ვიდრე მანანაზე წერას დავიწყებდი, მის ფეისბუქგვერდს გადავხედე. მშვილდოსანი ყოფილა და ჰოროსკოპებთან მხიარულად ურთიერთობს. იუმორი აქვს. ფოტოზეც სიცოცხლის ხალისი ეტყობა და პოსტებზეც- ბევრი დადებითი ენერგია და კეთილი სიტყვა, რაც ისე იშვიათია ამ დროში.
მანანამ ქალთა ფონდ „სოხუმში" ჯერ კერვის სასწავლო კურსი გაიარა. ვკითხე, მანამდე სად მუშაობდი და პროფესია თუ გქონდათქო.. „ნოტარიუსთან, იუსტიციის სახლში, მიკროსაფინანსოში, ლიბერთი ბანკში და ასევე 8 წელია ვასწავლი მართვის მოწმობის თეორიას"- ო :). მომავალში გრაფიკული დიზაინის შესწავლას გეგმავს.
მანანამ სასიამოვნოდ გამაოცა.
საყელოებს კერავდა მონდომებით. გემოვნებით. მოწონდა ეს საქმე, მაგრამ მერე ფრჩხილზე მუშაობის ხელოვნებამ გაიტაცა. მანიკურის ფერებმა და ფანტაზიამ. ერთი წელი ამ საქმეს დაუთმო.
-ერთ დღესაც ფონდ „სოხუმიდან" ლელამ დამირეკა და ტრენინგზე დასწრება მთხოვა. ტრენინგი ბიზნესგეგმის შედგენაზე იყო. ლელაც და ფონდიც ჩემთვის იმდენ სიკეთესთან ასოცირდება, წამიც არ დავფიქრებულვარ, დავთანხმდი. ტრენერიც კარგი გვყავდა და ტრენინგის მერეც პრაქტიქკული წინსვლის პერსპექტივა ჩნდებოდა. პროექტი დავწერე და გავიმარჯვე. ახალი ბიზნესიდეა, ან არსებული ბიზნესის განვითარება უნდა ყოფილიყო პროექტის შინაარსი. ვიფიქრე და ისევ ჩემი ბოლო ჰობი ავირჩიე. მადლობა ლელას, მადლობა ქალთა ფონდს, რომელიც სულ სტიმულია, სულ ახალი მოტივაციაა ჩვენთვის" - ამბობს მანანა და მიყვება გრანტით რა შეიძინა, რას გააკეთებს. მეც პატარა ბავშვივით ვხედავდი ყველაფერს, რაზეც ლაპარაკობდა: ორიგინალი სანათი, ბორმანქანა, ტოპები, დაგრძელების ეფექტის ინსტრუმენტები, ულტრაიისფერი სხივის სტერილიზატორი, ფუნჯები, ქლიბები და მოკლედ, ყველაფერი, რაც მის საქმეს გააფერადებს, გაამხიარულებს და სხვებისთვის უფრო სასურველს გახდის.
-ქალთა ფონდმა „სოხუმმა" ისევ გამახსენა, რომ სწავლა და ტრენინგი, თეორიული ცოდნის მიღება, ნებისმიერი წარმატების საფუძველია. ამ გამარჯვებით, გრანტით, პროექტით, თავიდან გამიჩინა რწმენა და ენერგია გავითარებისთვის. და რაც მთავარია, ქალთა ფონდმა მეგობრები შემძინა. ადამიანები, რომლებმაც ჩემი და ზოგადად ქალების გაძლიერებისთვის ბევრი ნამდვილი და დიდი საქმე აკეთეს, თანაც მოკრძალებით, უხმაუროდ, როგორც სხვისი ცხოვრების და გრძნობის პატივისმცემელ ადამიანებს შეუძლიათ.