მაშინ, როცა სამყარო შობა-ახალი წლის სრულიად გიჟურ და ფერად დღესასწაულებს ზეიმობს, ნამდვილ დიასახლისებს და ქალებს, რომლებიც კარიერას ოჯახურ საქმიანობასაც პატიოსნად უხამებენ, გამოცდის დღეები უდგათ. ნერვების და ფიზიკური გამძლეობის. ქანცის (იგივე- სიქა, იგივე -ძალა, იგივე -ენერგია) გაცლამდე.
ვიღაცისთვის მართლა დღესასწაულებია დეკემბრის ბოლოდან იანვრის შუა გულამდე. დასვენება, ბაკურიანი, ეგვიპტე, გუდაური, დუბაი, პარიზი... ვიღაცისთვის, კი სასწაული დღეები: სტუმრების გაუთავებლად მიღება-გასტუმრების, საცივის ნელი და სტაბილური მზადების, ინდაურის ხარშვის, გოზინაყისთვის რუტინულად მოხალული, მერე დაფცქვნის, გრძლად და ფაქიზად, თითქმის სიმეტრიულად დაჭრის, ნიგვზის თაფლითან შედუღების ხელშეუცვლელი პროცესი. მერე დარდი - სველი ხის დაფიდან ხომ სუფთად ადგება მთავარი ნუგბარი და ხომ არ გაიწებება სტუმრის ძვირფასიანი კბილის თეთრ ფაიფურზე.. და ბოლოს - „ვის გოზინაყს ჯობია?"
ცალკე თემაა საცივის ნიგვზის დამზადების ძველებური ტრადიციული წესი, ცხაურზე გაფქვილებული ლებანი, რომელიც ნელ-ნელა იღებს თითების ფორმას, რადგან სულ ცალ-ცალკე ასეირნებ წმინდა საცერზე. საათობით. საცივის კონსისტენციაში ნიგვზის კრისტალური ნამცეცი არ უნდა გეგრძნო ჭამის დროს, წესი ასეთი იყო. ამითაც ფასდებოდა მისი ხარისხი. ახლა უფრო გაადვილდა. მაგრამ დადარების დროს, როცა სახელოვანი დიასახლისების საცივი ან გოზინაყი საზოგადოებრივი გარჩევის თემა ხდება, იქ ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია. არ იცი, რა დეტალის შეფასებით წაგწევენ რეიტინგში.
ბოლო წლებში იმატა „ბებიების სახელით" რეცეპტების გაიოლების ტენდენციამ. დიასახლისების საზრიანობამ ხან გაამართლა, ხან ვერა. მაგრამ.. ნუ, ახალი წლის და შობის დღე/სასწაულებს ქალებისთვის მაინც ვერაფერი აიოლებს.
პირიქით, ცოტა მივიწყებული სამზარეულოების მარათონები ბოლო წლებში თავიდან აფეთქდა სოციალურ ქსელებში გაწყობილი სუფრების დამუშავებული ფოტოების სხვის ჯიბრზე, ან ისე დადებით. მრავალშვილიანიც და მარტოხელაც, უჩვეულო დიასახლისიც და სრულიად ჩვეულებრივიც, ან შედარებით ზარმაციც, თავხედურად ტრანსლირებს საახალწლო ბარაქას საკუთარი სუფრიდან სტუმრებით და სტუმრების გარეშე. სხვისი გამზადებულით და პლაგიატური კერძებითაც, ხშირად.
ფაქტია, სადღესასწაულოდ მომზადებული სუფრა, ჯერ კიდევ ითვლება ქალის განსაკუთრებულად დასაფასებელ უნარად სხვა უნარების გვერდით.
წლების წინ, ამ რიტუალს გაცილებით მშვიდი ნერვების ქალბატონები ამზადებდნენ. სამყარო და ადამიანი მაშინ უფრო ჯანმრთელი, ტკბილი და ზნეკეთილი იყო. ქალები,- უნდოდათ თუ არ უნდოდათ,- მორჩილად მისდევდნენ დედამთილების დამკვიდრებულ წესს და კიდევ ერთ წლით სანათესაოს ქებას იღებდნენ ავანსად. ქმრები ნამდვილად ამაყობდნენ ასეთი ცოლებით საახალწლო დღეებში!
მერე უცებ რაღაც შეიცვალა. თვითშეფასების ამაღლება იმით დაიწყო, რომ ქალების ერთი ნაწილის „საახალწლო-საშობაო რევოლუციამ" სამზარეულოდან სარესტორნო სივრცეებში გადაინაცვლა და საცივის წვენის საათობით, ინტენსიურ მორევას დაბალ „პარზე" მისი აჭრის პრევენციისთვის, დედამთილის ლოცვის გარეშე მომზადებული მასობრივი საკვები ამჯობინეს ემანსიპაციური საზეიმო ტრაპეზის დაკანონებით. მაგრამ დეკემბრის თვე და იანვარი ისეთია, ერთჯერ შეიძლება აცდე დიასახლისობას და დაუპატიჟებელ სტუმარს, მაგრამ სამჯერ მაინც ვერ აცდები.
მოკლედ, ჩვენი მოკლე ბლოგი დღეს, უბრალოდ, იუმორისტული რეპლიკაა- იოლი საუბარი არცისე იოლ თემებზე.
ჩვენი დედების და ბებიების საშობაო-საახალწლო მზადება ბევრად უფრო რთული რიტუალი იყო, ვიდრე ჩვენი და ჩვენი მომდევნო თაობების დღე/სასწაულებია. თუმცა, მაშინ ქალებს (გამონაკლისებს), რომელსაც პარალელურად წარმატებული კარიერა ჰქონდათ, ან ქმარი ჰყავდათ „საზოგადოებაში თვალსაჩინო", სახლში რამდენიმე ნათესავი ან „დამხმარე" უმსუბუქებდა სუპერდიასახლობის აღიარების ფინალურ ტურს - 31 დეკემბრიდან - 15 იანვრამდე გადაგრძელებულ გასტრონომიულ დეკადას (დეკადაზ მეტს).
კაცებისთვისაც არ იყო ამ სუფრების და დიასახლისების რანჟირება პატარა ამბავი. ყველას საკუთარი ცოლის საცივი და გოზინაყი, ხაჭაპური და იდეალი ურჩევნოდა სხვისას, თუ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ, მშობელი დედაც არ ამზადებდა ცალკე ოჯახში სადღესასწაულო სუფრას. ამ შემთხვევაში, დედა იყო უალტერნატივო და არც ახლაა სხვაგვარად, ცოლების ირონიული და გონივრული თმენის საზღვარზე.
ვწერ და აღარ ვიცი სად გავჩერდე. ხან მომწონს ეს შარჟი და ხან ვფიქრობ, რომ სულაც არაა სახუმარო თემა იმდენი დეტალი მახსენდება თანდათან, რაზეც სერიოზული ფსიქო-სოციალური კვლევა შეიძლება აწარმოო.
დაქანცული დედები, ცოლები და ბებიები. ტონუსში მყოფი მამები, ქმრები და ბაბუები. ნაცნობი და უცნობი, დაპატიჟებული და დაუპატიჟებელი სტუმრები. აჭრილი საცივი, ამწარებული ნიგოზი, მარილიანი ყველი - შიში, რომ გადათენებულ ღამეებში ნაკეთები ვინმემ არ დაგიწუნოს... და ხვალ ისევ სამსახურში წახვალ. სახლს მიალაგებ. საღამოს ისევ თავდაყირა იქნება. დარეცხავ, თავიდან მოზილავ ცომს, დააცხობ ხაჭაპურს (ყველა ჯერზე ხომ ახალი უნდა იყოს) და რამეს შეამატებ დროდადრო - ჩაქაფულს, სალათებს, წიწილას. ღორის თავს და ფეხებს ჩაამუჟუჟებ და ლაბასხმულს (ხალადეცი) დაახვედრებ შობისთვის. საცივს და გოზინაყს ვეღარ გააკეთებ თავიდან. აქ, კატეგორიული ხარ! ნუ, კარგი, გოზინაყი კიდე, ხოო.. მაგრამ ერთ თვეში მეორედ საცივი არა, რაა. ბაჟეთი ჩაანაცვლონ ძველით ახალ წელს, მოსპობს ნაღვლის ბუშტებს. ქოლეცისტიტის კერაა.
..წლების მანძილზე ქალის ხვედრი - საოჯახო დღესასწაულის შექმნა, რომელზეც ალტერნატიული აზრის ქონაც კი წარმოუდგენელი იყო.. არაა ადვილი.