საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
ქალი ქალის წინააღმდეგ



ავტორი:
ზეკო ხაჩიძე



20/02/2026

არსებობს ტკივილი, რომელსაც ხმამაღლა არავინ ამბობს. არ ჩანს მეზობლების თვალში, არ ისმის ეზოში, არ იწერება ისტორიებში. ის უბრალოდ ცხოვრობს სხვასახლში ჩუმად, ყოველდღიურად, თითქოს ჩვეულებრივად.

ქალი, რომელმაც ქმარი დაკარგა, სამ შვილთან ერთად ისევ იმავე სახლში დარჩა. იქ, სადაც ყველაფერი მის დაკარგვას ახსენებდა. იქ, სადაც სიტყვები იშვიათია და სიჩუმე მძიმე.

და სწორედ ამ სიჩუმეში იბადება უხილავი დაპირისპირება: არა ყვირილი, არა აშკარა სისასტიკე… მხოლოდ ეჭვი, ცივი მზერა, დაუმთავრებელი წინადადებები და უთქმელი ბრალი.

- ჩაი დაგისხით, დედა - ამბობს რძალი
- გვიანია ჩაისთვის - პასუხობს დედამთილი
- ბავშვებმა ჭამეს - ისევ ამბობს ახალგაზრდა ქალი, თითქოს ყველაზე წმინდა სიტყვას იშველიებს იმისთვის, რომ ოთახში დათბეს
- ბავშვებს ჭამაზე მეტად, მამა სჭირდებათ… - დედამთილი “სიწმინდეს” შუა გზაშივე ყინავს
- ვიცი - ხმა არ ეცვლება რძალს. მისთვის ასეთი დაძაბულობა უკვე ჩვევაა
- ცოდნა არაფერს შველის. ტვირთი… ყველაფერი ტვირთია

რძალი მერამდენედ ხრის თავს ამ სიტყვებზე და გულში ფიქრობს, რომ შვილდაკარგულ დედას ალბათ, კიდევ ერთხელ აპატიებს.

7 წელი გავიდა ასეთ ცოცხალ-მკვდარ ურთიერთობაში. 7 წელი იყო ქვრივად. ქმრის სახლში. უქმროდ. ფეხძიმედ დარჩა, როცა სამსახურში წასული ახალგაზრდა მეუღლე სახლში ავტოკატასტროფით დალეწილი მოუყვანეს. 12 დღე იბრძოლეს და ვერ გადაარჩინეს დაფლეთილი სხეული. ვეღარ უშველეს.

მესამე შვილი ქმრის გარდაცვალების შემდეგ გააჩინა.

დედამთილი არც მანამდე წყალობდა, მაგრამ გაძლება მაინც შეეძლო, ის ყავდა გვერდით, მთავარი ადამიანი, მისი შეყვარებული და შვილების მამა. კეთილი, თბილი, მზრუნველი. იმის გარდაცვალების შემდეგ ერთიანად ჩამობნელდა და ჰაერმა იკლო. სახლში სუნთქვა უჭირდა ძაძებიანს - მეორე ძაძიან ქალთან.

-მე თუ ვარ ტვირთი, წავალ - გაბედა ამის ამოთქმა ბოლოსდაბოლოს. ხმამაღლა. თორემ, გულში რამდენჯერ ქონდა ნათქვამი, ვინ იცის.
- სად წახვალ სამი ბავშვით? - თითქოს არ ელოდა დედამთილი - აქ მაინც სახურავი გაქვთ.
- სახურავი თუ კედლები? — პირველად გაბედა სიმკაცრეც
- ჩემი შვილიც აქ ცხოვრობდა… — თქვა დედამთილმა.
- მეც აქ ვცხოვრობდი, — უპასუხა რძალმა და მაშინვე მიხვდა, რომ ამ სიტყვებს თან უნდა გაჰყოლოდა შვილებით ხელში, თორემ მერე ვეღარაფერს ვეღარასდროს შეცვლიდა.

კარი ნელა გაიხურა.

მაგიდაზე გაცივებული ჩაის სიჩუმე დარჩა.

ოჯახური დრამები ხშირად ხმაურიანი გვგონია, მაგრამ ყველაზე მძიმე სწორედ ის არის, რომელიც არ ისმის. სიჩუმე შეიძლება იყოს ყველაზე მკაცრი სიტყვა. ცივი მზერა - ყველაზე მძიმე განაჩენი. და ერთად ცხოვრება - ყველაზე რთული გამოცდა მათთვის, ვინც ერთსა და იმავე დანაკარგს სხვადასხვანაირად გლოვობს.
დაახლოებით ასე მომიყვა მისი ამბავი.

ახლა ჩვენს სარეაბილიტაციო სახლშია შვილებთან ერთად და საკუთარ დრამას აანალიზებს. როცა ქმრის სახლის კარი გაიხურა, არ უფიქრია როგორ შეძლებდა სამი შვილის მარტო რჩენას. მშობლები ჰყავს, მაგრამ თვლის, რომ მხოლოდ ახლა აქვს შანსი, დამოუკიდებლად სიარული ისწავლოს. თუნდაც ეს ძალიან ძვირი ღირდეს.

ქალთა ფონდ “სოხუმის” არსებობის შესახებ იმ ადამიანებმა უთხრეს, ვინც ცალკე ცხოვრების ახალ ეტაპზე გასავლელად ჩაჭიდა ხელი. კეთილმა ადამიანებმა. ფსიქოლოგის საუბრები ეხმარება მომავალი დაგეგმოს. იურისტის კონსულტაციებიც წაეშველა პერსპექტივას უფრო მკაფიოდ შეავლოს თვალი. მეტი გამბედაობა მიეცა დარდის მხუთავი ტბიდან ამოეწია თავი და ჰაერი ჩაესუნთქა.

-თვალებს ნელ-ნელა ვახელ და ნელ-ნელა ვეჩვევი ფერების აღქმას. ძაძების გახდას ალბათ, ვერასდროს გავბედავდი იმ სახლში და ეს შვილებისთვისაც დამთრგუნველი იყო, რათქმაუნდა. არ ვაძლევდი სიხარულის უფლებას მათაც. დაბადების დღე არ გადაუხდიათ, მეგობრებთან ერთად დიდხანს არსად წასულან და ზეიმის თავდავიწყება განცდილი არ აქვთ. ახლა ამ “ტრადიციას” დავარღვევ, მათი ბედნიერებისთვის ვიცხოვრებ. როგორ გავაკეთო ეს, - თქვენთან ერთად ვსწავლობ და ვეჩვევი, ამ არაჩვეულებრივ გარემოში, მზრუნველში და განათებულში, კეთილი ადამიანებით გარემოცული. ახლა მზად ვარ, ჩემი ყველა უნარი გავიხსენო, მალე სამსახური დავიწყო და სრულფასოვან ადამიანად ვიგრძნო თავი.

დედამთილმა სინდისის ქენჯნა ბევრჯერ იგრძნო. ბევრჯერ თხოვა უკან დაბრუნება. თხოვა, თუ უფრო “შემოუთვალა” - ამაშიც არის განსხვავება.

-არ შეიცვლება. ხალხი რას იტყვისო - მარტო ამის შიში იყო ყველა შემონათვალი. მე ხომ პირველ დაყვედრებაზე არ მიმიტოვებია იქაურობა? ყოველდღე ამ ტანჯვას გავდიოდი. ველოდი. მინდოდა თბილი ურთიერთობა. ვერც ჩემი მორჩილებით, ვერც ერთგულებით და უსიტყვობით შეიცვლება. შვიდი წელი ვუყურებდი თვალებში და ზუსტად ვიცი. აღარ მაქვს კიდევ დასაკარგი ცხოვრება არც მე და არც ჩემს შვილებს, თუმცა ბებოსთან კავშირი აქვთ და სხვანაირად არც მიფიქრია. ვცდილობ, შორიდან, ისევ მართალი ვიყო, მაგრამ აღარ ვიქნები მსხვერპლი იმ გაუსაძლისი, უხმოდ და უსიტყვოდ გაწელილი დღეების და ღამეების, სადაც სულ დამნაშავედ მაგრძნობიებდა თავს, სრულიად უდანაშაულო ადამიანს. მადლობა ამისთვის ფონდ “სოხუმის” თითოეულ სპეციალისტს, თავიდან რომ მასწავლეს ცხოვრებაც და საკუთარი თავიც.

ჩვენი შეხვედრის დროს, ნარინჯისფერი სახლის ეზოში ბავშვები სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდნენ, მღეროდნენ, ხალისობდნენ ასაკის უდარდელობით.

დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ მარწყვებით მოჭიკჭკებული ტორტით და სანთლებით, განწყობისთვის შერჩეული სიმღერების კრებულით. დედა შორიდან უყურებდა მათ ბედნიერებას და სწავლობდა მსხვერპლობიდან თავის დაღწევას, წარსულიდან იბრუნებდა თავს...