საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
ქალი ფანჯარასთან



ავტორი:
ზეკო ხაჩიძე



08/12/2025

რამდენიმე თვის წინ შევხვდი. ერთად მოგვიწია მგზავრობა ქალაქის ერთი კუთხიდან მეორემდე. იჯდა ფანჯარასთან წყნარი და დათრგუნული. საინტერესო პროფილი ქონდა, მკაცრი, ოდნავ ანდროგენული. ხელით ნაქსოვი უცნაური ქუდი ეხურა. ალაგ-ალაგ ხალვათი იყო და ამ სიხალვათეში ვხედავდი როგორ ამოყავდა მოწყენილ საღამოს საკუთარი ჩხირებით ზამთრის ქუდის თვალი, ხან მშვიდად და ხან დაძაბული ნერვებით. მოდუნებული ხელები მუხლებზე ედო, მარჯვენა არათითზე ოქროსფერი რგოლით. არ ბზინავდა, არ ბრწყინავდა. იყო თავისთვის, თითქმის შეხორცებული და ფორმაცვლილი.

მოულოდნელად შემომიბრუნდა და გამიღიმა. სხვა ქალი გახდა თითქოს.. გიცნობთო. დიდი ხანია მახსოვხართო და ბევრი კარგი სიტყვა უცებ, ერთმანეთის მიჯრით ამოთქვა. კარგი ქართულით მეტყველებდა. მაქებდა და ვგრძნობდი, რომ ეს მისი ამბის პროლოგი იყო. თითქოს ამით ნებართვას იღებდა - რაღაც უცნაურის გამხელა გაებედა.. მაშინვე ჩემმა შინაგანმა ხმამ დასკვნა გამოიტანა, რომ სახიფათო კავშირში შევდიოდი და შემრცხვა ამ ინსტინქტის. მოსმენა გავაგრძელე..

რა ცხოვრება მოვიდაო, ამბობდა, დევნილი ვარ, ოჯახი მყავს და შვილებს სულ იმას ვასწავლიდი, დილით მშიერი რომ გადიხართ სახლიდან, არავინ შეგნიშნოთ, სირცხვილიაო. ახლა „სირცხვილის“ ახსნა აღარ ვიცი რა არისო. ვეღარც შვილებს ვარიგებ, ან ვის უნდა შენი დარიგებაო. ადამიანებმა სირცხვილზე უარი თქვესო. დავიკარგე დროში და ადამიანებშიო. აღარ ვიცი სად ვარ და ვინ ვარო, რა შემიძლია და რა ვერ შევძელიო, რაში ვარ მართალი და რაში არაო. აღარ ვიციო.. აღარ ვიციოო - ისეთი სისწრაფით ამბობდა ამას, რომ სული ამომიტრიალდა, თავბრუ დამესხა, ვერ გავიგე რა მექნა, თან ჩემი გაჩერება ახლოვდებოდა, თან ვგრძნობდი მისთვის “მსმენელის“ გამოცლა რა ტრავმა იქნებოდა, თან შეხვედრაზე მეჩქარებოდა.. მოკლედ, გავწვალდი, მოვეფერე მარტო და ჩამოვედი- შერცხვენილი, დაპატარავებული, დარდებაკიდებული, მძიმე..

დიდხანს მახსენდებოდა. კადრიც ისეთი იყო - ლურჯ ავტობუსში, ბოლო სკამზე, ფანჯარასთან, მუქი ვარდისფერი ქუდით და ფერდაკარგული ლაბადით, 90-იანი წლების ქართული კინოს პერსონაჟი.. მახსენდებოდა და სინდისი მქეჯნიდა.

ჩვენი ბლოგების დასაწერად, ხომ ყოველ თვეში ავდივარ ნარინჯისფერ სახლში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში? ჰოდა, ახლა ჩემს გმირთან შეხვედრას მიპირებდა ბედი. რამდენჯერ გქონიათ, როცა რაღაც ძალიან გაწუხებთ, მისი გაგრძელების, ან გამოსწორების შანსი უცებ მოუცია შემთხვევას. მიყვარს ასეთი ჯადოსნური წუთები. ჩვენი ნარინჯისფერი სახლიც ხომ ჯადოსნურია მისი შინაარსით? მოკლედ, მივედი და ვნახე. ვარდისფერი ქუდი ეხურა ისევ. ქუდით ვიცანი. ეზოში იჯდა და ია დატრიალებდა თავზე. სიხარულისგან სხეული დამეჭიმა და მადლობების მთელი გუნდი გავაგზავნე ზეცაში! ია პოეტია. პიტნის ნაზავ თბილ კომპოტს აწოდებდა ქალს და უხსნიდა, რომ ასეთ გემოებს ვერსად იპოვიდა დედამიწაზე. ისიც უკვე ზომიერად გაშინაურებული მზერით იღებდა იას განსაკუთრებულობას.

ჩვენი საუბარი ტრადიციულად არ დაწყებულა, რადგან უკვე გვქონდა პრეისტორია ჩემი სათაურით - „ქალი ფანჯარასთან“ და ზუსტად იქედან გავაგრძელეთ დიალოგი, თითქოს არ შეგვიწყვეტია. თავიდან შევათვალიერე მისი შეხორცებული და ფორმადაკარგული რგოლი არათითზე, რომელიც კიდევ უფრო დამდნარი მეჩვენა ამ რამდენიმე თვეში და მეც მოვითხოვე იას თბილი კომპოტი..

ასეთ ადამიანებზე ხშირად მიფიქრია. წიგნიერებზე, ეროვნულებზე, პატრიოტებზე, ბედნიერებადაკარგულებზე - ქუჩაშიც რომ ხშირად გხვდებიან და ვერ ცნობ, რადგან მაშინ არ იყო სოციალური ქსელი და ვერც მათ სტატუსებს ვკითხულობდით. მათი „გმირობები“ ვიწრო წრეებმა იცოდნენ, ოჯახის ტვირთად გადადიოდა, „ზვიადისტებს“ ეძახდნენ და მენტალობას უწუნებდნენ. მეუღლესთან პირველი კონფლიქტიც ამით დაწყებულა. სხვადასხვა მხარეს სჯეროდათ, სხვადასხვა მხარეს სცემდნენ პატივს და სხვადასხვა მხარეს გულშემატკივრობდნენ სულ. ჩემს გმირს აღარც საკუთარი სახლი ქონდა სოხუმში, აღარც მშობლები ადგა თავზე ახლობელ გუმშემატკივრად და არც კარგი სამსახური იყო სადმე, დამოუკიდებლად რომ ერჩინა შვილები და ოჯახი. მაშინ სხვა დრო იყოო, სხვა დრო, მაგრამ მაინც ძალიან ნამდვილიო.. ჩუმად დადიოდა თურმე რამდენიმე თანამოაზრესთან, ვისთანაც “როდესღაც ყოფილა სტუმრად ზვიადი და მერაბი“, მათგან გებულობდა „აკრძალულ ამბებს“, ტყუილს და მართალს და გული უსკდებოდა საკუთარი ქვეყნის გამარჯვების მოლოდინში.

ბევრი რამე ახსოვდა და ცოტას ლაპარაკობდა. ასე იციან მართლა ნატანჯმა ქალებმა - გაკრისტალებული დარდით, სიტყვებად რომ ვეღარ აქცევენ, ან აღარ აქცევენ.

ერთი ნახვით შეყვარებას გავდაო „სოხუმელებთან“ შეხვედრა - ასე მითხრა. მეგონა წლების მერე ჩემი მიწა და ჩემი ჰაერი ვიპოვეო.

ძალადობაზეც თავისებურად ილაპარაკა, თავშეკავებით, მოზომილი სიტყვებით, ისე, რომ არ გეკადრებია მისი შეცოდება. ათეული წლის შემდეგ დავიწყე აქედან თავისდაღწევის სწავლაო. ესეც ნარინჯისფერი სახლის ბინადრობით, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ნდობით და იმედით. ახლა ახალი პროფესიის სწავლას გეგმავს, „სოხუმელებთან“ ამის დიდი არჩევანი აქვს, მერე ბიზნესგეგმის წერის სწავლასაც დამპირდნენ ჩვენი გოგოები და იქნებ ეს ძალაც აღმოვაჩინო საკუთარ თავშიო.
ვუსმენდი და ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემი გმირი აღარ გავდა 90-იანი წლების ქართული კინოდან სევდიან კადრს. იმ თემასაც უმტკივნეულოდ დავუბრუნდით „სირცხვილის“ ტრანსფორმაციის სევდად რომ ქონდა ავტობუსში. იქნებ, რასაც ვაკრიტიკებთ, სწორედ ის გახდეს ახალი გზის გასაღებიო? - მითხრა და ესეც ნარინჯისფერ სახლში ყოფნის ბენეფიტად მოვნიშნე მისი რეაბილიტირებული სულისთვის.

მე კიდევმადლიერების მთელი ქორო ავუშვი ზეცაში, რომ ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და ჯადოსნურმა შემთხვევამ, შეწყვეტილი ისტორიის ყველაზე საუკეთესო გაგრძელების შანსი მაჩუქა! და ჩემი გმირის ამბავთან ერთად, ეს ბლოგი, ჩემი წარმატების ისტორიაცაა, უდავოდ!