თითქოს ისე გამოვიდა, სარეაბილიტაციო სახლის „დღიურებსაც" ვწერთ ამ ბლოგებით.
ახალმოსახლეობა საინტერესო შემადგენლობით დაიწყო. ორი დედა და ცხრა მოზარდი, შეხმატკბილებული სიმშვიდით შემოვიდა ქალთა ფონდ „სოხუმის" ნარინჯისფერ თავშესაფარში. ერთს ექვსი შვილი ყავს, მეორეს სამი. ყველანი ლამაზები, ჯანსაღები, გონიერები და საღები. ანიკას ოთახში ერთად ატარებენ საათობით დროს, მეცადინეობენ, თამაშობენ, საუბრობენ, ხატავენ და ია ამბობს, რომ ზედმეტი ხმითაც არ წუხდები, ისე კარგად აღზრდილები არიანო. რა კარგია!
„როცა მოვიდნენ, გავიგეთ, რომ მეორე დღეს იუბილარი გვყავდა. ოფისიდან ტორტი გამოგვიგზავნეს, მე „ბიბლუსში" წიგნი ავარჩევიე საჩუქრად და ვეცადეთ განსაკუთრებული დღესასწაული მოგვეწყო. გამოგვივიდა. მერე, საღამოს, თუ მეორე დღის საღამოს, ზუსტად აღარ მახსოვს, თამაშის თემაც გამოიგონეს „წიგნობანა", რამაც სასიამოვნოდ გამაოცა. ამ ეპოქაში ხომ ბავშვები იშვიათად ირჩევენ გონებამახვილობისთვის წიგნებს „ - მიყვება ია.
სადილობის დროს მომიწია ასვლა სტუმრად. გაზაფხულის ყვავილებით გაფერადებული დიდი მრგვალი მაგიდა მოზარდებისთვის ეწყობოდა, მეორე, უფრო პატარა - დიდებისთვის. საოცარი სიამოვნების განცდა ახლდა ამ რიტუალის ცქერას.. დიდი ოჯახების ერთად სადილობის დავიწყებული და საყვარელი ტრადიციის.
მაგრამ ჩემი საქმე სხვა იყო. ნონას და შორენას ისტორიები უნდა ამეკინძა. ვილაპარაკეთ კიდეც. ნონა ექვსი შვილის მშობელი იყო და შორენა სამის. ორივეს ეტყობოდა დიასახლისობის მოუსვენრობა. გვასვენებენ და ვერ ვისვენებთო, წუხდნენ. სულ შრომას ვართ მიჩვეული, თითქმის მამების მხარდაჭერის გარეშე ვზრდით ბავშვებს და აქ რომ სხვები ასე ზრუნავენ ჩვენზე, უსაქმურები გვგონია თავიო.
ნონა სიყვარულით სავსე თვალებით მიყვებოდა მისი ოჯახის ისტორიას. ღრუბლებში დაფრინავს ჩემი ქმარი, თავისუფლებას ეძებს სულო. საყვედურზე მეტად, სიყვარული ეტყობოდა ხმაში. დაცილებიან ერთმანეთს. უამრავ პრობლემასთან პირისპირ დარჩა. "თქვენთან ყოფნამ ახალი სამყარო დამანახა. ჩემი თავის პოვნას ვცდილობ. ფსიქოლოგთან ურთიერთობა მახარებს. იმდენი რჩევა მომცა, იმხელა რწმენა გამიჩინა.. არ მეგონა თუ რამის დამოუკიდებლად ფიქრი შემეძლო. არასდროს დამიშვია, რომ შვილების იქეთ, საკუთარ თავზეც უნდა მეზრუნა. ახლა სხვანაირად გავიაზრე ჩემი ფუნქცია. მარტოობა არ მომწონს, მაგრამ ტყუილში ყოფნაც აღარ მინდა".
მისი სიყვარული ძალიან ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნით დაიწყო. მერე ბიჭი შეაშინა ამდენმა პასუხისმგებლობამ ერთად. შვილები, რათქმაუნდა, მთელი გულით უყვარს, რეკავს სულ, კითხულობს, მეგობრობს, არიგებს, მაგრამ მეტს ვერ შვება. მეტი არ შეუძლია. ნონა დუმდა. იტანდა მის არყოფნას, დაკარგვებს, სახლში არმოსვლებს. დიდხანს იტანდა და კიდევ აიტანდა.. ეგონა ამ პრობლემებზე თუ არაფერს იტყოდა, პრობლემა აღარ იქნებოდა. „ახლა ვხვდები რომ ეს არასწორია. ამით საკუთარ სიმართლეს მალავ. მასაც არ აძლევ ამოთქმის საშუალებას - რა უჭირს, რატომ უჭირს. მაგრამ ხომ ხვდებით, შვილებისთვის მეგონა სწორად ვიქცეოდი".
შორენას კიდევ სხვანაირად უნდოდა ყოველდღიურობა. უნდოდა მისი ბავშვობასავით ლაღი და ფერადი ქონოდა საკუთარ შვილებსაც ყველა დღე. ახლაც უნდა, ბევრ სათამაშოს ყიდულებდეთ მამა, ახალ ტანსაცმელებს, წიგნებს, ნივთებს.. მამას არ უყვარს ამაზე ფიქრი. სხვანაირია. რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება ურთიერთობა.
მოკლედ, ჩვენს ნარინჯისფერ თავშესაფარში ბევრი ისტორიის ადამიანი მოდის და მიდის. ბევრ მათგანს ვაძლიერებთ. რწმენას ვაძლევთ, რომ მეტი შეუძლიათ. ორი კვირის მანძილზე ფიქრობენ, ლაპარაკობენ, ერთმანეთის ტკივილებს აანალიზებენ ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად, საკუთარ დილას, შუადღეს და საღამოს - იას სითბოს და მზრუნველობას ანდობენ, შვილებს - ანიკას. რაღაცნაირად სხვა რეალობაში გადაცხოვრებას ბედავენ და ფიქრებიც თავისთვად ეცვლებათ. ცხოვრების ახალი წესი, ახალი ადამიანები, ქალთა ფონდის განსაკუთრებული დამოკიდებულება რეალურად ცვლის მათ წარმოდგენას ცხოვრებაზე და საკუთარ დანიშნულებაზე, საკუთარ შესაძლებლობაზე. რაც მთავარია, დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელების სურვილზე და უნარზე.
ჩვენ რეალურად ვაძლიერებთ ქალებს და ეს ნამდვილი ადამიანების ისტორიებია სარეაბილიტაციო სახლის „დღიურიდან" სენტიმენტალური პაუზებით.