ამ ადამიანებისგან ბევრს, საკუთარი თავშესაფარი არ გააჩნია. ხშირად ესეც ხდება დაუსრულებელი ძალადობის ატანის მიზეზი..
ჩემი ბლოგის პერსონაჟი 13 წლიდან დამოუკიდებლობის სიმძიმითაა. მშობლებმა ადრე დაავალეს ასაკზე წინსწრებით ზრდა და პასუხისმგებლობა, რადგან სოციალურად დაუცველი იყო და და-ძმაც იმაზე მეტი ჰყავდა, ვიდრე სტატისტიკით უმრავლესობას.
თინეიჯერობიდან თხილის ფაბრიკაში მუშაობა რომ დაიწყო, დღემდე თავდადებულ შრომაშია. შეყვარებული 6 წელი ჰყავდა. უხალისებდნენ ერთმანეთს მძიმე ტვირთს, მაგრამ ოჯახი სულ სხვა ადამიანთან შექმნა. ქალების ისტორიებში რომანტიკას ვერ გავაქრობთ და მეც რომანტიკულად მჯერა მისი მონათხრობის.. რომ არ უყვარდა, რომ ძალით წაიყვანა, რომ მშობლებს და შეყვარებულს უკან აღარ თუ ვეღარ გაჰყვა და ასე.. დარჩა უსიყვარულო წყვილში, გარეგნობით მშვენიერ ბიჭთან, რომელსაც არც თვითონ ქონდა თავშესაფარი, რადგან 10 დედმამიშვილიდან ერთ-ერთი იყო.
იშვიათად შემხვედრია ე.წ. ძალადობის მსხვერპლთა კატეგორიაში ასე ბედნიერებით და მხიარულებით პირამდე სავსე ქალი. ვუყურებდი, ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი მის ტკივილებს, თუმცა იმაზე მეტად ქონდა, ვიდრე სხვაგან გამიგონია. ადამიანების თანდაყოლილი სიყვარული აძლევდა ამ განსაკუთრებულ ენერგიას. ნიჭიერი იყო, თავისებურად, უბრალოდ, ყოფითად, ქრისტიანულად.. შრომით და საკუთარი რწმენით დაკრისტალებული. ოთხი შვილის დედა. ორი ტყუპი გოგო და ორი ბიჭი - ერთმანეთზე ლამაზები და სიმპატიურები, მკრთალი ქერა თმით და ღია კანით, მშვიდი ტემბრით და სხეულის ნატიფი მოძრაობით.
ძალადობის ეპიზოდები, რათქმაუნდა, ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ გააჩინა. ჰალუცინაციური ბოდვებით ძილში თავზე დადგომით, ბასრი იარაღით ხელში და სიკვდილის დამუქრებით. მერე ეს უფრო გახშირდა. ვკითხე, იქნებ ფსიქიატრის დახმარება გეცადათთქო, მაგრამ გადაწყვეტილად მითხრა, რომ ყველა ცდა უკან აქვს მოტოვებული და დამოუკიდებელი გზები უნდა იპოვოს. ორივე შემებრალა. ნიჭიერიაო, ყველაფერი გამოუდის, რასაც ხელს მოკიდებს, კარგი ხელობა იცის, მაგრამ სმას ვერაფერი ვუშველეო. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყველას გული და სულია. ბავშვები გიჟდებიან მამამისზე და მეგობრებსაც უყვართ, მაგრამ დალევს და სულ სხვა ადამიანი ხდება, საშიში და შემზარავიო.. მე რამდენიმეჯერ ვეცადე მედიცინას ჩავჭიდებოდი მათი ურთიერთობის გადასარჩენად, მაგრამ ყველა ცდაზე უარმყო. გავჩუმდი. ისე იყო უკვე საკუთარი გზების ძიებით გატაცებული, საკუთარი შრომისუნარიონობის იმედად, რომ ეს სურვილი აღარ გავუუფასურე.
ქალთა ფონდ „სოხუმის" სარეაბილიტაციო სახლში ერთი სრული კურსი შვილებთან ერთად გაატარა. აღფრთოვანებული იყო იმ კომფორტით და ადამიანებით, რომლებიც დღეებს და შთაბეჭდილებებს ულამაზებდნენ. მანანა ექიმთან(ჩვენს ფსიქოლოგთან) სრული კურსი გაირა. იურისტებისგან კონსულტაციები გონივრულად მიიღო. იაკოსგან შვილებს „ეტიკეტის"და საზოგადოებაში ქცევის სწავლა შეუქო -„მე საიდან უნდა ვაჩვენო ასეთი კულტურა ჩემს შვილებსო". როცა ბავშვები ანიკასთან გაკვეთილებზე ისხდნენ, ეზოს სიმწვანეში ჩაფლული, სხვა ბენეფიციართან ერთად, საკუთარ ცხოვრებაზე ყვებოდა და მომავლის გეგმებით იყო ანთებული.
სეზონურად ყველგან მუშაობს. ახლა კახეთში მარწყვის აღება იწყება და იქ წასასვლელად ემზადება დიდი იმედებით. როცა თხილზე და მარწყვზე არ მუშაობს, მაშინ ვაჭრობს. ესეც ძალიან მოწონს. ნაქირავებ ბინაშია და ოთხ შვილს უვლის, გარეგნულად ვერცერთს შეატყობ სოციალურ პრობლემას.
გზა, რომელსაც წლებია, გადის, რთულია და მძიმე. მაგრამ ამან ადამიანები და ცხოვრება არ შეაძულა. პირიქით. თითქოს ყველას სიყვარულზე უნდა ლაპარაკი. თითქოს ისიც ძალიან აბედნიერებს, რომ ვისთანაც ურთიერთობს, ყველას ამ სითბოთი ამახსოვრებს თავს.
ახლა მისი მთავარი მიზანი, საკუთარი თავშესაფარია. საკუთარი კერა, საკუთარი სახლი, სადაც მის ლამაზ შვილებთან ერთად ისე იცხოვრებს, რომ ძილში არავინ დაადგება თავზე მოკვლის მუქარით და ცემით.
იმედი აქვს: ახალი ბინის მშენებლობა დაიწყო და თვითმმართველობა მპირდება - შენ პირველი იქნები, ვინც ამ საცხოვრისში დასახლდებაო! უხარია და ამ მოლოდინის სიხარულით, გგონია, მთებს გადადგამს.. მართლა!
როგორ მინდა ბავშვობის ოცნება აუხდეს!
..იშვიათად შემხვედრია ე.წ. ძალადობის მსხვერპლთა კატეგორიაში ასე ბედნიერებით და მხიარულებით პირამდე სავსე ქალი..