ისტორია N14
შეუპოვარი
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





საინტერესო გამოწვევა იყო მისი სოფლის სახელიც, სადაც დაიბადა.
კონსტიტუცია.

ახლა სხვანაირად იღიმის მის ხსენებაზე. ახლა, მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, სხვა შეგრძნება აქვს ამ სახელსაც, ჩვენი შეხვედრის ადგილიდან შორს. ბავშვობაში რა იცოდა კონსტიტუციის არსი. იმ დროს, ზოგადად არც დიდმა და არც პატარამ იცოდა ამ სახელწოდების განსაკუთრებული პატივისცემა, რადგან მიზანიც და ფუნქციაც სხვა იყო საბჭოთა კონსტიტუციის. 15 რესპუბლიკის 15 ერთნაირი უზენაესი კანონი, ერის, ისტორიის, წარსულის, პოლიტიკური აწმყოს და მომავლის კოპირება.

სოფელ კონსტიტუციაში დაიბადა.

სახელიც ორიგინალური აქვს - ირუზა. ვდარდობ, რატომ არ ვკითხე მშობლების ამ გადაწყვეტილების შესახებ. იქნებ, რა ბრძოლის და წინსვლის კარმის მატარებელია ეს იშვიათი სახელი, რომელიც ჩემსავით, ალბათ თქვენც პირველად გაიგონეთ. გაიგონებ და არ დაგავიწყდება. ასეთია თავადაც.

5 წლისა უკვე პროფესიულ დონეზე წველიდა ძროხას. ოჯახში მისი შრომა აუცილებელი იყო. მის საუბარში ახლაც დევს შრომის ეს ლითონი. კი არ დევს, ისმის. და იჯერებ, რომ ლეგენდას არ ყვება, მოგონილ ამბავს არ გეუბნება, რადგან დროდადრო, ბუნებრივად ენთება თვალები წინსვლის და ბრძოლის ჟინით. რაღაც არის მასში მებრძოლი ქართველი ქალების უდრეკი სული.

მოკლედ, ბავშვობიდან დაიწყო და ადამიანებზე ზრუნვა ახლაც მისი მთავარი მისიაა.

აფხაზეთიდან დევნილმა, სოფელ კოკში გააგრძელა სიყვარულიც, შრომაც და ცხოვრებაც.

-აქ ყველა შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ.

ორ მცირეწლოვან ძმასთან ერთად, ჩაის კრეფით დაიწყო და იქ ნახა პირველი წარმატებაც და აღიარებაც. სხვები რომ თაკილობდნენ, ირუზა ორჯერ მეტს შრომობდა. მაშინ დევნილებს მიწები ურიგდებოდათ და მას სოფლის გამგებელმა, სხვაზე მეტი სამოსახლო მისცა. პირველი მისი შრომით დამსახურებული საკუთრება, დღემდე რომ ეძვირფასება. ამ მიწაზე სამი ფიცრული ოთახი ააშენა მეუღლესთან ერთად.

ეს ის დროა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები დევნილებით ჩასახლებულ ტერიტორიაზე ხშირად ჩნდებოდნენ, მათ ბედს კითხულობდნენ, ეხმარებოდნენ, იკვლევდნენ, ასწავლიდნენ. საქართველოს ედგნენ მხარში. ირუზაც, მითოლოგიის პერსონაჟივით მოხვდა სასურველი ბედისწერის „მახეში".

-სოფლის საზღვართან უცხოელები მოვიდნენ. ადგილობრივებმა ვერ გაუგეს ვერც შეკითხვა, ვერც პასუხი და დამიძახეს. ინგლისური მიყვარდა ბავშვობიდან, ჩემი მწირი ცოდნით ადგილობრივ ბავშვებსაც ვეხმარებოდი სკოლაში და გამომადგა, ვეიმედე აქაურებს. პირდაპირ „კალოშებით" მივადექი ამერიკელების დელეგაციას.

აქედან დაიწყო მისი ნამდვილი ამბავი. მისი სურვილების ახდენა.
რაც ყველაზე მეტად უნდოდა, ცოდნის მიღება იყო. ჯერ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წაათამამეს მოკლე კურსით და ტრენინგებით. მერე, მოგვიანებით, ყველა სტერეოტიპის დაუცველად, საუნივერსიტეტო განათლებასაც შეეჭიდა და უცხო ენების ფილოლოგია შეისწავლა, დიპლომი აიღო, თუმცა იქამდე, ერთ თვეში 6 სერთიფიკატით დაბრუნდა ოჯახში, სადაც სკეპტიკურად უყურებდნენ ქალის განათლების სურვილს და ამდენ დახარჯულ დროს.

მებრძოლი იყო და საკუთარი გზიდან არც მაშინ, არც მერე, არ გადაუხვევია!

როცა გამყოფ ზოლთან არსებულ თემებში დაიწყო პროექტი ქალები ,,თანასწორობის მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში. ,,პირველ შეხვედრაზე ბევრი რამ ახალი და გაუგებარი იყო ჩემთვის და ვიფიქრე ,,ამას მე თავს ვერ გავართმევ", მაგრამ მეორე შეხვედრაზე მაინც წავედი, ბოლომდე დავრჩი. თემები იყო „ძლიერი ოჯახი", „ქალის განვითარება და გაძლიერება". ანუ, ზუსტად ის, რაც მინდოდა და მიოცნებია. იმ დღემ მთელი ჩემი მომავალი განსაზღვრა. სოფელიც მაკრიტიკებდა „გაფლანგულ დროზე" და „გაუგებარი გზით" სიარულზე, ოჯახიც წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე უკვე ვიცოდი, რას ვაკეთებდი და რისთვის. დილით ადრე ყველს ვყიდდი ბაზარში, რომ მგზავრობის ფული მეშოვნა და დავდიოდი იქ, სადაც ჩემი მოწოდება მეძახდა.

ამის შემდეგ გაჩნდა ორგანიზაცია „ენგური", რომელმაც განსაკუთრებული ინიციატივებით ერთგვარი ნდობა მოუპოვა ირუზა კაკავას და მის თანამოაზრეებს. მალევე აინთო არასამთავრობო ორგანიზაციების რუკაზე ირუზას წარმატების ნიშა. ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან, სამოთახიან ფიცრულში, გადმოჰყავდა აფხაზეთში დარჩენილი ქალები და მათი შვილები, საკუთარ სახლში სპეციალურად მოწყობილ დღის ცენტრში ასწავლიდა და წვრთნიდა, ეხმარებოდა და აძლიერებდა.

ამის შემდეგ კიდევ ბევრი წარმატება და წინსვლა ნახა კოკის კოლორიტმა. თვითმმართველობამდე მისასვლელი გზაც ლოგიკური იყო ირუზას გამოცდილებით.
მის ბიოგრაფიაში, დღეს უკვე სამი მოწვევის დეპუტატის მანდატია, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

მთავარი ის არის, რომ ირუზას წარმატების პრეცედენტმა, ბევრი ქალის ცხოვრება შეცვალა გარშემო. არა მარტო კოკში, სხვა სოფლებშიც. დევნილი ქალებისთვის, მითუმეტეს.
მთავარი ის არის, რომ ყველა ოჯახს გაუხდა იმედად და მშველელად, მორალურ საყრდენად, კაცებისგან აღიარებული ენერგიით და შესაძლებლობით, ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი, ქალის უფლებების დამცველი და შეუპოვარი.
„კაცის სიტყვა" და „ქალის სიტყვა" ერთ მნიშვნელობაში მოაქცია.

დღესაც ყველამ იცის, თუ ირუზა შედის რამე საკითხის გადასაწყვეტად, ის აუცილებლად უნდა გადაწყდეს!

ასეთია მისი წარმატების ისტორია, რაზეც საკუთარი უტყუარი ფორმულა აქვს -„შრომისმოყვარეობამ გადამარჩინა" !
წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"