როცა დღეს ასე ბევრს ვსაუბრობთ სტერეოტიპების რღვევაზე, ქალის და კაცის შესაძლებლობების თანასწორობაზე ნებისმიერ პროფესიაში, აბა ვინ გამახსენდებოდა, თუ არა ქალი, რომელმაც მისი უპრეცედენტობით, მსოფლიო აღაფრთოვანა?
არც ეპოქაა მოდური და არც სისტემა, რომლის ნამდვილ ნაწილზეც, იდეოლოგიაზეც, მსოფლიო პირველობის და ექსპერიმენტულობის რომანტიკაზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ ეს რეალური ისტორიაა. ისტორია, რომელიც ახლაგაზრდებმა ნაკლებად იციან.
ჩვენ ვსაუბრობთ სხვა დროის ადამიანებზე.
სხვა საუკუნის ქალებზე, რომლებმაც წარმოუდგენელი გაბედეს და გაუმართლათ!
დედამიწაზე ცხოვრება შეცვალეს, თუმცა ძალიან რთული იყო ეს ყველაგან და ყოველთვის.
როგორ იწყებოდა ასეთი პერსონების ბიოგრაფია და როგორ ხდებოდნენ გმირები?
რა იყო აღიარებების უკან, სად იმიჯნებოდა სქესი მაშინაც კი, როცა უპირატესობას შენთვის ნაცნობ ვიწრო წრეს კი არა, მთელს პლანეტას უმტკიცებდი?
1937 წელს დაიბადა ერთ პატარა რუსულ სოფელში. მამა ფინეთის ომის დროს დაკარგა და როგორც ბევრი ობოლი, კომკავშირმა გაზარდა მისი ფიზიკური და სულიერი სიმტკიცე. დედასთან ერთად ტექსტილის ქარხნის ცივ ბეტონზე, საბჭოური დიზაინის უზარმაზარ, ფოლადის საქსოვ მანქანასთან იდგა და უხეში მონილითის გამაყრუებელ ხმაურში ფრენაზე ოცნებობდა.
ვალენტინა! ქალი, რომლის სახელსაც, 60-70- იან წლებში ლამის ყოველ მეორე ახალშობილ გოგონას არქმევდნენ.
ვალენტინა-
პირველი ქალი კოსმოსში! დღესაც კი აღტაცების იშვიათი თემაა!
მოკლედ, ამბავი სახელმწიფოს პოლიტიკური ამბიციით დაიწყო - ეს სსრკ-ს გამოწვევა გახლდათ ამერიკისთვის - „ჩვენთან ქალის და მამაკაცის ასეთი თანასწორობა არსებობს"! და ისე, როგორც სხვა ბევრი საბჭოური ფიქცია ობიექტური არსით და რეალურად შთამბეჭდავი ერთჯერადი პერფორმანსი, ეს ლოზუნგიც ათასობით ქალის ბედს შეეხო. გაგარინის გმირული შარმი ჯერ კიდევ ხიბლავდა პლანეტას. კოსმოსური პირველობებით საბჭოთა კავშირი „ამერიკულ ოცნებებს" ისაკუთრებდა და ახდენას ასწრებდა. ქალი - კოსმონავტი!
სხვა თემაა, ანუ უფრო სწორად, კულისებს მიღმა დარჩენილი ამბებია როგორ გაიარეს „გმირი კაცების" ელიტურ სკოლაში კოსმონავტობის მსურველობის ოცნების გზა ხუთმა გოგომ ვალენტინა ტერეშკოვასთან ერთად, რომლებიც 6 000-მდე მსურველისგან მკაცრი სტანდარტით შეირჩნენ წონის, სიმაღლის, ფიზიკური შესაძლებლობების, ჯანმრთელობის, მეტყველების და წარმომავლობის მიხედვით. როგორ ისწავლეს 9 თვის მანძილზე ასტრონომია, უმაღლესი მათემატიკა, საჭირო მეცნიერებების ზოგადი საფუძვლები, როგორ უძლებდნენ დროდადრო, 10 დღის მანძილზე ჰერმეტულად დაცულ, ხმისგან იზოლირებულ სპეციალურ კამერაში განმარტოებას მჯდომარე პოზაში, გაურხევლად, უმეტყველოდ, როგორ წვრთნიდნენ ნებისყოფას და ფიზიკურ სხეულს, როგორ უნაკლოდ ასრულებდნენ ყველა გამოცდას - უწონობის სეანსიდან რაციაში საუბრის და წერის შესაძლებლობით და ა.შ. მოკლედ,
ქალებმა, საბჭოური გმირობის ყველაზე აღმატებულ გზაზე შეაშინეს მამაკაცები მაღალი კონკურენციით! ისინი თვლიდნენ, რომ გმირობის პრეტენდენტი მარტო მამაკაცი შეიძლება იყოს და ქალებს აქ ადგილი არ აქვს. უბრალოდ, საბჭოთა ხელისუფლების ამ „ამერიკულ ოცნებას" ვერ გაუწიეს აშკარა წინააღმდეგობა, რადგან ეს პოლიტიკურად დასჯადი იყო. თვითონ კოსმოსური ხომალდის კონსტრუქტორსაც კი, საკუთარ სამუშაო ოთახში შემთხვევით შესული ქალი, ისე როგორც კატა - ცრურწმენით „თარსად" მიაჩნდა, მაგრამ უფლება აღარ ქონდა „მეორე სქესი" დაეწუნებია კოსმონავტთა რიგებში. ხრუშჩოვს უნდა მიეღო პირველი კოსმონავტი ქალი სსრკ-დან, რომ მსოფლიო გაეოგნებია. სწორედ ნიკიტას ბრიყვულად დიდმა აჩემებამ უზრუნველყო ისტორიული პრეცედენტი.
25 წლის ვალენტინა ტერეშკოვამ 1963 წლის 16 ივნისს მაიაკოვსკის სიტყვები უთხრა სამყაროს : Эй! Небо! Сними шляпу! Я к тебе иду! / ეი, ზეცავ!
ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ! - და კაცობრიობის არსებობიდან იმ დღემდე პირველი ქალი, მარტო აფრინდა დედამიწიდან! აფრინდა და გაგარინის რეკორდი მოხსნა კოსმოსში ყოფნის ხანგრძლივობით!
ტერეშკოვამ მისი გმირობით პირველმა გაანადგურა მითი იმაზე, რომ გმირობას მხოლოდ კაცის სქესი აქვს, რომ არ არსებობს პროფესია, სადაც ქალს იგივე წარმატება არ შეუძლია მიიღოს , რაც მამაკაცს!
მაგრამ ასეთი თვალნათელი და აღიარებული დიდებაც კი არ გამოდგა გენდერული თანასწორობის ზეციდან დამტკიცებული მანიფესტი.
როცა საბჭოთა კოსმონავტებმა ნიუ-იორკში ოფიციალური ვიზიტის დროს პრესკონფერენცია გამართეს, ამერიკელი ჟურნალისტების პროფესიული და პოლიტიკური შინაარსის შეკითხვების ადრესატი მხოლოდ იური გაგარინი გახდა, ვალენტინა ტერეშკოვასთან შეკითხვები კი უბრალო, პირადი ცხოვრების დეტალებზე ინტერესს არ გაცდენია.
ასეთი შესაძლებლობების ქალსაც კი, სსრკ-ს გმირის წოდებით, ავიაციის გენერალ-მაიორს, ყავდა დესპოტი ქმარი, რომელზეც აღარასდროს საუბრობდა.
მისით აღფრთოვანებული საზოგადოებაც დედობის საზოგადო ტესტს უტარებდა კოსმოსში ნამყოფ ქალს ჯანმრთელი შვილი ეყოლებოდა თუ არა და წერდნენ და საუბრობდნენ ბავშვის სამ ყურზე და ექვს თითზე, მოგონილ ანომალიებზე, რომელიც წლობით გრძელდებოდა.
თანასწორობის ერთი მაგალითით მოტყუებული სამყარო და ვალენტინასთან ერთად ფანტასტიკურად მომზადებული 4 კოსმონავტი გოგო, კაცების პროფესიული კარიერიდან ისევ მარგინალად დარჩა. გმირობის უფლების მქონე სქესმა უარი თქვა ქალების ბრიგადების კოსმოსში ფრენაზე და თითქმის ახდენილი კარიერა საკუთარი პრივილეგიებით დაუსრულეს ზეცაში ასვლაზე მეოცნებე გოგოებს.
მას შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,
72 ქალმა (wikipedia-ს სტატისტიკით) განახორციელა ფრენა კოსმოსში.
„ეი, ზეცავ! ქუდი მოიხადე!" ისინი მოდიან!