ისტორია N34
23.06.2024

ხელი, რომელიც გიცავს
ავტორი
ზეკო ხაჩიძე






თვეში ერთხელ, ჩვენი ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრში სტუმრობა და ბენეფიციარებთან საინტერესო მასლაათში დაყოვნება, უკვე ტრადიციად მექცა. ეს სასიამოვნო ტრადიციაა. სულ სხვა ადამიანებს ხვდები, სხვა კულტურული შრიდან, სხვა ინტერესებით, სხვა ცხოვრების წესებიდან გადმოსულებს ტკივილით, სიმწარით, წლობით გაძლებული სტიგმებით, მძიმე ჯვარის- ბედისწერის თრევით დაღლილებს.. აქ, ცოტა ხნით, ჩვენს ნარინჯისფერ თავშესაფარში ყოფნის დროს, მოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჯვარს და სიმძიმეს ნელა იხსნიან და საკუთარ თავს ემსგავსებიან. ისეთ საკუთარ თავს, რომელზეც ახალგაზრდობაში, ან ბავშვობაში ოცნებობდნენ და რეალობამ ეს როლი არ არგუნათ, სამწუხაროდ..
აქ სხვადასხვა თაობის და ინტერესების ადამიანები ხშირად ერთად ცხოვრობენ. ვერ წარმოიდგენთ და, რთულია მათი გამთლიანება: საუზმის, სადილის, საღამოს ვახშმის მერე საერთო საუბრების და დასვენების ერთ ფორმატში მოქცევა - გაადამიანურება. აქაური ბენეფიციარები სხვადასხვა კუთხის შვილები არიან, სხვადასხვა წესების და ხშირად, სულაც წესების გარეშე არსებობას მიჩვეული - დაბალი თვითშეფასებით, ძალადობიდან დათრგუნულები ან, პირიქით, სწორედ ძალადობისგან სულ გადარჩენისთვის მებრძოლები. მელანქოლიურები, ან აგრესიულებიც. ნაკლები ნდობით დანარჩენ სამყაროსთან, რომელმაც უკვე დიდი ხანია დაჩაგრა. ისინი დედებიც არიან და ცოლებიც. ხშირად უარყოფილები. ხშირად უარყოფის არ მაღიარებლებიც და ამ ინსტინქტით ოდნავ გაუხეშებულები. იშვიათად - სათნოები. აქ ის ცოცხალი გალერეაა, რომელიც საკუთარი ყოველდღიურობის მიღმა გახედებს თუ ადამიანი ხარ და იმას აკეთებ, რაც უნდა აკეთო ჩვენი ორგანიზაციის დაწერილი და დაუწერელი შეთანხმებით: აძლიერებ სიკეთეს და ასუსტებ აგრესიას, უმაღლებ თვითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას, ჩუქნი ნამდვილი ცხოვრების გემოს და არომატს.
გუშინაც მომიწია ახალ ადამიანებთან წვიმიანი დღის გატარება ჩვენს სარეაბილიტაციო სახლში. ია იაშვილი - ამ სახლის პოეტი დიასახლისი/მაჟორდომი, მისი გრძნობების შესაფერისად დამხვდა - საკუთარი პრემიერის ულამაზესი ყვავილებით ეზოში და შემოქმედებითი სუნთქვით, ყველა მის მაცხოვრებელს რომ ბუნებრივად ედება. ჰოდა, ახალი ბენეფიციარები, სხვადასხვა თაობის, ზუსტად მისეული მიზანსცენით ყავდა განლაგებული ახლად მოდუღებული ზაფხულის ხილის მოვარდისფრო ქარვის კომპოტის გარშემო, მრგვალ მაგიდასთან. ია ფრანგულ მოტივებზე ამზადებს ამ დესერტს, შაქრიან და სანებელებიან წყალში ხილის ნაჭრებით, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში, მისნაირი ქალების სამზარეულოში დაიბადა. ჩვენი ბენეფიციარები ტკბებოდნენ ამ არომატით და შოპენის მელოდიას ნელ-ნელა აყოლებდნენ სიტყვებს, რომელიც არც ფრანგულ დესერტს გავდა და არც ამ კლასიკური მუსიკის ლირიზმს იმეორებდა.. ისინი საკუთარ ტკივილებზე ყვებოდნენ, ოღონდ უკვე სულამოთქმულები, ცოტა ხნით ყოფიერების სიმძიმეჩამოხსნილები, ბედისგან გადამალულები ჩვენს თავშესაფარში..
„-ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ. ვხედავ -პატივს მცემენ და საჭირო ადამიანად ვთვლი თავს
-როდესმე გიგრძვნიათ, რომ საჭირო არ იყავით?
-კიი, ბევრჯერ ძალიან. ავადმყოფობის დროს, როცა სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, გაჭირვების დროს, როცა საჭმელიც კი არ გვქონდა, შვილის მომავლისთვის ძიებისას, ჩემი მეუღლის პრობლემების გამკლავებაში... სულ ბრძოლაში ვიყავი და არასდროს მიბრუნდებოდა სხვებისგან პასუხი ან განცდა, რომ საჭირო ადამიანი ვარ. იქნებ ეს გაჭირვებას ახასიათებს?
-იქნებ.. სამწუხაროდ.. იქნებ სხვებიც ასე გრძნობდნენ თავს თქვენს გარშემო. ისინი, ვისგანაც ამას ითხოვდით..
-მაგაზე არ მიფიქრია და ალბათ მართალი ხართ. თუ ისინიც, ჩემსავით, ასეთ სახლში და ასეთ ადამიანებთან ცოტა ხნით იცხოვრებენ, იქნებ მაშინ თვითონ აღმოაჩინონ ეს, როგორც მე აღმოვაჩინე“
ეს ფრაგმენტი მათი და ჩემი საუბრიდანაა. არ იფიქროთ, მოვიგონე. სწორედ ამიტომ მიყვარს ჩვენი ქალთა ფონდი „სოხუმი“, ეს სარეაბილიტაციო სახლი მისი საოცარი ფუნქციით და დიასახლისით. სულ სხვა სარკეებში გადაყავს დასუსტებული ქალების ფსიქეა- აძლიერებს და დაკარგული ტალანტები ამოაქვს დალექილი ფსკერიდან.
„თავიდან ვხედავ სამყაროს სულ სხვნაირი თვალით. სახლში სულ შრომაა, აქ მეტს ვფიქრობთ, ერთმანეთს ველაპარაკებით, ქალბატონი ია გვეფერება, გვივლის, გვასწავლის ლამაზ ცხოვრებას.. ფსიქოლოგი და იურისტი გვიხსნის და გვპასუხობს ყველა იმ კითხავზე, რაც ჩვენი უწიგნურობის გამო ბუნდოვნად გვესმის. ბავშვებს აქ საკუთარი მასწავლებელი ყავთ. როცა გაკვეთილს ამთავრებენ, მერე ქალბატონი ია ახალ ჩვევებს უყალიბებთ. ადამიანი კარგს მალე ითვისებს და გვეშინია, აქედან რომ წავალთ, როგორ შევძლებთ ამ სიამოვნების გამეორებას შვილებისთვის, მეზობლებისთვის, სხვა ადამიანებისთვის.. არ ვიცი“
ეს ქალები სულ შრომაში არიან. ჩემი რესპონდენტი საუბრის დროს თავისთავად გამოიკვეთა. მის მეუღლეს „ნერვები ტკიოდა“ წლების მანძილზე. „ნერვები მტკივაო, როგორც თავის ტკივილი“ -ასე როცა ეუბნებოდა, თან ეჭვის შემოტევა ეწყებოდა. ერთადერთი შემოსავლის წყარო მათი ოჯახისთვის თხილია, რომელსაც ბოლო წლებში რატომღაც გაუფუჭდა მოსავალი, გაუშავდა და დაუპატარავდა კაკალი. მერე მცენარეების გახარება დაიწყო - ნაძვების, კვიპაროსის, იშვიათი ჯიშების და ჩვეულებრივის.. ყიდის და როცა შემოსავლით გამართლების ფაქტებზე ყვება, თვალები სიხარულით და მადლიერებით ენთება. „ქიმიაზე უნდა წავსულიყავი თბილისში და ფული საერთოდ არ მქონდა.. იღბალი დამემთხვა. კარგმა ადამიანმა ჩამოიარა და ეზოსთან მეწყო გასაყიდი მცენარეები. 700 ლარის ვივაჭრე და ასე გახარებული წავედი თბილისში. მეგონა, უკვე განკურნებული ვართქო, ისე მადლიერი ვიყავი ღმერთის..“
ვსაუბრობდით ნელა და მშვიდად. გულისყურით ვუსმენდი ყველა მათ სიტყვას, ვუყურებდი მათ მოსვენებულ სხეულებს ოთახის იასამნისფერ სავარძლებში, თვალს ვაყოლებდი მოთამაშე ბავშვებს, მძიმე ცხოვრებისგან გამოყოლილი ტრავმებით და აღარ მეთმობოდა აქაურობა. ეს სხვა ცხოვრების და სხვა წესების ადამიანებია, რომლებიც ქალთა ფონდ „სოხუმის“ სარეაბილიტაციო სახლში საკუთარ იარებს იშუშებენ. ცოტა ხანში მათ სხვები შეცვლის. სხვა ამბებს მოყვებიან მოძალადე ქმრებზე და გაჭირვებაზე, შვილების გადარჩენაზე და მომავალზე, მაგრამ აქ ყველას ერთნაირად დახვდება „სოხუმელების“ ზრუნვა და თბილი, ახალი, ვიტამინებით სავსე კომპოტი მრგვალ მაგიდაზე, ჯანსაღი კვება და ურთიერთობები, მეგობარი ფსიქოლოგი მანანა და ჯადოქარი ია, ბავშვებზე მზრუნველი ანიკა, იურისტი იამზე, შორენა და ყველა ის ადამიანი, რომელიც მათთვის ქუთაისურ, ზღაპრულ არდადეგებს, დაუვიწყარ დღეებად აქცევს, საიდანაც სულ დაბრუნებაზე ოცნება გაყვებათ და მეტი რწმენა, რომ ისინი საჭირო ადამიანები არიან.




წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"