ჩემი რესპონდენტი სულ სხვა მიზნით შევითანხმე ინტერვიუზე.
ნათიამ, ისე როგორც ბევრმა ნიჭიერმა ქალმა, პოლიმერულ თიხაზე მუშაობის სასწავლო კურსი გაიარა ფონდში და მისი „წარმატების ისტორიაზე" უნდა მომეყოლა მკითხველისთვის.
მაგრამ ვამბობ, ნამდვილი ადამიანების საბადოა ქალთა ფონდი „სოხუმი"თქო და ზოგიერთი ალბათ, მაინც ჩემს გადაჭარბებულ განცდად და შეფასებად მითვლის.
ჰოდა, შევხვდი ნათიას. საუბარი დავიწყეთ. ბევრი პროფესია ვცადეო- ამით უკვე დამაინტერესა - რატომ ბევრი? რატომ ასეთი მოგზაურობები საკუთარი თავის გამოცდაში?
ექიმობაცო, ჟურნალისტობაც, სტილისტობა და ახლა პოლიმერული თიხაო.
უფინანსობის გამო ზოგი ბოლომდე ვერ მიიყვანა.. ზოგიერთი კი, სახლში ყოფნას და ხუთი შვილის დედობის დღის წესრიგს ვერ მოურგო. პოლიმერული თიხით კი, რომელშიც ახლა მცირე გრანტის კონკურსზეც გაიმარჯვა, საკუთარი პატარა საქმის წამოწყებას, ოჯახურ გარემოში გეგმავს.
„მთელი ცხოვრება სულ ვეძებ რაღაცას..
ვისწავლე ქუთაისშიც, გურიაშიც, თბილისშიც. უცნაური ბავშვობა მქონდა - მამა მყავდა პოლკოვნიკი. ზვიად გამსახურდიას მთავრობის და მერე მისი დევნილობის დროს, მასთან იყო ყოველთვის.
ზუგდიდში რომ იყვნენ კანონიერების აღდგენის სურვილით თავშეყრილი ზვიადის მომხრეები, იქ იყო მამაც.
მე 9 წლის ვიყავი, ჩემი ძმები, კი 11-ის და 2-ის, როცა ჩოხატაურში დახვრეტის ინსცენრება მოგვიწყვეს თვალწინ. მოგვივარდნენ ოჯახში, წამოგვყარეს საწოლებიდან ყვირილით და მუქარით. პასუხს გვთხოვდნენ - სად იყო მამა. კედელთან მიგვაყენეს დედასთან ერთად და ფეხებს ქვევით გადაგვატარეს ავტომატის ჯერი შესაშინებლად.
ამის შემდეგ დავტოვეთ ჩოხატაური, ქუთაისში გადმოვცხოვრდით ბებიასთან, მაგრამ აქაც გაუსაძლისი გახდა - ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს, ბუცხრიკიძე მისი ამალით მოდიოდა და კედელზე დაკიდებული ხალიჩის უკანაც კი ეძებდა მამაჩემს. ყოველ ღამე გვავიწროვებდნენ, გვაშინებდნენ, გვლანძღავდნენ და გვიყვიროდნენ დიდსაც და პატარებსაც.
მამა, სოსო ჟღენტი, ჩოხატაურის 23- ე ბატალიონის მეთაური იყო. 6 იანვარს დაიჭრა, მისი ბიჭებიც დაიღუპნენ აღაიანში. და მერე, როგორც კი წამოდგა ფეხზე, გაიტანა „მისი ნაწილი" და გავიდა ტყეში მათი კანონიერების აღსადგენად. ჩოხატაურის ნაწილიც გაიყო, ახალი და ძველი მთავრობის მხარდამჭრებად.
6-7 წლის ასაკიდან უკვე მახსოვს - ეროვნული მოძრაობა როცა გაღვივდა, დედაც და მამაც, სულ აქციებზე იყვენენ. ბებოც ამ ისტორიის ნაწილი იყო. ბაბუაც პოლიტმატიმარი გვყავდა. მამაჩემი გადასახლების დროს დაიბადა. და თითქოს ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო- სამშობლოს სიყვარულისთვის, ქვეყნის თავდადებისთვის - თითქოს ყველა თაობა გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლად ვატარებდით ამ კოდს.
ანაკლიაშიც ვცხოვრობდით მამასთან, სადაც ე.წ. ზვიადისტები- ახალ მთავრობასთან „შეურიგებლები" იყვნენ დაბანაკებული და როცა წინ წამოსვლა დაიწყეს (სენაკი, სამტრედია), მამის მანქანის უკან მანქანაში ჩვენ ვისხედით. ზვიად გამსახურდიასაც შევხვედრივარ ბავშვობაში.
1993 წელს მამა და დედა დაიჭირეს. დედაც აქტიური მებრძოლი იყო, მამის თანამოაზრე.
მამა ერთ-ერთი პირველი იყო, ვისი პატიმრობიდან გათავისუფლებაც ეუთომ მოითხოვა ციხეში შეძენილი მძიმე ავადმყოფობის ფონზე.
დედა ზრუნავდა ამაზე. დედამ იგმირა ბოლომდე.
როგორც პოლიტმატიმრების შვილებს, სკოლაში არ გვიღებდნენ თბილისში. შევარდნაძესთან მოუწია შესვლა. ცოცხლები რომ ვართ, ეს დედას დამსახურებაა."
-როგორ გადარჩი.. გადარჩი?
-კი! გმირი მამის შვილი ვარ და გმირზე უფორ გმირი -დედის! და ვფიქრობ, თავიდან რო მომიწიოს იმ გზის გავლა, გავივლიდი. მემკვიდრეობით მაქვს პატრიოტიზმი სულში.
ნათიას ისტორიამ ადგილზე გამაშეშა. ენაჩავარდნილი ვუსმენდი და ათასი კითხვა მქონდა ამ საოცარი ბედის გოგოსთან, მაგრამ პასუხი წინასწარ ვიცოდი. აღარ დავღალე. ცრემლებს ვყლაპავდი და მისი შვილების უკეთეს მომავალზე ვოცნებობდი, გონიერ საზოგადოებაზე, შეცდომების და ისტორიის გამაანალიზებელ ადამიანებზე, რომლის შემდეგაც თითქოს უკეთესი ხდება გარემო.. აქაც ვიცოდი პასუხები, სამწუხაროდ. არაფერი გაგვიანალიზებია ობიექტურად. არაფერი შეცვლილა ამ მხრივ.
რა კარგია, რომ ნათია ჩვენი ფონდის გამარჯვებულებშია.
მინდოდა „წარმატების ისტორია" დამეწერა მასზე და ბევრად უფრო დიდი ისტორია გამოვიდა.