ისტორია N22
ქეთი
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





ეს გოგო ჩემი რესპონდენტი რომ არ ყოფილიყო და ისე შემთხვევით ქუჩაში შემხვედროდა, მაინც მივაქცევდი ყურადღებას. ლამაზია. თბილი თითბრისფერი ხვეული თმებით, ცისფერი თვალებით, ნათელი ღიმილით და სიკეთის უშურველი სხივით. ქალთა ფონდ „სოხუმის" მეგობარი და კურსდამთავრებული. გვირილობის დღესასწაულზე საკუთარი ხელნაკეთი ნივთების დახლიც ქონდა - ფერადი და კოპწია თეთრ-ყვითელი პოლიმერული თიხის ყვავილებით ავსებული.

მოკლედ, ვერასდროს იფიქრებ, რომ რაიმე ემოციური ტვირთი იყო მის ცხოვრებაში. ქეთი ის ქალია, რომელმაც ძალადობის გზაც, ამ გზის დასრულებაც და საკუთარი თავის მეორედ აღმოჩენაც შეძლო და ახლა, მხოლოდ ტკივილებისგან თავისუფალი სილაღით გესაუბრება. მშვიდად და თავდაჯერებულად. მართალია ეს შინაგანი ძალა მისი დამსახურებაა, მაგრამ ჩვენს ფონდს რომ ბევრ რამეს უმადლის, ამაზე მინდოდა მომესმინა. გულწრფელად მაინტერესებს თითოეული ადამიანისგან გავლილი ეტაპები, რაც ამარცხებს ცუდს და ბადებს კარგს, ამთავრებს მუქ ფერებს და იწყებს სხვა მელოდიას, რომელსაც ყოველი დღის გათენებისას მონატრებული ხალისით ეგებები.

ქეთის არაჩვეულებრივი ბავშვობა ქონდა და ერთმანეთზე შეყვარებულმა მშობლებმაც ბევრი თამამი მოგონება აჩუქეს. მერე, ძალიან ადრე მოიტაცეს. ცხოვრება შეიცვალა უსიყვარულოდ. გაურკვეველი და გაუცნობიერებელი მოვალეობებით. ცოტა ზედმეტი გავლენით ქმრისგან, აწეული ხმით, სიმკაცრით, ეჭვიანობით, ბავშვობის სახლიდან შორს ყოფნით, შვილების დაბადებით და დედობის რეჟიმით. ეს ყველაფერი მისთვის დედ-მამას შორის ნანახ სიტკბოს არ გავდა. ასეთ შეგრძნებებში კიდევ უფრო იზრდება ნაპრალი. სიმკაცრე აგრესიას ემსგავსება, უსიყვარულობა - შიშს და გაქცევის მუდმივ მცდელობას. ასე მოხდა აქაც. და ქეთიმაც, კონკრეტული ფაქტის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. რთული, მაგრამ მკაფიო, რომელიც მომავლის კომპრომისებს აღარ გულისხმობს.

„ქუთაისში რომ ყოფილიყავი, შეძლებდი იგივეს?" - მარტო ეს შეკითხვა დამებადა მის შესაშურ რისკზე, რომელსაც სახვალიო შიში მაინც სულ ახლავს ჩემს წარმოდგენაში.

„ალბათ ვერა. თბილისში შევძელი" - ეს ფრაზა იქნებ ბევრისთვის გაუგებარი და ბუნდოვანია. ჩემთვის, როგორც ბევრი ქალის ისტორიის მსმენელის და მთხრობელისთვის, - არა. ვიწრო გეოგრაფიულ არეალში, ცნობადობის პატარა წრეში გაცილებით რთულია ეტაპის დასრულება აგრესიასთან. ყველაფერი იცი, ცდილობ, მაგრამ ადამიანურად არ გამოდის.

ქეთიმ, მიუხედავად გახანგრძლივებული შემოტევების, მაინც გააგრძელა გადაწყვეტილების აღსრულება საკუთარი ბედისთვის. ამას რამდენი წვალება მოყვება ხოლმე, თითქმის ყველამ იცის. და გარდა ფიზიკური გამძლეობის, მორალური სიმტკიცე რომ სჭირდება, ესეც ცხადია. სუსტდები ამ ბრძოლაში. სუსტდები და ხშირად საკუთარი თვითრწმენაც გიბლაგვდება.

„მაშინ ახლობელმა მირჩია ქალთა ფონდ „სოხუმთან" დაკავშირება. თავიდან ეჭვით შევხედე და მივედი მარტო იმიტომ, რომ მეგობარი არ გამეწბილებია. მივედი ნაბრძოლი, სუსტი და დაღლილი, ხვალინდელი დღის ბუნდოვანებით, წლების წინ ჩარჩენილი და დავიწყებული ოცნებებით, რომელსაც ვეღარც ვიხსენებდი - რა და რატომ მინდოდა. პირველად სწავლით დავიწყეთ. ჭრა-კერვის კურსით. საკერავი მანქანაც კი მაჩუქა ფონდმა. მერე ფსიქოლოგთან კონსულტაციებიც გავბედე და ნელ-ნელა, ვგრძნობდი, გული მიმიწევდა მათკენ უფრო ხშირად და გარკვევით. ქალბატონმა მანანამ გამახსენა ჩემი ბავშვობის სურვილები- რა შემეძლო, რისი სწავლა და მიღწევა მინდოდა სულ. მზერაც შემეცვალა თანდათან, ხმაშიც დამიბრუნდა სითბო და საკუთარი თავის გაფერადებაც დავიწყე თავიდან. ვსწავლობდი, როგორ უნდა ვიცხოვრო დღეს და საკუთარი თავით. მერე პოლიმერულ თიხაზე მუშაობის სწავლა შემომთავაზეს და ეს იყო აღმოჩენა! მივაგენი, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა - ხელოვნება და მასთან სიახლოვე. ეს იყო მთავარი!"

ქალთა ფონდ „სოხუმის" ჯადოქრობაში მეც კი ხშირად მინდა თავიდან დავრწმუნდე. ქეთის ისტორია, რომელიც აქ ძალიან ფრაგმენტულად მოვყევი, ერთი მათგანია. ჩვენი გუნდი ისევე აძლიერებს მორალურად ქალებს, როგორც, ეკონომიკური დამოუკიდებლობით, რეალური საქმით, ამ საქმეში ხელშეწყობით.

ქეთი ახლა ქრისტიანულ ხელოვნებას სწავლობს სემინარიაში. მეორე კურსზეა ისე, როგორც მისი უფროსი შვილი (ოღონდ სხვა უნივერსიტეტში). ერთად გახდნენ სტუდენტები. 17 წლის ოცნება აიხდინა. ჯერა საკუთარი შესაძლებლობების და ხანდახან მოაკითხავს ხოლმე ჩვენი ფონდის ფსიქოლოგს - გარდასახვის კოეფიციენტებით მოაწონებენ თავს ერთმანეთს. „გახსოვს როგორი იყავი პირველად რომ მოდი? - კითხავს მანანა. და ქეთიც ღმილით მიყვება, რა შორეულ წარსულში დარჩა ძალაგამოცლილი ქალის ის სილუეტი, რომელმაც ახლა სულ სხვა ფრთები შეისხა და ლამაზი სახით, მზერაგასწორებული სილაღით დადის მისი ქალაქის ქუჩებში.

მომავალში ხელოვნების სკოლა უნდა გახსნას. მისი პროექტით. საავტორო. სხვაგან რომ არსად არის, ისეთი და ცხოვრება სილამაზის შექმნას და ამ შექმნის, სხვებისთვის სწავლებას მიუძღვნას!

დღეს ქეთის ისტორია სულ სხვა ფერებში გრძელდება და მადლობა ჩემს ფონდს, ჩემს გუნდს, ასეთი პალიტრისთვის!

წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"