მზია ბაღდათზე ფილმის გადაღების დროს გავიცანი.
ქალთა ფონდ „სოხუმის" დღის სარეაბილიტაციო ცენტრში გადიოდა მონდომებით პოლიმერული თიხის კურსს. რესპონდენტებს ვწერდი და მისმა არაერთგვაროვანმა კომენტარმა წამით შემაყოვნა. თან პერსონაჟი მჭირდებოდა და იქვე ვთხოვე, მის სახლში ავეყვანეთ გადასაღებად. არც ისტორია ვიცოდი მზიასი იმ წუთს და არც მისი ეგზოტიკური ეზო-გარემო..
კარგა ხანს დავდიოდით ახალ და ძველ სახლს შორის წყნარად და აზრების გაცვლით. მეუბნებოდა, რომ ამ ორ საწყისში მოძრაობით იღებდა ნამდვილ ენერგიას. ვუყურებდი, ვუსმენდი გულისყურით და მაინც მიკვირდა - რამდენჯერ უნდა გამაოცოს მისი „აღმოჩენილი" ქალებით ჩვენმა ფონდმა...
ყველაზე მეტად მზიას სწავლის წყურვილმა აღმაფრთოვანა. კოლეჯ „იბერიაში" პერმანენტულად სხვადასხვა პროფესიას ეუფლება. გაიარა მემცენარეობის, მარან-მასპინძელის პროგრამა, მეფუტკრეობა, ბუღალტერია.
„ეს თერაპიაც არის. არ ითრგუნები ამხელა სივრცის ცქერაში. ბრძოლაც საჭირო იყო. სიყვარულიც მქონდა. იღბლიანი რომ ყოფილო, გათხოვილიც ვიქნებოდი და შვილებიც მეყოლებოდა, რაც მთავარია".
მზია სოფელ დიმში ცხოვრობს. მის სამოსახლოს ბაღდათის მთაწმინდას ეძახის.
უცნაური ცხოვრება ქონდა. 13 წლისას მამა გარდაეცვალა, 18 წლის ასაკში დედაც დაკარგა. ახლა მშობლების მიწაზე დგას და აქედან წასვლა აღარ უნდა. მემკვიდრეობის მისაღებად უკვე იბრძოლა და კიდევ გაივლის მსგავს გზას, რომელზეც მარტოხელა ქალი ყოველთვის დაჩაგრულია.
„ძმამ ძმას დაუწვა სახლი, იმის გამო, რომ არ გყავსო მემკვიდრე. მე აკვანში ვიყავი ამ დროს. გოგო ვიყავი და მემკვიდრედ არ ჩამთვალეს. ანუ, ბრძოლის ვალდებულება დაბადებიდან მერგო".
შენ ვინ დაგიჯერებს, ქალს? - ეს ფრაზა მისი ცხოვრების თანამდევი გახდა. ეცადნენ, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა ვერ დააკარგიეს.
დაცინვას, მისი ტკივილების და ცხოვრების გაუფასურებას, არასერიოზულად განხილვასაც მიეჩვია ზურგს უკან. „ამით გვერდით დგომის მოვალეობისგან ითავისუფლებდნენ თავს და სინდისს" - დარწმუნებულია თვითონ და თან მეუბნება, რომ ეჭვი და უნდობლობა მის ბავშვობიდან ლაღ ხასიათში ადამიანებმა ასე გააჩინეს, მაგრამ ამით, პარალელურად, თავის დაცვაც და თავის გადარჩენაც ასწავლეს.
„სამი წელი ვარძიაშიც ვიყავი, დედათა მონასტერი რაც არის ახლა იქ, ვარძიაში, მე ვარ მისი პირველი საფეხური. ჯიუტი ვარ. ხან ძლიერი მხარეა ეს ჩემთვის, ხან სუსტი. როგორც ხდება. ჩემი სიჯიუტე რომ არა, მეუფე სერგის იქ აღარ უნდოდა სამონასტრო კომპლექსი. ბრძოლები იყო ყველგან. მოდიოდა აზერბაიჯანელი, მოდიოდა სომეხი, მოდიოდა რუსი და ყოველ დღე ვამტკიცებდით, რომ ეს საქართველო და ქართული იყო.
არც მონაზვნობისთვის ვიყავი მზად და არც რწმენაში ვარ თავმომწონედ ძლიერი. მაგრამ ცოდნის მიღება მაინტერესებს. შეცნობა ვისწავლე თითქოს".
როცა სოფელში ისევ დაბრუნდა, ღმერთის ნიშნებს მისდია. წაქცეული სახლის მიწაზე თუ „მწარე" (ველური ვაზი, რაზეც სხვა ჯიშები უნდა დაამყნა) გაიხარებდა, თავიდან დაიწყებდა ცხოვრებას, ააყვავებდა და მოაწესრიგებდა აქაურობას. მამის ხელს და ტრადიციას გაიხსენებდა, რომელსაც სანაქებო ძელშავი, ციცქა და ცოლიკაური ქონდა გაშნებული წლების წინ.
და „მწარემ" იხარა ნასახლარზე!
„მერე თანდათან დავიწყე. ვისწავლე. არ მქონდა არაფერი. დავდგი გომური, ბოსელი. ცხვრებიც მყავს, საქონელიც. მაყვალი გავაშენე, აქ ჟოლო მაქვს დაწყებული, გავუსუფთავე მიდამო.
უკრაინაში გავდიოდი სხივურ თერაპიას, დონეცკელმა ქალმა მაჩუქა იქ ფული „სახლში რომ იქნები, მაშინ იფიქრეო, მითხრა". ვიფიქრე და იმით ვიყიდე ცხვრები. მას უყვარდა ცხვრები, მამამისს ქონდა ცხვრების მეურნეობა".
მერე ერთხელ პოლონელი ქალი ჩამოსულა სოფელში. ჰქონია ურთიერთობა მზიასთან. მაშინ მარტო წაქცეული სახლი იდგა ეზოში. სიზმარი უნახავს და მოუყოლია მზიასთვის, შენი მიწა იყო განათებულიო. ამის შემდეგ, კეთილი ადამიანების დახმარებით, ფერადი კოტეჯი, როგორც ახალი დღე, ისე „ამოვიდა" „ცალგვერდიან წარსულთან" ერთად მზიას გორაზე. პოლონელი ქალი სოფელში რომ ჩამოვიდა ისევ, ახალი სამზარეულოს ფარდები მოართვა საჩუქრად.
მზია ახლა ისევ აგრძელებს ოცნებას მომავალზე, საკუთარი ბიოგრაფიიდან ძლიერი ქალის ისტორიის დამკვიდრებაზე:
„სალონი უნდა გავაკეთო აქ შუშით. სამკერვალო, სტილისტის ოთახი და რათქმაუნდა, პოლიმერული თიხის პატარა სტუდია. ხეს და მიწასაც დავიცავ. ბავშვებსაც ვასწავლი იმას, რაც მე ვიცი. ხანდახან სტუმარიც მოვა და ხალხშიც გაიღვიძებს თანდათან ეს სიყვარული."
რაც მზია ვნახე, მის მერე ბევრი რამე შეიცვალა. უცებ. მტკივნეული მოვლენები განვითარდა არა მხოლოდ ჩემს გარშემო, ქვეყანაშიც. ისევ ყველა დიდი გამოცდის წინაშე დავდექით. ისევ ყველას ბრძოლა გვიწევს იმისთვის, რაც გვეგონა მიღწეული გვქონდა. და მახსენდება მზია, რომელიც მარტო დადის საკუთარ ძველსა და ახალს შორის, მებრძოლი, მისი ეზო-კარის თავიდან მომპოვებელი, მუხლჩაუხრელი და მისი ბოლო „დარიგებით" ვცდილობ ბლოგის დასასრულის გაძლიერებას, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ისმოდეს ეს სიტყვები :
„ქალებო, არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი, იყავით მტკიცე და ძლიერი! ბევრია ისეთი ქალი, თოხის ტარზე რომ დასვა, დიდ სოფლად აქცევს. ებრძვიან ასეთ ქალებს, მაგრამ არ დანებდეთ!"