იშვიათია ადამიანი, რომელიც მეტი გულწრფელობით საუბრობს მსხვერპლად ყოფნის სტიგმიდან გამოსვლის ეტაპებზე. გულწრფელობა ალბათ პირდაპირ კორელაციაშია წარმატების სიხარულთან, რომელიც საკუთარი ხელებით შექმნა და ქმნის ახლაც. კი! სურვილების ობიექტივიზაცია ადამიანს ბედნიერს გხდის და შენი სიტყვებიც იცვლება, ბგერების ჟღერადობაც და თვალი, რომელიც სამყაროს ასხივებს. და ეს მხოლოდ შენი სამყაროა!
ქუთაისის ცენტრალურ უბანში, ერთ უძველეს სახლში, რომელიც სულ მომწონდა მისი ტროტუარზე გაწოლილი ეკლარის ტორსით, რამდენიმე საფეხურით იმის ქვემოთ ჩავედი, რაც მარტივად ზედაპირზე ჩანს და ტასიკოს სამყაროში უცნაური მოლოდინით შევაბიჯე. აქაური სიჭრელე თითქოს ყველანაირი ბიოგრაფიის, ყველა მრწამსისა და რელიგიის, ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის ნაწილებით აწყობილი მოდერნული მოზაიკაა - აკრილის ფერებისჯერ არარსებული კომპლექტის ნაკრები. რეტრო მაქმანები ამოუცნობი ეპოქის მზერით და ცისარტყელის გორებად დახვავებული მოციმციმე ბისერები, დაწნული აბაჟურები და კალათები წნულებს შორის გამჭოლი სხივებით, ჰაეროვანი კარდიგანები სხვადასხვა ორნამენტებით და ვინტაჟური თავშლები, ყაბალახები, ნაქარგი თავსაბურავები, მოხატული თეფშები, დაფები, მსუყე ფერებში გახვეული მანეკენები საქართველოს დროშის გამთბარი ზურგით..ერთი დღე არ გეყოფა ყველა ამ კუნჭულის შესასუნთქად. აქ ხომ ყველა „წვრილმანი“ მის ადგილზე დგას და საკუთარ ამბავს ყვება.. ყველა ერთად, კი ტასიკოს სამყაროა!
როცა მე მივედი, ამ მულტიკულტურული ექსპოზიციის დარბაზიდან გაჭრილი, სახელდახელო ჩარჩოს იქეთ, დიდ, სამუშაო მაგიდასთან, მთავარი შემოქმედი ბროწეულებს ფერავდა. დახლეჩილ და მარცვლებდამწიფებულ ბროწეულებს.. სისხლისფერი წითელი ალაგ-ალაგ და ბლარივით ეფარებოდა მის სიცოცხლითსავსე სახეს და უცხო ენერგიის პატარა ფოერვერკს აფრქვევდა იქაურ ატმოსფეროს. ერთი, რაც აქაურობას აკლდა, ყურით გაგონილი მუსიკა იყო, რომელიც ელოს გულიდან ნელა და ფაქიზად უნდა ამომეტანა. დავჯექი და ამ მოლოდინით ტკბობა დავიწყე..
“ტასიკოს“ მამა ეძახდა. მის მოძრაობაშიც და ხმაშიც ხვდები, რომ მამიკოს სიყვარულში ამოზრდილი გოგოა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის შემდეგ არ უნახავს.. მაინც მამა იგრძნობა ყველა მისებურ სიმტკიცეში. დიდი ამბები გამოიარა და მაინც, „მამას“ ტკბილი ამოთქმისას, უდარდელ, პატარა ტასიკოდ იქცევა და თვალები უციმციმებს. გიკვირს, რომ ასეთი ენერგია ვინმემ გაბედა და ძალადობის მსხვერპლად აქცია დროებითაც კი..
„კარგა ხნით ჩავრჩი მსხვერპლის „პრივილეგიაში“, შეცოდების შლეიფი თითქოს მომწონდა კიდეც, სანამ გავაცნობიერებდი, რომ ეს ჩემი სატარებელი თვითგვემა არ უნდა ყოფილიყო. სანამ დავიწყებდი „სუსტი ქალის“ გადარჩევას ჩემი სასოწარკვეთიდან და სანამ დავიჯერებდი, რომ არ მეკუთვნოდა და არ დამიმსახურებია ის, რაც მივიღე.. ძალადობა არ არის სიყვარულის საზღაური! და ერთმა ინფორმაციულმა შეხვედრამ გამიხსნა ახალი გზა..“
ახალი გზა სწავლის საოცარი წყურვილით დაიწყო! იქედან გააგრძელა მისი ცხოვრება, სადაც დროებით და არასწორად შეწყდა; ცოდნაზე, დიპლომებზე და სერთიფიკატებზე დაცინეს, სიამაყის უფლება არ მისცეს მჩქეფარე გოგოს იმ პატარა გარემოში, რომელშიც ყველაზე მეტად უნდოდა თავმოწონება და თავდაჯერება. ამ საკითხში, ქმარზე უფრო დაუნდობელი დედამთილი აღმოჩნდა - როგორც ხდება ხოლმე, სუბლიმაციის კლასიკა, მოძალადე ბიჭების გამზრდელი დედები და თაობებში გაგრძელებული ტრაგედია.. მოკლედ, ჩვენს პერსონაჟს ისევ ძმამ უშველა. მოკიდა ხელი და დააბრუნა მშობლიურ ქალაქში, მშობლიურ სახლში, ტკივილს გამოტაცებული..
და ახალ გზაზე ვწერდი.
ჰო! ტასიკო ერთ-ერთი პირველია, რომელმაც თვითგამორკვევის და თვიდან დაწყებული ცხოვრების საფეხურზე შემდგარმა, ხმამაღლა დაიწყო საუბარი. საუბართან ერთად, ახალი ნაბიჯებიც. მაშინ ვნახე ქალთა ფონდ „სოხუმში“, დღის სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც პოლიმერული თიხის დამუშავების ხელოვნებას სწავლობდა.. არ ვიცი დღემდე, სწავლობდა, თუ აუმჯობესებდა, რადგან მგონია, რომ მის თითებს, მის ხელებს, შექმნის ჯადოსნური მაგია ბავშვობიდან დაჰყვა.
“კი, მივხვდი, რომ ჩემს ხელებს ბევრი რამე შეეძლო. მივხვდი მაშინ, როცა ძალადობისგან გაწმენდილი ცნობიერება დავიბრუნე. როცა ბევრ შეხვედრაზე ვიარე და დავიჯერე, რომ ძალა ყველაფერშია, მთავარია, საკუთარი ცხოვრების შემოქმედი გახდე! და გავხდი! დავიწყე ახალი სამყაროს შექმნა ჩემი ბედნიერებისთვის: ძაფით, ჩხირით და ყაისნაღით, საღებავით და ათასგვარი უცნაური ინსტრუმენტით, რაც სილამაზის სრულქმნაში მეხმარებოდა. მერე იმასაც მივხვდი, რომ ეს ჰობი შეიძლებოდა არსებობის ტრანშადაც მექცია“.
ძალადობაგამოვლილი ეს ნიჭიერი გოგო, ახლა საზოგადო ძალადობის პროტესტანტია. ბედნიერი საქართველო უნდა! სამართლიანი და ევროპული ღირებულებების, ადამიანის დამფასებლის! მისი შვილი ქუთაისზე შეყვარებული და საქართველოს ერთგული მოქალაქე უნდა რომ გაიზარდოს. უნდა ბევრი საქმე აკეთოს, დიდი პასუხისმგებლობით და არ მოუწიოს საკუთარი ქალაქის დატოვება თავის გადასარჩენად. თამამი და შრომისმოყვარეა. ყავს კარგი მეგობრები და ულამაზეს სამყაროს ქმნის მისი მაგიური ხელებით. თითქოს ყველაფერია და მეტიც, იმისთვის, რომ წინ იარო, განვითარდე, იბედნიერო ცხოვრებით..
„რთულ დროში ვართ და მტკივა ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს იძულებენ. მტკივა ურთიერთობები, რომელიც წყდება და მდინარის სხვადასხვა ნაპირზე ვრჩებით. მაწუხებს. დრო გავა და ეს ნაპირები ისევ ჩამოიშლება, როგორც მანამდე და თვალებში ისევ ჩავხედავთ ერთმანეთს. საქართველო გამარჯვებს!“ - კიდევ ბევრ რამეს ამბობს ჩემი ბლოგის გმირი იმაზე, რაც დღეს დუღს და გვაწუხებს, სამართალზე და კანონზე, ბრძოლის ფორმებზე და სინდისის პატიმრებზე, ღირებულებების მცველებზე, რომლებს შორის ერთი განსაკუთრებული აქტივისტი მისი ერთადერთი ძმაა!
ტასიკოს (ელისო გეგენავას) ისტორია წარმატების ისტორიაა, მაგრამ ქვეყანაში, სადაც საზოგადო წარმატება გაილია, პერსონალურ ბედნიერებასაც ერთმევა ფერი.. იქნებ, ამიტომაა ეს უსაშველოდ ფერადი სამყარო მიწის ოდნავ ქვემოთ, წერეთლის ქუჩაზე, ულამაზეს, ძველ, ქუთაისურ სახლში, სადაც სინათლის სხივები დამრეცით შედიან ვინტაჟური ფანჯრებიდან და მაინც ანათებენ ტასიკოს მოქარგულ ქართულ დროშებს!