სიყვარული და სიახლოვე ასაკს არ ექვემდებარება. ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ახალი ურთიერთობის დაწყება, ოჯახის შექმნა და ბედნიერების განცდა. ამასთან, სიყვარულის არსებობა არ გამორიცხავს ურთიერთობაში სირთულეებს ან ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს.
ერთ-ერთ კონსულტაციაზე 65 წლის ქალმა მოგვიყვა, რომ პარტნიორთან შეხვედრის შემდეგ იპოვა სიყვარული, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ის საკუთარ თავს ბედნიერად მიიჩნევდა, თუმცა ურთიერთობაში იყო დაძაბულობა და ისეთი ქცევებიც, რომლებიც მის ემოციურ კეთილდღეობაზე მოქმედებდა. ქალს უჭირდა ამ სირთულეებზე საუბარი: პარტნიორის მარტოობითა და წარსული გამოცდილებით ხსნიდა მის ქცევას და ცდილობდა, თავად მორგებოდა მის წესებს.
ასეთი განცდები შეიძლება თანაარსებობდეს: ადამიანს უყვარდეს პარტნიორი და ურთიერთობის დადებითი მხარეებიც ახარებდეს, მაგრამ ამავე დროს განიცდიდეს ტკივილს, შფოთვას ან ზეწოლას. ბედნიერების განცდა რეალურია, თუმცა ის თავისთავად არ ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ყველაფერი კარგადაა.
პარტნიორის წარსულის გაგება თანაგრძნობის გამოხატვაა, მაგრამ მისი ქცევის გამართლება არ არის. ხანგრძლივი მარტოობა, დანაკარგი, ასაკი ან ცხოვრებისეული ჩვევები არ აუქმებს პასუხისმგებლობას, პატივი სცეს მეორე ადამიანის სურვილებსა და საზღვრებს. თანასწორ ურთიერთობაში ორივე ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, პირადი სივრცის შენარჩუნებისა და გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება.
რაზე დაფიქრდე ურთიერთობაში- შეგიძლია თავისუფლად თქვა, რას ფიქრობ და რა გჭირდება?
- შეგიძლია უარი თქვა შიშის, დასჯის ან დამცირების მოლოდინის გარეშე?გრჩება დრო და სივრცე საკუთარი ინტერესებისთვის, მეგობრებისა და ახლობლებისთვის?
- კონფლიქტის შემდეგ შესაძლებელია მშვიდად საუბარი და პასუხისმგებლობის გაზიარება?
- ხშირად ხომ არ გიწევს საკუთარი სურვილების დათმობა, რომ პარტნიორი არ გაანაწყენო?
თუ ამ კითხვებზე პასუხი გაწუხებს, სცადე, საკუთარ განცდებს ყურადღებით მოუსმინო. ჩაინიშნე, რა ხდება კონკრეტულ სიტუაციებში და როგორ გრძნობ თავს მათ შემდეგ. ეს დაგეხმარება, დაინახო ურთიერთობის განმეორებადი ნიშნები და გაარჩიო, რა გინდა შენ.
შეგიძლია შენთვის განსაზღვრო, რა არის მიუღებელი და რა საზღვრების დაცვა გჭირდება. ამაზე საუბარი აირჩიე მხოლოდ მაშინ და იმ გარემოში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ. სანდო ადამიანთან ან ფსიქოლოგთან საუბარიც შეიძლება დაგეხმაროს, რომ საკუთარი საჭიროებები უკეთ გააცნობიერო და გადაწყვეტილება ზეწოლის გარეშე მიიღო.
შენ არ გევალება ურთიერთობის დასრულება მხოლოდ იმიტომ, რომ მასში სირთულეებია და არც ის, რომ ტკივილს შეეგუო სიყვარულის შესანარჩუნებლად. გადაწყვეტილება შენია. მნიშვნელოვანია, რომ ის შენს სურვილებს, ღირსებასა და უსაფრთხოებას ითვალისწინებდეს.
შეგიძლია გიყვარდეს ადამიანი, გესმოდეს მისი წარსული და ამავე დროს არ შეეგუო იმას, რაც გტკენს. სიყვარული არ უნდა გახდეს საკუთარი თავის დაკარგვის ფასი.
მასალა ეფუძნება კონსულტაციის ქეისს; პირადი დეტალები შეცვლილია და ანონიმურობა დაცულია.