საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
7-დღიანი ბრაზის მართვის მცირე გეგმა
მოამზადა - ქალთა ფონდი "სოხუმის" ფსიქოლოგმა - ეკა ქვაჩაკიძემ
ბრაზი ბუნებრივი ემოციაა, თუმცა მისი მართვა გვაძლევს საშუალებას, უფრო მშვიდად და გაწონასწორებულად ვიცხოვროთ. ეს გეგმა დაგეხმარებათ, ყოველდღიურად მცირე ნაბიჯებით მოახდინოთ ცვლილება თქვენს ემოციურ მდგომარეობაში და ურთიერთობებში, განსაკუთრებით - შვილებთან.

დღე 1 – სუნთქვის პრაქტიკა
სცადეთ 4 – 4 - 4 სუნთქვის ტექნიკა: ჩაისუნთქეთ 4 წამით, შეიკავეთ სუნთქვა 4 წამით და ამოისუნთქეთ 4 წამით. გაიმეორეთ ორჯერ მაინც დილით და საღამოს.
როდესაც იგრძნობთ, რომ ბრაზი გიახლოვდებათ, გაიხსენით ეს პრაქტიკა და გამოიყენეთ.

დღე 2 – „შეჩერება, ფიქრი, მოქმედება“
აირჩიეთ ერთი მომენტი, როცა გინდათ ბრაზით რეაგირება.
შეჩერდით. დაფიქრდით. მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ.
საღამოს ჩაიწერეთ, როგორ იმუშავა ამ მიდგომამ.

დღე 3 – ბრაზის დღიური
ჩაწერეთ მინიმუმ ერთი სიტუაცია, რომელმაც გაგაღიზიანათ.
დაფიქრდით ორ კითხვაზე:
– „რა გავაკეთე?“
– „სხვა რა შემეძლო?“
წერა დაგეხმარებათ საკუთარი რეაქციების გაცნობიერებაში.

დღე 4 – დადებითი ხედვა
როდესაც დღეს ბავშვი გაგაბრაზებთ, იმ მომენტში გაიხსენეთ ერთი დადებითი რამ მასზე.
არ არის აუცილებელი ხმამაღლა უთხრათ, მთავარია თქვენ დაინახოთ მისი კარგი მხარე.

დღე 5 – მშვიდი კომუნიკაცია
გამოიყენეთ ერთი „მე“ სენტენცია, მაგალითად: „მე ვგრძნობ, როცა...“
საღამოს დააკვირდით, როგორ მიიღო ბავშვმა თქვენი სიტყვები. ხშირად მშვიდი ტონი საოცრებებს ახდენს.

დღე 6 – საერთო დრო შვილთან
დაუთმეთ მინიმუმ ათი წუთი შვილს. მხოლოდ თქვენ ორნი ტელეფონის გარეშე.
ეს შეიძლება იყოს თამაში, წიგნის კითხვა ან უბრალოდ გულწრფელი საუბარი.

დღე 7 – თვითშეფასება
გადახედეთ თქვენს ჩანაწერებსა და ბრაზის დღიურს. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:
– რა ვისწავლე ამ კვირაში?
– რა გამომივიდა ყველაზე უკეთ?
– რას გავაგრძელებ?
– სად ვუშვებ შეცდომას ურთიერთობაში?

🧠ეს ერთი კვირა შეიძლება გახდეს სიმშვიდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილისთვის.

ბრაზის მართვა, ეს ძალაა და არა - სისუსტე.