ის არც სახელს მალავს და არც სახეს. შთამბეჭდავია მისი დიდი თაფლისფერი თვალები. ღრმა. სახე ძველბერძნულის მსგავსი, სწორი ხაზებით. როცა სივრცეს უყურებს ცოტა მკაცრი ხდება და პატრიოტული, გაბედული. თუ შენს მზერას შეერია, მაშინ უეცრად სველდება და კანიც სიცოცხლის ფერს იკრავს.
გგონია სიტყვა-სიტყვით ჩაწერ მის საუბარს და ახალი პიესაც მზადაა. ყველა დროის ტრაგედიით. გადაუჭარბებლად. უსმენ და ყველაფერს სიუჟეტურად მიყვები, პერსონაჟები შემოდიან და გადიან, ჩნდებიან და ქრებიან, მთავარი გმირის ტკივილი არც იკლებს და არც იმატებს. იგივეა. სწორხაზოვნად მტკივნეული და სულისშემხუთველი.
როცა მაიკომ ბავშვობის მოგონებით დაიწყო, თვალგახელილმა დავიწყე მწვანე ეზოს, სოფლის და სახლის, ყვავილების და ბალახის წარმოსახვა. რაღაც ისეთის, რაც ყველასთვის ბედნიერების სიახლოვეა, მშობლების თბილი სუნია, და-ძმების სილაღის ხმები.. მაგრამ მაიკოს თხრობამ პირველივე სიტყვიდან ყველა კადრს „ბლარი" დაადო:
- ჩემთვის პრობლემა დაბადების დღიდან დაიწყო. და ასე მოვდივარ. სულ ჩხუბით, სულ ყვირილით, სულ პრობლემით. რატო - არ ვიცი, მაგრამ ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი. ერთხელ დედამ და მამამ იჩხუბა. დედა გაიქცა სახლიდან. მიუხედავად იმის, რომ არც დედისგან ნაფერები შვილი ვიყავი, ვიდარდე, ვიტირე უდედობა როგორც ალბათ ყველა ბავშვმა. მამაჩემმაც მოაბრუნა სახლში. მერე ისევ დაიწყო გაუთავებელი ორთაბრძოლები და ყოველ ჩხუბზე ჩემი ლანძღვა და ცემა - „შენი ახირების გამოა ისევ რომ ვტანჯავთ ერთმანეთს" - ასე ასრულებდნენ ერთმანეთთან კონფლიქტს და გრძელდებოდა ჩემზე ხან ერთის, ხან მეორეს რისხვა. უფრო მამის. გოგო ვიყავი და ამიტო. ხშირად მაგონებდა ამას.
- რა ასაკში მიხვდი, რომ მამასთან პრობლემა გქონდა?
- როცა დედა გარდამეცვალა. 15 წლის ვიყავი. ავარიაში დაიღუპა. იმ სახლის სახურავზე, სადაც ახლა ვცხოვრობ, დედაჩემის სისხლია. სახურავი მოქონდათ.
- და სიყვარული? შენი ოჯახი, როგორ შექმენი?
- იმ დღეს მამაჩემს პერანგები გავურეცხე. ის პერიოდი იყო, როცა ჩემი მომავალი ქმარი შეყვარებული იყო და ხშირად მირეკავდა. ტელეფონზე ბევრს ვლაპარაკობდით. დილით მამამ ზუსტად ის პერანგი მოითხოვა, რომელიც გაფენილი მქონდა და ჯერ ისევ სველი იყო. ამისთვის ლანძღვა და ჩხუბი დამიწყო. ტელეფონზე ლაპარაკს დაემთხვა ეს ჩხუბი. მეგონა გავთიშე და ისე ჩავიდე ჯიბეში. ჩემმა ქმარმა ყველა ის საშინელება მოისმინა, რასაც მამაჩემი მეძახდა. გული თუ არ გამისკდებოდა სირცხვილისგან, არ მეგონა, როცა გავიგე, რომ მე მარტო არ ვისმენდი ამ სიტყვებს მშობლისგან. ალბათ.. ალბათ არა, ფაქტია, გადაწყვიტა, დამხმარებოდა, წავეყვანე ამ ჯოჯოხეთიდან. მეც წავყევი. წავყევი და მეგონა წარსულში დავტოვებდი ყველა ტკივილს და შეურაცხყოფას...
- მამას რა პროფესია აქვს?
- პედაგოგია
- უი, რას ამბობთ..
- კი (იღიმება). სხვებისთვის იდეალური. ალბათ, ბევრს ვერ წარმოუდგენია ის, როგორია ჩემთან.
- მეუღლე?
- ცუდი ადამიანი არ არის. დედამისს არ ვუნდოდი. პირველივე დღიდან ასე შემაფასა - "ფოტოებში უფრო ლამაზი ჩანდაო". მოკიდე ხელი და მამამისი რომ მოვა, უკან გაატანეო. დამიწუნა და ჯოჯოხეთადაც აქცია ჩვენი ცხოვრება. მეორე ფეხმძიმობა გახდა გადამწყვეტი. არც პირველს გულშემატკივრობდა, მაგრამ მეორეზე ისტერია დაემართა. „მოიცილოს" - უყვიროდა ჩემს ქმარს. თან მეორეც გოგო რად უნდაო, ამბობდა... ალბათ ჩემი ქმარიც დაიბნა. წამოსვლა დავაპირე და ამით ბავშვის გადარჩენა. ვიცოდი, რომ მობრუნებით კარგ სამყაროში არ ვბრუნდებოდი. არჩევანი არ მქონდა. მეზობლების თანადგომა იყო დიდი და ალბათ ამის შერცხვა მამაჩემს, რომ უკან დაბრუნების ნება დამრთო. წამოვედი და დაიწყო შიმშილობის და შეურაცხყოფების მეორე ციკლი. მშრალ პურზე გადადიოდა მამაჩემი ხახვით, ნივრით და იმას არც ფიქრობდა, რომ ფეხმძიმეს და ერთ შვილიშვილს ასე თავის გატანა არ შეგვეძლო. ქმარს, რა თქმა უნდა, აღარ მოვუკითხივართ. მოკლედ ჯოჯოხეთები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ერთ დღესაც, ჩემი შვილის ჩვილობის ტანსაცმელს ვფენდი, მეორესთვის ვამზადებდი (ახლის ყიდვის თავი სად მექნებოდა) და მეზობლის ხმა გავიგონე, მეორე მეზობელს ეუბნებოდა - "ასეთ სიტუაციაში ეს საცოდავი ერთ ავადმყოფ ბავშვს გააჩენს და რა ეშველებათ ამათო".. ბოლო წვეთი იყო ჩემი შიშის და გვემის. გოგო დავაძინე და ყველა ბასრი იარაღით ვენები გადავიჩეხე.. მქონდა სიკვდილისთვის თავგანწირვა და მაინც, ეტყობა ბოლომდე ვერ გავიმეტე თავი და მძინარე შვილი. ისევ მეზობლებმა გადამარჩინეს.
...ყვებოდა მაიკო... თვალებში ვუყურებდი და საკუთარი თავიც აღარ მიყვარდა, როგორ გამომქონდა ეს სუსხიანი სიტყვები მისი სხეულიდან. შუბლი დამეღალა ჭმუნვისგან. ვოხრავდი დროდადრო და სუნთქვა მიძნელდებოდა. ვერ მივხვდი, რა ეპიზოდში შეიძლებოდა მეფიქრა - აი, ახლა განათდება. მისი სახის სწორი ხაზები ხშირად ცრემლებით მრუდდებოდა, მაგრამ აზრს არ წყვეტდა. ლაპარაკს აგრძელებდა ზუსტად ისეთი შინაგანი რწმენით, როგორი შემართებითაც ჩვენამდე მოვიდა. „მივალ!"- უთხრა თავს და გადაწყვიტა!
არ ვიცი, რა განათლება აქვს, რა მუსიკას უსმენს, როგორი გემო უყვარს, რომელი ქუჩა, ეზო, ქალაქი თუ ქვეყანა, მაგრამ ვიცი, რომ ორი აციმციმებული სიცოცხლის დარაჯია, მისნაირად ლამაზი ორი გოგოს ტკბილად მოლაპარაკე დედა. მათ დანახვაზე და ხმაზე ერთიანად ფერადდება და იზრდება. მუსიკა უჩნდება სიტყვებში და დიდ თაფლისფერ თვალებში ნოტები იწყებენ რხევას.
მაიკო- მავედრებელი ქალი.
დასრულებაზე ლოცვით. ხმამაღლა უთქმელით.
და ახლა ჩვენი ნაწილია, ჩვენი ფონდის ნაწილი.
- ახლა ისე აღარ მეშინია.....