ისტორია N25
ნანას ისტორია და Truffe
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





ჩვენი ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრში დილით ავედი ახალი ბენეფიციარების გასაცნობად და მათი ისტორიების მოსასმენად. გვიანი საუზმის დროს. გზაში სამჯერ შეიცვალა ამინდი. მეც ამინდის შესაბამისად მეცვლებოდა განწყობა და ცოტა სევდიანად შევაბიჯე „სოხუმის" ფერად სამოთხეში, სადაც იასთან ერთად, ჩვენი ფსიქოლოგი და იურისტიც დამხვდა.

ეზოში ჩაი მოგვიტანეს გოგოებმა. ახალგამომცხვარი ტრიუფელები/ Truffe და ოქროსფერი ალადები. ჯერ კიდევ თბილი სურნელი ასდიოდა ორივეს. ნანა წინ დამიჯდა და დანარჩენებმა დელიკატურად დაგვტოვეს. მეგონა ისტორიას ტრიუფელის გემო ექნებოდა..

უცნაურია, რამდენ ტკივილს ვისმენთ და გვგონია, შევეშველებით.

ეს არ იყო ქმრისგან ძალადობის ამბავი. ეს დედამთილის და რძლის დრამატული ალგორითმია, რომელიც თითქოს არც გიკვირს და მაინც ვერ ერევი. ოიდიპოსის კომლექსიც, ასეა თუ ისე, იცი, ახალ ოჯახში შესვლის სირთულეც.. მაინც დაუძლეველია ერთმანეთის ბედნიერებაში არჩარევა და სულის სიმშვიდე.

„ქორწილის დღეს, ეზოში შევედით თუ არა, საშინელი ელ-ჭექი დაიწყო. სუფრა დასველდა, „სეფა" ჩაიზნიქა, სტუმრებმა თავი ვერანდის ქვეშ შეაფარეს. მერე, ჩემს ოთახში პირველად ფეხი შევაბიჯე და შუქი ჩაქრა" - მისტიკურად დაიწყო თხრობა. მაგრამ მაშინ არ შეშინებია. დილით დედამთილმა უთხრა, რომ სიზმარი ნახა და ნანას ბეჭედი იყო გატეხილი.

თითქოს ზღაპარს მიყვებოდა. ბოროტ და რუხ მოგონილ ამბავს. ახალგაზრდა და კეკლუცი დედამთილის სიზმრის გათქმა არ მოეწონა, მაგრამ ესეც არ უნდოდა გაყოლოდა დღის მთავარ ფიქრად. მთავარი ის იყო, ვინც უყვარდა. ვისთვისაც მოვიდა „სხვის სახლში".

ფხვიერ ტრიუფელებს ნელ-ნელა, მშვიდი დაგემოვნებით ვაცლიდი შაქრის და კაკაოს მსუბუქ ფხვნილს და დაკვირვებით ვათვალიერებდი ჩემს რესპონდენტს, რომელსაც ერთი ტრავმიდან მეორეზე გადასვლა ცუდი ფილმივით ქონდა დამონტაჟებული. აი, ისეთის, ყურების გაგრძელება რომ არ გინდა. ვფიქრობდი ამომეცნო - აჭარბებდა თუ არა, აღწერაში. სახე ხშირად ეცვლებოდა საუბრისას - გამოანათებდა და უცებ ჩაქრებოდა. უჭირდა გულახდილობა. როცა ამას მივხვდი, კითხვებით ვეცადე „მთავარზე" მისვლას. „ანუ, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მიყვები?" -არაო! დედამთილისგან ფიზიკურ ძალადობაზეო. ტრიუფელი ხელში ჩამეფშვნა.

ნანა სამი წელი ცხოვრობდა ქმრის ოჯახში ეჭვიან დედამთილთან, რომელიც ბევრ ავანტურაზე წავიდა, რძლისთვის რომ შვილის/ქმრის სიყვარულის უფლება ამოეცალა ბოლომდე. ბევრჯერ მოუწყო ისტერია და ნათესავებმა გაამხნევეს. ნათესავებმა, რომლებიც ქმრის დიდ, საერთო მემკვიდრეობის ეზოში ცხოვრობდნენ გვერდი-გვერდ. „შვილს ვერ უვლიო", „ეს, რას გავხარო" ,,იცი, მე როგორ ვზრდიდი ჩემს შვილებს და შენსავით, ქმარი კი არ მედგა გვერდითო", „ბაღში რა უნდა ბავშვს, როცა ტყუილა ხარ ამხელა ქალი სახლშიო", „დედად შენ არ ვარგიხარ და ცოლადო" - ძირითადად ამ ფრაზებს ქმრის სახლში არყოფნის დროს ეუბნებოდა. ზუსტად, როგორც ცუდი ფილმების ბოროტი პერსონაჟი, - ბრუნდებოდა შვილი სამსახურიდან და ხმა უტკბებოდა მისთვის, მზრუნველი და მოკრძალებული ხდებოდა.

ბოლოს აღარც შვილს მოერიდა. მის თვალწინ თმებით ათრია და სახე დაუკაწრა ნანას. მანამდეც ყოფილა ამგვარი, მაგრამ დაფარულად.

ნანამ ქმარს შეხედა, რომელიც გაოგნებულიც იყო და დაბეჩავებულიც დედის გვერდით, მოკიდა შვილს ხელი და კარი გამოიხურა.

ქალებმა ვიცით, რომ ასეთი დრამები კართან არ სრულდება, სამწუხაროდ.

მერე იწყება ბევრი სკეპსისი - უნდა გეთმინა, თუ არა? ოჯახის შენარჩუნების გზები იქნებ შენც ვერ იპოვე? გეჩვენებოდა თუ მართლა იყო ბოროტი დედა და უძლური შვილი? როგორ უნდა იცხოვრო ხვალიდან?

ნანა დასახლდა მშობლების სახლში და ჩაიკეტა. ყველას არ აქვს ტრავმასთან სწორი თანაცხოვრების უნარი, დრო, გარემო და ეს უნიათობაც ჭაობივით გითრევს. წლები დაჭირდა - გამოსულიყო ადამიანებში და თავიც ადამიანად ეგრძნო.

მერე მუშაობა დაიწყო. კარგ ხალხთან და კარგი საქმისთვის. ეს სამსახურია, რაც აბედნიერებს და წარსულს ნელ-ნელა აფერმკრთალებს, თუმცა ვერც მთლად.

ახლა 12 არაჩვეულებრივი დღე გაატარა აქ, ქალთა ფონდ „სოხუმის" სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც დილით ამოვედი სტუმრად. მიეჩვია იას ზრუნვას, ანკას მეგობრობას ბავშვებთან, ფსიქოლოგის დახმარებას და იურისტს კონსულტაციებს. მპირდება, რომ საკუთარ მომავალსაც რაციონალურად შეხედავს და სამსახურშიც ახალი ენერგიით დაბრუნდება.

-მოგეწონა ტრიუფელი? - მკითხა ბოლოს

-ძალიან - გულწრფელად ვუთხარი მეც, - ამის გემო, შენს ისტორიასთან ერთად, არასდროს დამავიწყდება

გამიღიმა.

-ჩემი დედამთილი სულ მეუბნებოდა, რომ უგემურად ვაკეთებდი და არაფერი გამომდიოდა. გამიხარდა, თუ მოგეწონა.

ტრიუფელი არაჩვეულებრივი იყო.

რეცეპტი გამოვართვი და თუ როდესმე მომინდა მისი ტკივილები გავიხსენო, აუცილებლად მოვამზადებ დესერტად, ან დილის ჩაისთვის, კაკაოს და შაქრის მსუბუქი ფხვნილით.



წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"