მეორე წელია ამ რუბრიკისთვის ბლოგის წერა მიწევს და „ძალადობის ქრონიკები" არა და არ წყდება. მეტიც, უკვე ისეთ ნიშნულს მიაღწია ფემიციდისა და ქალთა დაჭრის შემთხვევებმა, თითოეული ნიუსის მონელებას ვეღარ ვასწრებ.
სად არის ზღვარი? აქვს კი ზღვარი ფემიციდს, ადამიანის უზენაესი ღირებულების - სიცოცხლის ხელყოფას?
მორიგი, ახალი ძალადობის ქრონიკიდან ვიგებ, რომ
დღეს ფონიჭალაში შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი კაცი კი მოკლა. ერთია, მედია როგორ აშუქებს ამ ამბავს, რაც მერე ქალთა მიმართ სხვა ძალადობების აღმოცენებას უწყობს ხელს და მეორეა, ამ ამბავს მოყოლილი ტოქსიკურად მასკულინური კომენტარების რაოდენობა:
- ლილე ლილე: „ამ აღვირახსნილი ქალების (დედების) დედაცცც. დააყენე შე ტურტლიანო ქალო ერთი ჭუჭყიანი ადგილი. ფუუუუუ. გააუბედურა შვილის ცხოვრებააა.."
- ნინო ნონიაშვილი: „შვილი გააბოროტა. თავმოყვარეობა შეულახა."
- დარიკო ფიფია: „დედები, რომლებიც შვილებს აუბედურებენ, დედობას არ იმსახურებენ".
- მერაბი ჯიმშელეიშვილი: „ორივე მოსაკლავი ყოფილა. უფრო დედა იმსახურებდა."
- ქეთი ბრეგაძე: "ეს არის დედა, დაუნგრია შვილს ცხოვრება?!"
- მაყვალა შავლიძე: „ქალია დამნაშავე. შვილს გაუმწარა სიცოცხლე. საცოდავი შვილი."
- ციცო ციცო: „საცოდავმა და გამწარებულმა შვილმა თუ ვერ მოკლა საზიზღარი დედა, კანონმა უნდა იკანონოს და მიუსაჯოს სამუდამო პატიმრობა ისე, რომ შვილი არ ატარონ წინ და უკან გამოძიებაზე. შეიცოდეთ გაუბედურებული ახალგაზრდები."
ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებზე, როცა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გენდერულ სტერეოტიპებზე, ოჯახში ძალადობაზე ვსაუბრობთ, პასუხის გაცემისას მეტწილად ტრადიციებს იშველიებენ: „ეს ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური და კულტურული როლებიდან გამომდინარეობს და უცებ ვერ აღმოვფხვრითო". თითქოს 2017 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. „სტამბულის კონვენცია") რატიფიცირება არ მოგვეხდინოს და არ აგვეღოს ვალდებულება, მივიღოთ
ყველა საჭრო ზომა ქალისა და მამაკაცის ქცევის სოციალურ და კულტურულ მოდელებში ცვლილებების დასანერგად იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას სწორედ ეს ცრურწმენები, ადათ-წესები, ტრადიციები და ყველა სხვა პრაქტიკა, რომლებიც ეფუძნება ქალთა არასრულფასოვნების იდეას ან ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპულ წარმოდგენებს. მეტიც, კონვენციის 42-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, მიიღოს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია ან ე.წ. „ღირსების საკითხი" არ ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად. აქ იგულისხმება, კერძოდ, ისეთი განცხადებები, რომ მსხვერპლმა დაარღვია შესაბამისი ქცევის კულტურული, რელიგიური, სოციალური ან ტრადიციული ნორმები.