Brot für die Welt ის ერთგული ორგანიზაციაა, რომელიც ქალთა ფონდ "სოხუმის" კეთილ საქმეებს, უკვე წლებია, მხარდამხარ მოჰყვება. ამ მეგობრობის და პარტნიორობის დამსახურებაა ასობით ძალადობის მსხვერპლი ქალის ახალი განათლების მიღება, ბიზნესის სწავლა და ხელშეწყობა, დამოუკიდებელი ცხოვრების გაუმჯობესება, მორალური გაძლიერება, იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრებში, რომელიც განსაკუთრებული წარმატებით და ავტორიტეტით მუშაობს.
ჩვენ ამ ისტორიებზე ვწერთ და ქალებზე, რომელთა ცხოვრებაც შევცვალეთ, უკეთესი მომავლისთვის.
გუშინ ბენეფიციარები მოვინახულე ნარინჯისფერ სახლში, რომელმაც Brot -ის ღირსეული თანამოაზრეობით, სიცოცხლე განაახლა და ახალი სტუმრებისთვის გული ბარაქიანად გაშალა. სიკეთის ეს სავანე ოჯახური ფერებით და არომატებით იყო სავსე. ძალადობის მსხვერპლი ქალები შვილებთან ერთად, ამ ჭერქვეშ, საზღვრული დროით, მშვიდად ითენებენ და იღამებენ.
მომხიბვლელი დიასახლისის განსაკუთრებული ატმოსფერო, ფსიქოლოგის საუბრები და შვილების განათლებაზე მზრუნველი ასისტენტი, თუ უსაფრთხოება, რომელიც აქ გარანტირებულია, ნამდვილ თავშესაფარს გავს იმ მკაცრი ცხოვრების წესის საწინააღმდეგოდ, რომელმაც ზოგიერთი მარგინალად, ზოგი სტიგმატიზებულად, ზოგი კიდევ დაბალი თვითშეფასების ტყვედ აქცია. ყველა საკუთარი ტკივილით მოდის ნარინჯისფერ სახლში და ჩვენ ვაძლიერებთ და ახალ სუნთქვას ვუხსნით იმისთვის, რომ ღირსეულად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
ჩემი სტუმრობის დრო დილიდან თითქმის საღამომდე გაგრძელდა. ერთი დღე მათთან ერთად გავატარე. საუზმობიდან ვახშმამდე, მათი ისტორიების მოსმენაში, საქმიანობასა და ფსიქოლოგთან დიალოგებში..
სიტყვა ვერ აღწერს, რა მნიშვნელოვანია ეს გარემო მათი ნატკენი სულებისთვის. პირველ ეტაპზე გაუცხოება და სიფრთხილე, მალე იცვლება ერთმანეთის დარდის გაზიარებასა და გააზრებაში. რწმენის დაბადებით, რომ მარტო არ არის ამ დიდ სამყაროში და არც მისი თავგადასავალია ერთადერთი და გამონაკლისი.
ბენეფიციარი #1. 37 წლის:
„როცა საღამოვდებოდა, ხეზე ავდიოდი, თუ ვიცოდი, რომ მეუღლე ნასვამი ბრუნდებოდა სახლში. მაღლა ავდიოდი, რომ თვალი არ მოეკრა და ჩხუბი არ დაეწყო. მიზეზი ამისთვის არასდროს სჭირდებოდა. თუ მე არ ვიყავი მისი აგრესიის მსხვერპლი, მაშინ საკუთარ დედას ერჩოდა. სასჯელიც მოიხადა ამის გამო, მშობლების სახლშიც დავბრუნდი, მაგრამ როცა გამოვიდა, გაუფრთხილებლად დაგვადგა თავზე. თავიდან დამეწყო შიშები და გატეხილი ღამეები. ჩემი შვილი თითქმის საუბარს გადაეჩვია. აქ იურისტის რჩევებსაც ვიღებ და ფსიქოლოგიურ თერაპიასაც. ვაანალიზებ მომავალს. მინდა ასე ძლიერი დავბრუნდე. მასთან ურთიერთობის დასრულება გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ გაძლება ხომ უნდა ახალ ეტაპზე გადასვლას? თქვენ ამ ძალას მაძლევთ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სადმე, შეიძლებოდა მშვიდად დამეძინა შვილთან ერთად ჩახუტებულს ისე, რომ მისი გულისცემა სხეულს არ დამიწვავდა"
ბენეფიციარი #2. 28 წლის:
„მომხიბლა და შემიყვარდა. ისე, შემიყვარდა, ორი თვეც არ მიფიქრია და ცოლად გავყევი. ალბათ, უკეთ რომ მცოდნოდა მისი ხასიათი და ცხოვრების წესი, ადვილად ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას.. თუმცა, არ ვიცი.. ახლა ჩვენს ფსიქოლოგთან ყოველდღიური სეანსები მაქვს და მისი დამსახურებაა, რომ სხვანაირად დავიწყე ფიქრი. საკუთარი თავის პატივისცემას მასწავლის. ჩემი ქმარი ნარკოტიკებზე და აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. ვერაფერს გავხდი. ჩემი შეურაცხყოფა და დამცირება, ჩვეულებრივ წესად ექცა. არ ვიცოდი სწორი საქციელი რა იყო ამ შემთხვევაში. ადვილად შემელევა თუ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ასე მგონია. ან, იქნებ ვცდები.. არ ვიცი. თქვენთან ვსწავლობ და მინდა ამ თავშესაფარში გატარებულმა დღეებმა ჩემი და ჩემი შვილის უკეთესი მომავალი განსაზღვროს".
ბენეფიციარი #3. 28 წლის:
„ჩვენი დიასახლისი, არა მარტო მივლის, წერა-კითხვასაც მასწავლის. სამწუხაროდ, 13 წლის გავთხოვდი და 15 წლისამ უკვე შვილი გავაჩინე. პირველივე არჩევანი უბედური და არეული მქონდა. სმა და ცემა ადვილად შეეძლო. არც მეორე სიყვარულში გამიმართლა. არც ოჯახმა დამიჭირა მხარი. მხოლოდ ჩემი დის იმედი მქონდა სულ და ახლაც. აი, ზუსტად ჩემი დის ზრუნვას გავს აქ ყოფნა. არა, უკეთესია, ვიდრე მას შეუძლია. როგორ შემიყვარდა ქალბატონი ია, ქალბატონი მანანა, ყველა, ვინც ეს დღეები მაჩუქა ასეთ სასწაულ გარემოში. არასდროს მისადილია და მისაუზმია ლამაზ, დიდ, მრგვალ მაგიდასთან, მეგობრებთან და შვილებთან ერთად, მშვიდად. აქ სხვანაირად ვცხოვრობთ. ასეთი ცხოვრება ძალიან მინდა, ასეთ კეთილ ადამიანებთან ახლოს".
ეს ფრაგმენტებია იმ საუბრებიდან, რომელიც ნარინჯისფერ სახლში მქონდა. სხვადასხვა თავგადასავალს ვისმენდი სულ სხვადასხვანაირი ქალებისგან, მაგრამ ყველას აერთიანებდა სურვილი - ნამდვილი სიყვარულის, ნამდვილი ცხოვრების და ბედნიერების, რომელსაც ოჯახური სითბო მოაქვს და რწმენა საკუთარ თავში, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხარ და ბევრი შეგიძლია!