ურთიერთობა ინტერნეტით დაიწყეს. ეს, გოგო იყო, რომელიც სიყვარულს ეძებდა. ის - ბიჭი, რომელიც მაძიებლის იღბლად ასაღებდა თავს. გოგოს მოსაყოლი ბევრი არაფერი ქონდა, ბიჭს არაფერი მოუყოლია. მთელი წინა ცხოვრება გამოტოვა და სუფთა ფურცლიდან დაიწყო.. იქნებ, მასაც ეგონა, რომ ძველ ტრავმებს და სულის ფორიაქს, უთქმელობით გადაფარავდა.
ურთიერთობა ისე ღრმა და ინტენსიური გახდა, რომ ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ და სიყვარულიც შეფიცეს. ბედნიერი გოგო ქორწილისთვის გაემზადა. ბიჭიც. იქორწინეს კიდეც და „თაფლობის თვე“ მშობლიური სოფლებიდან შორს, ქართველი ემიგრანტებისგან მჭიდროდ დასახლებულ ერთ-ერთ ქვეყანაში მოიწყვეს, სადაც ახლობელი „მამელუქებიც“ ელოდნენ.
და იქ დაიწყო ყველაფერი. ყველაფერი, რაც აქამდე არ თქმულა ონლაინჩათებში, არც ნათესავებისგან, არც მეზობლებისგან, არც საერთო ნაცნობებისგან. ერთი ჩვეულებრივი პიკნიკი ახალ ცოლ-ქმარს უსასრულო ტრაგედიის ათვლის ცენტრად ექცა. არადა, თითქოს ამბავში ტრაგიკული არაფერი იყო: ქმარმა ცოლს, ტყის პირას, სხვისი ლამაზი სახლის წინ, სურათის გადასაღებად პოზირება სთხოვა. ცოლმა იუხერხულა. ქმარმა თხოვნა მოთხოვნად აქცია, ცოლი დაიბნა, მაგრამ უხერხულობა მაინც ვერ დასძლია. ქმარმა მისი ბრძანებად ქცეული „თხოვნის“ უგულვებელყოფა ვერ იპატია და იქვე, უცხო ქვეყანაში, თაფლობის თვის სიკეთეში, ფიზიკური ძალადობის პირველი აქტიც შედგა! ბევრი ადამიანის თვალწინ. „თითქოს მხეცად იქცა, რომელიც თავს ვეღარ ერეოდა, უცნაურად გარდაიქმნა ეს ჩვეულებრივი ადამიანი და დუჟი მოადგა პირზე. მერე ჩემს ტირილზე და შეკივლებაზე, რომელიც მოულოდნელი თავდასხმისგან პირიდან ამომცდა, მიმატოვა და გაიქცა“ - იხსენებს ჩვენი ბლოგის პერსონაჟი.
ქმარი გაიქცა და ცოლს კარი ჩაუკეტა. უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან, სრულიად მარტო დატოვა და გაწირა. იქაური „მამლუქების“ ჩარევით შერიგება მოახერხეს და საკუთარ სოფელში, საკუთარ სახლში, სიყვარულისგან გაძარცვულ წყვილად დაბრუნდნენ. ბიჭი უკვე აღარაფერს მალავდა : არც წინა ცხოვრებას, რომელშიც რამდენიმე ცოლი ჰყავდა, არც მის მენტალურ პრობლემებს, რომლის შედეგადაც ქალების სხეულზე ახალი სილურჯეები ჩნდებოდა, არც ფულის სიყვარულს, რომლის გამოც ინტერნეტით გაცნობები და ინტიმური დიალოგები მრავლდებოდა ...
დაბრუნდნენ და სახეშეცვლილი ურთიერობა მაინც გააგრძელეს. სოფელია. ყველას თავის გულშემატკივარი ჰყავს. ვერ გაბედა ცოლმა წერტილის დასმა. ვერც ხმამაღლა მოყოლა. და არა მარტო ახლობლების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. მთავარი მაინც შიში იყო. შიში, რომელიც უცხო ქვეყანაში, ტყის პირას დაწყებულ უწყინარ პიკნიკზე გაჩნდა და აღარ დამთავრდა..
გვერდით მყოფი ადამიანისგან შიში - ეს ალბათ, ძნელი წარმოსადგენია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არასდროს განუცდია - მუდმივი დისკომფორტი საკუთარ ქმედებაში, ეჭვი საკუთარ თავში, ახალ ნაბიჯში, ფიქრში, ცხადში და ძილშიც, კი. შიში - ეს მტანჯველი ურჩხული, რომელიც არ გტოვებს და ბედნიერების ყველა წამს გართმევს, საკუთარ ხასიათს და საკუთარ ინტერესებს გტაცებს, უბრალოდ, სხვა ადამიანი ხდები და არა შენი თავის კარგი ვერსიით, რა თქმა უნდა...
„ასეთ შიშში გავაგრძელე ცხოვრება 7 წელი. ფიზიკურ ძალადობას და შანტაჟს, - თუ ხმამაღლა ვიტყოდი, რომ მომკლავდა ცემაში,- მერე დაემატა ფულის მითვისება. სოცილურ დახმარებას მთლიანად იღებდა და ხარჯავდა. ძირითადად მცემდა მუცლის და თავის არეში. დაიწყო ღალატის მთელი სერია, რომელიც აღარ ვიცოდი, უნდა მწყენოდა თუ პირიქით, ჩემი შვება იყო.. ბოლოს გადავწყვიტე გამოვპარულიყავი და ისეთი ადამიანებისთვის შემეფარებია თავი, რომლის ავტორიტეტსაც, ვგრძნობდი, ითვალისწინებდა. ძირითადად, ასეთი ხალხი უფრო ასაკოვანი და ცხოვრებანანახი იყო, როგორც ჩვენში ამბობენ. დედამთილისგანაც არ მადგა კარგი დღე. ეს პარალელური ისტორიაა, ოღონდ..“
7 წლის შემდეგ ოჯახში დაბრუნდა, საკუთარ დედ-მამასთან. თვალცრემლიანი და ძალაწართმეული. ახლობელმა ურჩია, ქალთა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებთან კონსულტაცია გაევლო, სიმშვიდე დაებრუნებია. ასე დაიწყო მისთვის ახალი ცხოვრება- წარსულის სურვილების გახსენება და დისტანცირება ძალადობის კოშმარისგან, რომელიც თრგუნავს და სპობს ადამიანებს.
„აღარ გაწუხებთ ყოფილი ქმარი?“ - ვეკითხები მე - „აღარ გაქვთ გრძნობები მის მიმართ?“
და დიდი, ბრიალა თვალებიდან ცრემლები ნიაღვარივით იწყებს დენას, მთელი სახე უსველდება, არ ვიცი რისგან წამოსული ცრემლებით - საკუთარი თავის სინანულის, დაკარგული წლების, თუ დაკარგული გრძნობების.. რთული სანახავია.
„ახლა არაფერი მინდა შიშის დასრულების გარდა. დამეხმარეთ ამაში“ - მპასუხობს და ქალთა ფონდი „სოხუმიც“ მისი დიდი გამოცდილებით და კარგი ადამიანებით, ერთად იწყებენ ახალი ადამიანის გადარჩენას, რომელიც ძალიან მალე, თავიდან დაიწყებს საინეტერესო ცხოვრებას, რომელშიც ყველა არჩევანი მისი იქნება, სამუდამოდ!