ჩვენ ვყვებით ქალების ტკივილიან ისტორიებს, რომლებმაც დაძლიეს შიში და ძალადობა და დაუბრუნდნენ სრულფასოვან ცხოვრებას. ვყვებით იმაზეც, რომ ქალთა ფონდი „სოხუმი" თავიდან აძლევს უსასოოდ დარჩენილ დედებს მოტივაციას და ძალას - ახალ გზებზე მტკიცე ნაბიჯის გადასადგმელად.
ასეთი წარმატების ისტორიებით სავსეა ფონდის პროფესიული მეხსიერება.
დღეს, ამ ბლოგში, ერთი ადამიანის (მსხვერპლის) სევდიანი თავგადასავალით, მოგიყვებით დასაწყისს და დასასრულს იმ ურთიერთობისას, რომელსაც „შედეგს" და „არქივის ქეისს" ვუწოდებთ.
ეს ამბავი ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც ჯერ კიდევ შედარებით მყიფეა ძალადობის მსხვერპლისთვის საჭირო, ადგილობრივი ხელისუფლების სერვისები, სადაც ჯერ კიდევ მკრთალია საზოგადო ემპათიაც და სენსიტიურობაც გენდერული თემის მიმართ.
ახალგაზრდა წყვილი სიყვარულით დაქორწინდა. გრძნობებიც საკმარისი იყო, მომავლისკენ სწრაფვაც და ოცნებებიც. ნათიას დედამთილი მათ სახლში არ ცხოვრობდა. გაყრილი იყო მეუღლესთან. ქმარი, კი მძაფრად განიცდიდა დედის რეპუტაციას, ცხოვრების წესს. თავიდან თითქოს ეს განცდები არ იყო ახალი ოჯახური ურთიერთობის განადგურების მიზეზი. ვერ უნდა ყოფილიყო. ყველა შეყვარებულს გონია, რომ ამ ტკივილებს ადვილად მოერევა. არ გამოვიდა. ნელ-ნელა ცოლის მიმართ დამოკიდებულებაც გამძაფრდა, ეჭვით და უნდობლობით კამათი გახშირდა, არაფხიზელი მდგომარეობები თითქმის ყოველდღიური გახდა და ფიზიკური ძალადობაც დაიწყო. ფხიზელ გონებაზე თავიდან უხსნიდა სიყვარულს ცოლ-შვილს, არეული გონების დროს, კი ხან სკამზე აბამდა და ისე ცემდა, ხან სხვებთან ერთად აყენებდა აუტანელ შეურაცხყოფებს. მისთვის აკვიატებად იქცა, რომ ყველა ქალი „მიმტოვებელი და მოღალატე" დედის ხატია.. რამდენჯერმე თვითდაზიანებაც სცადა. ამ ფაქტების და კიდევ უფრო უარესი ძალადობების გამო, შემაკავებელი ორდერიც რამდენჯერმე მიიღო, თავისუფლებაც აღეკვეთა. მერე ციხიდან გამოვიდა და სახლი გადაწვა შანტაჟის და ცოლის დაშინების მიზნით.
როგორ გრძელდება ამის მერე ცხოვრება იმისთვის, ვინც იჩაგრება, ვინც ძალადობის მსხვერპლია?
ჩვენ, ქალთა ფონდ „სოხუმის" გამოცდილებებიდან, ნათიას ისტორიაზე, ამ ერთ კონკრეტულ მაგალითზე მოგითხრობთ:
ნაბიჯი #1 - იდენტიფიცირება
ქალთა ფონდ „სოხუმის" მობილიზატორი რიგით საინფორმაციო შეხვედრას ატარებდა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. როგორც ყოველთვის, ადამიანებთან მუდმივ კავშირში, ის ხსნიდა ძალადობის ფორმებს, პრევენციის მეაქნიზმს, რა დროსაც, ნათიას დაძაბული მზერა და უხერხული გრიმასები შენიშნა. როგორც კი შეხვედრა დასრულდა, სცადა საუბარი მხოლოდ მასთან განეგრძო. დიალოგი გამოვიდა. ნათიამ ჩვენს მობილიზატორთან გულისხმიერი კონტაქტის შემდეგ, აღიარა რომ შველა სჭირდებოდა.
ნაბიჯი #2 - პირველადი მხარდაჭერა
ნათიასთან რამდენიმე შეხვედრისა და სწორი კომუნიკაციის შემდეგ, ქალთა ფონდ „სოხუმის" წარმომადგენელმა მიიღო თანხმობა, პროცესი ყველა წესის დაცვით გაგრძელებულიყო. ეს ნიშნავდა ჩვენი ფსიქოლოგის და იურისტის პროფესიულ კონსულტაციებს, რაც ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სანდო მოვლენაა სრული სურათის მისაღებად.
ნაბიჯი #3 - რეფერირება და თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან
ქალთა ფონდის წარმომადგენელმა/მობილიზატორმა, მის მიერ იდენტიფიცირებული, ძალადობის მსხვერპლის პრობელემების მოგვარებისთვის მოლაპარაკებები დაიწყო ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გენდერულ საბჭოსთან. უმრავლეს შემთხვევაში, ეს პრობლემა ბინით უზრუნველყოფა- დროებითი თავშესაფრის მოძიებაა. იწერება განცხადება ქალთა ფონდ „სოხუმის" წამომადგენლების, ან სურვილის შემთხვევაში, თავად ბენეფიციარის მიერ, ფონდის პასუხისმგებლობის ქვეშ.
ნაბიჯი #4 - საჭიროებაზე მორგებული სერვისები - რეაბილიტაცია
ნათიას ქალთა ფონდ „სოხუმის" მიერ, გადაეცა „SOS" ღილაკის ფუნქციით აღჭურვილი ტელეფონი და 14 დღე, შვილებთან ერთად, განთავსდა სარეაბილიტაციო ცენტრში, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის და იურისტის მეთვალყურეობის ქვეშ. „ეს იყო ყველაზე მშვიდი და ბედნიერი დღეები ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ახალი აზრის და ცხოვრებითვის მამზადებდა. მიბრუნებდა იმედს და სიმშვიდეს. პირველად ვიღებდი ზრუნვას, რომელმაც ოჯახური ძალადობის ტკივილები მომიშუშა. დამავიწყა. ყველა იქ მყოფი ადამიანი, ყოველდღიურად, ფიქრობდა და მესაუბრებოდა, მივლიდა და მპირდებოდა, რომ წარსული შეიძლება დავივიწყო. რომ ახალი ცხოვრების დაწყება რეალური პერსპექტივაა. ამ დღეებში, ჩემს შვილებს ქონდათ საშუალება, პირველად ეცხოვრათ კომფორტულ გარემოში, დაძაბულობის გარეშე" - ამბობდა ნათია.
ნაბიჯი #5 - ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრება
სარეაბილიტაციო ცენტრის 14 დღიანი კომპლექსური კურსის შემდეგ, ნათია მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და ჩვენი მობილიზატორისა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შვილებთან ერთად, ნაქირავებ ბინაში განაგრძო ცხოვრება. ქალთა ფონდ „სოხუმის" ზრუნვა გაგრძელდა პატარების სწავლა-აღზრდის პროცესის განახლების, ადეკვატური გარემოს შერჩევის და ნათიას სამომავლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად. სამსახურის პოვნით და რეალური დასაქმებით.
ნათია ახლა, მის შვილებთან ერთად, ახალი ცხოვრების ეტაპზეა. აგრძელებს „სოხუმელებთან" ურთიერთობას და ცდილობს კიდეც, ჩვენივე მეგობრობით და გამოცდილებით, ახალი პროფესიული უნარები შეიძინოს და იმაზე უფრო საინტერესო მომავლისთვის ემზადოს, ვიდრე როდესმე წარმოედგინა.
ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს და რეალურად ვცვლით მათ ცხოვრებას!