რამდენიმე ხნის წინ ქართული მინისერიალი ვნახე „მსხვერპლი“. როცა მსახიობებს შევხედე, გამახსენდა, რომ გადაღება ქუთაისში მიმდინარეობდა, პაატა ინაურს ვხედავდი ნინიკო ჭოლაძის „კოფი ბინის“თან, საღამოობით. მითუმეტეს დამაინტერესა.
პირველივე სერიიდან გასაგები იყო, რომ თემა ძალადობაა და ძალადობაგამოვლილი ქალის ბრძოლა საკუთარი სიმართლისთვის. ესეიგი ის, რაზეც ხშირად ვწერ, რაზეც მუშაობს ქალთა ფონდი „სოხუმი“ და როგორ ტრავმებსაც აშუშებს მისი სარეაბილიტაციო ცენტრის პროფესიონალთა გუნდი.
მთავარი გმირი (ვერონიკა კალანდარიშვილი) ინგლისურის პედაგოგია, ახალგაზრდა ქალი საკუთარი ბიოგრაფიით და არცისე მარტივი ხასიათით. ისეთია, როგორიც ბევრი - ფიქრიანი, განათლებული, თავისუფლებისმოყვარე, ფრთხილიც.. რადგან დასაწყისშივე ტოვებს პარტნიორი. ესეიგი ცხოვრების წესიც ეცვლება. დაშორება ცივილურია, ზედმეტი ემოციების გარეშე და მეგობრებად დარჩენის ზომიერი დაპირებით. თითქოს მინიშნებაა, რომ მსგავსი ტრავმა პირველი არ არის. და იწყება ახალი დღის მოლოდინი. შეპარვით. არც რაიმე განსაკუთრებული ვნებების ფრქვევით. უბრალოდ, ახალი ცხოვრება და შესაბამისად, ახალი პერსონაჟით (პაატა ინაური) - ქვრივი ქირურგი, - მაღალი პროფესიული რეპუტაციით და ბევრი კარგი ქცევის წესით. პირველივე შეხვედრის ფინალი მოულოდნელია. გოგო ექიმს გაუპატიურებაში სდებს ბრალს და მთელი სამყაროს წინააღმდეგ იწყებს საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლას..
ცალკე თემაა რატომ აირჩია რეჟისორმა (ლაშა ცერიაშვილი) ქუთაისი ამ გმირების და ანტიგმირების მშობლიურ ქალაქად, მაგრამ მე სერიალმა ერთი ჩვენი ბენეფიციარი გამახსენა, რომელიც საკუთარ სიმართლეზე ყვებოდა და იქნებ მეც კი, ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენებოდა ძალადობის არსებობა იმ მამაკაცის მხრიდან, რომელსაც რესპექტაბელური იმიჯი აქვს საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ დავფიქრდი რა არაერთგვაროვანია ძალადობის ქრესტომათია და რამდენ ემოციურ შრეს ფარავს მილიონობით ურთიერთობა, სადაც ქალი ასე უსამართლოდ იკიცხება და ხშირ შემთხვევაში საკუთარ სიმართლეშიც ეჭვდება, თუნდაც უსაფუძვლოდ, რადგან ემპათია არ არის მათ მხარეს. მითუმეტეს, თუ ეს ისტორია ცნობილ და სხვებისთვის საპატივცემულო მამრებს ეხებათ.
მოკლედ, მეც მყოლია ასეთი რესპონდენტი, ჩვენი ბენეფიციარი. ბევრჯერ დამისვამს ერთიდაიგივე შკითხვა მეტი სიმართლის მისაღებად და მაინც მიფიქრია, რომ იქნებ მისი მგრძნობელობაა „ზომაზე მეტი“.
პატარა ქალაქში ცხოვრობდა. პატარა ქალაქში, კი თითქოს ყველას დაბადებიდან აკუთვნებენ სოციალურ საფეხურებს და მერე ძალიანაც რომ მოინდომო, არც აგწევენ უფრო მაღლა და არც იმ საფეხურიდან ჩამოსვლას გაპატიებენ. ასეთ ზონებში საკმაოდ მკაცრია ცხოვრებაც და წინსვლაც. მითუმეტეს იმ ისტორიით ცხოვრება, რომელიც სიყვარულს, ან ძალადობის თემას ეხება. თითქოს ერთი და მხოლოდუშეცდომოდ გზის გავლის შანსი გაქვს, მეტი არა! უშეცდომობა კი მოგონილი ფასადია ბევრი შეცდომისთვის, რომელზეც ზოგს აქვს ინდულგენცია და ზოგს არა.
ჩემი ინტერვიუერიც ასეთი მოცემულობის „მსხვერპლი“ იყო. პატარა ქალაქს ვერც საკუთარი სიმართლე უთხრა და ვერც თავი გადაირჩინა, სანამ ქალთა ფონდ „სოხუმის“ კარს არ მოადგა..
აქ, ამ ზღურბლზე გადასულმა აღმოაჩინა ძალა, რომელიც სერიალის გმირისგან განსხვავებით, დაბადებიდან არ დაჰყვა. აქ, „სოხუმელებთან“ მიიღო პირველი ნდობა და თანაგრძნობა, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებთან ამეგობრებდა და ნელ-ნელა აძლევდა რწმენას, რომ ახალი ცხოვრება, ახალი სახელი და დამოუკიდებელი გზა, შესაძლებელია! არა, შესაძლებელი კი არა, მეტი - აუცილებელია! მისი მუქი ფერის ნახატები დროდადრო გაფერმკრთალდა და გათამამდა, ყვითელი, წითელი, მწვანე და იისფერი შეიძინა. ისწავლა ფიგურებთან ლაპარაკი, რომელსაც პოლიმერული თიხისგან ჯერ სევდის მოტივებით, მერე კი თანდათან სხვა გრძნობებით ძერწავდა და მიხვდა, რომ ხელოვნების ეს პატარა „სათამაშო“ მისი განცდების მკურნალიცაა და მისი მომავალი სათქმელიც!
ქალთა ფონდ „სოხუმს“ პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ბევრი წარმატებული ისტორია აქვს საკუთარ ბენეფიციარებთან. მეც ბევრჯერ მინახავას და მომისმენია. მათგან განსაკუთრებული ნიჭის მოწაფეები ამ გზას სიყვარულით აგრძელებენ და ბიზნესადაც აქცევენ ხოლმე. ჩემი ინტერვიუერიც „პატარა ქალაქიდან“ ზუსტად ის „განსაკუთრებულია“, რომელმაც „დღის ცენტრში“ მარტო ახალი პროფესია კი არ შეიძინა, საკუთარი ტრავმების მოშუშებაც ისწავლა ხელოვნების გზით.
როცა სახლში დაბრუნდა, მიხვდა რომ იქ „ცვლილებები“ არ უყვართ და მეტი ძალაა საჭირო - თავიდან დაიწყო საკუთარი სახელის შექმნა. იფიქრა და იქაურობის მიტოვებაც გადაწყვიტა! ქალთა ფონდ „სოხუმთან“ მეგობრობამ მისცა ამის ძალა, რადგან, ბიზნესგეგმის წერა ისწავლა, შექმნილი პროდუქციით სხვების დაინტერესება და რეალიზაცია შეძლო. დამოუკიდებელმა ფინანსებმა დამოუკიდებელი გზის დასაწყისი რეალური გახადა.
ასე დაიწყო მისი პატარა ოდისეა..
ჯერ თანამოაზრეების აღმოჩენით, შემდეგ ახალი პროფესიის შეძენით, მერე საკუთარ შესაძლებლობებში შეთამამებით და ბოლოს ნაბიჯით, რომელსაც „წარმატებას“ ვუწოდებთ.
ირმას ახლა აღარ სჯერა „პატარა ქალაქის“ უშეცდომო ცხოვრების წესის. სჯერა მხოლოდ იმის, რასაც თვითონ აკეთებს და ქმნის. ეს მისი სამყაროა, რომელიც წლითი წლობით იზრდება და ვითარდება, ძლიერდება, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზმი. ახლა უკეთ იცის, რომ „ავტორიტეტული კაცის“ ძალადობაგამოვლილს, პატარა ქალაქში აზრს მაინც ბევრს ვერ „შეაცვლევინებს“ და სხვა ქალაქში გადავიდა, სადაც მხოლოდ მოგონებაა ცუდი გამოცდილების და შეცდომების უფლებაც მეტია, რადგან ახლა თვითონაა ძლიერი და დამოუკიდებელი, ახალი დღის მოლოდინში! და მას აღარ უწოდებენ „მსხვერპლს!“ ის წარმატებული ქალია, რომელსაც საკუთარი საქმე აქვს, რომელიც ეამაყება და დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას აძლევს.
-რაა? სერიალი როგორ მთავრდება? სევდიანად. „მსხვერპლი“ სხვა ქერქშია და ეს ქერქი სიმართლისთვის მებრძოლ ქალს ვერ კლავს!