საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
როცა ტკივილს სახელს არქმევ:
ნინას ისტორია
მოამზადა - ქალთა ფონდი "სოხუმის" ფსიქოლოგმა - ეკა ქვაჩაკიძემ

10/03/2026
ზოგჯერ წლები გადის, სანამ ადამიანი მიხვდება, რომ ის, რასაც „ნორმად“ მიიჩნევდა, სინამდვილეში ძალადობა იყო.

ნინას ცხოვრება წლების განმავლობაში უხმო ტკივილით იყო სავსე.
ის ვერ არქმევდა სახელს იმას, რასაც ყოველდღიურად განიცდიდა. დამცირება, კონტროლი, შიში, მუდმივი თავის გამართლება - ყველაფერი იმდენად ჩვეული გახდა, რომ ეგონა, ასე ცხოვრობენ ადამიანები.

მძიმე ბავშვობამ და შემდეგმა ურთიერთობებმა მის ცხოვრებას ერთგვარი ჩრდილი გადააფარა. ნელ-ნელა მან საკუთარი თავის მიმართაც კი დაკარგა ნდობა. ფიქრობდა, რომ პრობლემა თავად იყო, რომ მეტისმეტად მგრძნობიარე იყო, რომ მეტი მოთმინება მართებდა.

მხოლოდ წლების შემდეგ, როცა მარტი დარჩა საკუთარ თავთან, გააცნობიერა ყველაზე მტკივნეული სიმართლე - ის ძალადობის მსხვერპლი იყო და არა სუსტი ადამიანი.

ამ გაცნობიერებამ ხელახლა ატკინა. ძნელია, თვალი გაუსწორო იმ რეალობას, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში „ჩვეულებრივ ცხოვრებად“ გესახებოდა. მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო მისი გათავისუფლებაც.

ნინამ ნელ-ნელა დაიწყო საკუთარი თავის დაბრუნება. ისწავლა „არას“ თქმა. ისწავლა დახმარების თხოვნა. ისწავლა, რომ საკუთარი ემოციები პატივისცემას იმსახურებს. წარსული ვერ წაშალა, მაგრამ მისგან ძალა შექმნა.

დღეს ის სხვებსაც ეუბნება:
სიჩუმე სიმშვიდე არ არის.
მოთმინება ყოველთვის ძალა არ არის.
და ყველაზე მთავარი - ძალადობა არასოდეს არის მსხვერპლის ბრალი.

ფსიქოლოგი გვირჩევს:


  • თუ ტკივილი განმეორებადია, ის შემთხვევითი არ არის, მოუსმინე საკუთარ თავს.
  • ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, სიტყვებს, კონტროლსა და მუდმივ შიშსაც შეუძლია ადამიანის დაზიანება.
  • დახმარების თხოვნა სისუსტე არ არის, ეს თავისუფლებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
  • შენ არ ხარ დამნაშავე იმაში, რაც გადაგხდა.
  • გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება, იყავი საკუთარი თავის მიმართ მომთმენი.