ვაგრძელებთ ჩვენი ფონდის მოღვაწეობიდან პატარა ისტორიების თხრობას, რომელიც მარტო იმ ქალების ცხოვრებას კი არ ცვლის, ვისაც ჩვენ უშუალოდ ვეხებით, არამედ, მათ გარშემო ყველა ნაცნობის, მეგობრის, ნათესავის და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენისას..
ჩვენმა მკითხველმა იცის, რა კეთილშობილი აურაა სარეაბილიტაციო ცენტრში, ნარინჯისფერ სახლად რომ ვიხსენიებთ. მართლა მზით და მზიანი ადამიანებით სავსეში. რა ფერადია და სიცოცხლის არომატებით გაჯერებული ის ადგილი, სადაც ბედისგან ნატკენ ადამიანებს ვუამებთ სულს.
ახლაც ავედი და მოვინახულე ახალი ბინადრები. ორი ახალგაზრდა ქალი და ხუთი პატარა დამხვდა, ერთმანეთზე უკეთესები, ცისარტყელას ფერებივით სასიამოვნო და მშვენიერი. მწიფე საზამთროს მიირთმევდნენ და ერთმანეთში გამოცდილებას აზიარებდნენ, მძიმე ყოველდღიურობისგან თავისუფლდებოდნენ, იას დარიგებებს უკეთესი ცხოვრებისთვის მეხსიერების ბანკში ინახავდნენ, მანანა დეიდას ფსიქოლოგიურ შეგონებებს აანალიზებდნენ და მოსწონდათ, რადგან ამ თერაპიაში იყო მათი ხსნაც და დამოუკიდებელი მომავლის იმედიც.
ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რაშია ამ ჯადოსნური თავშესაფრის კეთილი საიდუმლო, რომელიც ძალას აძლევს სასოწარკვეთილ ქალებს და უბრუნებს დედობის და ადამიანობის ხიბლს?
ალბათ იმაში, რომ „სოხუმელების“ მთელი გუნდი, ერთ მუშტად შეკრული, მარტო ძალადობის პრევენციას და მისგან მსხვერპლის გამოხსნას კი არ ცდილობს, არამედ ახალი ცხოვრების სწორად დაგეგმვას ნატკენი ბედისწერის ადამიანებისთვის.
წარმატების ისტორიაში არ მინდა მათ კონკრეტულ პრობლემებზე ვწერო, მძიმეა ამის მოსმენა. არ მინდა ვწერო იმიტომ, რომ ნარინჯისფერი სახლიდან გასვლის შემდეგ, რეალურად სხვა, ბევრად უფრო ნათელი მომავალი იწყება ჩვენი ბენეფიციარებისთვის. ამ კედლებში მათი შვილები ახლებურად იწყებენ სწავლას, განსაკურებული მოდულებით, ანიკას მზრუნველობის ქვეშ; ახლებურად იწყებენ საგნების და მოვლენების აღქმას - ია მათ დედებთან ერთად, სულ სხვა ცხოვრების გემოს აჩვევს, საკუთარი თავის მეტ პატივისცემას, ერთმანეთის გათვალისწინებას და ემპათიას; მანანას თერაპიის სეანსებზე წარსულს აანალიზებენ და დასავიწყებელი ამბების რანჟირებას ახდენენ, შუშდებიან; იამზე სამართლებრივ ძალას აძლევს მათ სურვილებს და ჩვენი ბინადრებიც ახალ სუნთქვას იწყებენ, ახალი ძალით და ენერგიით გაღვიძებას, მსხვერპლის მჩაგვრელი ტყავიდან ნელა გამოსვლას, რადგან უკვე ახალი და ძლიერი მეგობარი ყავთ - ქალთა ფონდი „სოხუმი“ და #brot-ის მთავარი, კეთილი ფერიები: ხათუნა გოგუა და ლელა ჯალაღონია. სწორედ მათი ჯადოსნური ჯოხი გამოარჩევს ხოლმე საზრუნავ ბენეფიციარს, რომელიც ამ თბილ სახლში უნდა გადმოცხოვრდეს და ბევრი ახალი სითბო მიიღოს.
აგვისტოს თვეში, ჩვენი ბენეფიციარებისგან ერთ-ერთს, დაბადების დღე ქონდა. მას, ვინც სამ თვალხატულა შვილთან ერთად, მეუღლის ძალადობას დაეხსნა სწორედ ჩვენი ფონდის და #brot-ის პროექტის დიდი მხარდარჭერით. არც აღნიშვნას ელოდა, არც მისი სახელობის ტორტს და ნუგბარს, არც ფერად ყვავილებს და არც ლამაზ მისალოც ბარათებს, რაც სიურპრიზად მოუმზადა „სოხუმელების“ გუნდმა. ასეთი ბედნიერი დედა საკუთარ დღსასწაულზე ჯერ შვილებს არ უნახავს! ასეთი ბედნიერი დაბადების დღე მაკას არ ქონია ბავშვობის მერე!
ასეთი წარმატების და ზეიმის მოზიარე ხდება ჩვენი ნარინჯისფერი სახლი ყველა ახალი ბინადარის აქ ცხოვრების დროს. აქედან წასულებიც არასოდეს ივიწყებენ „სოხუმელებს“: მათი ცხოვრების მთავარი და ბედნიერი ცვლილების ნამდვილ შემოქმედებს, რომლებიც აქ რეაბილიტაციის შემდეგ, ახალ პროფესიებსაც ასწავლიან ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ახალ უნარებსაც უვითარებენ და ხშირად, დიდი წარმატების პერსპექტივებსაც უქმნიან დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე.
ჩვენ ძალიან ბევრი ქალის წარმატების ისტორიის ავტრები ვართ...