ისტორია N30
მსხვერპლები
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





mostrerò a Vostra Signoria Illustrissima cosa può fare una donna - მე გაჩვენებთ, თქვენო უდიდებულესობავ, რისი გაკეთება შეუძლია ქალს! / არტემიზია ჯენტილესკი. მე-17 საუკუნის იტალიელი მხატვარი/

არაფერში იყო საჭირო ეს დიდებული ნახატი (ბლოგის ბანერს ვგულისხმობ) იმ ამბავთან, რომელზეც უნდა დამეწერა.. თითქოს..

ტრადიციულად ავედი ჩვენი ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრში ახალი სტუმრების გასაცნობად და ინტერვიუსთვის. ალბათ, გახსოვთ, აქ ძალადობის მსხვერპლი ქალები ირჩენენ სულს. ცოტა ხნით, მაგრამ მიყვებათ დიდხანს. ზოგს არჩენს კიდეც, კურნავს. გააჩნია შემთხვევას. გააჩნია ადამიანს, ვისი სულის რეანიმაციასაც ვიწყებთ.

ჩემმა რესპონდენტმა ვერაფერი თქვა. მძიმედ გრძნობდა თავს. მხოლოდ ისტორია ვიცოდი. როგორ გათხოვდა ახალგაზრდა, გრძნობებით, თუ ტრადიციულად - ამას იშვიათად ვიმახსოვრებ, რადგან წლების შემდეგ არავის უნდა თქვას, რომ „მარადიული კავშირი" სიყვარულის გარეშე გადაწყვიტა. არადა, ხომ ვიცით, რომ ასეც ხდება. ხდება და ესეიგი, შესაძლებელია მოხდეს.

მე მსხვერპლის ისტორიას ვწერ..

ისიც ცხოვრობდა ქმართან ერთად წლების მანძილზე. დიდი სიხარული და ვნებათაღელვა არ ჰქონია ამ „წმინდა კავშირში" და ესეც აუცილებელი რუტინა იყო - ანკეტის გრაფაში ჩასაწერი - „დაოჯახებული". ორი შვილიც ასეთ დამოკიდებულებაში აღმოცენდა. ქალის შრომა მეტი იყო, ვიდრე კაცის. პროპორციულად - კაცის აგრესიაც იმატებდა, თვითნებობაც, მუქარაც და ძალადობაც. ქალი იდგა ოჯახის ხერხემლად.

არავინ იცის ასეთ ქალებს სინამდვილეში რა უნარები აქვთ. ხშირად ეს საიდუმლო მათ გაწამებულ სიცოცხლეს გაყვება ხოლმე შინაურების ვიწრო წრის მოგონებად. საკუთარ სულთან დიალოგის დრო არ აქვთ სიცოცხლეში. მერე ქმრებსაც კარგავენ და ამით სიცოცხლის საშუალებასაც. თითქოს სევდიანი ამბავია. თითქოს არა, ნამდვილად. მაგრამ ეს მხოლოდ ქალის ნაპირიდან ცქერის დროს. და თუ ამ სურათს საერთო ხედში ვაანალიზებთ, კაცებიც უბედურდებიან. კიდევ უფრო მტკივნეულად, ასეთი ქალის და კაცის თანაცხოვრების უწესობით - მომავალი თაობებიც - ტყუილის და აგრესიის გაუაზრებელ მორევში მოტივტივე შვილები. ოიდიპოსის და ელექტრას კომპლექსების მთელი ჯაჭვით, რომელიც მერე მათ მეოცნებე შეყვარებულებს თუ წყვილებს უწამებს სიცოცხლეს.

ჰოდა, ჩვენი რესპონდენტის ტრავმებზე დაფიქრებულმა, მომინდა გამეყო „მსხვერპლის" ტიპი - „თვითნაბად მსხვერპლად" და „შემთხვევის მსხვერპლად". მეორე იკურნება, პირველი არა, სამწუხაროდ. და უკურნებლად გადადის შთამომავლობაშიც..

„თვითნაბადი მსხვერპლი" კლავს მის გარშემო ყველაფერს და კლავს საკუთარ თავს. „თვითნაბად მსხვერპლს" არ აქვს ემპათია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული რეგენერაციის პროცესში. ის „სიყვარულის სახელით" მოქმედებს და ეს ბევრად უფრო ცხოველმყოფელია, ვიდრე თანაგანცდა, რომელიც სხვის გაჭირვებასაც გააზრებინებს. 21- ე საუკენეშიც იგივეა ეს ფსიქოტიპი, რაც მე-17-ში იყო.

და რაც შეეხება მე-17 -ს.

ჩემი ბლოგი, დიდებული არტემიზია ჯენტილესკის ფერწერული შედევრით დავიწყე. მე-17 საუკუნის იტალიელი მხატვარი ქალის, კარავაჯოს სკოლის ტოსკანური ფერებით გაჯერებული არტისტის, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორია ფემინისტური აზროვნების ფუნდამეტებთან. მაშინ ეს არ იყო ორგანიზებული მოძრაობა. ან, რაში სჭირდება ასეთ პერსონებს ორგანიზაცია და კოლექტივი? საკუთარი კითხვები ჰქონდა და პასუხებს ასე ხმამაღლა იძლეოდა. ახალგაზრდობაში გაუპატიურების ტრავმით, არტემიზია ერთ-ერთი იყო, ვინაც მოძალადეს „მოძალადე" უწოდა სასამართლოს წინაშე. არ იქნებოდა ადვილი. და არც მისი ტალატით ცხოვრება იქნებოდა ადვილი მასკულინურ სამყაროში. არტემიზია ერთ-ერთი ოფიციალური და დადასტურებელი „მხვერპლია" გვიანი შუასაკუნეეებიდან. და მისი ტილო - "ივდითი კლავს ოლოფერნეს" მსოფლიოს ყველა დროის „მსხვერპლის" პასუხია! საშიში და ქვეცნობიერი!

ოლოფერნესებსაც ხომ ქალები შობენ და ზრდიან.. ცუდი ქმრებისგან დაღლილი და გამძვინვარებული ქალები.

ერთ ბლოგში ვერასდროს მივალ ერთ კონკრეტულ წესთან, რადგან სხვადასხვანაირ ადამიანებზე ვლაპარაკობთ. წესი მხოლოდ ის არის, რომ ძალადობა დაუშვებელია. მაგრამ ასნაირი ვერსიაა - საიდან იწყება, როგორ უშველო და უმკურნალო მოძალადეს და მსხვერპლს.

დღეს ორნაირ „მსხვერპლზე" ვეცადე ორი სიტყვით მეთქვა - მასზე, ვინც ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ვნახე - ე.წ. „თვითნაბადზე" და მეორე, არტემიზიაზე, რომელიც აღფრთოვანებით გავიხსენე - ე.წ. „შემთხვევის მსხვერპლად". თავიდან რომ დაბადა და შექმნა საკუთარი სიცოცხლე და შემოქმედება.

რამდენიმე დღე ისევ გაგრძელდება ფსიქოლოგის საუბრები ჩვენს ბენეფიციართან. და აუცილებლად დაიჯერებს სინათლეს გვირაბის ბოლოს. ტკივილიც გარდაესახება - შიშველი ჭრილობაც მოშუშდება. ნელა, მაგრამ მაინც. ნახევრად მაინც.. ამ ბლოგსაც წაუკითხავენ, ვიცი. მინდა საკუთარი ცხოვრების აზრი მალე იპოვოს და მიხვდეს, რომ ბედნიერება მხოლოდ ნაძალადებ წყვილობაში არ არის. ბედნიერება ჩვენს შიგნითაა, სხვასთან საზიარებელი, მაგრამ მაინც ჩვენს შიგნით. ერთი და საკუთარი. მინდა შეუყვარდეს სიცოცხლე და გააგრძელოს გზა, რომელიც მის სახელს დაბადებიდან ეჩუქა..
წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"