„წარმატების ისტორიებში" სხვადასხვა ბედის ქალებზე ვყვები. დიდხანს ვუსმენ და მერე ვყვები იმას, რასაც თვითონ განვიცდი მოსმენის დროს. ჩემს შეგრძნებებს ვიმახსოვრებ. იქნებ ეს არც ისე ახლოსაა რეალობასთან?
იტყვი: კატეგორია „ძალადობის მსხვერპლი"- და თითქოს ამბავიც დასრულდა. ყველამ გაიგო, რომ აქ გარდამავალი ფერი არ არსებობს. მსხვერპლი თეთრია. მოძალადე შავი. თავად მოძალადისთვისაც კი, როცა სხვისი ჩაგვრის თავგადასავალს ისმენს, ისიც გულჩვილია. ისიც ემპათიური, ხანდახან ზედმეტადაც. ისიც მზად არის სხვაზე მოძალადეს საკუთარი ძალით აჯობოს, ცემოს, მოკლას, ტყვია დაახალოს, ხორხი გამოუღოს, ოღონდ სხვისგან დაჩაგრულ ქალს გადაეფაროს (ამ დროს სუნთქვა მიჩერდება და სხეული მეძაბება). რა ირონიულია და ხშირად ზუსტად ასეთი „ჰეროიზმით" აღტაცებულები ბევრად ძნელი შესაჩერებლები არიან უკვე საკუთარი მსხვერპლის პირისპირ.
რაც სიცოცხლის საბაბია, შეიძლება სიკვდილის საბაბიც გახდეს - რაღაც ამდაგვარს წერს კამიუ „სიზიფეს მითში" და მე მაშინვე მიგრძელდება ფიქრი, რომ რაც სიყვარულის საბაბია, ის ძალადობის საბაბიც შეიძლება გახდეს.. სიყვარული. ეს ხშირად ამოღებული სიტყვა კატეგორიიდან -„ძალადობის მსხვერპლი". სიყვარული. ყველა ვნების, კეთილშობილის და არაკეთილშობილის, ლამაზის და მახინჯის, დამტკბარის და გაცხარებულის, მპატიებელის და შურისმაძიებლურის, ყველა წინააღმდეგობრივი იმპულსის საერთო სუბსტანცია.
ჩემი ეპიზოდი
ის პოსტალკოჰოლური ინტოქსიქაციისგან გალახული ჩემს წინ იჯდა და სავარაუდოდ მხოლოდ ჩემი დედუქციის სურვილს ემორჩილებოდა. ძალაგამოცლილი და დაღლილი.
სულ ასე იყო. მისი ცეცხლოვანი დიონისური ფოიერვერკები ანთებული თვალებით და პოსტმოდერნისტული ტექსტებით, რამდენიმე დღე ცას ანათებდა, ქუჩას და კედლებს აზანზარებდა, ჩემს სულს ამოთქმის საშუალებას არ აძლევდა, ჩემს გრძნობებს ყელთან ახრჩობდა, ბრაზს და სიხარულს ერთნაირ ფერად აქცევდა, ნიცშეანური შიზოფრენიით მიწიდან აცილების სურვილით გიპყრობდა. ეს მისი ხელჩაჭიდებული როკვა იყო წარმოსახვით ბახუსთან ერთად. მხოლოდ მისი სოლო და ზეცნობიერი კომპოზიციის საფინალო ნომერი. მეორე დილით, მისი სხეული, ამოცლილი ყველა პოეტური სიტყვისგან, დაღლილი თვალებით, უკვე სხვა რეალობიდან გიყურებდა. თითქოს იყავი, ან არ იყავი. თითქოს პანსიონის უნიფიცირებულ მედდად იქეცი და ვიღაცის დაფლეთილი სხეული აღსადგენად მოგიტანეს, რომელსაც ხანდახან შეიძლება დაელაპარაკო კიდეც. ფრთხილად. ძალიან ფრთხილად, რომ უცებ მხეცმა არ გაიღვიძოს ნაგვემ სხეულში.
დიონისური აღლუმების მერე, მისი ენერგეტიკა - ყველა კუთხიდან ჩახჩახა, ათასობით რამპის თვალისმომჭრელი მცხუნვარებიდან ეკონომიურ რეჟიმზე წყნარად გადადიოდა ერთი ნათურის სევდიანი განათებით. ავისმომასწავებლად.
ამ დროს არ იცი რა ქნა. გააგრძელო მედდად ყოფნა, თუ საკუთარ თავს უთხრა „მერე რა, რომ სცენაზე განათება გამოგირთო, მერე რა, რომ მისთვის სულ ერთია ვინ გაუკეთებს კოკარს.. უბრალოდ, დრო და უკეთესი სივრცე ჭირდება, როგორც ყველა ნამდვილ, ნიჭიერ ადამიანს თანამოაზრეების ძიებაში".
ჩემი საუბარი კი მხოლოდ ნაღველს ამძიმებდა, მელანქოლიის მშობ პატარა ნაზკანიან პარკს, რომელიც ასე უხდება შემოქმედებაში გაუმართლებლობებს.
ვინ ვარ მე „ჩვენი კინოდან"?
ქალი, რომელიც მარტივ წინადადებებს ვერ ამბობს. ქვეწყობილი სინტაქსის პერსონაჟი, რომელიც ქუსლიანი ტუფლის მარადიული სიყვარულის მსხვერპლად ფრჩხილზე სოკოს უვლის და ცხვირს მირამისტინის სპრეით დღეში სამჯერ იმუშავებს. რომელმაც წელს პირველად მისი წილი რუჯი და მზით დამბალი გრიგოლეთის ზღვიდან ენდორფინების საგზალი „შემოდგომა-ზამთარი" ვერ წამოიღო. ქალი, რომელიც ნამდვილ ცხოვრებას ემალება. ხან კამიუს მერსოსთან აქვს ცალმხრივი რომანი, რადგან ავტორი უფრო მიუწვდომელი გონია, ხან არტოსთან - მისი სიგიჟისგან გადასარჩენად, ხან ცვეტაევას ცრემლებში ლესბოსური სიყვარულის ჯერ დაუდასტურებელი ეჭვით, ხან უბრალოდ ტირის, რომ ყველა ეს გენიოსი ერთად ყავს გვერდით „ამ ერთში" და მაინც ვერ გაამთლიანა.
ვინ ვარ მე „ჩვენი კინოდან"?
სცენარისტი, მსახიობი, პროტაგონისტის ასისტენტი, ოპერატორი, რეჟისორი თუ რედაქტორი? იქნებ აქაც, როგორც ნებისმიერი პროდუქტის წარმოებაში, სვოტანალიზია სტარტისთვის საჭირო? ორგანიზებულობა, მოქნილობა და მარტივი წინადადებებით მიზნებში გარკვევა სწორი დაფინანსების მისაღებად? იქნებ ეს სულაც არაა პიესა. არადა, დოკუმენტების მოწესრიგებაში ყოველთვის უძლური ვიყავი. მხოლოდ ძირითადი ტექსტი მენდობოდა.
იქნებ აქაც შაბლონის ცოდნაა მნიშვნელოვანი - როგორ იცხოვრო?
ვინ ვიყავი დღეს მისთვის როცა მისმენდა? მიღმურად. სხვათაშორის. აგრესიის და ალკოჰოლის ნარჩენებში.
ფაქტია. მე ვზივარ ჩემს შიშებზე კარმიკეტილი, მარტოობის ელეგანტური ხიბლით და ვოცნებობ აღარ დაბრუნდეს.
p.s. : მგონი ეს ბოლო უწყინარი აბზაცები „ჩვენი კინოდან" რედაქტორის სტატუსს მოუხდებოდა. ახლა მოვჩიჩქნი როგორი რედაქტორები ყავდა გოდარს, ტრიუფოს ან ვუდი ალენს და თუ ბედნიერი შემთხვევით, თვითონვე აკეთებდნენ ამ საქმეს, ჩავთვლი, რომ საშინლად გამიმართლა!
ისე, როგორც კატეგორიაში „ძალადობის მსხვერპლი", ძალიან ხშირად ვტოვებთ სიტყვა „სიყვარულს", ჩემს ეპიზოდშიც მთავარი სიტყვა გამოვტოვე. „ძალადობა". და სულაც არ გამოვიდა საშიში ამბავი. სულაც არ გამოვიდა ისე, რომ მკითხველი მისი გინების ხმაზე შეხტა და ჩემს ხორხთან მისი მთვრალი ხელის წვდომით წაიხრჩო. ვერ შევძელი ამაში მართალიც ვყოფილიყავი და ობიექტურიც.
საიდან მოდის აგრესია? რატომ არის ასე ხშირი დღეს და გუშინაც ალბათ? იქნებ ჩვენს ფუნქციებშიც თავიდანვე ვერ ვართ კარგად გარკვეული? იქნებ დედობაშიც უნდა ვიფიქროთ ამაზე?
ამაზე მომავალ ეპიზოდებში გავიხსენებ.
მე ვარ ქალი, რომელმაც საკუთარი ბედის გზა ბევრჯერ შეცვალა. დაიწყო და დაამთავრა. და ისევ დაიწყო. და თუ ცხოვრების ყმაწვილურ ასაკშიც, ღმერთთან არ გავრიგდი, რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილებით, ყველაფრის მიუხედავად, სულ ერთ სწორ გზაზე სიკვდილამდე ვივლი, სავარაუდოდ ტკივილის და ბრძოლის ბევრი ეპიზოდი დაიწერება. ბედნიერებისკენ სწრაფვა ქალის უფლებაცაა, მთავარია გინდოდეს ეს.