საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
სევდიანი ფაზლი



ავტორი:
ზეკო ხაჩიძე



11/11/2025

<<აქაურობა სულიერი სამოთხეა ჩემთვის, ხალხით და გარემოცვით. აქ დავიწყე პირველად ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება, ცოტა სხვანაირად რომ გადამედგა ნაბიჯები.. იქნებ სასიამოვნო მოგონებებიც მქონოდა. ახლა მხოლოდ სევდაა. სევდაა წარსულშიც და აწმყოშიც. ახლა ჩემი შვილისთვის და შვილიშვილისთვის ვიღვიძებ მხოლოდ .. >> - -ეს სიტყვები ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარის დედამ დაწერა. ერთი ოჯახიდან სამი თაობა იყო ერთად ამ ნარინჯისფერ სახლში ფონდ „სოხუმის“ ზრუნვის ქვეშ. შთაბეჭდილებებს ფსიქოლოგთან საუბრების შემდეგ, მათგან ყველაზე უფროსი ქალბატონი წერდა- ბებია, ვისგანაც რეალურად იწყება ძალადობაგამოვლილობის დრამატული და ჩუმი საგა. არადა, ჩვენს პროექტში, ის მხოლოდ ბენეფიციარის მეურვის სტატუსს ატარებდა...

როცა სარეაბილიტაციოში მოვიდნენ, ტრადიციულად, ჩვენმა ფსიქოლოგმა ბენეფიციარის ნატკენი სულის დამუშავებას მიჰყო ხელი. სეანსებს მისი მეურვე დედა და შვილიც ესწრებოდნენ. დროდადრო, ინფორმაციების დამუშავების და ანალიზის შედეგად, ეს სეანსები გაიმიჯნა და ერთის ნაცვლად, ორი რესპონდენტი ჩანიშნა ეკამ ინტერვიუზე.

აღმოჩნდა, რომ ქალი, რომელიც ჩვენს ბენეფიციარზე და მის მცირეწლოვან შვილზე ზრუნავს, თავად საჭიროებს თერაპიას. თავადაა ძალადობაგამოვლილი ჯერ ე.წ. სტოიკური დისციპლინის მამისგან, მერე კი მეუღლისგან, რომელმაც მთლიანად ჩამოაშორა გარე სამყაროს. ბავშვობაგამქრალმა, ახალგაზრდობითაც ვერ მიიღო მარტივი სიხარული ცხოვრებისგან. მორჩილებას და სიტყვის შეუბრუნებლობას მიჩვეული, ათეული წლები, იგივე მორჩილებაში და მდუმარებაში აგრძელებდა მეუღლის როლსაც. რამდენიმე წლის წინ დაქვრივდა. და მერე მთელი ეს ძალისხმევა ქალიშვილზე გადაიტანა, რომელსაც მენტალური და ბევრი სხვა პრობლემა დაუდგინეს ექიმებმა.

როცა ქალთა ფონდი „სოხუმი“ საველე სამუშაოებზე - საინფორმაციო შეხვედრებზე ოჯახის ამ სამ თაობას შეხვდა, ქალი სულაც არ აპირებდა საკუთარ პრობლემებზე საუბარს. მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენმა მოდერატორმა თქვა „ძალადობა ჩუმია“, ასწია თავი და თვალებით ითხოვა ცალკე საუბარი.

<<ეს სიტყვები გახდა პირველი ბიძგი, გულიდან მთელი ათწლეულების უთქმელი დარდი ამომეღო. ზუსტად მაშინ დავარქვი სახელი იმას, რაც მჭირდა - ჩუმი და დაგუბებული. მაგრამ არც იმ წუთებში მიფიქრია, რომ ჩემს შვილამდე და შვილიშვილამდე, მე მჭირდებოდა მხარდაჭერა და თერაპია. მეგონა, მათ დასახმარებლად დავარღვიე დუმილი და მათ დასახმარებლად ვითხოვე „სოხუმის“ გუნდისგან თავშესაფარი >>

დიახ, ყველაფერი ამის გარკვევა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ცხოვრების დროს მოხდა. ფსიქოლოგთან შეხვედრების მერე დალაგდა ძალადობის რთული ფაზლი. უსიყვარულო და უსიხარულო გარემოში დაიბადა ქალიშვილი, რომელსაც მენტალობა ადრეულ ბავშვობაშივე დაუზიანდა. მერე გათხოვდა. დედა ფიქრობდა, რომ ახალი ცხოვრება და ახალი ადამიანი იქნებოდა მისი გადამრჩენი. არადა, ცალკე დაღი დააჩინა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მოუმზადებელ ახალგაზრდას ცოლ-ქმრულმა კავშირმა, ახალმა წესმა, რომელიც ტანჯვად იქცა და არა სიყვარულის ფორმად. გაჩნდა შვილიშვილიც - ასევე პრობლემებით, რომელზეც ახლა ქალები ერთად ზრუნავენ. ზრუნვის ჯანმრთელ ფორმებსაც ახლა თავიდან სწავლობენ ანბანივით „სოხუმის“ გუნდის და მსგავსი ორგანიზაციების მხარდაჭერით. არაა ადვილი სამყაროს ახალ ფერებში თვალი გაუსწორო. ყველა თაობის დანაშაულს, ან ფარულ ტრავმებს ერთად ახადო ფარდა და ძლიერად შესუდგე აღმართებს. აქაც ხშირად კინკლაობენ, ეწინააღმდეგებიან, ეკამათებიან ერთმანეთსაც და ფსიქოლოგ- მასწავლებლებლებსაც.

სევდიანი საგის დრამატული ფაზლიც ასე აიწყო : დედამ, რომელიც მამის ძალადობის მსხვერპლადქცევა მოძალადე მეუღლის სასტიკ რეჟიმში ათეული წელი ხმისამოუღებელი მორჩილებით გააგრძელა, გაზარდა შვილი - ტრავმებით და მენტალური პრობლემებით დახუნძლული, რომელიც თავად იქცა მეუღლისთვის მოძალადედ (ამ პერსონაჟზეც ჩვენმა ფსიქოლოგმა გვიამბო, რომელიც ახლა ქვეყნიდან შორს, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და პრაქტიკულად ცოლის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის და შანტაჟის ტყვეა).

ფაქტია, ასეთ რთულ ქეისებს (როგორც ვეძახით ხოლმე), სარეაბილიტაციო სახლში ყოფნის უნივერსალურად მზრუნველი გარემოც ვერ „ასწორებს“ მყისიერად, მაგრამ ავლენს მთავარ პრობლემებს და მხარდაჭერის მომდევნო ეტაპზე გადაჰყავს ბენეფიციარი. ჩვენი ბლოგის გმირები „სოხუმის“ ფსიქოლოგთან აგრძელებენ ურთიერთობას. ბუნებრივია, რაღაცის სჯერათ, რაღაცაში დასარწმუნებლად კი მეტი დრო და კავშირი სჭირდებათ. მთავარია, რომ წარმატების ეტაპი პრობლემის გამოვლენაა, რომლის მერეც იწყება სულის სწორად „მკურნალობა“ და ჩვენი გუნდიც ასე აგრძელებს.

ჰოდა ის სიტყვები, რითაც ბლოგი დავიწყეთ და სამი თაობისგან ყველაზე უფროსმა, ჩვენს ფსიქოლოგს - ეკა ხაინდრავას დაუტოვა, - ეპილოგადაც გვინდა, რადგან ასეთი „გაღვიძებით“ იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი სწორედ:

<<აქაურობა სულიერი სამოთხეა ჩემთვის, ხალხით და გარემოცვით. აქ დავიწყე პირველად ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება, ცოტა სხვანაირად რომ გადამედგა ნაბიჯები.. იქნებ სასიამოვნო მოგონებებიც მქონოდა. ახლა მხოლოდ სევდაა. სევდაა წარსულშიც და აწმყოშიც... მაგრამ აქამდე, არავის უკითხავს ჩემთვის ის, რაზეც თქვენთან ვილაპარაკე. აქამდე არც მიფიქრია, რომ ძალადობაგამოვლილი ქალი ვარ და ჩემს შვილთან და შვილიშვილთანაც ახალი ურთიერთობის ფორმებია საჭირო.. გპირდებით, მოვძებნი ამისთვის ძალას. მადლობა, ძვირფასებო. მივდივარ თქვენგან და ვაგრძელებ თქვენთან მეგობრობას ახალ ცხოვრებაში..>>