ისტორია N23
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





რამდენი ქალის ისტორია მინდოდა დამეწერა. ქალის, რომელიც სცენიდან, წიგნიდან, ან ეკრანიდან ვიცით. ასე უფრო ნაცნობია და საინტერესო. პოპულარული.

ბოლო პერიოდში ბევრს ვფიქრობდი ე.წ. „დიასახლისების სინდრომზე" . კატეგორიაზე, რომელზე მსჯელობაც ღირს და ანალიზიც. ინსპირაცია, კი მარკ ჩერიმის ერთი პატარა სერიალი გახდა- „რატომ კლავენ ქალები?":

სამზარეულოსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვაში ჩაკირული ენერგეტიკა როგორ იქცევა საშიშ რადიკალიზმად - ნებისმიერ ფასად შეუნარჩუნონ უკვე დათქმული საკუთრება (ადამიანის სახით) ან მოიპოვონ ახალი ადგილი სამყაროში უკვე რეალიზებული და „სამზარეულოს საზღვრებიდან გასული" ქალების წინსწრებით.

როგორ ტრანსფორმირდება უწყინარი, შედედებული ზნის და ტემპერამენტის დედა/ცოლი/დიასახლისის თვალჟუჟუნა ორგანიზმიდან თავაშვებული მონსტრი, რომელიც ზუსტად ისეთივე დაუნდობლობით კლავს, როგორც აჩენს და ზრდის.

ამის გააზრებამ კარგა ხნით დამადუმა. შემაშინა. სად ჩნდება ამის მიზეზები და როგორ?

მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრ ფორმას არ შევხებივარ ქალურ ტრაგედიებში. ისეთში, აქვე ახლოს რომ ცხოვრობს შენთან და არც კი იცი, რომ არსებობს, როგორც ფესვგადგმული პრობლემა. ფესვგადგმული შენს დროში, თანამედროვე სამყაროში, ცივილურში, შენნაირებში, ოდნავ განსხვავებულებშიც, უკეთესებშიც.

ეს ოჯახური ძალადობის ერთი ფორმაა, რომლით შეწუხებული და შეძრული რესპონდენტი, უბრალოდ მე, როგორც ბლოგის ავტორს, აქმდე არ შემხვედრია. არადა, ისე ხშირია.. ისე ჩვეულებრივი...

მოკლედ, შვებულების მერე ფონდის ოფისში მოვედი და თემები მოვიკითხე: ახალი ბენეფიციარების ბედი, ახალი სასწავლო კურსების, ინიციატივების, აქტივობების. ხშირად ვანბობ, რომ ჩემი, როგორც ავტორის ნამდვილი საკვები, სწორედ ქალთა ფონდ „სოხუმის" გუნდის განსაკუთრებულ გულისხმიერებაშია. და ამ გულისხმიერების შედეგად, ახალი შევსებული ანკეტების თემებსაც მივადექით.

-ასაკი

-62

-განათლება

-უმაღლესი

-ოჯახური მდგომარეობა

-გაცილებული

-ძალადობის ფაქტის ინტენსიურობა

-ახლაც და წარსულშიც

-რას წარმოადგენს მოძალადე მსხვერპლისთვის?

-ძმას



-ძალადობის ხასიათი

- ფსიქოლოგიური დამცირება, ეკონომიკური კონტროლი, დამნაშავის სინდრომის ფორმირება, მორალური წნეხი, ფიზიკური შეურაცხყოფა

და უცებ მივხვდი, რა ყოველდღიური და ბევრის სატარებელი ტვირთია ეს, რომელიც ასეთ ასაკში, ჩვენმა რესპონდენტმა გაბედა და თქვა.

უცებ მივხვდი, რამდენი ქალი დადის ქუჩაში თავაწეულიც და თავდახრილიც, რომელსაც ოჯახური ძალადობის ეს ფორმები თრგუნავს ან არც კი იცის რომ ძალადობის ქვეშაა, რადგან „მეოჯახე ძმის" მოვალედ თვლის თავს მთელი მისი არსებობის მანძილზე. უცებ მივხვდი, ეს ძალით შეთხზული მონობის ვითომ კეთილშობილი სახე როგორ სუბლიმირდება ასეთი მორჩილი და ჯერ ტკივილამოუთქმელი დებისგან - დანარჩენი ადამიანების მკაცრი და სტოიკური განკითხვით, ადამიანების სიყვარულის ცრეცით.

უცებ მივხვდი, რა საშიშია ასეთი „ტრადიციის" ძმების „მორჩილი" თუ „დამორჩილებული" დები თუნდაც საზოგადოებისთვის აუცილებელი ჯანმრთელი აზრის ან ჯანმრთელი ქმედების თანამონაწილეობაში.

უცებ მივხვდი, რომ ჩვენ - ბევრი ასეთი დისგან შევდგებით და ბევრი ასეთი ძმისგან, - ჩვენ- რომელსაც ჯერ კიდევ „ეროვნულ განძად" მიგვაჩნია, რომ (უფროსმა) ძმამ (უმცროსი) დის ბედი უნდა განიკითხოს/გაარჩიოს/განსაჯოს იმისთვის, რომ ბოლოს ვერდიქტი გამოუტანოს - სწორად ცხოვრობს ქალი, თუ ვერა? შეცდომები დაუშვა და უნდა დაისაჯოს, თუ არა? დამოუკიდებლად არსებობის უფლება აქვს, თუ არა და ასე შემდეგ, რადგან ბავშვობიდან დაწყებული, მშობელსაც დაშვებულ წესად მიაჩნია ძმის დომინანტობა დაზე, როგორც „მცირე სქესსზე" და მიუხედავად ყველა სხვა, პიროვნული უნარის დისბალანსისა, ძმას „წარმატების" რეალური თუ მოგონილი სხვა სიმაღლის „დამსახურებისთვის" აიძულებენ. ასეთი „ტრადიციით", ხშირად ერთიც ფუჭდება და მეორეც. ახლა ვწერ და ის „ძმაც" შემებრალა, ხასიათში რომ არ დაყვა აუცილებელი კონკურენცია და ძლევამოსილება, ამის „მოგონებით" მხოლოდ მშობელს რომ უნდა აამოს და მტკიცე იმედი არ დაუკარგოს, ოჯახს ბურჯად რომ ყავს და არ გაუმტყუნებს. რამდენი კაცის ტრაგედიაა ესეც. არა მარტო ქალის... არასწორი მოლოდინების გაცრუების შიში და ამ შიშებიდან გაქცევის ათასი სევდიანი გზა..

და ისევ ჩვენი ანკეტის რესპონდენტს ვუბრუნდები

- ჩვენ მშობლების ერთ დიდ სახლში ვცხოვრობთ. მე შვილი არ მყავს. ქმარს ადრე გავშორდი და საცხოვრებელიც არსად მქონდა. თავიდან ჩვეულებრივად მიმიღო. კარგი მეურნეობა გვაქვს და ზედმეტი არასდროს იქნება ჩემი შრომა ამ მიწაზე. მეც ეს მინდოდა. საერთო ბარაქისთვის და საერთო ბედნიერებისთვის მეზრუნა. სამსახურს თავი დავანებე და სოფლის საქმეს მივყავი ხელი. ძმასთან და ძმის ოჯახთან ერთად.

- როდის დაიწყო ურთიერთობის ის ფორმა, რასაც ძალადობას ვუწოდებთ?

- ფორმა ალბათ თავიდანვე არ იყო საღი. ამას მერე მივხვდი. ნელ-ნელა. რადგან ჩვენ ყველა ამ წესში ვიზრდებით, მშობლების ქონება ბიჭს ეკუთვნის. თითქოს სტუმარი ხარ. და ამ სტუმრობის გამო, ორჯერ და სამჯერ მეტს ცდილობ, რომ აინაზღაურო. თავშივე „დამნაშავის სინდრომი" გაწუხებს და ჩემმა ძმამ, ზუსტად ასევე „შემიფარა", როგორც „დამნაშავე".

- ალბათ როცა ეს გააპროტესტეთ, კონფლიქტის ფორმაც მაშინ მიეცა..

- კი. როცა ჩემმა ნერვებმა ვეღარ დაითმინა, რომ ჩემი ნაშრომის დამოუკიდებლად გაყიდვაც არ შემეძლო, რომ საკუთარი შემოსავალი გამჩენოდა და ამაზე მუდმივად ხელი ძმისთვის არ მქონოდა გაწვდილი. ეს ჩვეულებრივი მონობაა და ექსპლუატაცია. აქ „ოჯახი" და „დაძმობა" სულ არ არის სიყვარულთან და ურთიერთგაგებას ან ურთიერთმზრუნველობასთან დაკავშირებული. მე მსხვერპლი ვარ!

20 წელზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩვენს რესპონდენტს ამის აღიარებისთვის. დაიღალა მხარდამჭერის გარეშე. დაიღალა მარტო ამ სტიგმის გააზრებაში, რომელსაც ძმა აძალებდა და საზოგადოებისთვისაც არ იყო თვალშისაცემი, რადგან ბევრი და არის იგივე ბედში.

სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობა შეიძლება განხორციელდეს იმ გარემოში, რომელშიც ჩვეულებრივ ცხოვრობთ და რომელიც საზოგადოების მიერ „ოჯახური" ურთიერთობის კულტურულ ფორმად არის აღიარებული.

და-ძმის ძალადობაზე, ისევე როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე, ხშირად არ ხდება ხმამაღლა საუბარი ბევრი მიზეზის, - მათ შორის შიშის, უხერხულობის, სირცხვილისა და მშობლების/ახლობლების მიერ ძალადობის ფაქტების არ აღიარების გამო. ამიტომაც ამ ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება კიდევ უფრო რთულია. და ამ საერთო სურათში, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ყველა აზრიანი რესპონდენტი, ისე, როგორც ამ ბლოგის ინსპირატორი, რომელიც ხმამაღლა საკუთარი ბედის გაანალიზებას ცდილობს და ჩვენ მას ვეუბნებით - შენ არ ხარ მარტო!

წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"