ისტორია N27
არ ვიცი რა იქნება ხვალ

ავტორი
ზეკო ხაჩიძე





ჩემი ბლოგის ბანერზე ჯონ ევერტ მილეს ცნობილი ტილოა სახელწოდებით „ოფელია".

ასე ავირჩიე, რადგან ჩემი ბოლო რეპონდენტის საუბრიდან ზუსტად ეს განცდა გამომყვა - მდგომარეობის, რომელიც არც მიწაზეა და არც ჰაერში.. სადღაც „შორის" და სევდიანი უხერხულობით..

დიდხანს ვიფიქრე მერე მასზე და გულიანად დაუტირებელ ოფელიაზეც - რეალურ მსხვერპლზე, რომელიც დაუმსახურებელი განაჩენით ტოვებს სიცოცხლეს.. მამის და ძმის მოსიყვარულე ქალზე, ჰამლეტის უცნაურ „რჩეულზე"...

მართალია, ახალი წელი მოდის და თითქოს თხრობის სევდა დროებით მაინც უნდა მტოვებდეს, მაგრამ ჩვენი ფონდის საქმე ასეთია : სხვა ქალების ბიოგრაფიებში რუხი ილუსტრაციების კონტურებამდე დაყვანა და მერე ფერების მიცემა.. გაფერადემდე კი ეს ნატურალიზმი უნდა შეისუნთო როგორც აზოტი - უფერული, უსიცოცხლო, სახელწოდების პირველადი მნიშვნელობით „საზიანო" და „გაფუჭებული"...

<<ძალადობის მოყოლა შეუძლებელია, რაც მისგან რჩება, მხოლოდ ნამსხვრევებია.

არცერთი ნამსხვრევი არ გავს მეორეს.

ყველაფერი რაც სამყაროშია, გავს ნამსხვრევს.

არის რაღაცები, რასაც ადამიანი მხოლოდ ძალადობის შემდეგ იაზრებს >>

ეს ციტატა ახალგაზრდა და უკვე პოპულარულ ქართველ დრამატურგს ეკუთვნის, ვალერი ოთხოზორიას (პიესა „თეთრი ცხოველი"). საინტერესო ანალიზია.

არადა, ჩვენ იმ ქალებზე ვწერთ, ვინც საკუთარ თავს „ძალადობის მსხვერპლი" უწოდა.. ანუ, ნამსხვრევების მისტერიაზე..

ქალთა ფონდ „სოხუმის" ნარინჯისფერ სახლში გავიცანი. ბარბარობის დღესასწაულის მერე და შობამდე. იჯდა მოკრძალებულად და ჩემი და იას საუბარში არ ერეოდა. არც მიფიქრია, რომ ბლოგის პერსონაჟი გახდებოდა, რადგან სტუმრობა სხვა ამბის მოსაყოლად დავგეგმე.

..მერე უცებ რაღაც თქვა და მთელი სევდის სიღრმე ამოვიდა მისი მორიდებული თვალების ზედაპირზე, რასაც მზერა ვეღარ მოვწყვიტე. ნაწილ-ნაწილ, მარცვალ-მარცვალ ვკინძავდით საუბარს. ფრთხილად, როგორც პორცელანის ჭურჭელს ეხები, ხელში რომ არ ჩაგემსხვრეს.

კარგა ხნის შემდეგ მოახერხა მოეყოლა მისი ისტორია. თურმე უკვე მეორედ იყო ჩვენთან, სარეაბილიტაციო სახლში, და მითხრა, რომ აქაურობის ნახვის დღიდან ცხოვრება თავიდან დაიწყო. რომ თავიდან აღმოაჩინა ძალა - დაესრულებია დაუსრულებელი წვალება, სადაც მარტო მეუღლე კი არა, დედამთილიც, მაზლიც, - ყველა მოძალადე იყო. ფიზიკურად თუ არა, ფსიქოლოგიურად. მე კიდევ ამის არგუმენტი მჭირდებოდა. „ქალი ვირად უნდათო" - მკაფიოდ მიპასუხა და მივხვდი ყველა დანარჩენ დღეს და ტკივილს, რამაც ეს ასე მტკიცედ და მოუმზადებლად ამოათქმევინა.

ჩემმა პერსონაჟმა „ქმარი დააჭერია" - ასე უყურებს სოფელი და წარბს უწევს ზემოთ. თინეიჯერი შვილების დედა, მოწიფული კაცის და, - ბევრ რამეს უწევს ანგარიშს, მაგრამ ასეთი შეფასების შემდეგ, გრძნობს, რომ კარგი და ახალი, მის ცხოვრებაში, ამ სოფლით ვეღარ იქნება. ამ დამოკიდებულებაში და ამ გარემოში თავიდან ვეღარ დაიბადება სხვა ამბიციით და ავტორიტეტით. სადღაც უნდა წავიდეს!

ასეთია სოფელი (მისი ფართო და არა გეოგრაფიული მნიშვნელობით). ცოლის მცემელი კაცი უფრო კაცად მიაჩნია, ვიდრე ქალი, რომელმაც შვილის და ძმის კონფლიქტს, მოსალოდნელ სისხლისღვრას, დაბუშტულ სახეს და გვერდების პერმანენტულ სილურჯეს, პოლიციაში დარეკვა არჩია და გაბედა ეს! მეც კი მიჭირს ამ „გაბედვის" წარმოდგენა. ვუსმენ და მშურს მისი გადაწყვეტილების, რომელიც აპრიორი სწორია!

თან, რაღაც გემართება ამ დროს ინტერვიუერს - შინაგანი სენსორებით გრძნობ მართალ სიტყვას - არა ხატოვანს, უბრალოდ, პირდაპირ ნათქვამს მისი უკანმოყოლილი მზერით და მიმიკით. მართალ ქალს ველაპარაკებოდი. მსხვერპლს, რომელმაც გათხოვების დღიდან ვერ მიიღო ვერცერთი ადამიანური დღე. სხვა ინტერესები ქონდა. ქალაქში გაზრდილი იყო წესიერი მშობლების ზრუნვით. პროფესიაც ქონდა კულტურული, ზომიერი. ფეხი შედგა სხვის ზღურბლზე და იმ წამსვე მიხვდა - არ იყო აქ არც სიყვარულის, არც მეგობრობის, არც მისი ადგილი. სხვა კულტურული ზონიდან სხვა სამყაროს მდგმური გახდა და წლების მანძილზე ატარა ეს ვალდებულება ცრემლსა და გვერდების წვაში. ძმას უფრთხილდებოდა. არ მოუყვა. შეეშინდა საბედისწერო კონფლიქტის. მერე შვილი გაიზარდა და შვილის მოფრთხილებაც დაემატა, მაგრამ.. გაწყდა სადღაც ეს დაჭიმული ძარღვიც და გაბედა!

ახლა ახალი ცხოვრების დაწყება უნდა. სადღაც უნდა ახალი თავშესაფარი მის სიცოცხლეშემორჩენილ თვალებს, რომლებიც შვილების დანახვაზე სხვანაირად ტოკავს, თითქოს შრება, წესრიგდება და დარდებს უკან ყრის, არ აჩვენებს.. დიდები არიან უკვე. არ უნდა მათი ზედმეტი სევდა. დამოუკიდებლად უნდა -იაროს წინ, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა აიდგა ფეხი? სადღაც ეს ნიადაგი ხომ უნდა იპოვო რომ მოეჭიდო და მერე გადადგა მშვიდად ნაბიჯი? არც „სოციალურად დაუცველის" კატეგორიით არგეს დროებითი ბინა. ჩაანაცვლეს სხვებით, როგორც ხდება ხოლმე.. მის უმწეობას გრძნობს დაწყებულ ომში და უკან დაბრუნებასაც არ აპირებს. აი ისეა, როგორც ჩემი ბლოგის ბანერზე მილეს „ოფელია" - სადღაც, „შორის" .. და თავის ამოწევის ძალა სჭირდება.

„არ ვიცი, რა იქნება ხვალ.." მისმა ამ ბოლო ფრაზამ შემზარა და ყურში დამრჩა, როგორც განწირული ქალების რექვიემი. როგორ მინდა, გაიმარჯვოს სიბნელეზე!
წარმატების ისტორიები
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"
Made on
Tilda