„მე ვარ ელზა ხუჯაძე, პროფესიით დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ბავშვობიდან მიყვარს ხელსაქმე და მოყვარულის დონეზე ვსწავლობდი ქსოვას, ქარგვას, კერვას, ხატვას, ბუნებრივი მასალებით კოლაჟებისა და კომპოზიციების შექმნას, ძველი საოჯახო ნივთების განახლებას და სხვას.
ორი წლის წინ დავინტერესდი ეპოქსიდის ხელოვნებით. შვიდი თვის წინ კი პირველი ნაკეთობის შექმნის პროცესს ვეზიარე და შევაბიჯე ხელოვნების ახალ სამყაროში.
ეპოქსიდის ფისით ჩემი ხელით შეგროვილი გამომშრალი ყვავილებით და ბუნებრივი მასალების გამოყენებით ვქმნი ნაკეთობებს. მუშაობის პროცესში ვითვალისწინებ დამკვეთის სურვილს, ემოციას და ასე იქმნება ექსკლუზიური ნამუშევრები.
ჩემი პირველი გამოწვევა იყო შეზღუდული დრო და არასაკმარისი ფინანსები. მეორე - თეთრად გათენებული ღამეების დროს შექმნილი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. ამ დროს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალთა ფონდი „სოხუმი". ამ საოცარმა ორგანიზაციამ საშუალება მომცა ჩემი ნამუშევრები მზის სინათლეზე გამომეტანა და ჰობი მცირე ბიზნესად მექცია.
მეწარმეობის პირველივე დღეებიდან მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. მყავს მადლიერი მომხმარებლები, ამ ხელობის შესწავლის მსურველები და კმაყოფილი გამომწერები.
ძვირფასო ქალატონებო, მე წლების ოცნება ავიხდინე და თქვენც იგივეს გისურვებთ. დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია კონკრეტული მიზანი, შრომისმოყვარეობა, საქმისადმი სიყვარული, სირთულეებთან გამკლავების უნარი და მიზნისკენ მიმავალ გზაზე მტკიცე ნაბიჯებით სიარული.
ყველას გისურვებთ წარმატებას."
TikTok
Facebook
Instagram