ისტორია N13
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





ალბათ არასდროს დამელევა მოტივაცია- ვწერო ადამიანებზე, რომლებსაც ქალთა ფონდ „სოხუმში" თანამშრომლობის დროს გზადაგზა ვაწყდები. ყველა ეს ბლოგი არის „ამბავი ნამდვილ ადამიანზე". მიუხედავად იმის, რომ თანამედროვე სამყაროში უკვე ბევრს არ უჭირს საკუთარი მიღწევების და განსაკუთრებულობის საჯარო ტრანსლირება, მიუხედავად იმის, რომ სოციალური ქსელი ხშირად მთელი სამყაროს მოტყუებასაც გვპატიობს და დროებით „გაეფექტებულ" სახეცვლილებებსაც, როდესმე, აუცილებლად, დაილექება ნამდვილი, ღირებული და მედიაწიგნიერების პოპულარიზაციაც ისეთივე შედეგს მოიტანს, როგორიც ერთ დროს - წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებებმა მოოიტანეს მუხლჩაუხრელი ღვაწლით.

ყველა ეს საერთო პლატფორმა, რომელზეც პლანეტის ნებისმიერი კუთხიდან ერთმანეთს საკუთარი სიტყვით, მოწოდებით, სლოგანით, სელფით თუ თიზერით ვუერთდებით, როდესმე - საუკეთესო და დროში გამძლე ისტორიების ეპოქალური არქივი გახდება.

ქალთა ფონდი „სოხუმი" ამ უზარმაზარ სოციალურ აბლაბუდაში დღეს უკრაინის დროშის ფერებიანი ავატარით იყურება და მისგან მონიშნულ ვირტუალურ კედელზე ბევრი ადამიანის ცხოვრების ეპიზოდებით საერთო ფაზლს აწყობს. ეპიზოდებით, რომელსაც ნამდვილად თავად ქმნის და ცვლის უკეთესობისკენ. ეპიზოდებით, რომელიც ქალების ტკივილებში გვატარებს დაუსრულებლად, უკეთეს შემთხვევაში, კი ტკივილიდან გამოსვლის სასიამოვნო ამბებს გვიკინძავს. და ეს, ობიექტურად, ფონდ „სოხუმის" ბიოგრაფიის გალერეაა.

ამ ბლოგში „უკეთეს შემთხვევაზე" ვყვები და ფონდის ტრადიციაზე- შუა გზაზე არასოდეს მიატოვოს საკუთარი ზრუნვის სუბიექტი.

სოფო იმ ქალების მრავალრიცხოვანი არმიიდან არის, ვინც სოფელში ცხოვრობს, მიწასთან ახლოს და დღის წესრიგიც უფრო აგრარული აქვს, ვიდრე ინოვაციური. სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, კი ჩვენი ფონდის პროექტები ნამდვილი ჯადოქრობაა, სიკეთის და სიხარულის დღესასწაული. „სოხუმელი ფერიები"(ფონდის თანამშრომლები) რეალურად ყოველ დღე, ფეხდაფეხ დადიან სოფლიდან სოფელში, ბენეფიციარიდან ბენეფიციარამდე, კარდაკარ და ეზო-ეზო და ასწავლიან, ურიგებენ, მოყავთ, უვლიან, აძლიერებენ, ახარებენ და მათ ცხოვრებაში მუდმივ მეგობრებად სახლდებიან.

ახლა ისევ სოფოს ამბავს ვუბრუნდები. ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ადამიანის, რომელსაც ქალთა ფონდმა „სოხუმმა"ქუთაისისგან საკმაოდ მოშორებულ, საკუთარ სოფელში ჩააკითხა ჯერ სასწავლო პროექტით, მერე ჭრა-კერვის საიდუმლოებები გაანდო, მერე საგრანტო პროექტის წერაში ტრენინგები ჩაუტარა, მერე გააბედინა, წაახალისა და დააწერია პირველი ბიზნესწინადადება მის ბიოგრაფიაში, მერე გამარჯვება ამცნო, საკუთარი საკერავი დაზგა და სხვა საჭირო აქსესუარები შეუძინა, მერე წარმოების გაფართოებაზე სიტყვა და საჭირო ინფორმაცია შეაპარა, მერე კომპიუტერთან მუშაობის მასტერკლასი დაუფინანსა და კიდევ ახალ მიღწევებს და აღმაფრენას პირდება!

ასე გარდაიქმნა სოფოს აგრარული დღის წესრიგი, თანამედროვე სამყაროს თანასწორ, წარმატებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ინოვაციურ ყოველდღიურობად. ასე შეიცვალა მისი ცხოვრება და პატარა სოფლიდან ბევრ სხვა სოფელს და ქალაქს დაუკავშირდა ულამაზესი თეთრეულით და აუცილებელი საოჯახო ნივთით, რომელსაც თავად ქმნის! აქვს ახალი კავშირები უკვე ელექტრონული ფოსტით, საკუთარი ფეისბუქფეიჯით არეკლამებს და ყიდის, იღებს შეკვეთებს და აფართოებს დისტრიბუციის ქსელს.

„გადის დრო, ვეჩვევი ახალს, გადავდივარ მომდევნო ეტაპზე და თითქოს კიდე მეტი მრჩება გასაგები, ასათვისებელი, წასაკითხი, სასწავლი. ამ შეგრძნებას ბედნიერება მოაქვს. ის, რომ დღეს მე საკუთარი ბიოგრაფია მაქვს, ჩემი შესაძლებლობების მოყოლა შემიძლია, ჩემი საქმის შეთავაზება და ანგარიშგასაწევ ადამიანად ვიქეცი ოჯახს გარეთ, უცხო ადამიანებისთვის, -ეს მთლიანად ფონდ „სოხუმის" დამსახურებაა! არც ვიცი, რა ფორმით უნდა გამოვხატო ცხოვრების ასეთ საჩუქარზე მადლიერება. ერთი მაინც უნდა ვთქვა - არასოდეს მიგვატოვოთ, გოგოებო, გააგრძელეთ ჩვენი მეგობრობა და სიყვარული! " - ამბობს სოფო, რომლის ცხოვრებაც (როგორც ბევრი სხვის), ქალთა ფონდმა 3 წლის მანძილზე რადიკალურად და წარმატებულად შეცვალა!

სოფოს შვილი ჰყავს, რომელიც სპეციალურ მზრუნველობას საჭიროებს. მისი საქმეც ამ საჭიროების უნისონშია: ოჯახთან ახლოს და დანარჩენ სამყაროსთან მუდმივ კავშირში ისე, რომ არავის მოაკლდეს მიჩვეული ყურადღება.

„მთლიანად ქალთა ფონდ „სოხუმის" დამსახურებაა კიდევ ერთი სიახლე ჩემს ცხოვრებაში -სწავლის წადილი, რომელიც ახლა წამოვიწყე და იქამდე გადავლახე ბევრი კომპლექსი, ბევრი შინაგანი დაბრკოლება . რადგან ერთია პრაქტიკული უნარები, მაგრამ მეორე- თეორიის ცოდნა, რომელიც სერიოზული კარიერისთვის აუცილებელია.

და დღეს უკვე კოლეჯის სტუდენტი ვარ! დავდივარ სოფელ ჯვარში, პროფესიულ სასწავლებელ „ლაკადაში", სადაც სამკერვალო წარმოების კურსს კვალიფიციური ლექტორ-მასწავლებლები მიკითხავენ. ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ძალიან მომწონს და მინდა სულ შემეძლოს საკუთარი თავის განვითარებისთვის ბრძოლა. ეს ძალა საკუთარ თავში პირველად მაშინ აღმოვაჩინე, როცა ფონდ „სოხუმის" „დაძალებით" გავბედე და პირველი ბიზნესგეგმა დავწერე და გავიმარჯვე" -

ეს შეუძლია ქალთა ფონდ „სოხუმს"!

ეს არის მისი ერთ-ერთი უპირატესობა სხვა ორგანიზაციებთან შედარებით. მართლა ერთი ოჯახივით ამოზრდილი ადამიანების ერთობა, რომელმაც საკუთარი დევნილობიდან გამომდინარე, ზუსტად იცის, რას ნიშნავს ნამდვილი ზრუნვა ადამიანზე, რომ წელგამართულმა, დამოუკიდებლად ცხოვრების გზაზე სიარული განაგრძოს.

ეს არის ფონდ „სოხუმის" ობიექტური ტკივილიც და გამარჯვებაც.

სოფოს და სოფოს მსგავსი ასეულობით ბენეფიციარის ფერადი ავატარები, კი „სოხუმელი ფერიების" ხელდასმით და ხელჩაკიდებით, კიდევ ბევრი აინთება და დარჩება სოციალური ქსელის რუკაზე წარმატების ძიების პატარა, დამოუკიდებელ „სთორ"-ებად „ნამდვილი ადამიანების ცხოვრების" ელექტრონულ არქივში.

წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"