ძალადობის ქრონიკები
სად ვიყავი აქამდე?!
ტრადიციების მსხვერპლი
არა ქალ კლა - როგორ აღმოვფხვრათ ფემიციდი საქართველოში?
მასკულინური „ღირსების საკითხი"
ტაფის ექსტაზი „ბედნიერ" ქვეყანაში
„ჩუმი ქალების" პირადი ტრაგედიები
ძალადობის ქრონიკები
ქალი, რომელიც სისტემამ შთანთქა
ქრონიკა N9
სად ვიყავი აქამდე?!
ავტორი
კიკა ერგემლიძე


სად ვიყავი 3 წლის წინ, რომ მჩაგრავდნენ და ხმა არ ამოვიღე? სად ვიყავი 15 წლის წინ? ახლა გამახსენდა ქმარი რომ მცემდა? სად ვიყავი? 5 წლის ბავშვი რომ ვიყავი და საკუთარი მამა მაუპატიურებდა? სად ვიყავი, სად ვიყავი, სად ვიყავი აქამდე?

აქამდე ძალებს ვიკრებდი, გასაქცევს ვეძებდი, მერე ყველა ძვალი და რბილი გავიმთელე, რომ სიარული მესწავლა თავიდან, სად ვიყავი აქამდე და ვცდილობდი, ძალები მომეკრიბა, რომ მეთქვა - მე ვარსებობ... უბრალოდ, რომ ვარსებობ, რადგან აქამდე მეგონა, რომ არ ვიყავი საერთოდ, საგნად მთვლიდნენ და მეც მეგონა, რომ რაღაც უსულო საგანი ვიყავი, რომელსაც ყველა სცემდა, თავში წამოარტყამდა. სხვანაირად, ალბათ, ვერც გადავრჩებოდი. დაშლილი ვცდილობდი გამთელებას და ეს დრო დამჭირდა.

ბოდიში, დამაგვიანდა, ნაცემ სახეს ვისწორებდი და ამიტომ შემაგვიანდა. ბოდიში, საკუთარ დაკარგულ ხმას ვეძებდი და როცა შევძელი, მაშინ მოვედი და ვთქვი: მე მჩაგრავდნენ და ნუ მეტყვი, სად ვიყავი აქამდე, რადგან ისევ იქ წავალ, საიდანაც ამდენი წელი ვცდილობდი მოსვლას. და თან ისე მომისვრი მაგ შენი „სად იყავი აქამდე"-თი, რომ მეორედ ამდენწლიანი რეაბილიტაციის გზას მეტად ვეღარ გავუძლებ, უკვე ბოლო რესურსი ჩავდე, ყველა საციცოცხლო ძალა ამოვწურე და ნუღარ დამაყენებ კუთხეში. ბევრჯერ ვარ მანდ ნამყოფი მუხლებზე დაჩოქილი, თმებდაგლეჯილი და ხელებგადატყავებული.

სად ვიყავი აქამდე? ჯოჯოხეთში და როცა შევძელი მაშინ მოვედი. ნუ მადანაშაულებ, რომ ცოტა მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე შენ დაგჭირდებოდა. ვიცი, რომ შენ ძალიან ძლიერი ხარ, მაგრამ ნუ მადანაშაულებ, რომ მეც შენსავით ძლიერი ვერ ვარ. ნუ დამამადლი, რომ პატრულში რეკავდი ჩემ გამო და მე მეშინოდა ხმის ამოღების - გაღიმებას მაიძულებდნენ, სიკვდილით მემუქრებდნენ: ჩემი ოჯახიც, ჩემი მეგობრებიც, ყველა.

მადლობელი ვარ ამაგისთვის, შენი მხარდაჭერისთვის, ვიცი, რომ ძალიან ძლიერი ხარ და მეც ძალიან მინდა და აუცილებლად გავძლიერდები, თუ არ მეტყვი: „სად იყავი აქამდე? ახლა გაგახსენდა, რომ გცემდნენ? შენი ბრალია რომ გირტყამდნენ და გაუპატიურებდნენ". ნუ მეტყვი !!!

ყველაფერი გამომივა შენი დახმარებით და მხარდაჭერით!

პ.ს. საქართველოში (და არამარტო) ყოველდღიურად უამრავი ქალი და ბავშვი გადის ჩაგვრას.

ქრონიკა N8
ტრადიციების მსხვერპლი
ავტორი
ზეკო ხაჩიძე



რამდენიმე დღის წინ, ქალთა ფონდ „სოხუმში" ჟურნალისტების და ბლოგერებისთვის ვორქშოპი გვქონდა. აუდიტორიაც საინტერესო იყო, ტრენერებიც და თემაც. გენდერულ სტანდარტებსა და ფემიციდის გაშუქების ზომიერებაზე საუბრით ჩაიარა ინტერაქციამ. გაჩნდა ბევრი რელევანტური კითხვა და კვლევის სურვილიც - როგორ დარჩე ტაქტიანი, კორექტული, როგორც ავტორი და თან როგორ მოყვე დრამატული ამბები, რომელიც სხვების პირად ცხოვრებას ეხება.


ბლოგის ფორმატი ამის საშუალებას ყოველთვის გაძლევს. ამიტომ მომწონს ეს თავისუფლება, რომელიც შემოქმედებას უფრო გავს, ვიდრე საინფორმაციო თხრობას. ჩვენი პერსონაჟები ყოველთვის დაცულები არიან და საკუთარი სურვილით წყვეტენ- ზოგადი სახელი ქონდეთ თუ კონკრეტული.

დღეს რესპონდენტის იდენტიფიცირებას ვერ მოახდენს მკითხველი. ის საკუთარ პროფესიაში წარმატებულია და კარიერული წინსვლისთვის სულ მზადაა. იცნობენ და აფასებენ. სხვებს ასწავლის ადამიანების პატივისცემას, მათ ბედზე მოკრძალებულ საუბარს, დასკვნების ადვილად არგამოტანას. იმედი აქვს, რომ მომავალი თაობები ბევრად უფრო კულტურულები იქნებიან სხვების პირად ცხოვრებასთან დამოკიდებულებაში. არადა, იყო დრო, რომ „ტრადიციულმა ქალაქმა" და „ტრადიციულმა ოჯახებმა" მისი პირადი სივრცე არ დაინდეს და ბედნიერება არ აპატიეს.

- სიყვარული იყო, რა თქმა უნდა. სიყვარულით გავთხოვდი ზუსტად ისე, როგორც ჩემი ასაკის გოგოების უმრავლესობა. ვუყვარდი, მიყვარდა და მიხაროდა ცხოვრება.

- ასაკი?

- გათხოვებისთვის მისაღები J. უკვე სტუდენტი ვიყავი და თან კარგი სტუდენტი.

- თვითონ? ქმარს ვგულისხმობ

- კარგი ბიჭი. მხიარული, თბილი, მშობლების მზრუნველობაში გაზრდილი, მეგობრების მოყვარული. სწავლაში ჩვეულებრივი. მაგრამ ოჯახის განსაკუთრებული პატივისცემის გრძნობით, ჩვენთან რომ „კარგ ოჯახისშვილს" ეძახიან. შორიდან მეც ასე ვფიქრობდი. ქუთაისში ბევრი აქებდა მის მშობლებს და პატივს ცემდნენ. ჩემს მშობლებს ასეთი ცნობადობა არ ქონდა ტრადიციულ წრეებში. პირველი, რაც ხმამაღლა დამიწუნეს, ზუსტად ეს იყო. მშობლები მშრომელი და გონიერი ადამიანები მყავდა, მაგრამ არც ფინანსურად იყვნენ ძლიერები და არც თანამდებობით ჭირდებოდნენ ბევრს. ბავშვობაში ამ განსხვავებას ვერ ვამჩნევდით. არასდროს მიგრძვნია სხვა სოციალურ საფეხურზე თავი და არც სხვებს მიუნიშნებია ამაზე. იქნებ, არც ვაქცევდით ყურადღებას. ნიჭი გვქონდა, სკოლაშიც და უნივერსიტეტებშიც წარმატებით ჩავაბარეთ და ალბათ, ეს გვიცავდა.

- და როგორ გაგრძნობიეს და ვინ გაგრძნობიათ ეს „განსხვავება"?

- გათხოვებიდან პირველივე დღეებში მივხვდი, რომ სტუმრებთან და ახლობლებთან მეუღლის ოჯახი ჩემი ოჯახით არ ამაყობდა. თითქოს მალავდა, არ ახსენებდა, არ აჩენდა. დაძაბულობა იმ წუთიდანვე ვიგრძენი და ამ კომპლექსიდან თავისდაღწევაში ვერც ქმარი მომეხმარა. იქნებ, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით.. მერე და მერე კიდევ უფრო გამძაფრდა ზეწოლა, რომ ამ ოჯახს არ ვიმსახურებდი. სამწუხაროდ, ამას დედამთილის და მამამთილის გარდა, გარეშე ადამიანებიც დაუნდობლად მიმეორებდნენ. ახლა მეცინება. ყველა ის „ინტელიგენტი" და „საჭირო ადამიანი" დღეს უკვე სრულიად პირიქით მახასიათებს. ახლა ცდილობენ დამავიწყონ დრამა, რომლის ავტორებიც და შემსრულებლებიც წლების მანძილზე იყვნენ.

- ეს იყო ბულინგი?

- რა თქმა უნდა. დაუზოგავი ჩაგვრა, რომელსაც ზრდასრული ადამიანები სრულიად გააზრებულად ჩადიოდნენ. და არც ამით დამთავრებულა ჩემი განცდები. დრო გადიოდა და ფეხმძიმედ არ ვრჩებოდი. ალბათ, შინაგანმა დაძაბულობამაც თავისი ქნა. არ ვიცი. მაგრამ მალევე ჩემს კრიტიკას ყველაზე უხეში და მომაკვდინებელი ეპითეტი დაემატა - „ბერწი". არც ვიცოდი რას ნიშნავდა, როცა საკუთარ თავზე გავიგე. და იცით რა არის ამაში ყველაზე შემზარავი? ამ ყველაფერს აკეთებდა ხალხი, რომელსაც ქალაქის პატივსაცემი ადამიანები ერქვა, განათლებულები, რეალიზებულები, მსუყე ოჯახების ბურჯები, მემკვიდრეობითი კეთილდღეობის შთამომავლები, თანამდებობაზე მყოფები, პედაგოგები, ექიმებიც კი.

- ეძებდით აქედან გამოსავალს?

- სულ! პირველივე დღიდან, როცა ეს „განსხვავება" ვიგრძენი. და როგორც სამუდამო ლეიბლი, ბიოგრაფიაზე ისე მიმეწება. ამ დისკრიმინაციულმა დამოკიდებულებებმა სიყვარულის ბედნიერებაც ლოგიკურად გამინელა. მეუღლე სრულიად უსუსური აღმოჩნდა ჩემს ტრავმებში. მარტო ვიყავი ამ ბრძოლაშიც, რომელშიც ახლაგაზრდა, უსახელო, ბრძოლასაც ვერ ვბედავდი. მაშინ არც ვმუშაობდი და არც პერსონალური განაცხადი მიკეთებია პროფესიული წინსვლისთვის, მაშინ არც ამდენი საშუალება იყო საკუთარ ტკივილზე საუბრის. ამ ჩაგვრაზე საუბარიც სირცხვილი მეგონა. ალბათ, არა მარტო მე.

- გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

- რთულად. ჩვენ სხვა თაობა ვართ. სხვა ტრადიციებით გაზრდილი. მაშინ ჯერ კიდევ ვფიქრობდით, რომ კაცი ოჯახის უფროსია და ცოლი მხოლოდ მისი წარმატებისთვის მზრუნველი. მაგრამ ჩემმა თავმოყვარეობამ ამ სტერეოტიპებს აჯობა. ერთხელაც ავდექი და „შუფერებელი" გარემო სამუდამოდ დავტოვე. გაუმართლებელი და უძლური სიყვარულიც და „ტრადიციული ოჯახიც".

წამოვედი და დავიწყე საკუთარი უნარების განვითარება, კეთილ ადამიანებთან ერთად ახალი საქმეების კეთება, წარმატების და აღიარების სასიამოვნო გემოც მალე მოვიდა. იმდენად შორს წავედი, ოცნებაც არ შემეძლო მსგავს წარმატებაზე. გავხდი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომელსაც ვერავინ ვეღარსდროს ეტყოდა „სოციალურად შუფერებელს". ოღონდ, მას შემდეგ, არც იმის მჯერა, რომ საზოგადოების „აღიარებული ნაწილის" აზრი აუცილებლად უნდა გაიზიარო, რომ „ცნობილი ადამიანი" კარგ ადამიანს ნიშნავს და რომ ვინმეს უნდა მისცე უფლება - დაგჩაგროს. ჩემს საქმეს სტერეოტიპების მსხვრევა ნამდვილად წაადგა და ზუსტად ამ ცუდი რეალობის სწორი აღქმით, ბევრი რამ გავბედე კარიერაში.

დღეს ჩემი ოფიციალური ბიოგრაფია სულ სხვა გვერდიდან იწყება და ჩემთვის საინტერესო და სასურველი ურთიერთობებიც მოგონებებში ჩარჩენილ „ტრადიციულ ოჯახიშვილებთან" არ იკვეთება, თუმცა ამის დიდი სურვილი მათგან მალევე გაჩნდა.



რატომ დავიწყე ჩვენი ტრენინგით.. ალბათ გასაგებია. ბევრის ისტორიას გავს ჩემი რესპონდენტის ნაამბობი. განსაკუთრებით, პატარა ქალაქებში, სადაც ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას ბედს ადვილად ეხება.

გენდერული კულტურა ბევრ რამეს შეცვლის. მთავარია, ვიცოდეთ, რა დასაშვებია და რა დაუშვებელი. ეს სტანდარტიც ჩვევა გახდება, როდესმე.

ქალთა ფონდ „სოხუმის" მსგავსად ბევრი ორგანიზაცია იბრძვის და იბრძოლებს ქალის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, მისი უფლებების დაცვაზე, მის გაძლიერებაზე. და მედიამ ეს სწორად უნდა მოყვეს დანარჩენ საზოგადოებასთან.







ქრონიკა N7
არა ქალ კლა - როგორ აღმოვფხვრათ ფემიციდი საქართველოში?
ავტორი
ლინდა ჩიხლაძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე


ქალებზე ძალადობის უწყვეტი ქრონიკები ბოლო პერიოდში ერთგვარ შემზარავ ტენდენციად იქცა. თითქმის დღე არ გავა, ძალადობის რომელიმე ფორმის შესახებ, არ გვაუწყოს მედიამ. ქალზე ძალადობის უკიდურესი გამოვლენის (ფემიციდის) ყველაზე შემზარავი ერთ-ერთი ბოლო ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხდა. 5 შვილს მამამ დედა მოუკლა. საქართველოში, ძალადობაგამოვლილ ბავშვთა რაოდენობას კიდევ 5 ახალი ბავშვი დაემატა, რომელებიც უმშობლებოდ ყოფისთვის გაწირა საკუთარმა მამამ.

ამ ამბავშიც, ისევე როგორც მის წინამორბედების ძალადობის ქრონიკებში, პატრიარქატის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები დედის, ქალის მისამართით რისხვას არასდროს იშურებენ. ისინი პასუხს ყოველთვის ქალს, დედას სთხოვენ, ყველანაირ ვალდებულებას აკისრებენ მას და მეტიც, ამართლებს ქალთა მიმართ ძალადობას, რაც უთანასწორო, დისკრიმინაციულ, დანაშაულებრივ აზრს კვებავს და საგანგაშოდ აბრკოლებს ინდივიდების განვითარებას.

სად არის პრობლემა და რაშია გამოსავალი, სოციალურ ქსელში მცირე მოკვლევა ჩავატარე. გთავაზობთ როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე ექსპერტების მოსაზრებებს.

მოქალაქეები:

„ფემიციდს, ჩემი აზრით, იწვევს საზოგადოების გაუნათლებლობა, მწირი მსოფლმხედველობა. სწორედ ამიტომ, მასთან გასამკლავებლად მუშაობას სკოლებიდან და ბაღებიდან დავიწყებდი. კერძოდ, ბავშვებისთვის იმის ახსნას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, სქესის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური სტატუსის, გენდერული იდენტობის განურჩევად და რომ ყველა პატივისცემას, ადამიანურ მოპყრობას იმსახურებს. ჩვენ, ინდივიდებს არ გვაქვს სხვისი ცხოვრების მართვის და მათზე ბატონობის უფლება. უფროსი თაობისთვის, ვფიქრობ, ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიებს მოწყობა იქნებოდა (რეგიონებში კარდაკარ ფლაერების დარიგება მობილური ჯგუფის მიერ, რომელიც მცირე შემეცნებით/საგანმანათლებლო ფუნქციითაც იქნებოდა დატვირთული), სოციალური რეკლამები გაჩერებებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, რომ ყოველ ნაბიჯზე ყველას თვალში ხვდებოდეს, თუ რა საშინელებას აკეთებს და რა აზროვნებითაც ცხოვრობს უმრავლესობა, რომლის წინააღმდეგ გაერთიანება ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი აზროვნება და მსოფლმხედველობა რომ შეიცვალოს," - თამარი, 31 წლის, მედიცინის მუშაკი

„XXI საუკუნის მსოფლიოში, სამწუხაროდ, ისევ აქტიურად გვიწევს ფემიციდის შემთხვევებზე საუბარი. საქართველოში ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია და მათ შორის, უხვადაა ფემიციდის შემთხვევებიც. ახლანდელობაში გადმოტანილი დამახინჯებული ვითომ ქართული ტრადიციები ხაზს უსვამს მამაკაცის ვითომ უპირატესობას, რაც საკმაოდ ეწინააღმდეგება ნამდვილ ქართულ ტრადიციას. ქართული კულტურა კი შოთას აზროვნებაზე დგას:- „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია". საქართველო ღვინის და ტრადიციების ქვეყანაა, მაგრამ დამახინჯებული ტრადიცია ადამიანებს (ამ შემთხვევაში, კაცებს) გონებას უწამლავს და ღვინო საბოლოოდ ,,არაადამიანური" ქმედებისკენ უბიძგებს. ამასთან, იმ რგოლშიც, სადაც სახელმწიფო დონეზე ევალებათ გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავად ისინია მოკლებული გენდერულ სენსიტიურობას... მეტიც, ბევრი თანამდებობის პირია პატრიარქალური ღირებულებების მატარებელი, რაც იწვევს ქალთა გარკვეული სახის დისკრიმინაციას. მაგალითად, რადგან ქალია ფიქრობენ, რომ მას არ შეუძლია ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოებზე მუშაობა, რაშიც ნამდვილად ცდებიან. გაახილონ თვალები, მიმოიხედონ ირგვლივ, თუ ისტორიას არ წაიკითხავენ," - ნიკა, 18 წლის, ახალგაზრდული საკრებულოს წევრი.

„ქალთა მიმართ ძალადობის სათავეს ცუდ, არასწორ აღზრდაში ვხედავ, რაც ტრავმებს შობს და კომპლექსებს. ჩემი აზრით, სწორედ ეს ხდის კაცს/ადამიანს მოძალადედ. შესაბამისად, ვფიქრობ, გამოსავალი მათ რეაბილიტაციაშია, მათი არასწორი ქცევების გააზრებაში," - თეონა, 38 წლის, მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი


ექსპერტები:

"ვიდრე არ შევცვლით გენდერულად სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს ქალისა და მამაკაცების მიმართ და არ მოვშლით კაცის დომინანტურ და ქალის დაქვემდებარებულ როლებს; ვიდრე არ მივხვდებით, რომ არ უნდა მივმართოთ გოგონების აღზრდის ისეთ მოდელს, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი სიძლიერე და თანასწორობა ბიჭებთან; ვიდრე საზოგადოება არ დაგმობს და მძლავრად არ დაუპირისპირდება ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და ფემიციდს; ვიდრე გააგრძელებს გულრილობას და შემწყნარებლობის გამოჩენას მოძალადეების მიმართ და განაგრძობს ძალადობის მიზეზების ქალში ძიებას ... ვიდრე სისტემა არ გამოფხიზლდება და არ დანერგავს ეფექტიან პრევენციულ ზომებს და არ აარიდებს ქალს ძალადობის საფრთხეს... ვიდრე არ დაიწყებს მოძალადეებთან ადრეულ ეტაპზე მუშაობას , სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა;. ვიდრე ქალს არ გავაძლერებთ ისე, რომ შვილების და საკუთარი მომავლის არ შეეშინდება; ვიდრე და კიდევ ბევრი ვიდრე - ჩვენ მუდამ ამ დანაღმულ ველზე ვივლით, ახალი მსხვერპლის მოლოდინში..." - ეკატერინე გამახარია, ქალთა ფონდი "სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

როგორც წესი, ფემიციდის ჩადენამდე ქალი განიცდის სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო ფემიციდი ანუ მკვლელობა არის ამ ძალადობრივი კასკადის კულმინაცია. ამიტომ, დროული ჩარევითა და რისკების შეფასებით შესაძლებელია ფემიციდის თავიდან აცილება. აქედან გამომდინარე, მინდა, მივმართო ქალებს, დედებს, ლაპარაკი ყველაზე ძლიერი იარაღია თავის დასაცავად, რა დროსაც აუცილებლად გამოჩნდება ვინმე თქვენს გვერდით, რომელიც მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებათ," - გოგა ხატიაშვილი, ექსპერტი, დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი, ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამების მენეჯერი.

„ფემიციდის გამომწვევი მიზეზები კომპლექსური და მულტი-ფაქტორულია. ეს არის ერთდროულად სოციალური, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური გამოწვევა და არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ერთი რგოლის ამუშავება, თუნდაც ძალიან კარგად, ვერ აღმოფხვრის ფემიციდს, თუ დანარჩენი რგოლი სუსტია. უპირატესად, მნიშვნელოვანია, ბრძოლის დაწყება დრომოჭმულ, პატრიარქალურ შეხედულებებთან, რომლებიც ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენენ ჩვენი საზოგადოების ღირებულებებზე, ჩვენს პირად ურთიერთობებზე, რაც მნიშვნელოვანწილად უსაზღვრავს ქალებს, თუ როგორ იცხოვრონ. ეს გავლენას ახდენს ბიჭებისა და გოგოების აღზრდაზე და საზიანო გენდერული სტერეოტიპების ბავშვობიდანვე დასწავლაზე, რაც საბოლოოდ გამოიხატება პარტნიორი ქალების ან ოჯახის წევრი ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედების დემონტრირებით. ამასთან, ჩვენი საგანმანათლებლო სივრცეც ჯერ კიდევ სავსეა ისეთი პროგრამებით, რომლებიც ცალსახად აიდეალიზებენ მამრობით სქესს და ახდენენ კაცების დომინირების რომანტიზაციას, მათ ჰეროიზაციას, რაც მთლიანობაში ქმნის მენტალიტეტს. ეს კი საბოლოოდ გავლენას ახდენს მოსამართლეზე, გამომძიებელზე, პროკურორზე და ნებისმიერ ადამიანზე. ალბათ არც იმის თქმას უნდა მოვერიდოთ, რომ ქვეყანაში გამეფებულია ისეთი რელიგიური სწავლება, რომლის დროსაც მაღალი სასულიერო წოდების პირები არ ერიდებიან, ქალების დადანაშაულებას რიგ გლობალურ თუ ლოკალურ ტრაგედიებში. ამბიონიდან ხშირად ისმის ქალების მორჩიელბისკენ მოწოდებები, რაც ასაზრდოვებს მიზოგინიას მორწმუნე საზოგადოებაში. აქვე აღვნიშნავ მედიის ფაქტორსაც საქართველოში, რომელიც არ გამოირჩევა სენსიტიური მიდგომებით და კიდევ უფრო ამძიმებს სურათს თავიანთი გაშუქების ფორმით. ბოლოდროინდელ ტენდენციებით იკვეთება, ფემიციდის განმეორების ფაქტები და ის თუ რამდენად გადამდები ეფექტი აქვს მას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედმა მედიებმა თავინთი წილი პასუხისმგებლობა გაიაზრონ და ძალიან პრფესიონალურად, ეთიკურად მიუდგნენ ფემიციდის გაშუქების საკითხს. ამგვარად, ყველა რგოლს მართებს გამართული ფუნქციონირება, ფემიციდის საგანგაშოდ მაღალი სტატისტიკის აღმოსაფხვრელად," - ნინო ბაისონაშვილი, უფლებადამცველი, ქალთა ორგანიზაცია ფემინას დამფუძნებელი


საქართველოში არსებული ყველა უფასო სერვისისა და გაძლიერების პროგრამების პოვნა შეგიძლიათ ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ შექმნილ ვებგვერდზე „ძალადობის სხმვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტი. იპოვე შენთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია ერთ სივრცეში და გაავრცელე - https://sosfsokhumi.ge/

ქრონიკა N6
მასკულინური „ღირსების საკითხი"
ავტორი
ლინდა ჩიხლაძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე


მეორე წელია ამ რუბრიკისთვის ბლოგის წერა მიწევს და „ძალადობის ქრონიკები" არა და არ წყდება. მეტიც, უკვე ისეთ ნიშნულს მიაღწია ფემიციდისა და ქალთა დაჭრის შემთხვევებმა, თითოეული ნიუსის მონელებას ვეღარ ვასწრებ.

სად არის ზღვარი? აქვს კი ზღვარი ფემიციდს, ადამიანის უზენაესი ღირებულების - სიცოცხლის ხელყოფას?

მორიგი, ახალი ძალადობის ქრონიკიდან ვიგებ, რომ დღეს ფონიჭალაში შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი კაცი კი მოკლა. ერთია, მედია როგორ აშუქებს ამ ამბავს, რაც მერე ქალთა მიმართ სხვა ძალადობების აღმოცენებას უწყობს ხელს და მეორეა, ამ ამბავს მოყოლილი ტოქსიკურად მასკულინური კომენტარების რაოდენობა:

  • ლილე ლილე: „ამ აღვირახსნილი ქალების (დედების) დედაცცც. დააყენე შე ტურტლიანო ქალო ერთი ჭუჭყიანი ადგილი. ფუუუუუ. გააუბედურა შვილის ცხოვრებააა.."
  • ნინო ნონიაშვილი: „შვილი გააბოროტა. თავმოყვარეობა შეულახა."
  • დარიკო ფიფია: „დედები, რომლებიც შვილებს აუბედურებენ, დედობას არ იმსახურებენ".
  • მერაბი ჯიმშელეიშვილი: „ორივე მოსაკლავი ყოფილა. უფრო დედა იმსახურებდა."
  • ქეთი ბრეგაძე: "ეს არის დედა, დაუნგრია შვილს ცხოვრება?!"
  • მაყვალა შავლიძე: „ქალია დამნაშავე. შვილს გაუმწარა სიცოცხლე. საცოდავი შვილი."
  • ციცო ციცო: „საცოდავმა და გამწარებულმა შვილმა თუ ვერ მოკლა საზიზღარი დედა, კანონმა უნდა იკანონოს და მიუსაჯოს სამუდამო პატიმრობა ისე, რომ შვილი არ ატარონ წინ და უკან გამოძიებაზე. შეიცოდეთ გაუბედურებული ახალგაზრდები."

ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებზე, როცა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გენდერულ სტერეოტიპებზე, ოჯახში ძალადობაზე ვსაუბრობთ, პასუხის გაცემისას მეტწილად ტრადიციებს იშველიებენ: „ეს ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური და კულტურული როლებიდან გამომდინარეობს და უცებ ვერ აღმოვფხვრითო". თითქოს 2017 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. „სტამბულის კონვენცია") რატიფიცირება არ მოგვეხდინოს და არ აგვეღოს ვალდებულება, მივიღოთ ყველა საჭრო ზომა ქალისა და მამაკაცის ქცევის სოციალურ და კულტურულ მოდელებში ცვლილებების დასანერგად იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას სწორედ ეს ცრურწმენები, ადათ-წესები, ტრადიციები და ყველა სხვა პრაქტიკა, რომლებიც ეფუძნება ქალთა არასრულფასოვნების იდეას ან ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპულ წარმოდგენებს. მეტიც, კონვენციის 42-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, მიიღოს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია ან ე.წ. „ღირსების საკითხი" არ ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად. აქ იგულისხმება, კერძოდ, ისეთი განცხადებები, რომ მსხვერპლმა დაარღვია შესაბამისი ქცევის კულტურული, რელიგიური, სოციალური ან ტრადიციული ნორმები.

ქრონიკა N5
ტაფის ექსტაზი „ბედნიერ" ქვეყანაში
ავტორი
ზეკო ხაჩიძე


როცა ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მე -18 სეზონი დასრულდა, საზოგადოების სრული აღფრთოვანება „ტაფის სცენამ" გამოიწვია. ლელა (მესხიშვილის თეატრის მსახიობის ნანცო ცხვირაშვილის ეკრანული გმირი) ბოლოსდაბოლოს, შურს იძიებს ბაქარზე!! ამ კადრს, სერიალის ოფიციალურ ფეიჯზე დადებიდან ერთ საათში უკვე 24 ათასი ნახვა, 5 ათასი კომენტარი და 2 100 გაზიარება ქონდა.

ნანცო, რომელიც ქალთა ფონდ „სოხუმის" მეგობარია და ჩვენი ორგანიზაციის ბევრი აქციის მონაწილეც და მხარდამჭერიც, ერთ საღამოს გახდა სუპერპოპულარული, ყველაზე სასურველი ქალი სერიალის ერთგული მაყურებლისთვის(!)

-„ყოჩაღ ლელა"

-„ცხელი აჯობებდა"

-„რამდენი ხანი ველოდი ამ მომენტს"

-„მთელი სეზონების მანძილზე ეს იყო ყველაზე მაგარი მომენტიი"

-„ლელა საუკეთესო ხარ"

-„რამდენის ჯავრი იყარაა"

-„შენ გაიხარე!! ვფიქრობდი ახლა ამ ტაფას ჩაარტყამდესთქო!! გული ვიჯერე მეც"

-„სტუმრების თვალწინ უნდა ჩაერტყა"

-„აუუ რა ,,ესთეტიური,, სიზუსტით თხლიშა ეს ტაფა"

-„შენ დაგიბერდა ეგ ხელები, ლელააა! არ მომფხანაა გულიი!!"

ამ და სხვა, ზუსტად ასე ემოციური, ათასობით „ამოძახილის" /კომენტარის კითხვის დროს, გგონია, ქვეყნის ქალთა უმრავლესობა, ტაფით ხელში „დარაჯობს" ფსიქოლოგიურ მოძალადეს საკუთარ სახლში და მაგიური ტაფის მოქნევის წამს ელოდება. თითქოს ლელას ქმედებით ყველა მათგანის სათქმელი ითქვა. ქუჩაში შემხვედრი უცნობები ნანცოს ეხვევიან, კოცნიან და მადლობას უხდიან სამართლიანობისთვის, გამარჯვებისთვის, წარმატებისთვის - მოძალადე კაცზე, მჩაგვრელ კაცზე! მეც კი, როგორც ამ სერიალის და ნანცოს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, იგივე „სიამოვნებაში" დავიჭირე თავი და იმ ღამითვე მივწერე ლელას როლის შემსრულებელს, რომ დილიდან სულ სხვა სტატისტიკის რენომე გააღვიძებდა.

რამდენიმე დღეში ჟურნალში „სარკე", მსახიობ ნანცო ცხვირაშვილის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ჟურნალისტი ინტერესდება როგორ აფასებენ „ლელას აფეთქებას" მისი ნაცნობები, უცნობები, თუ უბრალოდ, გარშემომყოფები.

-„ყველა, ვინც შემეხმიანა და ქუჩაში შემთხვევით შემხვდა, უცნობი, ან ნაცნობი, კმაყოფილია ლელას მოქმედებით. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, არ ვიცი ეს კარგია, თუ ცუდი. თუ ეს ზოგადი „კმაყოფილება" რეალურად ასახავს ქალებში დაგროვილ აგრესიას მჩაგვრელ ქმრებზე, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო" - ამბობს მსახიობი ფინალური სცენის რეზონანსზე და მართალია!

„ლელას ქეისი" ყველა თაობისთვის შეხსენებაა იმის, რომ ძალადობის თმენა სახიფათოა, რამაც თავად მსხვერპლი შეიძლება ძალადობამდე მიიყვანოს. მაგალითია იმის, როგორ არ უნდა გახდე ქალი უკიდურესი პროტესტის მსხვერპლი თუ იარაღი. იცოდე შენი და სხვისი უფლებები, იცოდე ძალადობის პრევენციის ან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცივილური გზა. იპოვო თანამოაზრეები, ილაპარაკო საკუთარ, თუ სხვის მსგავს ტკივილზე, დრამაზე, პრობლემაზე და მიიღო კონსულტაციები, მორალური, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება, რისი გამოცდილებაც და სანდოობაც ქალთა ორგანიზაციებს აქვს.

- ლელას მხრიდან ტაფის ჩარტყმა ამ სასტიკი ფსიქოლოგიური მოძალადისთვის, პროტესტის ნიშანი იყო, თუმცა ჩემთვის ეს სცენა არის უკიდურესობამდე მიყვანილი ქალის სცენა, რომელიც იმდენად მის სიძლიერეს კი არ წარმოაჩენს, არამედ, განგრძობითი ძალადობის თმენის შედეგად, თავად მოძალადედ ქცევის რისკს... ანუ პირიქით, ამ სცენით ჩვენ ქალებს უნდა ვანახოთ, არა სასურველი, არამედ საერთოდ არასასურველი განვითარების სცენარი - როცა ყელამდე მისულს, ქალი თავისი მოძალადე ქმრის მოკვლაზეც მზადაა... პირიქით, ეს სცენა, როგორც გაფრთხილება უნდა იყოს გამოყენებული ქალებისთვის, რომ აქამდე არ მივიდნენ, განერიდონ მოძალადეს და ძალადობრივ გარემოს - ამბობს ქალთა ფონდ „სოხუმის" თბილისი ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია.

ვფიქრობ, რომ სცენარის ავტორის იდეაც ამაშია. საზოგადოების - არა!



სერიალების ინდუსტრია, რომელიც მე-20 საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო ჯერ რადიოს, მერე კი ტელევიზიის ეფექტით, საწყისი მიზნით სწორედ დიასახლისების „სახლიდან გაყვანის", „სხვისი ამბების" თანაგანცდით საკუთარი ერთფეროვნებიდან გამოსათავისუფლებელი, „ორთქლის გამოსაშვები" შემოქმედებითი მანქანა იყო და ბევრ სოციალურ თემაზე სწორ პასუხს კარნახობდა სტაბილურ მსმენელს (რადიოსერიალების შემთხვევაში) და მაყურებელს (ტელესერიალების შემთხვევაში).

„ჩემი ცოლის დაქალების" შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მხატვრული ენა - კინო, თეატრი, ლიტერატურა - ბევრად დიდ ეფექტს ახდენს სტერეოტიპის ნგრევასა და სტერეოტიპის შექმნაზეც. მთავარია, სწორი აქცენტები, რადგან სოციალური ქსელების გამჭვირვალე ეპოქაში, ყველა ვხედავთ, როგორ დგას ერთმანეთის წინ შემართული მასკულინური და ფემინური სამყარო, რომელიც სოციალურად სხვადასხვა დონის და სახვადასხვა განვითარების/კულტურის/ქცევის საზოგადოებებში, ბრძოლის და დამკვიდრების სხვადასხვა ფორმებში ვლინდება დაპირისპირებით, საშიში პერსპექტივის „აღფრთოვანებებით" ან არაკომპეტენტური დისკურსით.



უბრალოდ, ყველამ უნდა ვცადოთ, თვითდამკვიდრების, თვითუპირატესობების და კიდე ბევრი „თვით"გადარჩენის ვარიაციათა უთვალავ ფაზაში არ დავკარგოთ მთავარი - ადამიანის არსი!

ბედნიერების ფორმულა ყველა სქესის თანაბარ ძალასა და წარმატებაშია!

ბედნიერება ჩვენს ქვეყანას!





ქრონიკა N3
„ჩუმი ქალების" პირადი ტრაგედიები
ავტორი
ლინდა ჩიხლაძე
ფოტო
ლინდა ჩიხლაძე
გრაფიკა
ანა ფრუიძე
მოდელი
ნინო სილაგაძე

თანამედროვე სამყარო, რომელიც ღიაა და შეუზღუდავ შესაძლებლობას სთავაზეობს ყველას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიუხედავად, დედამიწაზე არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც პირველყოფილი თემური წყობილების გვაროვნული ორგანიზაციის ფორმა [პატრიარქატი] ჯერ კიდევ მყარადაა ფესვგადმული. მათ შორის, ისეთი მრავალეფროვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. პატრიარქატი დღემდე ჩადის დანაშაულს და ქალებს ქალობისთვის სჯის - ძალადობს, აზიანებს, ანადგურებს, სიცოცხლეს უსპობს.

ბლოგის მომზადების ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი ძალადობაგამოვლილ ქალებს, რომელთა შორის, ზოგი დღემდე მოძალადე ქმართან ცხოვრობს, რადგან წასასვლელი არსად აქვს. ამ ქალებმა, უდიდეს წნეხში ცხოვრების მიუხედავად, მაინც გაბედეს, მართალია ფარულად, თუმცა გული გადამიშალეს და საკუთარ პირად ტრაგედიებზე მესაუბრნენ.

რესპოდენტი 1: - ჩემი ქმრის ხელში შშმ პირი გავხდი, ინსულტი დამემართა მის მიერ სისტემურად განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად. ცალი ხელი პარალიზებული მაქვს. ჩემი მეუღლე გონებრივი აშლილობის დიაგნოზითაა, სანამ ამ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი პერიოდულად თბილისში ფსიქიატრიულში დამყავდა. ახლა ამის შესაძლებლობა აღარ მაქვს, არც ფიზიკური და არც ფინანსური. სახლში ყველაფერს აკონტროლებს. თავად არაფრის გაკეთება უნდა. უნდა, შვილები და ცოლი ემსახურებოდნენ. ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ, ქმარს არასდროს უმუშავია. სახლში ვცხოვრობთ მე, მეუღლე და შვილები (ორი სასკოლო გოგონა, ერთი აბიტურიენტია). სახლი გაუმართავი გვაქვს. თავში არაერთხელ გამივლია წასვლა, ბავშვებიც მაძალებენ, წავიდეთო, მაგრამ სად წავიდე? იქ, ჩემი მშობლების სახლში ორი საცოლო ძმისშვილი მყავს. ჩემი გოგოები სულ მეუბნებიან: - „თავის თავს რატომ არ უყვირის და ყოველთვის შენ რატომ გიყვირისო?" მაგალითად, თუკი მაცივარში არის საჭმელი და გოგოები შეჭამენ, ეს მივა და არ დახვდება, ყვირის: - „ვერ გაზარდა ბავშვები, ნორმა არ იციანო". ან „წავიდნენ და შეშა მოიტანონ ან გოგოებმა ან შენიანებმაო". თავად ბავშვები ჩემ მიმართ გამოხატავენ უკმაყოფილებას, „რატომ გაყევი ასეთ ადამიანს ცოლადო". გოგოებს არ უნდათ, რომ ეს გასაჯაროვდეს, რცხვენიათ. უმცროსი გოგო წარმატებული ხელოვანია, ახლა გასტროლზე უწევს წასვლა და მინდა გავუშვა, თუმცა მეუღლე წინააღმდეგია: - „აქ დარჩეს და თხილნარი გაწმინდოსო". მეციდებიან ჩემი გოგონები.

- თუ მიგიმართავთ სახელმწიფო უწყებებისთვის დასახმარებლად?

- ჩემი უფროსი გოგო საკმაოდ წარმატებული მოსწავლეა, ბევრი პროექტის მონაწილეა და თავად კომპექსდება, არ მიმართავს სახელმწიფოს დახმარების პროგრამებს. მე კი თავშესაფარში ვერ მივდივარ, რადგან იქ თუ წავედი (აქაურობა დავტოვო), რითი ვარჩინო მერე მე ჩემი შვილები? მუნიციპალური სოციალური პროგრამები არის თუ არა ჩემნაირი პირებისთვის, არ ვიცი, ინფორმაციას არ ვფლობ. მეუღლე კი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში თავისი ნებით არ მიდის და თან ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, მეც არ მინდა ჩემი შვილების მამა იქ გავუშა, გოგოებსაც არ მოეწონებათ.

რესპოდენტი 2: - ჩვენთან ქმარს ცემაში შემოაკვდა ცოლი, გვამი კი თოკზე ჩამოკიდა და განაცხადა - „ცოლმა თავი ჩამოიხრჩოო". სამი შვილის დედა მოკლა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ქმარს საყვარელი ჰყავდა. ცოლს ეუბნებოდა, „აღარ მიყვარხარ, წადიო". აბა სად წასულიყო ეს გოგო? არსად ჰქონდა წასასვლელი. უკიდურესობამდე იმ დროს მიდის ქალი, როცა მას არა აქვს ზურგი, სად უნდა წავიდეს თავისი სამი შვილით ან თუნდაც ერთი შვილით? სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს, ყურადღება მიაქციოს „ჩუმ ქალებს". თავშესაფრის ვადები აბსოლუტურად არაფერია, იმდენად ცოტა დროა და მეორეც, ვერ საქმდებიან ასეთი ქალები. ბინა და დასაქმების ხელშეწყობაა ყველაზე მნიშვნელოვანი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, რომ არ დადუმდნენ, არ მოითმინონ და თავი გაითავისუფლონ მოძალადისგან. არიან ქალები, რომლებიც სიკვდილს ნატრობენ, არანაირ მხარდაჭერას არ გრძნობენ, ჯერ კიდევ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. სწორედ ამიტომ იტანჯებიან და არ იციან, რა ქნან. გარდა ამისა, გამოუთქმელი ტკივილია, როცა მამის მხრიდან ძალადობას შვილიც ხედავს და გრძნობს. ბავშვს ვერ მოატყუებ ამას ხედავს და ეს ურყევს მას ფსიქოლოგიას.

რესპოდენტი 3: ალკოჰოლდამოკიდებული იყო ჩემი ქმარი. ფსიქიკურად ისეთ მდგომარეობაში იყო ხოლმე, ბავშვებიანად გვყრიდა სახლიდან და ჩვენ თხილნარის ბუჩქებს ვაფარებდით თავს. ორივე შვილს ხელში ვიხუტებდი და ასე ვაძიბნებდი. საშინელი წვალებით, სტრესში და ძალადობრივ გარემოში გაიზარდნენ ჩემი შვილები, თუმცა მე მაქსიმალურად ვიცავდი მათ მამის აგრესიისგან. ერთხელ ისე მცემა, რომ სიმწრისგან იძულებული გავხდი პატრულში დამერეკა (2009წ.). ამის გამო, ქალებისგან უფრო მეტი აგრესია წამოვიდა ჩემ მიმართ სოფელში, ვიდრე კაცებისგან - „როგორ გაბედა და პატრულში დარეკა ცემის გამოო". დედამთილის თაობის ქალებს სხვა მენტალიტეტი აქვთ - „ჩვენ ამ ყოველივეს ვიტანდით, ვითმენდითო"; „ჩვენზე რამდენი ქმარი იძალადებდა პატრულში რომ დაგვერეკა ასე კი არ ვიქნებოდით, გაგვამწარებდნენ ქმრებიო". მე რომ საშინელი ცემის გამო დავრეკე და გამოვიძახე პატრული, ჩემი ქმარი დაიმალა, მეზობლებმა გადამალეს.

დღესდღეობით ქმარი ჩემზე ფიზიკურად აღარ ძალადობს, რადგან ბავშვები წამოიზარდნენ, ისინიც არ ეპუებიან და მეც ჩემს დიპლომატიას ვიყენებ. დღესდღეობით არის შემთხვევები, რომ ფსიქოლოგიურად იძალადებს, ლაითად. უკვე აღარ ვუტარებ დანაშაულს და თავადაც აღიარებს თავის არასწორ საქციელს. ადრე ამას არ აღიარებდა. სიმთვრალეში იყენებდა ძალას. ახლა კი აანლიზებს საკუთარ საქციელს და აღარ ძალადობს.

რესპოდენტი 4: წლებია ფსიქოლოგიურ ძალადობასაც განვიცდი და ფიზიკურსაც. სამი პატარა ბავშვი მყავს, მცირეწლოვანი და ამის გამო ვერ ვუჩივი მოძალადე ქმარს. აქეთ დედამთილი მემუქრება ბავშვის წართმევით - „მე გადავიხადე შენი მშობიარობის ფული და შვილისშვილებს არ გაგატანო". მე ღარიბი ოჯახიდან ვარ და არანაირი მხარდაჭერა არ გამაჩნია, არც ჩემი ღვიძლი მშობლებისგან, წასასვლელი არსად მაქვს. ხომ იცით, დაჩაგრული ოჯახის შვილი, უფრო იჩაგრება. თითქოს ხმის აღმოღების უფლება არ გამაჩნია. ჩემს ქმარს კი ვერაფერს შეაგნებინებ, გამოუსწორებელია. როცა სვამს არაადეკვატური ხდება. ეწევა კიდეც და ტვინი გადაბრუნებული აქვს. მე რა უნდა ვქნა? ვითმენ, სხვა გზა არ მაქვს.

- თქვენი აზრით, გამოსავალი რაშია?

- კარგი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან დასაქმების სპეციალური შესაძლებლობა იყოს შეთავაზებული ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, რომ დამოუკიდებლად შვილების მოვლა და თავის რჩენა შევძლოთ. ზოგადადაც, თუკი ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა აღმოიფხვრება, ვფიქრობ, ოჯახური ძალადობებიც შემცირდება. ეკონომიკური სიდუხჭირე ბევრ პრობლემას იწვევს. უფრო დაბალ სოციალურ ფენებშია მეტწილად ძალადობის შემთხვევები, სადაც განათლების ნაკლებობაა და ფიქრობენ, რომ ქალს უფლებები არ გააჩნია.

რესპოდენტი 5: - ვერ მოვდივარ ჩემი მოძალადე ქმრისგან. აქ ბევრი ფაქტორია. პირველ რიგში, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახი, შვილი. ვფიქრობ, რაღაცები იქნებ გამოსწორდეს, უკეთესობა იყოს, თუმცა რჩება მხოლოდ სიტყვა „იქნება" და რეალურად არაფერი გამოდის. ამიტომაც მიწევს თავად მე გამოვიჩინო დიპლომატია, რაღაცები დავთმო და ქმარი ავიტანო. ფიზიკურად არ ძალადობს, მაგრამ მაინც წამოცდება ხოლმე ისეთი წინადადებები, გულს მიკლავს: „შენ ერთი უსარგებლო ადამიანი ხარ. არავისთვის საინტერესო, არაფრის წარმომადგენელი. ფუი, რას გავხარ".

- სახელმწიფოს სერვისებით თუ გისარგებლიათ?

- სახელმწიფო სტრუქტურები არაფრის გამკეთებლები არიან, ვიღაცას რომ მიმართო დახმარებისთვის, ეს სამეგრელოა და აქ სამათრთალმდამცავი სისტემის თანამშრომლები ქილიკის და სიცილის მეტს არაფერს აკეთებენ. საქართველოში მე მათ მიერ დაცული ქალი ჯერ არ მინახავს. ქალთა ფონდი „სოხუმი" აკეთებს ძალიან კარგ საქმეს. მე ძალიან დიდი ხანია ვმეგობრობ თქვენს ფონდთან. აი, ზოგჯერ ფული რომ მოგაწოდოს ადამიანმა მაგას ჯობია სიტყვა შეგაწიოს, გზაზე დაგაყენოს, დაგაკვალიანოს, ეს უფრო მგონია დახმარება და მხრაში დგომა, ვიდრე სამართალდამცავებისთვის მიმართვა. საქართველოა და არ ვიცი, აბა როდის მივაღწევთ იმას, რომ ქალი დაჩაგრული არ იქნება ამ საზოგადოებაში და დაფასებული იქნება?

რესპოდენტებთან მძიმე ინტერვიუს პარალელურად თავში ქალთა ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული მონიტორინგის ანგარიშებში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები მიტრიალებდა. განსაკუთრებით კი ერთ-ერთი ბოლო კვლევა, სადაც სწორედ მოწყვლადი კატეგორიის ქალების (ძალადობის მსხვერპლი, მარტიხელა, მრავალშვილიანი დედების) დასაქმებას, მათზე მორგებული გრაფიკითა და ბავშვთა მოვლის სერვისების შეთავაზებას ვუწევთ რეკომენდაციას. ამ ეპოქაში ნამდვილად აქვთ ქალებს უფლება თავი ღისეულად და დაფასებულად იგრძნონ კაცების გვერდით. რაც შეეხება ჩვენს ვებგვერდს - ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი დღითიდღე ვრწმუნდები თუ როგორი საჭირო სივრცე შევქმენით სწორედ ასეთ ქალთა მხარდაჭერისა და გაძლიერებისათვის.
ქრონიკა N2
ძალადობის ქრონიკები
ავტორი
ლინდა ჩიხლაძე

- ვაზიანში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და თავი მოიკლა

15 დეკემბერი, 2021

- ვარკეთილში კაცმა 5 თვის ორსული ცოლი მოკლა / საზარელი მკვლელობა თბილისში

22 დეკემბერი, 2021

ეს 2021 წლის მხოლოდ ერთი კვირის ძალადობის უწყვეტი ქრონიკებია, რომლებსაც ქართული მრავალრიცხოვანი მედია საშუალებები სხვადასხვა შემზარავი ჰედლაინებით გვაუწყებენ. ეს კი იმდენად ტოქსიკურს ხდის გარემოს, რომ არა თავში მომწიფებული შეკითხვები, შეიძლება თავისუფლად წაგვლეკოს ნეგატიური სიხალეების ნიაღვარმა:

- რატომ ძალადობენ ადამიანები?

- რატომ კლავენ ქალებს?

სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა უმრავლესობა სოციალურ და გენდერულ უთანასწორობაზე მიუთითებს. სწორედ სოციალური და გენდერული უთანასწორობის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევებმა საგანგაშოდ იმატა.

ფემიციდი (ლათ. femi-ქალი, cide-კვლა) - გენდერული ნიშნით ქალების/გოგონების მკვლელობა.

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში (https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040110573948397.pdf) დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის შესახებ პოლიციაში გაცხადების მიუხედავად, მაინც ვერ ხერხდება ძალადობის უკიდურესი ფორმის თავიდან აცილება. ფემიციდის თავიდან აცილება ვერც იმ საქმეში მოხერხდა, სადაც პირი ოჯახური დანაშაულის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.

სწორედ ამ რეალობის ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მთელი ძალისხმევა მოძალადეთა ქცევის კორექციაზე მუშაობის გაძლიერებას დაეთმოს. იმის ნაცვლად, ადრეულ ეტაპზე ძალადობრივი ქცევის პროგრამები დაინერგოს, რაც უკვე გაგვაჩნია - სისტემაში მოხვედრილ პირებთან ქცევის კორექციის პროგრამები - პანდემიის გამო ისიც შეჩერებულია. არადა, ძალადობის ამ უკიდურესი ფორმის - ფემიციდის თავიდან ასაცილებლად სწორედ ეს პროგრამებია ყველაზე ეფექტური. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად კი მნიშვნელოვანია მოძალადეებთან ძალადობის ადრეულ ეტაპზე მუშაობა, კანონით განმტკიცებული, ძალადობრივი ქცევის კორექციის ერთიანი პროგრამის დანერგვის გზით.

საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს პენიტენციალურ სისტემაში მოძალადის მოხვედრამდე, კრიზისული ოჯახების იდენტიფიცირების და ძალადობის ჩამდენ პოტენციურ დამნაშავესთან ადრეული მუშაობის დაწყების კანონით დარეგულირებული პრაქტიკა. მაშინ, როცა მსოფლიოში არსებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ მოძალადესთან მუშაობა, შესაბამისი ქცევის კორექციის პროგრამების გამოყენებით, გაცილებით ეფექტიანია ძალადობის საწყისს ეტაპზე, ხოლო მისი გამოყენება გვიან ეტაპზე (რეციდივის დონეზე) მხოლოდ 5%-ით ამცირებს ძალადობის შემთხვევებს [1] . შესაბამისად, ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით ან ძალადობის ფაქტის განმეორების რისკის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია ძალადობის კორექციის პროგრამების ამოქმედება ჯერ კიდევ დამცავი/შემაკავებელი ორდერის გამოცემისთანავე. ეს კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, პოტენციური დამნაშავის დამოკიდებულების და ცნობიერების შეცვლას გენდერული იერარქიის და გენდერული ძალადობის მიმართ და ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ეფექტიანობას.

მსოფლიოში არსებობს ძალადობის ქრონიკების შესამცირებელ/აღმოსაფხვრელი საუკეთესო პრაქტიკები, რომლის ეროვნულ დონეზე დანერგვა ჩვენ მიერ აღებული ერთ-ერთი საერთაშორისო ვალდებულებაა.


[1] Eckhardt, Christopher I., Christopher Murphy, Danielle Black, and Laura Suhr. "Intervention Programs for Perpetrators of Intimate Partner Violence: Conclusions From A Clinical Research Perspective." Public health reports 121, no. 4 (2006): 369-381.


ქრონიკა N1
ქალი, რომელიც სისტემამ შთანთქა
ავტორი
ლინდა ჩიხლაძე

ფოტო
ლინდა ჩიხლაძე

გრაფიკა
ანა ფრუიძე

დაახლოებით ერთი კვირის წინ სრულიად სოციალური ქსელი ერთმა შემზარავმა ამბავმა წალეკა. ემიგრაციაში მყოფი ფბ მომხმარებელი მის მეგობარზე წერდა, ღიმილა სოფიზე, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. როგორც ამ ტრაგიკული სტატუსიდან ირკვევა, ღიმილა სოფიზე ქმარი სისტემატიურად ძალადობდა „ყოველ ღამე, როცა ქმარი სცემდა, დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში რადგან ბავშვები ბაღში მიეყვანა… ბევრჯერ ვთხოვე გაშორდი თქო ათასი თავშესაფარია და თავს უშველე თქო, მაგრამ პასუხი ეთიდაიგივე იყო… სად წავიდე, ხო იცი, დედა არ მყავს და დედინაცვალს ორი ბავშვით ვერ მივადგები, არ შემიშვებსო… ასე გრძელდებოდა დღეები… ქმარი თუ სახლში არ იყო, დედამთილი სცემდა…"

პოსტიდან ჩანს, რომ მსხვერპლს წასასვლელი არ ჰქონდა, უსაფრთხოდ რომ ეგრძნო თავი. თავშესაფარზე, ალბათ ასე იფიქრა, „იქ ყოფნის ვადა, რომ გამივა მერე, რაღა მეშველებაო" და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფს, მოწყვლადს ფიზიკური ძალადობის ატანა მარტო ქმრისგან კი არა, დედამთილისგანაც უწევდა. ძალადობის ამ უმძიმესი სერიების სცენებს კი ორი მცირეწლოვანი შვილი უყურებდა, იძულებით. მაშინ, როცა შვილის აღზრდა, პიროვნული განვითარება მშობლების ვალდებულებაა, თავად ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი - მშობელი მამა იყო ამ საშინელი აქტის ავტორიც და მთავარი პერსონაჟიც. მეორე ხარისხოვან როლში კი ბებია იყო, რომელებიც ერთობლივად, დედაზე ძალადობის პარალელურად, არასრულწლოვანი ბავშვების ფსიქიკასაც ანადგურებდნენ.

ბოლოს დედა შვილებთან ერთად მაინც წავიდა თავშესაფარში, თუმცა... და აქ ვაწყდებით ყველაზე დიდ სისტემურ პრობლემას - რამდენად პასუხობს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისი მსხვერპლის საჭიროებებს? რამდენად ეფექტიანია ის მისთვის? აქვს კი მსხვერპლს იქ გაძლიერების შესაძლებლობა ისე, რომ თავშესაფრის მიტოვების შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძოს ცხოვრება და არ იყოს იძულებული თავის „მოძალადე ქმარს" დაუბრუნდეს?

როგორც პოსტის ავტორი გვიყვება, ღიმილა სოფის ნება დართეს, ქმარს დაბრუნებოდა, „რადგან დიდი ხანი ვერ იქნებოდა თავშესაფარში", ხოლო მოძალადე ქმარს ხელწერილი დააწერინეს, რომ „ხელს არ დაარტყამდა". არ დაარტყა, თუმცა „მანქანაში ჩააჯინა და ხეს მიახეთქა". ღიმილა სოფიმ კი ხერხემლის ისეთი დაზიანება მიიღო, რომ მოძალადე იძახდა, „არც მოკვდა და არც მორჩაო".

მხოლოდ ხელწერილს დასჯერდნენ?!... რამდენად ჯეროვნად მოხდა მსხვერპლის მოძალადესთან დაბრუნებისას რისკების შეფასება? რა კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა მათი თავიდან ასაცილებლად? ხორციელდებოდა თუ არა მოძალადის მონიტროინგი? რა მუშაობა ჩატარდა მოძალადესთან „ძალადობრივი ქცევის კორექციის" მიმართულებით?...

დამცავი ორდერის გაცემისას მოძალადეებისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო კურსის შემუშავების და განხორციელების ვალდებულება, ჯერ კიდევ 2013-2015 წლის სამოქმედო გეგმაში გაიწერა, რომელიც დღემდე არ განხორციელებულა და მუდმივად გეგმის შემდგომ სამოქმედო პერიოდში გადადის? რატომ?

ეს ის კითხვებია, რომელთა ჯეროვნად აღსრულებაზე, ხშირ შემთხვევაში, ბევრი ქალის სიცოცხლის შენარჩუნებაა დამოკიდებული.

ეს ის ვალდებულებებია, რომლის ჯეროვნად აღსრულებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ 2017 წელს, „სტამბულის კონვენციის" რატიფიცირების შემდეგ აიღო საკუთარ თავზე.

საბოლოოდ, სოფის აპარატი გამოურთეს. ღიმილა სოფოს არ ქონდა უფლება სოფო ყოფილიყო. სოფოს ყველა უფლება წაართვეს. ის საერთოდ აღარ არის.... ის „გაუმართავმა" სისტემამ შთანთქა.

სად იყო საზოგადობა? ნაცნობები, მეზობლები, რომლებიც ძალადობის ფაქტს ხედავდნენ, ესმოდათ და რეაგირებას არ ახდენდნენ?

p.s. სახალხო დამცველის 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებია (ფემიციდი). სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იზრდება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 15 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ქალის მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან კი ოჯახური დანაშაულის ნიშანი 17 შემთხვევაში დაფიქსირდა.