საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
ხურჩელი ქალები



ავტორი:

ზეკო ხაჩიძე




21/10/2025

ნარინჯისფერი სახლის ამჟამინდელი მცხოვრებლები, ფონდ „სოხუმის“ პროექტის კოორდინატორ, ხათუნა გოგუასთან ერთად მოვინახულე. ამ ბლოგსაც ერთად ვყვებით. ასე გამოვიდა,- მთავარი მთხრობელი მათი მეგზური და მასპინძელია - ხათუნა.

ჩვენ რომ ვესტუმრეთ, სადილობისთვის ემზადებოდნენ მზიან ეზოში. თითქოს სხვა სამყაროში გადმოსახლებულან. ბედნიერი სახეებით, ლაღი ღიმილით და ომახიანად შეგვიპატიჟეს მრგვალ მაგიდასთან. ისე სასიმოვნო იყო ყველა ნათქვამი სიტყვა, კარგა ხანს ვერ შევბედე რეალურ ცხოვრებაში დამებრუნებია თითოეული საკუთარი მოგონებით...

ნაბაკევისგან ხიდი ყოფთ. იქ დადიოდნენ სკოლაში, ბაღში, სამსახურში. მერე დრო და პირობითი საზღვრები შეიცვალა. მალე ბავშვებს შეეშინდათ რუსების გავლით სიარული და ენგურის აფხაზური მხარე დაივიწყა ახალმა თაობებმა. ნათესავები, ძმები, დები, ბიძაშვილ-დეიდაშვილები და ბევრი მეგობარი დარჩა წყალგამყოფს იქეთ.

სკოლა არ აქვთ სოფელში. სასაფლაოსაც სხვა სოფლის სახელი ქონდა, მივიდნენ და ტრაფარეტი შეცვალეს. დაისაკუთრეს და ძალიანაც ამაყობენ ამით.

ეს ქალები  ხურჩაში და ნაბაკევში ცხოვრობენ... იქ, სადაც მიწა ყოველთვის ცხელია სიმწრით და ტკივილით, იქ სადაც ერთდროულად გრძნობ საკუთართან სიახლოვეს და სიშორეს. სადაც ხალხს, წარსული, დღეში რამდენჯერმე უახლდებათ, სტკივდებათ. მაგრამ მაინც ჯიუტად არ ივიწყებენ.

ფონდი „სოხუმი“ ამ სოფელში, ამ მიწაზე უკვე 30 წელზე მეტია მუშაობს. წლიდან წლამდე იცვლება საპროექტო წერტილები, მაგრამ სოფელი ხურჩა ყოველთვის იყო და რჩება შეუცვლელ სტრატეგიულ ლოკაციად.

მიზეზი მარტივია და ადვილი. აქ ქალებს ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად სტკივათ, ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.

კონფლიქტისგამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსით გამოწვეული უმძიმესი ფსიქო-სოციალური ფონი ყველაზე მეტად ქალების მდგომარეობაზე აისახა, ყველაზე მეტად მათ ეტკინათ, ემწარათ.

მაშინ, როცა ჯერ კიდევ არსებობდა ხურჩა-ნაბაკევის გამშვები პუნქტი, ქალები აქტიურობდნენ, შრომობდნენ: საზღვრისპირა სოფელში იმართებოდა ქართულ-აფხაზური სამზარეულოს შეჯიბრი, ქართველი და აფხაზი მეწარმეების შეხვედრები... ერთმანეთთან დამაკავშირებელ ძაფებს ხელს არ უშვებდნენ. ფონდი „სოხუმი“ მათთან ერთად კემსავდა ამ სამშვიდობო ისტორიას.

შემდეგ ეს „გამშვები პუნქტიც“ გადაიკეთა. სოფელი ერთბაშად ჩაკვდა, ჩაიღვენთა. აფხაზეთთან დამაკავშირებელი ძაფის ბოლოები ისევ ხელში შერჩათ და ხელი არ გაუშვიათ, დღემდე ასე ცხოვრობენ.

„სამუშაოს გარეშე დარჩენილი მამაკაცები, სტრესული გარემო, სიმშვიდედაკარგული სოციუმი ყოველთვის მსუყედ ასაზრდოებდა ფსიქოსოციალური ძალადობის ფორმატს და სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდებოდა ამ მანტიის ქვეშ. ორმაგად დამძიმდა და შემაწუხებელი გახდა ჰაერი. ფსიქოლოგიური ზეწოლა ყველაზე მეტად ქალებმა შეიგრძნეს. ისევ ემწარათ, ისევ ეტკინათ. ახალი პრობლემები გაჩნდა: უმუშევრობა, ნარკომანია, ოჯახური კონფლიქტები, ოჯახური ძალადობა...“ -ესეც ხათუნა გოგუას სიტყვებია, როგორც ბევრი სხვა შეფასება ამ ბლოგში, რადგან მან კარგად იცის აქაური ქალების სვე-ბედი.

ფსიქოლოგიური კლიმატის გაჯანსაღების, ქალთა გაძლიერების მიზნით ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი წლების განმავლობაში სისტემატიურად დადიოდა სოფელ ხურჩაში. ქალები ერთად და ცალ-ცალკე ბევრს საუბრობდნენ შვილებზე, ოჯახზე, წარსულზე, აწყმოზე ... ხანდახან ყველაფერზე. მერე ამ ყველაფრისგან დაღლილებს ერთდროულად, ერთნაირი სიმძიმით აღმოხდებოდათ: „ყველაფრისგან “ დასვენება რა კარგი იქნებოდაო... და ეს ნატვრა აუხდინათ „სოხუმმა“ სწორედ. ფსიქოსოციალური ძალადობისგან თავის დასაღწევად მათი თავშესაფარი გახდა ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი.

ფსიქოლოგები ფსიქოსოციალური ძალადობის მახასიათებლებს, ყველაზე საშიშს უწოდებენ და განმარტავენ, როგორც ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზების კომბინაციით მიღებულ ზეწოლას. საშიშია, რადგან ანგრევს ადამიანის შინაგან სამყაროს, მის სულს, წარსულს და მომავალს.

ზუსტად ამ ტკივილებთან გამკლავებას სწავლობენ „ნარინჯისფერ სახლში“ ფსიქოლოგის დახმარებით. თვალები უნათდებათ ეკას ხსენებაზე და იქვე, ხსოვნის მადლიერი ტრადიციით იგონებენ ფონდის გამორჩეულ ქალბატონს, მანანა გოცირიძესაც, ხურჩაში რომ სტუმრობდა ხშირად.

სადილობის დროს გაიხსენეს მეზობლები და მეგობრები. პირველი შეხვედრა „სოხუმელებთან“ და წლების წინ დაწყებული მეგობრობა. ახლა იმის სურვილიც გაუჩნდათ, სარეაბილიტაციო კურსი პრაქტიკული შედეგის გარეშე არ დარჩეს და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებიც მოიკითხეს. ფახულანის და სხვა საზღვრისპირა სოფლების მაგალითები გაიხსენეს, ზოგმა კერვა დაიწყო, ზოგმა კომპიუტერული ტექნოლოგიები შეისწავლა, პატარა ბიზნესი წამოიწყო და გრანტიც აიღოო. ახლა ჩვენ ვართ ამისთვის მზადო! ვფიქრობთ და ვემზადებით ბიზნესწინადადებებისთვის, იქნებ გაგვიმართლოს და ფონდმა „სოხუმმა“ ამაშიც მხარი დაგვიჭიროსო.

ისხდნენ ქალები მრგვალ მაგიდასთან, გემრიელი სუფრის გარშემო. ათას რამეს იგონებდნენ, იცინოდნენ ხმამაღლა და ენანებოდათ ამ დღეების ამოთავება, ქუთაისთან და ამ თბილ სახლთან განშორება. თხილი დაკრეფილი აქვთ უკვე. სამეზობლოდან ახალგაზრდები სხვაგან არიან წასულები. სევდიანია სოფელი, ზამთარი მოდისო. ამიტო, საკუთარი „წარმატების ისტორიის“ წერაზე დაფიქრდნენ. ამ ერთად ყოფნაში გაღვივებულ მარცვალზე - მომავლის გალამაზება რომ შეუძლია და არჩევენ საქმეს, რომელიც ხურჩას გაახარებს და ცოტათი მაინც მოუტანს ბარაქას.

ალბათ მალე, მათ წარმატებულ ბიზნესზეც მოგიყვებით.. აუცილებლად! და ეს წარმატების ისტორიაც, ქალთა ფონდ „სოხუმის“ მეგობრობით იქნება გზაგაკვალული.