ბედნიერი შეხვედრა



ავტორი:
ზეკო ხაჩიძე



25/02/2025

ხომ თითქოს ბანალურია, როცა ამ ფრაზას ვამბობთ - „დაკარგული ტალანტი“, არადა ჯერ კიდევ რამდენი ქალი იტანჯება ამ ტკივილით, რამდენს დააქვს განუხორციელებელი შესაძლებლობები და უნარი, - სხვებზე მეტის ქმნის, კვლევის, სწავლის, შემოქმედების.
სოფელში მცხოვრები ბევრი ჩვენი ბენეფიციარი ახლოს გამაცნო ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და აქაურმა საქმემ. თუ ჩვენს სარეაბილიტაციო სახლში არ ვნახულობდი ჩემს რესპონდენტებს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ვხვდებოდი, როცა კონკრეტულ პროექტებზე და ტრენინგებზე დავყვებოდი ლელას ან ხათუნას, თეას ან გურანდას, ემას. ისინი, წლებია, ასე დადიან, ნამდვილი მისიონერებივით და ძალადობაგამოვლილ, ან ძალადობაში მყოფ სხეულზე წყლულებს მკურნალობენ გაურკვეველი „ტრადიციისგან“ ჩაკეტილ, ან ნატანჯ ადამიანებს. პატარა სოფლებში ეს კიდევ უფრო რთული პროცესია. ამაზეც ბევრჯერ მითქვამს.. სინათლე შეაქვთ ბნელ და უჰაერობისგან დამძიმებულ გარემოში, მერე ამ სიბნელიდან წყნარად, ფაქიზად გამოჰყავთ და ახალ გზებს უკაფავენ „სახალხო ხმაურის“ გარეშე. ნამდვილი ქრისტიანული მსახურებაა. მარტო ქალების კი არა, მათი შვილების გადარჩენაც!
დაახლოებით, სამი წლის წინ, ლელამ ჩემი ბლოგის კიდევ ერთი პოტენციური პერსონაჟი გამაცნო სამეგრელოს სოფელში. დიდი კოლხური თვალები ქონდა, ღია ფერის, მკაცრი სახის ნაკვთები, ავი ცხოვრება რომ გამოგიძერწავს და გადაგიგვარებს პირვენდელ ფორმებს, ისეთი.. ხორბლისფერი კანი და კანზე ცოტა მუქი ფერის თმა. ხელებიც ნაშრომი, სიტყვაც მოუქნელი -ლაპარაკს რომ გადაეჩვევი, ისეთი. მითხრა, კი, არ მიყვარს ლაპარაკი, ან ვის ველაპარაკოო.. გამიკვირდა. სოფელში ყველა ერთმანეთს იცნობს. დილა შრომით იწყება. გათხოვება-თხოვებაც ახლო-ახლოს ხდება. თუ ხასიათში ცოტა სიამაყე გაქვს, რთულია კარგი ემოციების მოგონება. ნანა (ასე ერქვა ჩვენს ახალგაზრდა ბენეფიციარს) ექიმთანაც კი არ იყო ნამყოფი. „სოხუმელების“ პროექტი, კი ზუსტად ამ საგანმანათლებლო მისიით იყო ჩასული ე.წ. საზღვრის ახლოს მყოფ დასახლებებში. შეხვედრები ამბულატორიებში ხდებოდა, სადაც იქაური, არაჩვეულებრივი პერსონალი იყო - თითქმის გაღმერთებული - ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან. ექთანი მახსოვს, ასაკოვანი ქალბატონი, პირობით საზღვარს ყოველ დღე გადმოდიოდა, ყველა სეზონზე, თოვლში და წვიმაში, ქარში და ავდარში.. სპეტაკი თმით და საოცრად აკურატული, ხმელი აღნაგობის, სანდომიანი მზერით და ქცევით.
ისევ ნანას უნდა დავუბრუნდე. იმ დღეს პირველად იყო სახლიდან გამოსული ამ მანძილზე და რათქმაუნდა, პირველად იყო ამბულატორიაშიც. იჯდა უხმოდ, ვალმოხდილად და არა საკუთარი ინტერესით, მეზობლის ხათრით წამოსული ჩვენთან.
უსმინა ტრენერებს. უსმინა, რომ ქალისთვის აუცილებელია პერიოდული შემოწმება, კონსულტაცია. ისე იჯდა, პატივისცემას გაიძულებდა, მითუმეტეს, რომ არაფერზე ქონდა არც შეკითხვა და არც არავერბალური უკუკავშირი. თვალი არ მომიშორებია და დიდხანს ვაკვირდებოდი. მინდოდა ამომეცნო მისი სამყარო, რომელიც ასე მყარად ქონდა გარეშეებისთვის გადარაზული. ნელ-ნელა, ცოტა უფრო ახლოს მივედი და მის გვერდით გამოვნახე ადგილი. ასე დაიწყო ჩემს მეხსიერებაში ნანას ისტორია..
სკოლაში არაჩვეულებრივად სწავლობდა მათემატიკას და ფიზიკას. ოცნებობდა გამოგონებებზე. მშობლებიც ნიჭიერი ჰყოლია, მამა განსაკუთრებით. ის ამეცადინებდა ყველა საგანს და წარჩინებული მოსწავლე იყო ბოლომდე. სკოლის დასრულებამდე გარდაეცვალა მამა და დარჩა ობლად, როგორც სოფელში უმამო გოგოზე იტყვიან. მაგრამ გამომგონებლობაზე და სწავლის გაგრძელებაზე მაინც ოცნებობდა. როცა ამას ყვებოდა (არა, კი არ ყვებოდა, სიტყვებს ამბობდა და მე წინადადებებად ვკრავდი) , მკაცრი სახის ნაკვთები ურბილდებოდა და ბავშვური სილამაზე უბრუნდებოდა, გეფიცებით! მისი ოცნება სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში დასრულდა, როცა მომავალმა ქმარმა მოიტაცა და არც უკან მომბრუნებელი გამოუჩნდა პატრონად ვინმე.
გაჰყვა და მთლიანად შეიცვალა ნანას აწმყოც და მომავალიც. ცისფერთვალა გოგოს ცხოვრება „გამომგონებლობიდან“ ძალადობის მოგიერების დაუსრულებელ წლებად იქცა. შვილებიც გაჩნდა. ცხოვრების წესთანაც ზავი დაიდო. „მშველელს“ რა აიყვანდა იმ სოფელში. როგორც ხდება, ასეთი ძლიერი შინაგანი სამყაროს ქალს, როგორც შეეძლო, ისე კი ანგრევდა საკუთარი თავის არმომწონე ქმარი, მაგრამ თვითონაც ინგრეოდა. სმა და მენტალური პრობლემები უფროდაუფრო ხშირი ხდებოდა. ნანამ გადაწყვიტა, რომ ოცნებები ბავშვობას ჩაბარდა და აღარ გაუხსენებია წარსული. მანამდე, სანამ ქალთა ფონდ „სოხუმის“ მეორე და მესამე შეხვედრაზეც არ მოუწია მისვლა. ოღონდ უკვე არა მარტო „მეზობლის ხათრით“. მიხვდა, რომ აქ იყო მისი ახალი დაბადების მეორე შანსი და ასეც მოხდა.
„სოხუმელებს“ როგორ გამოეპარებოდათ უნარიანი ქალი, რომელსაც ბიძგი და გვერდით დგომა სჭირდება! ყველაფერი გააკეთეს: ჯერ ორი კვირით ქუთაისში, ჩვენს ჯადოსნურ ნარინჯისფერ სახლში „გამოიტაცეს“ და სული უშუშეს, თან ამ ნიჭით სავსე გოგოს ყოველდღე ჩასჩიჩინებდნენ, რომ მისთვის სწავლის გაგრძელების მიზანი გაეცოცხლებიათ და ყველა საჭირო ინსტრუქცია ჩაუტარეს, გასაუბრებებისთვის ფსიქოლოგიურად მოამზადეს, გადაწყვეტილება მიაღებიეს და კოლეჯშიც ჩააბარებიეს!
ნანამ თავიდან იგრძნო მისი ძველი შესაძლებლობები, რომელიც ეგონა, რომ აღარასდროს დასჭირდებოდა. სწავლა ძველებური შემართებით გააგრძელა, შვილების აღტაცებამ და პატივისცემამ წელში გამართა! „სოხუმელების“ პროექტით SOS ღილაკის ტელეფონიც მიიღო საჩუქრად, რამაც საინტერესო თემებზე წვდომაც გაუათკეცა, გარდა პირდაპირი ფუნქციის - დაცულად ეგრძნო თავი.
ახლა კიდევ ერთხელ მოვიკითხე ჩვენი ცისფერთვალა ბენეფიციარი, ამ ბლოგის დაწერამდე. ორწლიან კურსს ასრულებს. დიპლომიც მალე ექნება და საკუთარ საქმესაც წამოიწყებს. სიტყვების აწყობა აღარ დაგჭირდებაო, ლელამ მითხრა, ლაპარაკშიც ხალისი გაუჩნდა და უკუკავშირშიც, ბედნიერია ქალიო! იქნებ, ეროვნულ გამოცდებზეც გავრისკო გასვლაო, უთქვამს! რა ბედნიერებაა! იქნებ, მართლა აიხდინოს ბავშვობის ოცნება ნანამ! ამასაც გავიგებთ. ქალთა ფონდი „სოხუმი“ ხომ არასდროს ტოვებს მეგობრებს შუა გზაზე და მეც მისი „წარმატების ისტორიას“ უკვე სხვა დასასრულით მოვყვები მკითხველისთვის..