ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ფონდი „სოხუმი" 1997 წლიდან მუშაობს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური ინტეგრაციის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.
ქალთა ფონდი „სოხუმის" საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გენდერული თანასწორობის დამკვიდრება და ქალთა შესაძლებლობების გაზრდა, ადგილობრივი დაგეგმვის, ბიუჯეტის შედგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის მიზნით.
ფონდი ეწევა საგანმანათლებლო, საკონსულტაციო საქმიანობას და ახორციელებს მონიტორინგსა და ადვოკატირებას, კანონების, პოლიტიკისა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრებას და მათ თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ქალთა ფონდი „სოხუმი" 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით.
ქალთა ფონდი „სოხუმის" ბაზაზე ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დღის ცენტრი", სადაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია, გაიარონ პროფესიული კურსები დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით. ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო კრიზისულმა ცენტრმა, სადაც დაზარალებულებს შეუძლიათ გაატარონ თავშესაფარში განთავსებამდე პერიოდი, მიიღოს სხვადასხვა სერვისი.
ორგანიზაცია სისტემატიური მონიტორინგის გზით სწავლობს და აანალიზებს ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობას, აფასებს რეფერირების სისტემის აქტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს და მათი კოორდინაციის დონეს. ქალთა ფონდი „სოხუმი" ასევე აფასებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესაბამისობას ბენეფიციართა საჭიროებებთან და პრიორიტეტებთან. ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია ასახულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, რომლებიც ვრცელდება შესაბამის უწყებებთან, თანამდებობის პირებთან, და დაინტერესებულ პირებთან, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.
ფონდის მიერ 10 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული „ქალთა მხარდაჭერის ცენტრები" სისტემატურად აგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, ხდება მოქალაქეთა ინფორმირება, მობილიზება და მათი ჩართვა პრობლემათა ადვოკატირების პროცესში.
ორგანიზაცია სხვადასხვა დროს მონაწილეობს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და სხვა რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში. ჩართული იყო და ხელს უწყობდა რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესს, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მონაწილეობის გაზრდას, დიალოგის და თანამშრომლობის გაძლიერებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან.
ორგანიზაციას ჰყავს ტრენერების კვალიფიციური გუნდი და აქვს სხვადასხვა სატრენინგო მოდული, რაც ორგანიზაციის გამოცდილების მულტიპლიცირების და აუთსორსინგის მეთოდის გამოყენებით, ორგანიზაციის ექსპერტიზის და სერვისების გაცემის საშუალებას იძლევა.
ფონდი აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის და შესაძლებლობების განვითარებაზე, შესაბამისი ტრენინგების მიწოდების, მეთოდოლოგიურ მხარდაჭერის გაწევის, საჭიროებათა კვლევის განხორციელების და გენდერული პროგრამების და ბიუჯეტის დანერგვის ხელშეწყობის გზით.
http://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/genderi-meinstriming/item/1751-2021-01-31-16-59-06 2013 წელს ორგანიზაციამ ოთხ მუნიციპალიტეტში დანერგა პილოტური გენდერული თანასწორობის მექანიზმები, რომელთა ფუნქციონირების წარმატებულმა პრაქტიკამ 2016 წელს ხელი შეუწყო მათ ასახვას კანონში და შემდგომ ინსტიტუციონალიზაციას ქვეყნის მასშტაბით. ფონდი „სოხუმი" დღემდე განაგრძობს გენდერული თანასწორობის საბჭოების ინსტიტუციურ გაძლიერებას, პრაქტიკული მეთოდოლოგიური მხარდაჭერის და შესაძლებლობების გაზრდის გზით და ხელს უწყობს მათ შორის არაფორმალური ქსელის შექმნას და თანამშრომლობას, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვეევბის შესახებ ინფორმაციის გაზიარების და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით.
http://fsokhumi.ge/images/2016/9-10/public/1/ka.pdf ფონდი „სოხუმი" ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით გატარებას ღია, ეფექტიანი, მონაწილეობითი და ანგარიშვალდებული ადგილობრივი მმართველობის დანერგვის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში მისი ჩართვის და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ადვოკატირების გზით.
https://csoforum.ge/index.php/ka/home-ka ორგანიზაცია უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის, მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის პროცესში. ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების გზით ფონდი „სოხუმი" აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან (ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები) წარსულის გადაფასების, კონფლიქტით გამოწვეული მტრის ხატის და დაძაბულობის შემცირების და მშვიდობის კულტურის გავრცელების მიმართულებით. ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი პოლიტიკის დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი, მეთოდური სახელმძღვანელო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინოვაციურ ხედვებზე.
ფონდი „სოხუმი" ხელს უწყობს კონფლიქტების პრევენციის და ნაადრევი გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების (GREWS) დანერგვას. გენდერული ინდიკატორების გამოყენებით, ორგანიზაცია სისტემატიურად სწავლობს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებებს და მათი ადამიანური უსაფრთხოების ხარისხს, შეიმუშავებს არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირების სტრატეგიებს და აქტიურად მონაწილეობს პრობლემების გადაწყვეტის ადვოკატირების პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ორგანიზაციას აქვს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს მოსახლეობის წინასაარჩევნოდ ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. 2012 და 2016 წლებში გამოსცა საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საპროგრამო დოკუმენტების კრებული, რომელსაც აქტიურად ავრცელებდა მოსახლეობაში და მრავალი საინფორმაციო შეხვედრებისა თუ მრგვალი მაგიდების ორგანიზებით უზრუნველყოფდა მოსახლეობისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს. 2006 წლიდან, აქტიურად თანამშრომლობდა პოლიტიკური პარტიების „ქალთა ფრთის" წარმომადგენლებთან, მათი როლის გაძლიერების და პოლიტიკურ პროგრამებში გენდერული თანასწორობის საკითხებისა და ქალთა პრიორიტეტების და საჭიროებების გათვალისწინების ხელშეწყობის მიზნით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, განახორციელა ევროპაში წარმატებული მოდელის - ონლაინ „ხმის მრიცხველის" - „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის" (Voter Advice Application) დანერგვა ამომრჩეველთა წინასაარჩევნოდ ინფორმირების მიზნით.
„ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია" გულისხმობდა ონლაინ პლატფორმის შექმნას, სადაც მოქალაქეებს აპლიკაციაში ასახულ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით, შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ იგივე კითხვაზე საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტის პოზიციას და შეხედულებას, მოკლედ და ამომრჩევლისთვის გასაგებ ენაზე. ეს ეხმარებოდა მოქალაქეს გაეგო, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი იდგა ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან, რათა არჩევნებზე შეძლებოდა ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება.
http://www.fsv4.ge/index.php/ka/ ახალგაზრდებთან მუშაობა ფონდი „სოხუმის" საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას და მათში კონკრეტული კომპეტენციების და უნარების განვითარებას გულისხმობს. განსაკუთრებით ეს ეხება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეურიგებლობის აღზრდას, ტოლერანტობის კულტურის, კონფლიქტების მართვის, ძალადობის პრევენციის უნარების სწავლებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უშუალო პარტნიორობით ხორციელდება.
ფონდი „სოხუმის" ეგიდით დასავლეთ საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კონფლიქტის მართვის ჯგუფები და ახალგაზრდული კლუბები, მათ ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდული ცენტრები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათი ლიდერული და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას. ამ კუთხით ფონდს აქვს დიდი გამოცდილება.
ფონდი „სოხუმის" მიერ 2008 წლიდან დანერგილი ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის და ჩრდილების თეატრის ფარგლებში გამართული დისკუსიები ტოლერანტობის, აგრესიისა და ბულინგის გამოვლინებების მიმართ საზოგადოების შეურიგებლობას უწყობს ხელს და ამკვიდრებს თაობათა შორის პოზიტიური კომუნიკაციის პრაქტიკას.
2019 წლიდან დაარსდა ქალთა ფონდი „სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობის ოფისი. თბილისის წარმომადგნელობის მთავარი მისიაა, ფონდი „სოხუმის" მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მტკიცებულებებზე დაყრდობით შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება ცენტრალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
https://www.facebook.com/FStbilisioffice/?ref=pages_you_manage