა: „თავი დაკარგა“ - რა სწორად ნათქვამი პროზაა, რომელიც ხშირად ბედნიერების ფოიერვერკს გავს, ყურს გიბუგავს, თვალებს გიჭრელებს, გულს გიჩქარებს და მერე, წუთებში ქრება.
ჰოდა, სკოლის დამთავრებისთანავე, შიშით, რომ სიყვარულის ეს დიდი და ფერადი ბუშტი, საკუთარი სოფლის გზებიდან აფრენილი, სადმე სხვა ყვავილს, ან ყვავილოვან ტოტს გამოედებოდა და გასკდებოდა, გაქრებოდა, მაშინვე დაისაკუთრეს და ოჯახიც ასე გულაჩქარებულებულად გააფორმეს.
დიდების ბუდეში ჩასახლდნენ, მშობლების უცნობ გარემოში. „ბიჭმა უნდა ისწავლოსო, ამის სწავლისთვის ვიკლავდით თავს, ესაა ჩვენი ერთადერთი იმედიო“ - დედ-მამას ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ქონდა და ბიჭმაც, საკუთარი აზრის განხილვის გარეშე დატოვა სოფელი და შეყვარებული ცოლი. ხშირად ჩამოვალო, დაიბარა..
გაგრძელდა თვეები და წლები. ქმარი ბრუნდებოდა და ისევ მიდიოდა.. ბრუნდებოდა და მიდიოდა.. სულ სხვადასხვანაირი, ახლებური, შეცვლილი, გაზრდილი, გაუცხოებული, დაშორებული. გოგო დედა გახდა. ახალშობილთან მიკედლებული და მიჩუმებული, დაღლილი, ძილგამოცლილი, ფერადი ბუშტის მოფრენის და დასაკუთრების მუდმივ ლოდინში, რომელიც ნელ-ნელა კარგავდა ფერს და სიმტკიცეს. ქმრის მშობლები სულ უფრო და უფრო დიდ იმედებს ამყარებდნენ სწავლისთვის სახლიდან გადასულ ბიჭზე და სულ უფრო ხშირად იმეორებდნენ, რომ ქალმა შვილი უნდა გაზარდოს და ესაა მხოლოდ მისი ვალი.
ჩვენი გმირიც შეუდგა ცხოვრების იმ უფერულ ბილიკს, შეყვარებული ქმრის გვერდით ყოფნის ნაცვლად რომ ქმრის ოჯახთან ხელჩაკიდებული მიუყვები, ქმრის გარეშე.. სხვა ინტერესებს იზიარებ, სხვა აზრებს უსმენ, სხვა ხმებს, სხვა მიზნებს და არ იცი, რატომ ხარ აქ. სწავლა მოწყურდა! ეზოს მიღმა დარჩენილის სამყაროს შეცნობა, მეტის გაგება, თავის გათავისუფლება, რწმენა, რომ რაღაც შეუძლია მარტოს, დამოუკიდებლად! - ასე იწყება ბევრი დრამა ფორმალურად „ტრადიციულ“ ოჯახში და ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანიც ხშირად დაუზოგავი ხდება სხვა ქალის ბედის გადაწყვეტის დროს.
არც ჩვენმა გმირმა იცოდა როგორ გადაედგა წინ ნაბიჯი მსხვერპლის და ტკივილის გარეშე იქმადე, სანამ შემთხვევით, ქალთა ფონდი „სოხუმის“ „კეთილი მისიონერების“ შეხვედრაზე არ წაიყვანა მეზობელმა ისე, რომ „სახლში არ გაამხილოო“, თხოვა. იქვე, სოფელში, სადაც ჩვენი კოორდინატორები ხშირად დადიან.
„მძიმე სიზმრიდან თვალს რომ გაახელ, იმ შეგრძნებას გავდაო“, მიყვება. სხვა სამყაროში გაიღვიძა. მიხვდა, რომ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, თავიდან არ ცადო ცხოვრების დაწყება და ნიჭის გამოცდა. მიხვდა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობაც არსებობს და ხშირად, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ტიპის ძალადობები. ტელეფონის ნომრები მაშინვე ჩაიწერა, სოციალურ ქსელში ქალთა ფონდ „სოხუმის“ გვერდი იპოვა და ქმრის მშობლების პროტესტის თავისასარიდებლად, ღამ-ღამობით ჩუმად დაიწყო სხვა ქალების „წარმატების ისტორიების“ კითხვა...
„ვხვდებოდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი და ეს იყო ჩემი ხსნა და თავისდაღწევა ერთფეროვანი, მტანჯველი გარემოდან, სადაც არც ქმრის სიყვარული და გვერდით ყოფნა შემრჩა და არც მისი მშობლების. პირიქით, ვგრძნობდი, რომ დღითი-დღე ცივდებოდა და უხეშდებოდა მათი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. „მარჩენდნენ“, როგორც ყოველ დღე მესმოდა და ესეც აღიზიანებდათ.. “- როგორც სხვის ფიქრებს, ისე მიყვება ახლა ჩემი გმირი, რადგან ყველას ყველაფერი დიდსულოვნად აპატია, კარგა ხანია...
ყველა გონიერმა იცის, როგორ იბადება პატიება. ესეც გამართლებაა, რომ იმ გზას დაადექი, სადაც შენი თავი თავიდან შეიყვარე და აღმოაჩინე. როცა ნაბიჯი სწორად გადადგი და წარმატებას მიაღწიე, როცა რეალიზდი, შეგაფასეს, საჭირო გახდი, ანგარიშგასაწევი და საკუთარი ისტორიის წერაც დამოუკიდებლად დაიწყე! - ეს ყველაფერი, ჩვენი ბლოგის პროტაგონისტმა, ქალთა ფონდ „სოხუმის“ დამსახურებად ჩამოთვალა და მე მართლა ბევრი მინახავს ასეთი ჩვენს დიდ ოჯახში და ბევრზეც დამიწერია.
„საიმისოდ, რომ წერა (რეალიზება - ავტ.) შეძლოს, ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი“ ! - ეს ინგლისელი მწერლის, ფემინისტის, ესეისტის და კრიტიკოსის, ვირჯინია ვულფის სიტყვებია, რომელიც ქალების მანიფესტს გავს.
ვულფის მწერლობა ახლოსაც არ არის ჩემი ბლოგის პერსონაჟის კოგნიტურ ტვირთთან, მაგრამ ზუსტად გამოხატავს ქალთა ფონდ „სოხუმის“ საქმის ნამდვილ მრწამსს.
ჩვენი ბლოგის გმირმა, ფონდის პროექტების მხარდაჭერით ისწავლა პროფესია, გაიარა პრაქტიკა, შეძლო საგრანტო წინადადებით დაფინანსების მიღება და მერე საკუთარი, მცირე ბიზნესის გამართვა ასევე ჩვენი ფონდის ეგიდით. დღეს ის წარმატებული ადამიანია და სხვებს ასწავლის როგორ გახდნენ უკეთესები.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ზუსტადაც, რომ ბევრი ქალისთვის ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახია“, საიდანაც უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და წარმატებული აღებს კარს დანარჩენ სამყაროში.