იმდენი ხანია აღარ დამიწერია ქალებზე, რომლებიც იბრძვიან. იბრძვიან ქუჩაში და სახლში. იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, გაძლიერებისთვის, აღიარებისთვის, მნიშვნელობითვის! ქალებზე, რომლებიც ჩემს ბლოგებში ფონდმა “სოხუმმა” შემოიყვანა. და მე ვნახე ადამიანები, რომლებიც წამოდგნენ და გზა გააგრძელეს! მერე კიდევ იკითხავენ, “რა გაუკეთებიათ ამ ასობით ორგანიზაციებსო?” მე გეტყვით, ოღონდ, ქალთა ფონდ “სოხუმის” საქმეზე და გუნდზე. გეტყვით, რაც ვიცი და მინახავს, მომისმენია და ჩამიწერია.
ლიკა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც “სოხუმის” სარეაბილიტაციო ცენტრს, ჩემს საყვარელ ნარინჯისფერ სახლს, სადაც სულ სითბო და სიცოცხლის არომატებია, მეორედ სტუმრობდა. მარტოხელა დედა. ფსიქოლოგიური ძალადობის ნაშთებით (ახლა უკვე). ტრენინგზე ვნახე. ახალს სწავლობს, საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებაზე ოცნებობს, რასაც ისევ “სოხუმის” გუნდი აორგანიზებს მისი ბენეფიციარებისთვის.
“გზადზაგზა იმდენი კარგი ადამიანი მხვდება.. თითქოს ყვავილებია”- მითხრა, როცა საუბარი დავიწყეთ. უცნაური შეფასება იყო. უცნაური და პოეტური.
პატარა ქალაქში ცხოვრობს. შრომობს. მარტო და თავდადებით. როგორც კი ქმარს გაცილდა, მალევე მოუწია ქალთა ფონდ “სოხუმთან” ურთიერთობა. ესეც ბედი იყო. “ლელა ჯალაღონიამ ხელი ჩამკიდა და მის შემდეგ ცხოვრება შეიცვალაო” - ამბობს პროექტის ასისტენტზე, ლელაზე, რომელსაც მართლა ასობით ქალის ტკივილი აქვს მისებურად დაშუშებული და გულთან მიტანილი. ეს კავშირები არასდროს წყდება. ასეთია ლიკაც.
პირველად სარეაბილიტაციო ცენტრში ჩამოსვლის დროს “ბინდმა დაიწყო გონებიდან გადაწმენდა” (ლიკას ციტატა)..მანანა დეიდას იხსენებს, ჩვენს ფსიქოლოგს, არაჩვეულებრივ ადამიანს, რომელმაც პირველმა შეაშველა პროფესიული გამოცდილება წამოდგომის მსურველ გოგოს. დაბრუნდა მის ქალაქში და ენერგიით სავსემ დაიწყო კერვა, დამოუკიდებელი განაცხადი გააკეთა. თანაც იქ, სადაც სულ ერთიდაიგივე ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, ძალიან ძნელია საზოგადოებას ახლებურად გააცნო თავი. “ამ ეტაპის დასაწყისი ყოველთვის დაკარგულიაო”, მეუბნება, - “არ ჩანს, მაგრამ გაგრძელება აქვს თუ არ დანებდებიო”, და არ დანებდა! მიხვდა, რომ ავტორიტეტს მარტო კარგი პროფესიაც არ ქმნის. მთავარი დედობის ფუნქციაა და შვილების მოსმენაც ისწავლა, როცა ემოციური ფონი ჩაუმშვიდდა.
მანამდე ბევრი სტრესი გადაიტანა, ბევრი იტირა. თვითონაც მშობლების კონფლიქტში გაზრდილი შვილი იყო. იცოდა, რასაც ნიშნავდა ეს, მაგრამ მაინც ვერ დაიცვა საკუთარი ოჯახის ბედი. ასეც ხდება..
მერე ისწავლა საკუთარ თავთან დიალოგიც, გარჩევა - რას ითხოვდა ხალხი მისგან და რეალურად რა უნდოდა თვითონ, როგორი ცხოვრება შეექმნა, რისი მიღწევა, რაში განვითარება და წინსვლა. შვილები და საქმე, სადაც არც მარტო დედა ხარ და არც მარტო ხელობის მცოდნე ადამიანი. მეტი ხარ, ხელოვანი, საკუთარი სამყაროს მატარებელი, ურთიერთობისთვის სასურველი, მოსასმენად და აზრის საკითხად საჭირო… ასე დაიწყო განვითარებისკენ სვლა. დაასრულა იმაზე ჯავრი, ზამთარში, ყინვაში, ნაჯახით ხელში ქალი რომ შეშას ჩეხავს, ეს მისი ვალდებულება რომ ხდება და გაუხეშებს. “გაასუფთავა ტკივილებისგან წარსულის გზა” (მისი ციტატაა), შვილებისთვის წმინდა მისიად გარდაქმნა ეს ტკივილი და ამ აზრმა მეტი სიხარული მოუტანა.
ქალთა ფონდ “სოხუმში” ორივეჯერ შვილებთან ერთად იყო და სულ სხვა გამოცდილება მიიღო კარგი ადამიანებისგან.
ჩემი მგრძნობიარე რესპონდენტი იმასაც ხედავს, რომ საკუთარი პროფესიული განაცხადით კაცებთან კონკურენციაში შევიდა. “ტრუსიკების მკერავს მეძახიანო”- იღიმის, მაგრამ ამის გამო აღარ ვარდება დეპრესიაში, აღარ ეცემა თვითშეფასება, რადგან იცის, რომ ქალთა ფონდ “სოხუმში” და მის ნარინჯისფერ, ემპათიით სავსე სახლში ის ადამიანები არიან, ვისთვისაც სულერთი არაა ლიკას სიცოცხლე და განცდები. აქ დაიჯერა, რომ მნიშვნელოვანია. უბრალოდ, მისი არსებობაა მნიშვნელოვანი და ამის გააზრებით სუიციდური ფიქრებიც ნელ-ნელა გალია ტრავმული გონებიდან.
ახლა ბიზნესპროექტის დაწერას სწავლობს. ცდილობს წინ წავიდეს, იკითხოს, გაიზარდოს, უკეთეს საფეხურზე ავიდეს, მერე კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და გაიმარჯვოს! ეს პერსპექტივაც ქალთა ფონდმა “სოხუმმა” აჩუქა.
ამ წლის იანვრის თვეში ისევ ესტუმრა სარეაბილიტაციო სახლს. იას ნიჭიერებამ და წესრიგმა, სითბომ და ყურადღებამ მოხიბლა, ყოველდღე ახლის სწავლამ და განსაკუთრებულმა ემპათიამ. ფსიქოლოგიც არაჩვეულებრივი გაიცნო. მანანა დეიდას შემდეგ, რომელიც მისი პირველი სულიერი მეგობარი გახდა წლების წინ, ახლა სალომეს რჩევებით მოიხიბლა.
კარგის მაძიებელი ადამიანია ლიკა, პოზიტივის, რომლითაც ცხოვრების ტკივილებს აფერადებს და უვლის, ეძვირფასება.
როგორ უნდა ვწერო იმაზე, რა ფასდაუდებელი შრომაა ორგანიზაციის, რომელიც ძალადობაგამოვლილ ქალებს თავიდან აჩვევს დამოუკიდებელ ცხოვრებას და მერეც უკან მიყვება მფარველად და მეგობრად, არ ტოვებს შუა გზაზე. როგორ უნდა ვამტკიცო ის, რასაც ლიკა მიყვებოდა ჩვენს შეხვედრაზე - რომ სწორედ აქ, “სოხუმის” გარემოცვით, მათი სიტყვით და საქმით დაიწყო თავიდან ცხოვრება, პირველად დაიძინა მშვიდად, შიშის გარეშე და იმედით, რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდებოდა და თვითონ ისწავლა ასეთი დღის შემოქმედობაც..
ასეთი ადამიანების თანამდგომია ქალთა ფონდი “სოხუმი” და ამ კეთილშობილ საქმეს აკეთებს უკვე სამი ათეული წელია. ფონდი, რომელმაც მშობლიური კერის დაკარგვის ტკივილი სხვებზე მეტად იცის და თავიდან ცხოვრების დაწყება, მისი პირადი ისტორიაა! ამიტომაც არის “სოხუმელების” რეალური წარმატება სხვების “წარმატების ისტორიების” შექმნა - ქალების, რომელბმაც ფეხზე დადგომაც ისწავლეს და წინსვლაც!