საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
ფენიქსის მსგავსად



ავტორი:
ზეკო ხაჩიძე



26/03/2026

იშვიათად მქონია ინტერვიუ, რომელმაც ასე ჩამითრია. დიდხანს ვსაუბრობდით. ძალიან დიდხანს და ყველაფერი, რასაც ვისმენდი, მოსასმენადაც მძიმე იყო, წარმოსადგენად, კიდევ უფრო რთული. ახალგაზრდა ქალის ისტორიით ჯერ სუნთქვა შემეკრა, მერე ჰაერის უკმარისობა დამეწყო და ბევრჯერ გავაღე კარი, გარე სამყარო რომ ცხადად მეგრძნო - გადასარჩენად.

ჩვენს ნარინჯისფერ სახლში სამი ქალი დამხვდა, სრულიად სხვადასხვა ტემპერამენტის, სხვადასხვა ცხოვრების, განსხვავებული ტრავმებითა და განსხვავებული მოლოდინით. ვიდრე ბლოგის გმირს ავირჩევდი, ერთმა მისი წარსული ახსენა, როგორ სცემა ქმარმა ჯაჭვით ხის სკამზე მიბმული და როგორ გადაარჩინეს მეზობლებმა გულწასული. ამის შემდეგ სხვადასხვა ქალაქების თავშესაფრები შემოიარა და ჩვენთან მეორედ ჩამოსვლა ითხოვა. გამახსენდა, რომ წლების წინ ნანახი მყავდა, ორი შვილით და მესამის დაბრუნების იმედით, რომელიც ქმრის მშობლებთან ცხოვრობს და დედას არ აჩვენებენ. აქაც დიდი შრომა გასწია ქალთა ფონდმა “სოხუმმა”, ზუსტად ამ მადლიერების გრძნობით მოისურვა მეორედ ჩამოსვლა ქუთაისში. ამ მზრუნველობით სავსე გარემოში თავიდან გაუჩნდა იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენი ბლოგის გმირი ენერგიულად შემოვიდა სასტუმრო ოთახში. შვილები მოაწესრიგა, მოკრძალებული გამარჯობა თქვა და დაჯდა. რამდენიმე წამში თითქოს ბუნებრივად დავრჩით მარტო, ერთმანეთს პირისპირ, ცხელი არომატებით სავსე ჩაით და კომშის დარიჩინიანი მურაბით მრგვალ მაგიდაზე. ნელა ვაგემოვნებდი და მისი საუბრის დაწყებისთვის კითხვებს გულში ვარჩევდი.

ნინო კარგი ქართულით საუბრობდა. სიყვარულით დაიწყო და კიდევ იმით, რომ ის და მისი ქმარი გამორჩეული წყვილი გახლდათ, ნიჭით, სკოლის და უნივერსიტეტის წარმატებით, არაფორმალური აქტივობებით. ყველაფრით. გარეგნობაც უწყობდა ორივეს ხელს. ქმარს აქებდა, ძალიან აქებდა, თბილად იხსენებდა და ემადლიერებოდა. ამბობდა, ასეთი ადამიანი ყველაფერში კარგია - შეყვარებულად, მეგობრად, ძმად, თანამშრომლად.. ღირსების ბიჭი იყოო. 2 წლის წინ დაიღუპა.

ნინოს ტრაგედია ქმრის ოჯახში ცხოვრებით დაიწყო. ქმრის მშობლებისგან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით. წარმოუდგენელი იყო, რომ ეს ჯანსაღი სახის, გამართულად მოსაუბრე ქალი ვინმემ ასე დაჩაგრა. ტრავმები ტრავმებს ცვლიდა მისი წარსულის კალეიდოსკოპში, ბრძოლები არ თავდებოდა. ბრმა ადამიანებში მოხვედრილს გავდა ეს ცისფერთვალება გოგო, საკუთარი სიმართლის მტკიცებით გავაჟკაცებული, მხნე და გონიერი.
- საიდან დაიწყო, რატომ? - მართლა ვერ გავიგე რას ერჩოდნენ ამ შეყვარებულ, ერთმანეთით აღფრთოვანებულ წყვილს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქმარიც ცოცხალი იყო

- რა გითხრა.. პირველივე დღეებიდანვე დაიწყო ეს ბრძოლა ჩემ წინააღმდეგ. განსაკუთრებით ოჯახის უფროსისგან, ჩემი ქმრის მამისგან. თითქოს, შვილის ბედნიერებაც აღიზიანებდა, ისიც, რომ მისი შვილის გვერდით ერთგული და შეყვარებული ცოლი იდგა. ყველაზე სასტიკი ეს ურთიერთობა მაშინ გახდა, როცა ჩვენ ფინანსური დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. საოცარია, მაგრამ ეს არავის გახარებია. ვმუშაობდით, ცალკე წამოვედით საცხოვრებლად, ყველაფერი ნელ-ნელა შევიძინეთ, გვიხაროდა, ორივეს მშვენიერი სამსახური გვქონდა და ჩემს ქმარსაც ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს მოკიდებდა. აი, ეს ხომ მშობლებს, ყოველთვის უხარიათ? ჩვენს შემთხვევაში არა, პირიქით. რაც უფრო ვძლიერდებოდით ჩვენ, მით უფრო იმატებდა აგრესია. თავიდან ამ დაპირისპირებას ფარული სახე ქონდა, ანუ, მარტო მაშინ “მაბულინგებდენენ”, როცა ქმრის გარეშე ჩავდიოდი, ან ჩამოდიოდნენ. ჩემს ქმართან ამას არასდროს აკეთებდნენ. ცალკე ვიტანჯებოდი ამ წნეხში. ბოლოს გადავწყვიტე მეთქვა და კვანძიც გაიხსნა. გგონიათ თავი შეიკავეს? - არა. მერე ერთად გვიტევდნენ. მიზეზი შიძლებოდა ნებისმიერი რამ ყოფილიყო: საჭესთან ჩემი დაჯდომა, სამსახური, ბავშვის ბაღში მიყვანა, ყველაფერი, რაც მხოლოდ ჩვენს ოჯახში გადასაწყვეტი წვრილმანი იყო. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ფიზიკურადაც იწევდა ჩემზე და ქმრის დედას სულაც არ უკვირდა ეს.

- და როცა შენი მეუღლე დაიღუპა? მერე რა მოხდა?

- იმ დღეებში ყველა თავზარდაცემული ვიყავით. არ ვიცი, როგორ დავეთანხმე.. ალბათ, მხოლოდ ჩემი ქმრის სიყვარულით, რომ ისევ მათ გავყოლოდი საერთო სახლში, ჩემს შვილებთან ერთად.. ვიფიქრე, რომ ამ ტკივილმა ყველაფერი ჩარეცხა და ახლიდან ვიწყებთ ურთერთობას.. რომ ბავშვებს მამა აღარ ჰყავთ და ახლა განსაკუთრებით ძვირფასია ბებია და ბაბუა. ვიფიქრე და შევცდი. როგორც კი სამგლოვიარო რიტუალები მორჩა, ყველაფერი თავიდან დაიწყო. და დაიწყო გაცილებით მძაფრად. ჩვენი ცოლ-ქმრობის დროს შეძენილი ყველა ნივთი ერთ დღესაც იქვე დავტოვე და ბავშვებთან ერთად, ჩემი მშობლების სახლში დავბრუნდი. მერე გაგრძელდა მუქარა, რეკვები, შიში და დაუსრულებელი დაპირისპირება.

მოსასმენადაც რთულია ის, რაც ნინომ გადაიტანა. ბევრ რამეს ვერც ბლოგში დავწერ, მაგრამ დღეს ეს ლამაზი გოგო ნამდვილად ჭრილობებს დაატარებს საკუთარი სხეულით (პირდაპირი მნიშვნელობით). ზოგმა იცის, ზოგმა არც იცის ეს ამბავი. ვის რა აზრი აქვს ამაზე, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, ნინომ მსხვერპლობის ყველაზე მძაფრი ფაზა გაიარა და როგორც თვითონ ამბობს, ფენიქსივით აღდგა ფერფლიდან.
ჩვენი ფონდის ნარინჯისფერი სახლი მართლა გაოგნებულმა დავტოვე.
ფიქრად გამომყვა ნინოს გამაოგნებელი ისტორია.
ფიქრად გამომყვა მისი სულის და უნარების თავიდან დაბადების ამბავიც, რაშიც გადამწყვეტი როლი აქვს ქალთა ფონდ “სოხუმს”. ეს ნიჭიერი გოგო, დასახიჩრებული წარსულით, დღეს იმდენ საინტერესო საქმეს აკეთებს, ისე ქმნის, ისე სწავლობს, ისე ანათებს მომავლის იმედით, რომ მართლა რწმუნდები: ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს!

ნინოს დღევანდელობა ჩვენი წარმატების ისტორიაა: ფერადი, პოლიმერული თიხის შემოქმედებით სავსე, რომელსაც ფონდის დღის ცენტრში ეზიარა. ეპოქსიდით, თაბაშირის ფხვნილით და ათასი სხვა ექსპერიმენტით მდიდარი მისისამუშაო მაგიდა, ახლა ბიზნესპერსპექტივის ახალ ფორმებს იღებს, განვითარებაზე და ბაზარზე ორიენტირებულს, აღიარების და მოწონებისთვის “გამიზნულს”. დღეს უკვე ნინო საკუთარ უკეთეს მომავალს აშენებს, სამი შვილისთვის, დამოუკიდებლად (როგორც ყოველთვის უყვარდა), შრომისმოყვარეობით და ენერგიულად. მძიმე წარსული და მსხვერპლობა უკვე წარსულია, რომელიც სიზმარივით გაილევა ამ ძლიერი გოგოს ახალ, სინათლით და კეთლი ადამიანებით სავსე ბიოგრაფიაში.

- მე ფენიქსივით ვარ - ამ სიტყვებით და რწმენით ვშორდებით ერთმანეთს და იმედი მაქვს, მომავალში, ნინოს შემოქმედებაზე სხვა ბლოგებში მოვყვებით..