სანდოობა მისი პროფესიაა



ავტორი:
ზეკო ხაჩიძე



17/03/2025

წარმატების ისტორიებს მრავლად იხსენებს. და ყველა ამ ისტორიაში, მისი როლი გადამწყვეტია!
ჩვენს ფსიქოლოგზე ვსაუბრობთ, ეკა ქვაჩაკიძე, რომელმაც ქალთა ფონდ „სოხუმში“ მოსვლამდე, პროფესიული გამოცდილების საინეტერესო გზებზე იარა.
პედაგოგიკის, მეთოდიკის და ფსიქოლოგის ფაკულტეტზე იმ დროს ჩააბარა, როცა ფსიქოლოგია, როგორც ცალკე ინსტიტუცია, დღევანდელი მოცემულობით არ არსებობდა. ჩანასახში იყო. ეკა და მისი კურსელები იყვნენ პირველი პედაგოგი ფსიქოლოგები, რომლებსაც სკოლებში მუშაობის უფლება მიეცათ. წლები დასჭირდა ამ სფეროს განვითარებას. არ არსებობდა ფსიქოლოგისთვის კონკრეტული სილაბუსი, მიმართულება, მოდული, პროგრამა, გეგმა. „ცარიელი” ხელებით, თვითონ ქმნიდნენ სამუშაო მასალებს, კურიკულუმებს, გაკვეთილების პროცესის ვერსიებს.. შემდეგ საინტერესო წლები გაგრძელდა პენიტენციურ სისტემაში. ეს სფერო ფსიქოლოგებისთვის პროფესიული ზრდის და აღმოჩენების მთელი პალიტრაა თავისი სპეციფიკით. იქედან - ფსიქიატრიული დაწესებულება მრავალფეროვანი პრაქტიკით და უკვე მიღწეული ცოდნის და გამოცდილების რეალიზაციით. და მოკლედ, კვალიფიკაციის ამ არაერთგვაროვანი კალეიდოსკოპით, ეკა ქვაჩაკიძე ახლა ქალთა ფონდ „სოხუმის“ გუნდს ამშვენებს!
აი, ხომ არიან ადამიანები კეთილშობილი გამომეტყველებით? ზუსტად ასეთია ეკა - სითბო, ყურადღება და ადამიანების სიყვარული სხივებად უდგას თვალებში. არ ვიცი, საზოგადო სტანდარტით მისი პროფესია გულისხმობს თუ არა აუცილებელ ფაქტორად შინაგანი მოწოდების და ვიზუალის თანხვდენას, მაგრამ ჩემზე ეს ამაღელვებლად მოქმედებს და ძალიანაც მომწონს. გადამდებია! ნახვის პირველივე წუთიდან ნდობას იწვევს.
ბლოგის გმირს ჩვენი შეხვედრების უცვლელ ადგილზე მივაკითხე: ნარინჯისფერ სახლში, „სოხუმის“ სარეაბილიტაციო სივრცეში, რომელიც ძალიან მიყვარს იმ შემოქმედებითი წესრიგით, რომელსაც საინეტერესო ადამიანები ქმნიან.
სარეაბილიტაციო ცენტრი მარტო ჩემთვის კი არა, ეკასთვისაც აღმოჩენაა მუშაობის პროცესში - თბილი და კომფორტული გარემო, მხარდაჭერა და უდიდესი ზრუნვა ოჯახების მიმართ, ია იაშვილისგან კიდევ უფრო მეტად გალამაზებული იქ ყოფნის დღეები...
ეკა ყველა ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს. მათ შორის, ხშირად არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე, ან მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც თბილი საჭმელიც კი სანატრელი აქვთ. ზოგ მათგანს საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნია და წასვლის წინ გულწრფელ ნატვრას ტოვებენ - „ნეტავ, კიდევ მოგვეცეს აქ დაბრუნების საშუალება"-ო..



ქალთა ფონდი „სოხუმის “ გუნდის წევრობა, ეკასთვის, პატივიცაა და საშუალებაც - იმუშაოს ძალადობაგამოვლილ ქალებთან მათ მთავარ პრობლემაზე: თვითშეფასების ამაღლებაზე, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ფსიქოლოგთან ერთად ახერხებენ ჩვენი ბენეფიციარები საკუთარ თავში ე.წ. “სუსტი ქალის“ დამარცხებას, საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენას, ემოციების მართვის სწავლას, “ოჯახში დაბრუნებული ქალი სირცხვილია“, “რას იტყვის ხალხი “, “არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდები, უნდა გაუძლო “ და მსგავსი სტიგმებისგან თავის დაღწევას.
<<ბენეფიციარებს ფსიქოლოგთან შეხვედრის პროცესში, პირველ ეტაპზე, უჭირთ ბოლომდე ისაუბრონ პრობლემებზე. ისინი ფიქრობენ, რომ მაინც ვერავინ გაუგებს. ეს არის ძალადობისგან დარჩენილი, თუ გაჩენილი სასოწარკვეთა, ხელჩაქნეულობის სინდრომი, რასაც ქალთა ფონდი “სოხუმი“ წლებია, ებრძვის! ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინტენსიური და გუნდური მუშაობით, ძალადობისგან დასუსტებულმა ქალებმა საკუთარი თავის გადარჩენა შეძლეს და დამოუკიდებლად გააგრძელეს ცხოვრება. წარმატების ისტორიებიც მრავლად გვაქვს. მაგალითად, მეამაყება თერჯოლის ქალთა მხარდამჭერი ცენტრი, სადაც ქალები სხვადასხვა სახის პროფესიებს ეუფლებიან და ვითარდებიან. სანიმუშოა „პოლიმერული თიხის “ კურსებიც, სადაც უამრავმა სახლში გამოკეტილმა ქალმა საკუთარ თავში აღმოაჩინა შემოქმედებითი ნიჭი და საკუთარ შედეგებსაც გაოცებული უყურებდნენ. ბევრმა მათგანმა ეს წარმატება დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროდ აქცია. საქმედ! და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ყველაზე სტაბილური კომპონენტია კეთილდღეობის გზაზე>> .
ეკა ქვაჩაკიძეს ყველა ამ წარმატებაში განსაზღვრული და მკაფიო როლი აქვს. რაც წლები გადის და გამოცდილება ემატება, მით უფრო მადლიერია იმ არჩევანის, 17 წლისამ რომ მიიღო და ეს პროფესია აირჩია. ფსიქოლოგობაზე იმ დროს ხომ ამხელა „ბუმი“ არ იყო და მისი თანდაყოლილი ემპათიის გოგოს აბა სხვა რა უნდა ექნა - უფრო სასარგებლო და საზოგადო?
ვსაუბრობთ ბევრს და იხსენებს ყველა იმ რესპონდენტს, რომელმაც საკუთარი ხელჩაქნეულობა დაძლია და ამ სასიკეთო ტრანსფორმაციების ორგანულ ნაწილად გრძნობს თავს „სოხუმელების“ გუნდთან ერთად.
ერთი კონკრეტული გარდასახვა მაინც გაიხსენეთქო, არ ვეშვები და ეკაც ანონიმი გოგოს თავგადასავალს მიყვება: მცირეწლოვანი შვილების დედა იყოო, მოძალადე მეუღლის და მისი ოჯახის წევრებისგან შევიწროვებული. დაუნდობელ ფიზიკურ შრომას უსიტყვოდ რომ დაემორჩილა, საღამოს სახლში, მეუღლის და მეუღლის მშობლებისგან ექსპლუატაცია წლების მანძილზე სულიერ და ფიზიკურ ტრავმად რომ ათრია და ყველას რჩენა იძულებით თავზე აიღო. ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
ერთ დღეს მისთვისაც განათდა და ახლობელმა, ოჯახისგან მალულად, შეხვედრაზე მოიყვანა. მიხვდით ალბათ, ასეთი “ბედნიერი შეხვედრების“ ადგილი სწორედ ქალთა ფონდ „სოხუმის“ სოლიდარულ „ოჯახშია“. დაიწყეს „სოხუმელებმა“ ფსიქოლოგის ჩართვითმუხლჩაუხრელი მუშაობა გოგონას ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებისთვის:
<<ვმუშაობდით თვითშეფასების ამაღლებაზე, ემოციების მართვაზე, თავდაჯერებულობაზე, რომელიც საერთოდ არ გააჩნდა საკუთარი თავის მიმართ.. საერთოდ არ ცდილობდა ეფიქრა თავისი ცხობრების გაუმჯობესებაზე.. ვერ წარმოედგენდა, რომ როდესმე დამოუკიდებლად შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას. მაგრამ საბედნიეროდ, მშვიდი და თანმიმდევრული სტრატეგიით, კვალიფიციური პროცესებით, მისი ურწმენობის დამარცხებაც შევძლეთ! უფრო სწორად, მან ეს შეძლო, ჩვენთან ერთად!.. თავისი შვილებით წამოვიდა მოძალადე ქმრის და დედამთილის ოჯახიდან. ადგილობრივი თვითმართველობის დახმარებით იქირავა ბინა, ასევე, კეთილი ადამიანების მხარდაჭერით შეიძინა პირველადი მოხმარების ნივთები და დაიწყო ახალი ცხოვრება: მშვიდი და ძალდაუტანებელი. შრომობს თავდაუზოგავად, აქვს სოცდაუცველის სტატუსი და საკუთარი შემოსავალი, რომელსაც თავად განკარგავს მისი შვილებისთვის. ფონდი „სოხუმი " ეხმარება მაქსიმალურად და პირადად მე სისტემატურად ვკონტაქტობ, რომ კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობითა და შემართებით გააგრძელოს ცხოვრება ამ შესანიშნავმა ადამიანმა>> - აი, ასეთი ისტორიებით იზრდება ქალთა ფონდ „სოხუმის“ საერთო წარმატება, როგორზეც ეკა გვიყვება, როგორითაც ეკა ამაყობს, როგორც გუნდის წევრი და პროფესიონალი! ბევრი გამარჯვება მას სწორ ფასეულობებში „სოხუმელებთან“ ერთად!