სრულიად შემთხვევით, ჩემი მეგობრისგან - სალომე კლდიაშვილისგან გავიგე პოლიმერული თიხის შემსწავლელ კურსზე.
2022 წელს ზამთარში გავიარე პოლიმერული თიხის კურსები ქალთა ფონდ „სოხუმში". ნამდვილად ვიფიქრებდი თიხით რაიმეს თუ გამოვძერწავდი... მაკრინესთან შეუძლებელი არაფერია. ძერწვისას სულ იმეორებდა, „თიხამ უნდა შეგიყვაროსო". ფონდს საოცარი გუნდი ჰყავს - გულისხმიერები, კეთილები, სითბოს რომ ასხივებენ და ცდილობენ ყველანაირად დახმარებას, თავიანთი საქმის პროფესიონალები! ფონდში მომეცა საშუალება მესწავლა ბიზნეს-გეგმის შედგენა, რაც წარმატებით გავიარე და მცირე გრანტიც მოვიპოვე, რითაც ძალიან მადლიერი ვარ. ამ გრანტით შევიძინე თიხის მასალა და სხვა დანარჩენი საჭირო აღჭურვილობა.
ძალიან დიდი სტიმული და ენერგია მომეცა ამ მცირე წარმატების საფუძველზე და ასე შევუდექი საქმეს. თავდაპირველად ვაკეთებდი სასუვენირე ბრელოკებს, ბროშებს, თმისამაგრებსა და სხვა აქსესუარებს, კერამიკულ ჭურჭელს ვაფორმებდი დეკორატიულად.
2 მაისს, გვირილობას, პირველად მივიღე გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა. რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა - რაც მქონდა ნამუშევარი წარდგენილი, ყველაფერი გავყიდე. ამით მეტი თვითდაჯერებულობა მომემატა და განვითარებაზე დავიწყე ფიქრი. სიახლის ძიებაში ვიყავი, როდესაც გამიჩნდა იდეა პოლიმერული თიხისგან დამზადებული საყურეები მეწარმოებინა. ფორმები გამოვიწერე ერთ-ერთი ამერიკული საიტიდან და შევუდექი კეთებას. 2023 წლის ზაფხულში იმერეთის რეწვის ასოციაციის წევრი გავხდი და სისტემატიურად ვიღებდი მონაწილეობას ყოველკვირეულ გამოფენა-გაყიდვაზე. ასევე, ქალაქ გარეთ, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გავდივართ მიწვევით გამოფენა-გაყიდვაზე. ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩემმა საყურეებმა და გაყიდვაში კარგად ჩაეშვა. გავაკეთე ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები.
ისევ დავიწყე თვით განვითარებაზე ფიქრი: საყურეს რა აქსესუარი დაამშვენებს თუ არა სამკაული და დავიწყე სამკაულების კეთება ბუნებრივი ქვებისგან, რამაც ძალიან, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და გაყიდვადია!
დღესდღეობით უკვე ორ მაღაზიაში არის ჩემი პროდუქცია წარმოდგენილი ესენია: „ატარე ქართული" და „ტასიკოს სახელოსნო".
ასევე სილამაზის ცენტრ „Laserspace_sk"-ში.
წინ კიდევ დიდი მიზნები და გეგმები მაქვს, არ ვჩერდები ისევ და ისევ სიახლეს ვეძებ, პარალელურ რეჟიმში ვსწავლობ საოფისე საქმეზე.
ძირითადად ღამით ვმუშაობ და სანამ ჩემი შვილი დაიძინებისას მომიცუცქდება გვერდით და ჩემთან ერთად ძერწავს ხოლმე თიხაზე და სამკაულზე, მეუბნება, „როცა დიდი გავიზრდები, მეც გავაკეთებო". ეხლახანს გახდა 5 წლის, მარიამი ჰქვია.
15 აპრილს მათემატიკის ოლიმპიადა ჩატარდა წყალტუბოში. 54 ქვეყნიდან იყო წარმომადგენელი და დღის განრიგის ერთ-ერთ აქტივობად ჰქონდათ თიხაზე ძერწვა. მიწვეული ვიყავი, როგორც მასწავლებელი ოსტატი. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო და იმდენად ამაღელვებელი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. პირველად ავიღე ჰონორარი, როგორც მასწავლებელმა. ნაყოფიერი 3 საათი გამოვიდა, ყველა ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა. თითოეულს თავისივე ნაშრომი ჭიქა გადაეცა სახსოვრად.
ქალებო, ეძიეთ თქვენს თავში ნიჭი და განავითარეთ ის. გაიარეთ კურსები, რომელიც პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში დაგეხმარებათ. ასე შეძლებთ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას. არ გაჩერდეთ. გამონახეთ დრო საკუთარი განვითარებისთვის.
Facebook / Instagram / Tik-Tok