ფსიქოლოგის რჩევები
რა მახასიათებლებით გამოირჩევიან მოძალადეები?
მოამზადა - ქალთა ფონდი "სოხუმის" ფსიქოლოგმა - ეკა ქვაჩაკიძემ
მოძალადე ადამიანებს ხშირად აქვთ გარკვეული საერთო მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება ბავშვობიდანვე იღებდნენ სათავეს. მათგან ბევრს აკლდა ემოციური მხარდაჭერა და ჯანსაღი აღზრდა, რაც შესაძლოა დაბალი თვითშეფასებისა და სოციალური იზოლაციის მიზეზი გამხდარიყო. დაბალი თვითშეფასების ფონზე, ისინი ხშირად საჭიროებენ სხვების ემოციურ მხარდაჭერას, თუმცა ამის აღიარება უჭირთ. ოჯახურ და პარტნიორულ ურთიერთობებში ეს მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს სტრესულმა სიტუაციებმა და ცხოვრებისეულმა კრიზისებმა. ასევე, მოძალადეებს ხშირად უჭირთ პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ნაკლებად ფიქრობენ თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგებზე და მომავლის პერსპექტივაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კონფლიქტურ და ძალადობრივ ქცევას. გახსოვდეთ, რომ ძალადობა არასდროს არის გამართლებული, და ამ თემაზე საუბარი, როგორც მსხვერპლის, ასევე თავად მოძალადის პასუხისმგებლობის გააზრება, მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.